შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით

გამოწერა
რა ღირს დასვენება საქართველოში პოპულარულ ზღვისპირა და მთის კურორტებზე, რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული საქართველოში... თუ ვერ გადაწყვიტეთ ზღვაზე დაისვენოთ თუ მთაში, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები გვირჩევენ...

10-დან უკუსვლით იწყებთ დღეების ათვლას და აი ისიც... ნაცვლად იმისა, რომ ორშაბათიდან სამსახურში გახვიდეთ, გადიხართ ნანატრ შვებულებაში. ამ დღების დაგეგმვა კი მეტად საპასუხისმგებლო ამბავია. მუშაობის დროს რთულია კონცენტრირება მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, ახლა კი საშუალება გაქვთ მათთან ერთად დროის გატარებით ისიამოვნოთ.

იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ და განიტვირთოთ, აუცილებელია წინასწარ იცოდეთ როდის, სად დაისვენებთ და რას გააკეთებთ ამ დღეების განმავლობაში. სანამ სტატიის მომზადებას დავიწყებდით, გავესაუბრეთ ტურისტულ სააგენტოს OK Travel და მათი რჩევით სტატიაში გიზიარებთ პოპულარულ ზღვისპირა და მთის კურორტებს. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში კიდევ უამრავი ადგილია, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, თუმცა არანაკლებ ლამაზი, სადაც თუ თქვენი შვებულების დღეებს გაატარებთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. მოკლედ, გავემგზავროთ რიკოთს იქით და დავიწყოთ...

© photo: Sputnikბათუმი
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
ბათუმი

ზღვისპირა კურორტები

ბათუმი

ბათუმზე ამბობენ, რაც ზაფხულში ამ ქალაქში ხდება, იქვე რჩებაო. ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სახეა. ვისაც აქტიური დასვენება სურს, უნდა იცოდეს, რომ ბათუმი სტუმრებს არა მხოლოდ ზღვით, არამედ გასართობი ადგილების სიმრავლითაც იზიდავს. სხვა ზღვისპირა კურორტებთან შედარებით აქ ფასები მაღალია, თუმცა ვიზიტორების რაოდენობა ქალაქში ყოველთვის ბევრია. 

© photo: courtesy of Department of Tourism and Resorts of Adjaraბათუმი ზამთარში
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
ბათუმი ზამთარში

სეზონზე საოჯახო სასტუმროში ბინის დღიურად დაქირავება 40 ლარიდან შეგიძლიათ. თუმცა ამ ღირებულების ბინები ზღვისგან მოშორებით მდებარეობს. ბულვარის სიახლოვეს მდებარე ბინის ფასები შედარებით მაღალია და 80-90 ლარიდან იწყება. ამ თანხებში ზოგიერთ სასტუმროში საუზმე გათვალისწინებული არ არის და ამისთვის თანხა თავად უნდა დაამატოთ.

თუ ძვირფასი შვებულების ძვირფასი საათების დაკარგვა მგზავრობაში არ გსურთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში თვითმფრინავით მგზავრობაც შეგიძლიათ ყოველდღიური რეისით. ბილეთის საფასური 175 ლარიდან იწყება. ზოგიერთი ბათუმში ჩასვლას ავტობუსით ამჯობინებს, რომლით მგზავრობის ფასიც 25 ლარია, ხოლო თუ მიკროავტობუსით ან მინივენით მგზავრობას გადაწყვეტთ, ამაში 30 ლარს გადაიხდით. 

მწვანე კონცხი – შეკვეთილი – გონიო

და ისევ მარადიული კითხვა: ზღვა თუ მთა? იქნებ ორივე? რატომაც არა... მაგრამ შვებულება ხომ ის დღეებია, რომლებიც ყველაზე მალე გადის. ამ შემთხვევაში ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები გვირჩევენ მოვინახულოთ მწვანე კონცხი, გონიო და/ან შეკვეთილი. კურორტები, სადაც ბუნება ზღვას უერთდება და დიდი ამბები ხდება.

