ნათია თურნავა

მთავრობამ ტურისტული დარგის გადარჩენის გეგმა შეიმუშავა

132
(განახლებულია 21:19 28.06.2019)
რეისების გაზრდა ევროპაში, სასტუმროებისა და ტუროპერატორების დახმარება, ასევე საქართველოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ – ეს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის საფუძველი გახდება.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას, ტურიზმის სფეროში პრობლემების გადასალახად, ანტიკრიზისული გეგმა აქვს.

იმ მოვლენების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. გარდა ამისა, ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, არ გაყიდონ საქართველოს მიმართულებით საგზურები. საპროტესტო აქციები პარლამენტის შენობასთან დღესაც გრძელდება. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მინისტრს ბრალს სდებენ გავრილოვისთვის საქართველოში შემოსვლის ნების დართვასა და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევაში.

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო>>

ექსპერტების ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების გამო საქართველოში ტურისტების რაოდენობა და, შესაბამისად, შემოსავლები შემცირდება.

„გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ბიზნესის მოთხოვნებს ეყრდნობა. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნების კუთხით, ასევე სხვა ქვეყნებში უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ახალი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ესაა მთავარი მიმართულებები, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

„მეორე საკითხია სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მცირე და საოჯახო სასტუმროების ჩართვა. ამასთან დაკავშირებით კომერციულ ბანკებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, სამუშაოები უკვე წარმოებს სხვა მიმართულებებითაც. უკვე ამ კვირაში დაანონსებულია 12 ახალი რეისი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისის აეროპორტიდან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის ინტერესებშია რუსი ტურისტების შენარჩუნება.

უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყანაში, „რათა დედაქალაქის სტუმრები, უცხოელი ჟურნალისტები და ტურისტები, მათ შორის რუსეთიდან, საფრთხის წინაშე არ დადგნენ“.

ტურისტების ნაკადის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ქვეყნის პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს საგარეო სამინისტრო: ჩვენ უკვე გარანტიას ვიძლევით>>

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ჩვენ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს დავიცავთ. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმ სექტორის შესახებ, რომელიც შეიძლება დაზარალდეს რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. ჩვენი მიზანია - დავიცვათ თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები და შემოსავალი“, - განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

შესაძლო დანაკარგები

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2019 წლის მეორე ნახევარში რუსი ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 47%-ით შემცირდება.

„მთლიანობაში, ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგს 200 მილიონი დოლარის ოდენობით ვპროგნოზირებთ“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

Galt & Taggart–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტურიზმიდან წლიური შემოსავალი მოსალოდნელი 3,6 მილიარდის ნაცვლად 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად კომპანია ვარაუდობს, რომ ქართული ღვინის შეტანაზე რუსული ემბარგოს აღდგენის შემთხვევაში საქართველო 58 მილიონ დოლარს დაკარგავს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე წლის დარჩენილ პერიოდში დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.

„ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი: რა გავლენა ექნება ტურისტების ნაკადის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკაზე>>

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მეცხრე დღეა იმართება. 20–21 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ამ დროისათვის პატიმრობაში სამი რჩება.

 

132
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (644)
ბათუმის საბაგირო

ტურისტების მოლოდინში: აჭარაში 180-მდე სასტუმრო შეამოწმეს

70
ბათუმში ამუშავდა საბაგირო და დელფინარიუმი, სტუმრებისთვის უკვე გახსნილია რეგიონში არსებული ეროვნული პარკები

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. აჭარაში სამუშაო პროცესის აღსადგენად აუცილებელი შემოწმება 180 სასტუმროში ჩატარდა, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტში.

მათ შორის არის როგორც მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროები, ისე დაბალბიუჯეტიანი და ოჯახური ტიპის მცირე სასტუმროები.

იმ სასტუმროების სია, რომლებმაც შემოწმება გაიარეს, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. სია ყოველდღე ახლდება და მას ახალი შემოწმებული სასტუმროები ემატება.

სამთვიანი პაუზის შემდეგ ამუშავდა ბათუმის საბაგირო, რომელიც ტურისტებს სპეციალური აქციის ფარგლებში ფასდაკლებას სთავაზობს.

მუშაობას აგრძელებს ასევე ბათუმის დელფინარიუმი, სადაც დელფინების შოუს ნახვა შესაძლებელია სამშაბათობით, შაბათობით და კვირაობით 16:00 საათზე.

რეგიონის სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ აჭარის ეროვნული პარკები, ბოტანიკური ბაღი და სხვა ტურისტული ადგილები. ზღვაზე დასვენების მოყვარულთათვის ნებადართულია აქტივობები წყალზე, აღნიშნავენ დეპარტამენტში.

