ბორჯომი

საქართველოში პირველად სამედიცინო ტურიზმში მასტერ-კლასი ჩატარდა

66
(განახლებულია 19:12 21.01.2020)
საქართველო სერიოზულად შეუდგა სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და ამ მიზნით აქტიურად იყენებს საერთაშორისო გამოცდილებას.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოში პირველად ტურიზმისა და მედიცინის ასი წარმომადგენლისთვის სამედიცინო ტურიზმში მასტერ-კლასი ჩატარდა, აცნობეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საბჭო შეიქმნა>>

საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღების მსურველი ტურისტების ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება. ისინი ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან არიან. უცხოელები დიდ ინტერესს იჩენენ ისეთი გამაჯანსაღებელი კურორტების მიმართ, როგორებიცაა ბორჯომი, წყალტუბო და სხვ. საქართველოში სულ 183 გამაჯანსაღებელი კურორტია.

ტრენინგის ჩატარების ინიციატორები იყვნენ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭო, რომელიც ამ დარგის განვითარების მიზნით შარშან შეიქმნა, და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

მასტერ-კლასი ჩაატარა მსოფლიოში წამყვანმა ტრენერმა, სამედიცინო ტურიზმის კონსულტანტმა პრემ იაგასმა. მას ტრენინგები ჩატარებული აქვს სამთავრობო ორგანოების, ჯანდაცვის ორგანიზაციების, სამედიცინო ტურიზმის წარმომადგენლებისთვის მსოფლიოს 65 ქვეყანაში.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის, ტურისტული კომპანიების და სამედიცინო სექტორის ასი წარმომადგენელი დაესწრო. სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი ახალი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ხელს ვუწყობთ ყველა დაინტერესებულ პირს – სრულიად უსასყიდლოდ გადავამზადოთ და მოვიძიოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რომელიც უშუალოდ დაინტერესებულია სამედიცინო მომსახურებით, იმოგზაურონ ჩვენ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამით ჩვენმა ბიზნესმა ნახოს კიდევ უფრო მეტი სარგებელი და მეტ ადამიანს მიეცეს დასაქმების საშუალება", – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასტერ-კლასი მოიცავდა ბევრ საკითხს: უახლესი ტენდენციები, სამედიცინო ტურიზმისა და wellness სფეროს შესაძლებლობები და გამოწვევები, საერთაშორისო სტრატეგიის ბრენდის განვითარება, გლობალური ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის დანიშნულების გაცნობიერება, სტრატეგიული სახელმძღვანელო ინვესტიციების მიღებისა და საწყისი დაფინანსებისთვის, იურიდიული, ეთიკური და კულტურული საკითხები სამედიცინო ტურიზმში, ურთიერთობები მომხმარებელთან და ა.შ.

სამედიცინო ტურიზმის საბჭო ზრუნავს ამ დარგის პოპულარიზაციაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. გასულ წელს საბჭომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.

უფრო ადრე სამედიცინო ტურიზმის საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვა კონკურენტუნარიანია გარკვეული სამედიცინო მიმართულებების კუთხით როგორც ხარისხით, ისე ფასებით. თუმცა, ამ ინდუსტრიაში წარმატებების მიღწევა უზარმაზარი კონკურენციის ფონზე არცთუ იოლია.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში (307)
ქუთაისის აეროპორტი

რომელი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში

102
(განახლებულია 22:24 04.05.2021)
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისების დამატება იგეგმება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად, FlyArystan-ის გარდა, საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებული არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

ბათუმსა და დუბაის შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

მისი თქმით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, იგეგმება რეისების დამატება.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებული არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მა, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, გარდა ამისა, ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.

რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე FlyArystan-თან.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა არჩუაძემ.

დღეს ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო – აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა.

აქტაუდან ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ.

სამთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის რეისები განაახლა>>

მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდა.

საინაუგურაციო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მისმა მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, DMO IMERETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა და სხვებმა.

FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში სამი მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. დღესვე, 23:00 საათზე პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან განხორციელდება.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს. 1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ ნეგატიური PCR–ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

ასევე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლას.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

102
თემები:
ტურიზმი საქართველოში (307)
უკრაინული Bees Airline–ის თვითმფრინავი

ავიაკომპანია Bees Airline საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს

50
(განახლებულია 19:07 30.04.2021)
უკრაინული ავიაკომპანია ფრენებს კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განრიგის მიხედვით, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე კიევი–თბილისი–კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში რეისები კვირაში სამჯერ განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიანიჭა.

სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

50
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მაისი

0
(განახლებულია 11:34 05.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 მაისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, გვახსოვდეს დიპლომატიურობისა და ტოლერანტობის შესახებ. სამწუხაროდ, ნებისმიერ გაუფრთხილებელ სიტყვას ძალზე მწვავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია. გაძლიერდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სწრაფვა სამართლიანობის, დამოუკიდებლობისკენ და მოიმატებს „ფეთქებადობა“ და მოუთმენლობა. თუ კონფლიქტები არ გსურთ, მაშინ პატივი ეცით გარშემომყოფების გრძნობებს. სხვის უტაქტობას კი, ეცადეთ, რომ იუმორით უპასუხოთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს">>

ვერძი: დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი საქმეებითაც კი თქვენ დაგტვირთონ და რაღაც საკითხებში საერთოდ ბოლო რიგებში გადაგწიონ. ისინი იგრძნობენ თქვენს დათრგუნულობასა და დამყოლობას და ამით უსირცხვილოდ სარგებლობას შეეცდებიან. ამ მდგომარეობის შეცვლა შეგიძლიათ, თუ კატეგორიულად დაიცავთ თქვენს პოზიციას და აღკვეთთ მსგავს მცდელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღე სხვისი საქმეების კეთებას მოუნდებით.