...ისეც ხდება, რომ აქტიური დასვენება გვინდა ჩავანაცვლოთ, მაგრამ ზღვასთან დავრჩეთ. პირველ რიგში გთავაზობთ საქართველოში ერთ-ერთ ულამაზეს ზღვისპირა კურორტს მწვანე კონცხს, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მის ფერდობებზეა გაშენებული ევროპაში ერთ-ერთი მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. აბა წარმოიდგინეთ, ზღვის გამჭვირვალე წყალი, ცხელი სიმინდი, მთის ბუნებას რომ ზღვა უერთდება და ორ ხეზე ჩამოკიდებული ჰამაკი... მწვანე კონცხს თანამედროვეობასთან არაფერი აქვს საერთო, აქ დაგხვდებათ ის, რაც ბუნებამ შექმნა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

თუ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრებით, აქაც მოგიწევთ გარკვეული თანხის გადახდა: საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ღირებულება რვა ლარია. სტუდენტებს და პენსიონერებს შეუძლიათ ორ ლარად ესტუმრონ ბოტანიკურ ბაღს. სკოლის მოსწავლეებს კი ერთ ლარად. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათთვის ბილეთი 15 ლარი ღირს. ჰო, მართლა... ბილეთის გაცემა მოქალაქეობის იდენტიფიკაციით ხდება და ამიტომ არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

© Rostom Talakhadzeგონიო
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
გონიო

სამივე კურორტზე ბათუმთან შედარებით იაფი ფასები და კამკამა წყალია. დიახ, აი ისე, როგორც ფილმებში და რეკლამებშია – შორს, ზღვაში კენჭებს რომ ხედავთ. ადგილობრივები აქაც მეგობრული. თუ პირველივე სასტუმროში არ შეხვალთ და ცოტას გაივლით, ბინას აუცილებლად იპოვით 30 ლარად. ასევე თქვენ გემოვნებაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე მორგებულ კაფე-ბარს. დასვენების მთავარი მიზანი ძალებისა და ენერგიის აღდგენაა. თუ ამისთვის საჭიროა მეუღლესთან ხელჩაკიდებულმა ისეირნოთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? თუმცა, დაქორწინებული წყვილების უმეტესობას სურს, ცოტა ხნით მარტო დარჩეს. შესაძლოა სწორედ ამ კაფე-ბარიდან დანახული მზის ჩასვლისას დაიწყოს თქვენი ზღვის რომანიც...

მაგრამ... თუ ზღვაზე მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ მარადიულ კითხვას უპასუხეთ და მაინც მთა აირჩიეთ, ნება თქვენია, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებთან ამ თემაზეც ვისაუბრეთ.

© FB/დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი

მთის კურორტები

ბორჯომი – ბაკურიანი

ბორჯომის ხეობაში ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას გპირდებათ. ბაკურიანში სასტუმროს ფასები, მომსახურების ხარისხის მიხედვით, 1 პერსონაზე 40-50 ლარიდან იწყება. შესაძლებელია როგორც ცალკეული ნომრების, ასევე სრულად კოტეჯის დაქირავება და თუ მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად აპირებთ დასასვენებლად წასვლას, ეს უკანასკნელი უფრო იაფი დაგიჯდებათ.

შეგიძლიათ ყოველდღე 10:00-17:00 სთ მონაკვეთში გაისეირნებთ საბაგიროთი. ასევე ცხენებით ჯირითის მოყვარულებს შეუძლიათ გაჯირითება, რაც ერთი საათი 30 ლარი ღირს, 500-მეტრიანი ერთი წრის დაფარვა კი - 5 ლარი. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ფაეტონი საათში 30 ლარად.

რაც შეეხება კაფეებსა და სხვა კვების ობიექტებს, აქ ფასები დიდად არ განსხვავდება ქვეყნის სხვა კურორტებზე არსებული ფასებისგან. 

რაც შეეხება ბორჯომს, ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, რომელიც განთქმულია მინერალური წყლებით. ბორჯომი ის ერთ-ერთი კურორტია, რომელსაც სეზონი არ გააჩნია და დამსვენებლები ოთხივე სეზონზე აქტიურად სტუმრობენ. ფასები ისეთივეა, როგორც ბაკურიანში.

© photo: courtesy of Meri Bliadzeბაკურიანი
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
ბაკურიანი

სვანეთი – ყაზბეგი – თუშეთი

„მხოლოდ მთებშია თავისუფლება!“ – ეს ფრაზა არც ერთ კურორტს ისე არ უხდება, როგორც სვანეთს, თუშეთს და ყაზბეგს. დიახ, ეს ფრაზა ამ მძიმე მთებისთვისაა დაწერილი, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება.

სვანეთის ძველი კოშკები, ციხე-სიმაგრეები და ზამთარ-ზაფხულ თოვლით დაფარული მწვერვალები მათთვის, ვისაც უნიკალური ჰავა, ველური ბუნების სილამაზე და სიძველეები იზიდავს. ტურისტულ სააგენტოებს თუ დავუჯერებთ, კურორტი ევროპელებისგან დიდ მოწონებას იმსახურებს.

