საქართველოს სტენდი გამოფენაზე Arabian Travel Market

გამოფენა დუბაიში: საქართველო მდიდარ არაბ ტურისტებს იზიდავს

113
(განახლებულია 13:05 29.04.2019)
ტურისტული გამოფენის Arabian Travel Market სტუმართა რაოდენობა 40 ათასს აღწევს.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ATM 2019 (Arabian Travel Market), ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ტურისტული 40–მდე კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და თბილისის მერია. საქართველოს სტენდზე გამოფენის სტუმრებ შეძლებენ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს.

საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე>>

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა და კერძო სექტორის ინტერესი ძალიან მზარდია... სპარსეთის ყურის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტების რიცხვი მზარდია“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ავიაკომპანიასთან. მათ შორისაა Air Astana, Salam Air, Flydubai, Emirates Airline, აღნიშნა ქვრივიშვილმა.

Arabian Travel Market–ი ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ტურისტული გამოფენაა. ის პირველად 1994 წელს გაიმართა. გამოფენაში 2017 წელს მონაწილეობა მიიღო 2,5 ათასზე მეტმა კომპანიამ, რამაც ATM ისტორიაში უდიდეს ტურისტული გამოფენად აქცია.

წელს Arabian Travel Market–ში მონაწილეობს მსოფლიოს 150–ზე მეტი ქვეყნის 2,5 ათასზე მეტი საერთაშორისო კომპანია. მნახველთა რაოდენობა 40 ათასს აღწევს. გამოფენა 28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით იმართება.

Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა>>

ჟურნალ Forbes Georgia–ს მონაცემებით (სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე – „საქსტატზე“ დაყრდნობით), 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს ტურისტებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ჟურნალის ინფორმაციით, ერთი ტურისტი ვიზიტის დროს საშუალოდ 2656 ლარს ხარჯავდა.

113
თემები:
ტურიზმი საქართველოში (145)