სანტორინი

როცა მოგზაურობა ცხოვრებას აფერადებს: ნინო ქავთარაძის თავბრუდამხვევი ისტორიები

616
(განახლებულია 17:43 25.01.2019)
აი, ჩვენი რუბრიკის დღეც დადგა. ჩვენთან სტუმრად მოსულებს გპირდებით, რომ ნამდვილად შესანიშნავ ხასიათზე დადგებით.

უამრავი თავგადასავალი, შიში, სიცივე, შიმშილი, დაღლა, მაგარამ ამავე დროს ბედნიერება, სიხარული, გაოცება, აღტაცება, ეს ის შეგრძნებებია, რასაც ჟურნალისტი ნინო ქავთარაძე მოგზაურობის დროს განიცდის. მისი ვოიაჟი ყოველთვის მოულოდნელობებით არის აღსავსე, რაც მას თავბრუდამხვევს და მეტად საინტერესოს ხდის.

პარიზი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
პარიზი

- ვარ ჟურნალისტი და პიარ მენეჯერი, ასევე ვსწავლობ დოქტორანტურაში ტელე რეჟისურის მიმართულებით. როგორც ბევრმა ჟურნალისტმა, მეც ტელევიზიისა და აქტიური ჟურნალისტიკის შემდეგ, პიარში გადავინაცვლე. ამჟამად თბილისის მერიაში ვმუშაობ. ბევრი სამსახური და ინტერესის სფერო გამოვიცვალე, მათ შორის მხატვრობა, დიზაინი, ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია და სხვა მრავალი ხანმოკლე თუ სერიოზული გატაცებები, თუმცა მოგზაურობის სურვილი და ინტერესი არ გამნელებია.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოგზაურობას თქვენს ცხოვრებაში?

- ნამდვილად დიდი ადგილი და ზოგადად, ვთვლი რომ სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა ასეთი იოლი და ხელმისაწვდომი გახდა მოგზაურობა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში რამდენიმე საათში შეიძლება მოხვედრა, თანაც საკმაოდ იაფად და მარტივად. საუკუნეების წინ მოგზაურები დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში მიდიოდნენ დანიშნულების წერტილამდე, სახიფათო გზას გადიოდნენ და უცხო, ხშირად არცთუ სტუმართმოყვარე და დღევანდელისგან განსხვავებით, ტურისტებს მიუჩვეველ გარემოში ხვდებოდნენ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად სიახლეს და ახალ ადგილებს ეძებდნენ, ჩვენთვის კი ეს პროცესი წარმოუდგენლად გამარტივებულია. ხოდა როგორ შეიძლება ამაზე უარი ვთქვათ?! სანამ კოსმოსური ტურიზმი გახდება ხელმისაწვდომი, უნდა შემოვიაროთ დედამიწა.

ლონდონი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ლონდონი

- პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ...

- საკმაოდ დიდმა დავიწყე საზღვარგარეთ მოგზაურობა. უნდა ვაღიარო, იქამდე საზღვრებს მიღმა წასვლის დიდი ინტერესი არ მქონდა, რადგან საქართველოშიც უამრავი არაჩვეულებრივი ადგილი მქონდა ნანახი და კიდევ ბევრი სანახავი. ზოგადად ლაშქრობები უფრო მიზიდავდა. 2013 წელს პირველად სტამბულში ვიყავი; ცხადია ძალიან მომეწონა. ესაა ქალაქი, სადაც რამდენიმე სხვადასხვა კულტურის კვალი იგრძნობა. აქ ნახავთ ანტიკურ ხანას, ბიზანტიის იმპერიის კვალს, აღმოსავლურ მეჩეთებსა და სასახლეებს, შედარებით გვიანდელ თურქულ სასახლეებს, როცა ევროპის გავლენა შემოვიდა და სულთნების სასახლე ვერსალს დაემსგავსა და თანამედროვე ქალაქს ევროპისა და აზიის გასაყარზე, სადაც გვერდიგვერდ დასეირნობენ პირსინგებიანი ჰიპები, თამამად ჩაცმული ევროპელები და ჰიჯაბებითა თუ შავი ბურკებით დაფარული ქალები. ნამდვილად ძალიან ბევრი საინტერესო სანახაობაა სტამბულში, მთელი ისტორიაა ამ ქუჩებსა და შენობებში, ამიტომ სულ მიკვირს, თურქეთში სამოგზაუროდ წასულებს ანტალიაში სასტუმროში გარუჯვა როცა ურჩევნიათ სტამბულის დათვალიერებას.