კურო: მთელი დღე, შესაძლოა, რაღაც ზეწოლა იგრძნოთ გარედან. ეს შეიძლება იყოს დროის დეფიციტი, ან გარემოებებმა და გარშემომყოფების მოთხოვნებმა გაიძულოთ სწრაფად მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში ზეწოლისგან გათავისუფლებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ, ამიტომ ამასთან შეგუება მოგიწევთ. ყველაზე უკეთესი გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად კეთება, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გექნებათ.

ტყუპი: დღეს იშვიათი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ რამე საქმეში წინ გაიჭრათ. მთავარია, რომ საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ – როცა ამის დრო დადგება, მტკიცედ იმოქმედოთ. აქტიური და შემტევი ქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ წინ. გამოიყენეთ ეს დღე იმისთვის, რომ „ჩაუსაფრდეთ“ საჭირო დროს და ახალი სიმაღლეები დაიპყრათ, კონკურენტები კი უკან ჩამოიტოვოთ.

კირჩხიბი: დღეს თქვენში სამართლიანობის გრძნობა განსაკუთრებულად გამძაფრდება. მზად ხართ, „მკერდით გადაეფაროთ“ საკუთარ თუ სხვის ინტერესებს, თუ ჩათვლით, რომ ვიღაც ამ ინტერესებს ავიწროებს. რას იზამთ, ხანდახან გვიწევს ინტერესების „არაკულტურულად“ დაცვა და მოშურნეებისა და მეტოქეების „ადგილზე მოსმა“. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – დღეს უფლებების დარღვევა შეიძლება იქაც კი მოგეჩვენოთ, სადაც ამას ადგილი ნამდვილად არა აქვს, ან მას მხოლოდ მიკროსკოპით თუ დაინახავთ.

ლომი: რისკავთ, რომ მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძიებაში გაატაროთ და ამავე დროს დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც გვერდითაა. ამ სიმართლის ძებნა შეიძლება ეხებოდეს ყველაფერს – ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, სამუშაოს, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობის გამარჯვების წუთი მოახლოვდა, ეს მხოლოდ თქვენი იმედი იქნება. შესაძლოა, გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „წმინდა წყლის ჭეშმარიტება“ თითქმის უსარგებლო რამაა და ის არავის სჭირდება.

ქალწული: დღეს ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის მცდელობა და მით უმეტეს, რამის დამალვა და დამახინჯება სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ასე რომ, თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა ურთიერთობებში ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ – გულწრფელობასა და პირდაპირობასაც აქვს თავისი საზღვრები.

სასწორი: საჭირო შედეგის მისაღწევად რაღაც საკითხებში შეიძლება მოგიწიოთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე გაჩუმდეთ კიდეც. რას იზამთ, გულწრფელობა ყოველთვის არ „ჭრის“, ის ხანდახან უადგილოა და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი საუბრების დროს. ხვალ თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, ამით შეიძლება საქმესაც ავნოთ და საკუთარ თავსაც. თუ კომენტარებისგან თავს შეიკავებთ, უფრო მოგებული დარჩებით.

მორიელი: დღეს მტკიცედ და საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი გადაჭრა შეიძლება? საინტერესო ისაა, რომ რაღაც საკითხებში ასეთი რადიკალიზმი შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც, მაგრამ ყველაფერს ასეთი მეთოდით ვერ გადაწყვეტთ. აქედან გამომდინარე, ისეთ საკითხებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, დღეს სათოფეზეც არ გაეკაროთ, ან წინასწარ მოემზადოთ მათი ჩავარდნისთვის.

მშვილდოსანი: დღეს არეულ–დარეული საქმეების მოგვარება მოგიწევთ, თუნდაც ამას თქვენი გეგმები არ ითვალისწინებდეს. შესაძლოა, ეს „არეული საქმე“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საკუთარი საქმეებისა და გეგმების თანამიმდევრულად დაწყობა დაგჭირდეთ. სიზარმაცეს უნდა მოერიოთ, რადგან ამ პროცესის დროს გაქვთ შანსი, რომ იპოვოთ რაღაც მივიწყებული, რომელიც დღემდე აქტუალურია და საკმაოდ ღირებული რამაა.

თხის რქა: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, საკმაოდ ახლობელ ადამიანებთანაც კი დისონანსში იქნებით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები ძალიან მნიშვნელოვანი პერსონის ნიღაბს ირგებენ, ხოლო გარშემომყოფები უკმაყოფილო არიან თქვენი უზრუნველობით. კონფლიქტები არ გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობებში ბზარი რომ არ გაჩნდეს, სჯობს, ხშირად მოირგოთ სერიოზული და ჭკვიანური სახის ნიღაბი. ამან შეიძლება კარგად გაგართოთ კიდეც.

მერწყული: საქმიანობაში მზად ხართ მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომები მიიღოთ, განსაკუთრებით ეს ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერვე გადაჭრა შეგიძლიათ. ერთი მხრივ, არის საშიშროება, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომელთა გადაჭრის აუცილებლობა დიდი ხანია მომწიფდა.

თევზები: დღეს თქვენში დიდმა კრიტიკოსმა შეიძლება გაიღვიძოს. ამასთან კრიტიკულობა არა საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართ იქნება მიმართული. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შენიშვნების გამო გარშემომყოფები დაირცხვენენ და შეცდომებს გამოასწორებენ, სინამდვილეში კი ეს სულაც არ იქნება ასე. თქვენი ბრძნული რჩევები წყალს გაჰყვება, ხოლო კრიტიკა კი წყენის საფუძველი შეიძლება გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია, ღირს თუ არა კრიტიკაზე ნერვებისა და ძალების დახარჯვა თან იმ დროს, როცა საჭირო შედეგის იმედი არ არის.

0