კორონავირუსი და ფასები: ყველაფერი გაძვირდა, ეს – გაიაფდა >>

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად აუცილებელი გახდა სავალდებულო ნორმატივების დაწესება. ეს ნორმები მოიცავს სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, სივრცეების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს.

ყველა სასტუმრომ, რომელსაც მუშაობის გაგრძელება სურს, უნდა დაიცვას დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, შემდეგ კი შრომის ინსპექციის შემოწმება გაიაროს.

როგორც პანდემიის გამო დაკეტილი სხვა ობიექტებისთვის, სასტუმრო სექტორისთვისაც მუშაობის ახალი წესები შემუშავდა. კერძოდ, ტურისტებს სასტუმროში გადაადგილება პირბადეებით მოუწევთ, ასევე სოციალური დისტანციის დაცვით. რესტორნებში, მათ შორის, სასტუმროების რესტორნებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კვების ობიექტების მდგომარეობაზე, ასევე ნომრების დალაგების, აუზების გაწმენდისა და სხვა სპეციფიკაზე.

სიხარულით, მაგრამ პირბადეებით – რა წესების დაცვა მოუწევთ სასტუმროებსა და მათ სტუმრებს >>

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა ტრენინგ-პროექტი, რომელიც ივნისში დაიწყო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ტრენინგებში მონაწილეობა და ახალ პირობებში მუშაობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის უფასოდ მიღება.

70
თემები:
ტურიზმი საქართველოში
მაია ცქიტიშვილი

ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული ცქიტიშვილი

66
(განახლებულია 09:59 15.07.2020)
კორონავირუსმა აჩვენა, როგორ სჭირდება ქვეყანას მაგისტრალები და გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. კორონავირუსმა აჩვენა, რომ შიდა ტურიზმი აუცილებელია და ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე ვერ იქნება დამოკიდებული, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

გახარია: ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო>>

ცქიტიშვილმა შიდა სახელმწიფო გზების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად აღნიშნა თბილისისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ამ კუთხეში ჩასვლის დროს საათ-ნახევრით ამცირებს.

„როდესაც ვსაუბრობთ „კოვიდზე“, ალბათ „კოვიდმა“ ძალიან კარგად გამოაჩინა, რა შეიძლება იყოს პრიორიტეტები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ, თურმე, შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, სამინისტროს გრძელვადიანი გეგმები აქვს, მაგალითად, ახალი საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, აღმოსავლეთი–დასავლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა. კორონავირუსმა აჩვენა, თუ როგორ სჭირდება ქვეყანას ამ ტიპის მაგისტრალი, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ჯაჭვის დალაგებული მუშაობა, განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი: პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ხელი შეგვეწყო ქართული კომპანიებისთვის>>

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაისვენონ სამშობლოში და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში".

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარიზაციას გაუწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს რეგიონებში. უწყების ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, ეს ხელს შეუწყობს სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების ინსტიტუტის განვითარებას. 

ტურისტული სფერო კორნავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საქართველოს მთავრობამ მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად მარტში ყველა საზღვარი დაკეტა.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...>>

ქვეყანაში მოგზაურობისას ვიზიტორებმა უსაფრთხოების წესები და ზოგიერთი შეზღუდვა უნდა დაიცვან, მათ შორის, დახურულ სივრცეებში, სერვის-ცენტრებსა და მღვიმეებში პირბადის ტარება. სავიზიტო ცენტრებში ერთდროულად მაქსიმუმ ხუთი ადამიანის ყოფნაა დაშვებული. აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში
აზერბაიჯანის ტანკი

სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლები არ წყდება: განადგურებულია კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი - ვიდეო

0
(განახლებულია 09:46 15.07.2020)
შეტაკებებში, რომლებიც მესამე დღეა გრძელდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი და ოთხი სომეხი სამხედრო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტოვუზის მიმართულებით სომხეთის სამხედრო ობიექტი და ტექნიკაა განადგურებული.

„საბრძოლო მოქმედებების დროს, ტოვუზის რაიონის მიმართულებით, 14 ივლისს ჩვენმა ქვედანაყოფებმა ზუსტი ცეცხლით გაანადგურეს სომხეთის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ობიექტი“, — განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიაჰლიმ.

მისი თქმით, ასევე განადგურებულია სომხედის სამხედრო ტექნიკა.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყებამ საკუთარ გვერდზე ოპერაციის დამადასტურებელი ვიდეოც განათავსა.

12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, მესამე დღეა გრძელდება.

დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი – ვრცელდება ღამით შეტევის ვიდეო>>

ბაქოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალ–მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი.  ერევნის მონაცემებით,  მათი მხრიდან დაღუპულია ორი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი, ხოლო დაჭრილია ხუთი სამხედრო.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

 

0