ბერლინი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ბერლინი

- დღემდე რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- საკმაოდ ხშირად ვმოგზაურობ საქართველოშიც და საზღვრებს მიღმაც. ადამიანები სწორედ იმისთვის ვმუშაობთ მთელი წელი, რომ შვებულების რამდენიმე კვირა მაქსიმალურად სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად გავატაროთ, ეს ემოციები კი მთელი წელი გაგვყვეს.

ქალაქ-სახელმწიფოებსაც თუ ჩავთვლით, საქართველოს საზღვრებს მიღმა 12 ქვეყანაში და 20-ზე მეტ ქალაქში ვარ ნამყოფი. აუცილებლად მომაქვს ყველა ქალაქიდან მცირე სუვენირი, რაც ყველაზე მეტად ასოცირდება ჩემთვის ამ ქალაქთან.

რომი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
რომი

- აქედან ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

- ერთის გამოყოფა ძნელია. არის ქვეყნები, მაგალითად ინგლისი და იტალია, რომლებშიც განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ელფერი, „სული“. ასეთ ქვეყნებში, ნებისმიერ წერტილში რომ მოხვდე და არ იცოდე სად ხარ, მაშინათვე იგრძნობ... იტალიური ვიწრო ქუჩები, ინგლისური ვიქტორიანული არქიტექტურა, ბელგიის ფერადი ზღაპრული სახლები, პარიზის ულამაზესი შენობები, პრაღის ფერები... ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე და მოკლე დახასიათებაში ჩატიო ეს, რადგან უფრო შეგრძნებებია მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნების აღქმა.

მე პირადად განსაკუთრებით ისტორიული და კულტურული ნაწილი მხიბლავს და თითქმის არასდროს დავდივარ შოპინგზე, ამისთვის დრო მენანება. მიყვარს ქუჩებში სიარული და ქალაქის შეგრძნება, მუზეუმები და სასახლეები, კათედრალები და ზოგადად ადგილები, სადაც ისტორიას გრძნობ. ყოველთვის ვცდილობ წარმოვიდგინო სადაც ვდგავარ რა ხდებოდა იქ საუკუნეების წინ, რას ფიქრობდნენ, მიესწრაფოდნენ იმ დროინდელი ადამიანები, როგორ აღიქვამდნენ გარშემო სამყაროს.

ბევრი შთამბეჭდავი ადგილის ნახვის ბედნიერება მქონდა, ზოგი მძაფრად რჩება გონებაში, ზოგი ნაკლებად.  კოლიზეუმით დავიწყებ, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი გლადიატორების არენის ნახვაზე. ასევე, ახდენილი ოცნება იყო ცერნის დათვალიერებაც, რადგან ძალიან მიყვარს ასტროფიზიკა და ცერნის და ნასას ნახვა, ცხადია სულ მინდოდა. პარიზში პერლაშეზის სასაფლაო და ჯიმ მორისონის საბოლოო განსასვენებელი, სადაც მისი ფანებთან ერთად „Light My Fire”-ს ვმღეროდით. დაუვიწყარი იყო ვენეცია - ყველაფრისგან განსხვავებული ნავების და ლამაზი ხიდების ქალაქი. ასევე, ძალიან ემოციური იყო ფლორენციის დათვალიერება, რადგან ვეთაყვანები ანტიკურ კულტურას და რენესანსის ხანას. ვფიქრობ, ბერლინში ყველაზე ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ. არასდროს დამავიწყდება ზღაპარივით ლამაზი ბრიუგე, სადაც ულამაზეს ფერად სახლებსა და ცხენებს შებმულ ეტლების გარემოცვაში გავიწყდება რა დროში ხარ. კიდევ ერთი ზღაპარ-ქალაქი - სანტორინი, ზღვის პირას, კლდეზე შეფენილი თეთრი ბანიანი პატარა სახლებით ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა კანუდოსი „სამოსელი პირველიდან“.

მილანი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
მილანი

- არის ქვეყანა სადაც დაუფიქრებლად წახვიდოდით საცხოვრებლად?

ეს შეგრძნება პრაღაში გამიჩნდა, ამ ქალაქს რაღაცნაირი ხიბლი აქვს. ასევე, ბერლინში ვიფიქრე, რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი და ვინანე სკოლაში გერმანულის სწავლაზე რომ ვზარმაცობდი. ბევრი ქალაქი და ადგილია განსაკუთრებული სილამაზის, მაგრამ რაც ტურისტის თვალით მოგწონს, შესაძლოა საცხოვრებლად არ გხიბლავდეს, ან პირიქით. 

