გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი

პოლოლიკაშვილი: რეფორმებმა საქართველო ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი გახადა

80
(განახლებულია 22:27 26.01.2019)

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის სფეროში, განაცხადა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის 39-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2019-ზე.

პოლოლიკაშვილმა და ესპანეთის მეფემ მადრიდის ტურისტული გამოფენა გახსნეს >>

ყოველწლიურ გამოფენაში, რომელიც 23-27 იანვარს მიმდინარეობს, საქართველოდან 14 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. გამოფენის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის სამუშაო ვიზიტი ესპანეთში დაემთხვა.

„საქართველოს პოზიციონირება ადასტურებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა ამ სფეროში, მას შემდეგ რაც განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ტურიზმის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის გახსნას დაემთხვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ესპანეთში, რა დროსაც მას ექნება შეხვედრები, მათ შორის, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

როგორც წესი, მადრიდის საერთაშორისო გამოფენას ესპანეთის მეფე ხსნის. გამონაკლისი არ გამხდარა არც წლევანდელი გახსნა, რომელშიც მონაწილეობა ესპანეთის მოქმედმა მონარქმა ფელიპე VI მიიღო.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი, რომ მომეცა საშუალება გადამეცა ესპანეთის მეფისთვის გაეროს სახელით ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ტურიზმის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. იგი ძალიან კარგად უძღვება ტურიზმის სფეროს, ყოველ წელს უშუალოდ ხსნის ამ გამოფენას, მისი ღვაწლი არის ძალიან დიდი ტურიზმის სფეროს განვითარებაში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

Vogue, Forbes და National Geographic მკითხველს საქართველოს აცნობენ >>

მადრიდის საერთაშორისო გამოფენა FITUR - მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის პროფესიონალთა შეხვედრის ადგილია. ეს შესანიშნავი მოედანია კომერციული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების გასაფორმებლად. ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი დასვენებისთვის სასურველი ტურისტული მიმართულების შერჩევა შეუძლიათ.

ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივნად 2017 წლის სექტემბერში ერთხმად აირჩიეს.

რაც შეეხება ზალკალიანს, ის ესპანეთს 25 იანვარს ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრები ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ფერნანდო გრანდე-მარლასკასთან და არგენტინას ტურიზმის მინისტრ გუსტავო სანტოსთან. ზალკალიანის ვიზიტი ესპანეთში 29 იანვრამდე გაგრძელდება.

ტურიზმი საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. წლიდან წლამდე საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წელს ტურიზმის სფეროში ახალი რეკორდი დამყარდა. ქვეყანაში 8,6 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, რაც 2017 წლის მონაცემებს 9,8%-ით აღემატება.

80
თემები:
ტურიზმი საქართველოში (297)
თბილისის აეროპორტი

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

151
(განახლებულია 13:55 01.03.2021)
ქვეყანაში შემოსვლა შემსუბუქდება მხოლოდ მათთვის, ვინც ავიარეისებით ჩამოვა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს 1 მარტიდან საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  • საქართველოში ამ ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ საჰაერო გზით, დასაშვებია ტრანზიტი მესამე ქვეყნების გავლით
  • საზღვარზე უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი
  • საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს უცხოეთის მოქალაქეებმა საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ გამეორებითი PCR–ტესტი
  • სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წინ საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებული უნდა იყოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია და საკუთარი საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.)

იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12-დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის განმეორებით ჩატარება მესამე დღეს.

151
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
აბანოთუბანი

როგორ აპირებს ტურიზმის აღდგენას საქართველოს ხელისუფლება

90
საქართველოში 2020 წელს ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა წარმოუდგენლად დაბალ დონეს მიაღწია - 427,7 ათასი დოლარი

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ტურიზმი, მათ შორის ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით, განაცხადა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა >>

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა. ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9.3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ამ დარგის მიერ მიღებულმა შემოსავალმა - 3.3 მილიარდს, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგა უკეთ მოემზადონ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულზე დაეცა - 427,7 ათასი დოლარი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 1,7 მილიონი იყო.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება,“ – განაცხადა პარლამენტში ნათია თურნავამ.

პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან საზღვრები ჩაკეტა და, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რეგულარული ავიამიმოსვლა გააუქმა. კერძოდ, საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, და ასევე ტვირთების გადამზიდავებს.

გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო რეგულარული რეისების აღდგენა. პირველად განახლდა ფრენა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით. ნოემბრიდან დაიწყო რეგულარული ავიამიმოსვლა ამსტერდამთან, ვენასთან, ბერლინსა და დოჰასთან (მანამდე სრულდებოდა ჩარტერული რეისები). თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო აკრძალვა 1 თებერვლამდე გაგრძელდა.

1 თებერვლიდან, რეგულარული რეისების განახლებასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა გამარტივდა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების დაცვით.

საქართველოში შეუფერხებლად შემოსვლა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ მან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.

გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ასევე ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა (ტრანზიტის ჩათვლით), თუ მათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. სამი დღის შემდეგ მათ განმეორებითი ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

90
ლიზა ყენია

„დედას სიამაყე...“ - ლიზა ყენია უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 11:59 08.03.2021)
ლიზა ყენია ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აღარ ჩანს. ნახეთ რითაა დაკავებული მომღერალი და რა ფოტოს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ლიზა ყენიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, როგორც ჩანს, მომღერალი ბიზნესითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და კითხვაზე - უყვარს თუ არა მარტოობა, უპასუხა, რომ ადრე უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი პატარა ძაღლი მასთან ცხოვრობს, ეს ყველაფერი შეიცვალა.

ლიზა ხშირად აქვეყნებს ძაღლის ფოტოებს. „დედას სიამაყე“ - ასე დაასათაურა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტო ლიზამ. ლიზას შავი ფერის მალტეზე რამდენიმე თვეა გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ის თითქმის ყველგან თან ახლავს პატრონს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი ანსამბლის „მზიურის“ ერთ-ერთი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

0