ბაკურიანი

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

52
შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 სამგზავრო ავტობუსის შეძენას

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 სამგზავრო ავტობუსის შეძენას.

„ფონდს ასევე დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის თაოსნობით განხორციელდა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, მრავალსართულიანი ავტოსადგომისა და პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობის მშენებლობა, ბაკურიანის ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტი და ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, ფონდმა მიმდინარე წლის სექტემბერში დაბა ბაკურიანში სამ კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა დაასრულა.

 

52
თემები:
ტურიზმი საქართველოში (157)