© photo: courtesy of Teona Gogniashviliმესტია
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
მესტია

თუ სვანეთში 3-4-დღიან დასვენებას გადაწყვეტთ, კურორტის მონახულება სულ რაღაც 120 ლარიდან ჯიპ ტურით შეგიძლიათ. სანახავი კი უამრავია: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, მესტიის საკათედრო ტაძარი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, ლატალის ტაძრის მოლოცვა, გასეირნება ღამის მესტიაში, გაემგზავრებით უშგულის მიმართულებით, ნახავთ სიყვარულის კოშკს, უშგულის ლამარიას. კიდევ ბევრია სანახავი:

ეთნოგრაფიული მუზეუმი და თამარის კოშკი, შეძლებთ კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძრის მოლოცვას. სვანეთში იყოთ და არ ნახოთ კურორტი ჰაწვალი, ჰეშკილის ქოხები, ენგურჰესის კაშხალი ან ჩანჩქერი ენგურის ხეობაში? – წარმოუდგენელია. საოჯახო სასტუმროს ფასები ერთ პერსონაზე 40 ლარიდან იწყება.

სვანეთში ყოფნის პერიოდში თქვენ 1,5-2,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე იქნებით. მაგრამ იქამდე უნდა მიხვიდეთ.

მანქანით: თბილისი–მესტია 490 კმ-ია და დაახლოებით 7-8 საათი სჭირდება მგზავრობას. გზა მესტიამდე დაგებულია და ზუგდიდის შემდეგ 140-კილომეტრიანი მონაკვეთის უდიდესი ნაწილი ბეტონის საფარითაა დაფარული. სამარშრუტო ტაქსით: თბილისიდან გადის დილის 6 საათზე. ფასი 30 ლარი. ნატახტრიდან თვითმფრინავით მგზავრობა 90 ლარი ღირს (ნატახტარი–მესტია). ფრენები ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უღელტეხილზე და სვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნალექო ამინდია და ხილვადობა მაღალია. 20 კგ ტვირთის წაღება შესაძლებელია უფასოდ.

როგორც ყველა ჩამოთვლილი, ყაზბეგი და თუშეთი ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად სანახავი კურორტების სიაში უნდა შეიტანოთ.

© FB / Meri Bliadzeყაზბეგი, თრუსოს ხეობა
შვებულება გაქვს და არ იცი როგორ დაგეგმო? წელს ჩვენ დაგეხმარებით - Sputnik საქართველო
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

გავემგზავროთ ყაზბეგში – ლამაზი პეიზაჟები, ჩანჩქერები, მდინარეები, ხედები და ეკლესიები. ამბობენ, გერგეტის სამებიდან დანახული ყაზბეგი სხვაგვარად ჩანსო. აქ ერთი ღამით დარჩენა 25-30 ლარიდან დაგიჯდებათ და შეგიძლიათ ნახოთ გუდაურის გადმოსახედი, ვეძას მჟავე წყლები, გერგეტის სამება, გველეთის ჩანჩქერი, სიყვარულის ტბა.

თუშეთი – მანძილი დედაქალაქიდან თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, ომალომდე 200 კმ-მდეა, ამ მანძილის დასაფარად დაგჭირდებათ დაახლოებით 5-6 საათი, გზის სირთულის გამო უღელტეხილის გავლა, რომელსაც აბანოს უღელტეხილს უწოდებენ, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. საავტომობილო გზა გახსნილია ძირითადად მაისის ბოლოდან სექტემბრის თვის ბოლომდე. 

თუშეთის სრულად მოსანახულებლად დაგჭირდებათ დაახლოებით ოთხი დღე მანქანით, სასტუმრო ყველა სოფელშია. თუ კარავს ანიჭებთ უპირატესობას, კარგი საბანაკე ადგილებიც ბევრია, კარგი კი არა იდეალური, წყლის პრობლემაც არ არის. ასე რომ, შეგიძლიათ ჩაალაგოთ ჩანთა და თუშეთისკენ ჰერი–ჰერი.

თემას რომ მივყვეთ, მთელ საქართველოზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მარტივ გზას: ქართველების ინიციატივით შეიქმნა „ფეისბუქ“-ჯგუფი Spend your summer in Georgia, სადაც ქართველები თუ უცხოელები აქვეყნებენ საქართველოში გატარებული დღეების სურათებს, ვიდეოებს და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ჯგუფი ერთი მხრივ ქართული კურორტებისა და ტურიზმის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ ერთგვარი მოტივაციაა ზაფხულის შვებულების საქართველოში გატარების.

შვებულების, მზიანი დღეების და ახალი თავგადასავლების დროა...

 

ყველა ახალი ამბავი
0