დიდველი

უფრო დიდ სიმაღლეებზე: ბაკურიანში ახალი საბაგირო გზები გაჩნდება

94
ახალი ტრასები სპეციალურად ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. პოპულარულ ქართულ კურორტ ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე ახალი სამი საბაგირო გზა გაჩნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ტრასები სპეციალურად  ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება, რომელიც ბაკურიანში 2023 წელს გაიმართება. აღნიშნული გადაწვეტილება 2018 წელს, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (FIS) იქნა მიღებული, რომელიც კოსტა-ნავარინოში ჩატარდა.

„როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

თუმცა, პრემიერის სიტყვებით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველო ზამთრის კურორტების წარმატებული ქვეყანა გახდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ცნობადობა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლებისთვის სამთო და ზამთრის კურორტების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები, რათა ჩვენი კურორტები მაღალი სტანდარტების იყოს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, ახალი საბაგირო გზების მშენებლობის დაწყების თაობაზე ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ (Doppelmayr/Garaventa Group) გაფორმდება. გარდა ამისა, საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება გაზრდის ტურისტების რაოდენობას და სამუშაო ადგილებს, მიაჩნია ბახტაძეს.

„ჩვენი ტერიტორიის ორი მესამედი მთებია და ეს დიდი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გააკეთა, რომ 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ჩვენ ვუმასპინძლოთ. ეს ძალზე ამბიციური განცხადებაა, რომელიც ჩვენთვის დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ბახტაძემ. 

ორივე სპორტული ღონისძიება, როგორც 2023 წლის  ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში, ისე 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა ერთ მიზანს ემსახურება  - სასარგებლო გამოცდილება და ზამთრის ოლიმპიადის მიღება, განაცხადა ბახტაძემ. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა მიაღწევს მიზანს, რამდენადაც საქართველო და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირების ჩატარების შემდეგ საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას მსოფლიო ჩემპიონატის მიმღები ქვეყნის სტატუსს და გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

იმის შესახებ, რომ საქართველო მზად იყო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველად  2017 წლის თებერვალში  სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ ჯან ფრანკო კასპერთან შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

2017 წლის აპრილში საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ბოლო წლის განმავლობაში FIS-ის ექსპერტების ჯგუფი ინფრასტრუქტურის ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების მიზნით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში.

საერთაშორისო ფედერაციის შემაჯამებელი დასკვნა დადებითი იყო - FIS-ის ექსპერტებმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს სპორტის ზამთრის სახეობებისა და ზამთრის კურორტების განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

 

94
თემები:
სპორტის ამბები (729)
პეტრას ციხე ციხისძირში

„იმოგზაურე საქართველოში“ - საფრანგეთის ელჩი აჭარაშია

27
(განახლებულია 11:17 12.07.2020)
საფრანგეთის ელჩმა დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი აჭარას სტუმრობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დიპლომატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

„აჭარაში ვმასპინძლობთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კოლასს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები კარგად იცნობდნენ ჩვენს რეგიონს, მის ტურისტულ პოტენციალს. ვუერთდებით კამპანიას – „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომელიც შიდა ტურიზმის სტიმულირებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საფრანგეთის ელჩმა დაათვალიერა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას და გონიო-აფსაროსის ციხე, ბათუმის ბულვარი, რომელიც უკავშირდება მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის, მიშელ დალფონსის ბათუმში საქმიანობას.

27
თემები:
ტურიზმი საქართველოში
დაშბაშის კანიონში ხიდის პროექტი

დაშბაშის კანიონზე უნიკალური შუშის ხიდის მოწყობის სამუშაოები გიორგი გახარიამ დაათვალიერა

198
(განახლებულია 15:13 11.07.2020)
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას.

პირველად საქართველოში დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც Covid-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. კერძოდ, ალგეთის ეროვნულ პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში პირველად უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა.

გასული წლის დეკემბერში გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებოდნენ, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

198
თემები:
ტურიზმი საქართველოში
თეა გოდოლაძე

სეისმოლოგი: შიდა ქართლში მცირე ბიძგები გაგრძელდება

0
(განახლებულია 12:37 12.07.2020)
სპეციალისტის განმარტებით, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს, თუმცა ეს მომყოლი ბიძგებია და მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები კვლავ დაფიქსირდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

დღეს დილით გორში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:54 საათზე გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ლევიტანასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

„გარკვეული დროის განმავლობაში მცირე ბიძგები დაფიქსირდება. ესაა მომყოლი მიწისძვრების სერია და, რა თქმა უნდა, ეპიცენტრულ რეგიონში მოსახლეობა მცირე ბიძგებს იგრძნობს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის განმარტებით, ეპიცენტრში მოსახლეობა ამ ბიძგებს იგრძნობდა, მაგრამ ასეთი მიწისძვრის დროს საშიში არაფერია და მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს.

0
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია