მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია: დარგის შემოსავლები შემცირდა

57
(განახლებულია 09:02 07.08.2019)
ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე და საშუალო სასტუმროები, კაფე-რესტორნები და ტუროპერატორები

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. რუსი ტურისტების შემცირებით საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარი დაკარგა, პირველი არხის ეთერში განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მიმდინარე წლის ივლისში უცხოელებმა 1 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს - ეს თითქმის 5,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივლისში. ამასთან რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა და 159 ათას გაუტოლდა.

საქართველოს ტურისტულ სფეროში რეკორდი ვერ დამყარდა - სტატისტიკური მონაცემები >>

„ჩვენი გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. ეს  ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვას, სულ მცირე, თანხების ეს რაოდენობა  დააკლდათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პირველ ექვს თვეში ტურიზმით მიღებული შემოსავლების ზრდამ 95 მილიონი დოლარი ანუ 7% შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.

საქართველოში ტურიზმის სფერო წლიდან წლამდე ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველ წელს იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხი მოწმდება, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება ხდება.

57
თემები:
ტურიზმი საქართველოში (186)