თბილისის აეროპორტი

რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები

81
(განახლებულია 14:40 10.07.2019)
ყველაზე პოპულარული საქართველოში მგზავრების მიღების თვალსაზრისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტია.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2019 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 2,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 18,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

მგზავრთნაკადის ზრდა სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

ყველაზე პოპულარულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – წლის პირველ ნახევარში ის დაახლოებით 1,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

პოპულარობით მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, შემდეგ – ბათუმის აეროპორტი.

რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, რომლებიც შიდა რეისებს ახორციელებენ, წლის დასაწყისიდან მათ დაახლოებით 4,076 ათასი მგზავრი მიიღეს.

სულ 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 12 096 სამგზავრო და სატვირთო რეისი, რაც 13,3%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.

რა იქნება მომავალში

რუსეთმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის აკრძალა. ეს იყო პასუხი იმ აჟიოტაჟზე, რომელიც საქართველოში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. მას შემდეგ, 20 ივნისიდან თბილისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები. მომიტინგეების მოთხოვნების უმეტესობა შესრულდა. დარჩა მხოლოდ ერთი – შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

ექსპერტების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების გამო საქართველოში შემცირდება ტურისტების რაოდენობა და იკლებს შემოსავლები.

უფრო ადრე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს მოაკლდება დაახლოებით 1 მილიონი რუსი ტურისტი და დაახლოებით 2 მილიარდი ლარი შემოსავალი.

უწყების მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა. კერძოდ, ერთ თვეში 152,2 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,8%-ით მეტია.

ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov.
ტურისტული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში
81
თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ლოგოტიპი

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

54
(განახლებულია 16:24 17.09.2020)
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს ტურიზმის განახლების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამოქმედების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს. შესაბამისი დეკლარაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისში მიიღო, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადად გადასცა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტურიზმის სფეროს გახსნის მიმართულებით.

„ეს ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, სტაბილურ და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.

დეკლარაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, მასში განსაზღვრულია ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო გეგმები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

16-17 სექტემბერს თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ტარდება. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. 

სხდომა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დელეგატებს შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები ესპანეთიდან, საბერძნეთან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან.

„ეს იყო პანდემიის შემდეგ გაეროს ორგანიზაციის პირველი შეხვედრა და ის, რომ საქართველოს 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღლი რანგის სტუმრები ეწვივნენ, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ტურიზმისთვის ისტორიული დღე და ყოველივე ეს საქართველოში მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სწორედ ეს დეკლარაცია წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით აღიარებას, რომ საქართველო დაცული და „მწვანე ზონაა“, როგორც მასზე დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში საუბრობენ. ეს კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 150 სტუმარი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს და ყველა დათანხმდა, რომ შეიძლება საზღვრების გახსნა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება. დეკლარაცია ეძღვნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების დახმარებითა და სანიტარული ნორმების დაცვით საზღვრების გახსნის შესაძლებლობებს, რათა ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ, აღნიშნა მან.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს 2017 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსულების ვადა 2018–2021 წლებს მოიცავს.

54
თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)
გიორგი გახარია

გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

81
(განახლებულია 19:35 16.09.2020)
საქართველო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას მასპინძლობს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში>>

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, რომ ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. 

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და, რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა“, – აღნიშნა გახარიამ.

დღეს ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც.

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიების თბილისში გამართვას „მთავრობის ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ უწოდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

თბილისში ორგანიზაციის სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

81
თემები:
ტურიზმი საქართველოში (284)
თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი იტალიის ძვირადღირებულ კურორტს დაუბრუნდა - სექსუალური ფოტოები სანაპიროდან

0
(განახლებულია 17:51 20.09.2020)
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართველი მოდელი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება. ელეგანტური მოდელი იტალიის ერთ-ერთ განთქმულ კურორტზე ისვენებს. ვისთან ერთად ისვენებს და როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი?

„სიყვარულით, იტალიიდან“ - ასე დაასათაურა თაკომ სანაპიროზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. აღნიშნული სურათი ძველი Polaroid-ის ფოტოაპარატითაა გადაღებული. თაკომ მეგობრებთან ერთად დალევაც გადაწყვიტა. დაუვიწყარი საღამოს კადრები კი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკოს თავგადასავალი იტალიის კურორტ ფორტე დეი მარმიდან იწყება.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

„დოლჩე და გაბანას“ ძვირადღირებული კაბები, ჯულია რობერტსთან ერთად სარეკლამო ვიდეოში გამოჩენა, „ვიქტორია სეკრეტსის" კასტინგებზე მოხვედრა – თაკო ნაცვლიშვილმა წარმატებამდე არც ისე მარტივი გზა გაიარა. მისი თითოეული ნაბიჯი საპასუხისმგებლო და საკმაოდ დამაინტრიგებელია. რამდენიმე წელია ახალგაზრდა მოდელი წამყვან სამოდელო სახლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეტიც, მას პოდიუმზე ისეთი ბრენდები იწვევენ, როგორებიცაა „ელი სააბი“, „ჯორჯო არმანი“, „კრისტიან დიორი“, „ვერსაჩე“ და სხვა მრავალი.

View this post on Instagram

#withLovefromItaly

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს.

თაკომ ევროპიდან მორიგი უახლესი სურათი გამოაქვეყნა. ტრენდულმა გოგონამ ახალი იმიჯის მორგება გადაწყვიტა. მას ექსპერიმენტების არ ეშინია და ფოტოსესიებზე სხვადასხვა თემატიკას მარტივად და შეუდარებლად ირგებს. თაკო ნაცვლიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება ნამდვილად მოგეწონებათ. სუპერ-მოდელის ბუნებრივი სილამაზე მის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვობის ფოტოებზეც კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ თაკოს ულამაზესი დედმამიშვილები ჰყავს. პოპულარული ოჯახი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთი ქალიშვილი თაკოსთან და დედასთან - ნინო ცქიტიშვილთან ერთად ფოტოსესიებზე ხშირად პოზირებს. სავარაუდოდ, თაკოს უმცროსი და დედის და დის კვალს მიჰყვება. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება