ბათუმის პლაჟი

ჩავარდნილი ტურისტული სეზონი: დაზარალებულებს კრედიტების დაფარვაში სახელმწიფო დაეხმარება

54
(განახლებულია 20:38 23.08.2019)
თანადაფინანსების ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის დასაფარად სირთულეები შეექმნათ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარაში ტურისტული სეზონის ჩავარდნით დაზარელებულ მოქალაქეებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის ან რემონტის მიზნით სესხები ჰქონდათ აღებული, სახელმწიფო დაეხმარება, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.

ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე კვირის წინ დააანონსეს, რამდენიმე დღეში ამოქმედდება პროექტის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში. 

თანადაფინანსების ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის,  რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო სესხის დასაფარად სირთულეები შეექმნათ. 

სახელმწიფო 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაფარავს მეწარმეებისთვის ლარში გაცემულ სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ს, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში კი 70%-ის თანადაფინანსება მოხდება. 

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სასტუმროს მშენებლობის გაფართოების, აღჭურვის ან რემონტისთვის მიზნობრივი სესხი 2019 წლის 30 ივნისამდე აქვთ აღებული. ამასთან, სასტუმრო უნდა მოიცავდეს 4-დან 20-მდე ნომერს.

მანამდე ქობულეთის მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას საბანკო ვალების გასტუმრებაში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ივლისის მონაცემებით, ზარალმა ტურიზმის სფეროში 60 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ივლისში ტურიზმის შემოსავლები, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 13,3 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ რუსეთმა საქართველოში პირდაპირი ავიაფრენები 8 ივლისიდან აკრძალა. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ რუსეთი ლიდერობდა და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა.

54
თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)
ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება ცერცვაძე განმარტავს

17
(განახლებულია 14:34 09.07.2020)
საქართველომ საზღვრები მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის გახსნა, რომლებშიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლდება

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყანა მათთან გამკლავებას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში საზღვრებს გახსნის გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვასთვის. ამ ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ პირდაპირი ავიარეისით და შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ მოგზაურობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში, დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი და ადგილის მიმართი, სადაც გაჩერდებიან.

„თითოეული შეზღუდვის მოხსნას წინ უნდა უსწრებდეს კარგად გაკეთებული ანალიზი და კარგად შემუშავებული რეგულაციები იმისთვის, რომ შესაძლო რისკები შევამციროთ. აქამდე საქართველო ამას წარმატებით ახერხებდა... დაახლოებით იმავესთან, ოღონდ გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა შეიცავს რისკებს, სწორედ ამიტომ საზღვრების გახსნა არ მოხდა ხელაღებით ყველა ქვეყანასთან. მოხდა ჯერ მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ საზღვრები გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელებას აკონტროლებენ.

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორად გატარებული პრევენციული ღონისძიებებით ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს.

„თუ ისე მოხდება, რომ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსრიდეთ და შეიძლება შემდეგ გახდნენ ავად, მეოთხე, მეშვიდე დღეს, ამისთვისაა ჩვენი სამსახურები. ისინი გაათმაგებული ყურადღებით იქნებიან რომ თითოეული ასეთი შემთხვევა გამოვლინდეს და მოხდეს ამ შემთხვევის ყველა კონტაქტის მოძიება და მკურნალობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„პროცესს გავაკონტროლებთ“ - ტიკარაძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა>>

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვის მან 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
გუდაური

მაღალმთიან კურორტებზე საზაფხულო სეზონი იხსნება

65
(განახლებულია 13:59 08.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი კურორტები – გუდაური, ბაკურიანი და სვანეთის სოფლები საზაფხულო სეზონს 10 ივლისს ხსნიან, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაფხულის სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში – დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურად 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

გუდაურში დამსვენებლებს „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგირო 11:00–17:00 საათებში მოემსახურება. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00–16:30 საათებში იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის ბაკურიანში 6 კმ-იანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5 კილომეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის გააქტიურება საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საქართველო ვერ გაჩერდება – გოფოძე>>

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უსაფრთხოების წესები შეიმუშავა.

კერძოდ, დღის ბოლოს საბაგირო გზები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. გონდოლაში დაიშვება მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომლებიც ჭადრაკისებურად განლაგდებიან. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია.

ღია საბაგიროების შემთხვევაში ექვსადგილიან საბაგიროზე დაიშვება სამი ადამიანი, ხოლო ოთხიანზე – ორი, ოჯახის შემთხვევაში – პლუს ბავშვი.

კურორტების სტუმრებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. სალაროებთან მოთავსებული იქნება სადეზინფექციო საშუალებები. თანხის გადახდის შემდეგ სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. სანამ ისინი საბაგიროთი ისარგებლებენ, გაივლიან თერმოსკრინინგს.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება>>

საქართველოს მთავრობამ მარტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

65
თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)