ნათია თურნავა

თურნავა: რუსეთთან ფრენების შეწყვეტამ საქართველო სერიოზულად აზარალა

86
(განახლებულია 18:54 01.10.2019)
ახლოვდება ზამთრის სეზონი და სამთო-სათხილამურო კურორტები ტურისტებს ელოდებიან, მათ შორის რუსეთიდან, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის დარგში არსებული ნეგატიური ტენდენციის აღმოფხვრა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, განუცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების აკრძალვის გამო მილიონობით ზარალი ნახა>>

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რუსმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში გამომგზავრებაზე განაცხადების მიღება აკრძალეს. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

"მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია დავადასტურო და ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს, რომ რუსეთთან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა. ეროვნული ბანკის რვა თვის მონაცემებით, არის კლება საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსული თანხების მიხედვით", – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, თუ უახლოეს პერიოდში ფრენები რუსეთთან აღდგება, ეს ქართული ბაზრისთვის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალი იქნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლოვდება ზამთრის სეზონი და ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუსეთიდან.

მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა>>

"აქედან გამომდინარე, ეს იქნება ძალიან დადებითი განვითარება, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, წაადგება ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, არის პოზიტიური და დადებითი ჩვენთვის", – აღნიშნა მინისტრმა.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე განაცხადა, რომ ის ამ ფრენებს "დააბრუნებდა".

ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთი მზად იყო, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები უკვე 2019 წლის ზაფხულისთვის გაეუქმებინა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება "უკვე მომზადებული იყო".

სერგეი ლავროვმა იმის შესახებ, თუ როგორია რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივა, შესაძლებელია თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის, გამოცემა КоммерсантЪ-თან რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ ვრცელ ინტერვიუში გასულ კვირაში ისაუბრა.

86
თემები:
ტურიზმი საქართველოში (157)