ბრიუსელი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ბრიუსელი

- გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

- გურმანობას ვერ დავიბრალებ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ყველგან სათანადოდ დავაგემოვნე ადგილობრივი სამზარეულო. საფრანგეთსა და ბელგიაში ლამის მშიერი ვრჩებოდი, რაც გავსინჯე არაფერი მომეწონა. იტალიური საჭმელი ძალიან მომწონს, თუმცა საბოლოოდ ქართული სამზარეულო ყველას მირჩევნია.

ვერსალი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ვერსალი

- როგორც ვიცი საქართველოს კუთხეებში აქტიურად მოგზაურობთ. საქართველოს შესახებ რას გვეტყვით?

- საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა არანაკლებ მიყვარს და ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი. ბევრგან ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერაც ვყოფილვარ. 

ლაშქრობის გემო პირელად 2003 წელს გავიგე, 10 დღიან ექსპედიციაში ვიყავით და მწვერვალ ნინოწმინდაზე ავედით. მას შემდეგ ლაშქრობისა და კარავში ძილის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. ყოფილა ისეთი მომენტიც, როცა ზამთარში მენატრებოდა ეს შეგრძნება და სახლში გამიშლია კარავი და დამიძინია. ძალიან ბევრ ლაშქრობაში ვყოფილვარ, დილიდან დაღამებამდეც ბევრჯერ მივლია უზარმაზარი ზურგჩანთით, დავდიოდით ხეობებში, გადავდიოდით მდინარეებზე, ნაშალზე, ყინულზე... ადრე სულ ფეხით დავდიოდით მთაში, მერე ნელ-ნელა ჯიპტურებზე გადავედით. ოფროუდერი მეგობრები მყავს და ბოლო წლებში უფრო ამ ტიპის გასვლებზე დავდივართ. მანქანით სიარულს, ცხადია, სხვა პლიუსები აქვს, აღარ იღლები და გაცილებით მეტი ადგილის მოვლას ასწრებ, თუმცა ფეხით დიდ მანძილებზე სიარულიც მენატრება. ასევე, დროთა განმავლობაში იცვლება ინტერესებიც, 10-15 წლის წინ თუ მწვერვალებზე ასვლა მიზიდავდა, შემდეგ უფრო მეტად სოფლებში უბრალოდ სიარულის, ადგილობრივი კულტურის, წეს-ჩვეულებების გაცნობის სურვილი გამიჩნდა, მწვანე ბუნებაში ყოფნა ვარჩიე ალპურ ზონებში სიარულს.

რაჭა
photo: courtesy of Nino Qavtaradze
რაჭა

ჯიპ ტურებით 10-12 დღიან ექსპედიციებს ვგეგმავთ ხოლმე, ყოველ დღე უამრავ ადგილს ვნახულობთ და ახალ-ახალ ადგილებზე ვბანაკდებით, მაგალითად ბოლო ასეთ გასვლისას რაჭიდან დავიწყეთ. პირველ ღამეს შოვში დავრჩით, მეორე-მესამე დღეს რაჭა მოვიარეთ (შქმერი, გლოლა, ონი, ნიკორწმინდა, მღვიმე „საყინულე“ და სხვა.), მეოთხე დღეს საბანაკე „შარეულადან“ დავიძარით, ცაგერ-ლენტეხი გამოვიარეთ და ზაგაროს უღელტეხილით უშგულში გადავედით. მეხუთე დღეს მესიტიაში ჩამოვედით, ჭალაათის მყინვარის ქვეშ მდინარის საწყისი მოვინახულეთ და „ჰეშკილში“ დავბანაკდით. მეექვსე დღეს ჰაწვალზე ავედით, შემდეგ თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე ზღვის დონიდან 3100 მეტრის სიმაღლეზე, ჩამოვედით ბეჩოში და უშბის ძირში, ტყეში დავბანაკდით. მეშვიდე დღეს ზღვისკენ წამოვედით და სამი დღე დავრჩით. მეათე დღეს ზემო აჭარისკენ წავედით, გოდერძის უღელტეხილზე სეტყვამ მოგვისწრო და კარვები ვერ გავშალეთ, დავრჩით საკურორტე კოტეჯებში. მეთერთმეტე დღეს საბაგიროთი გოდერძის სათხილამურო ტრასის წვერზე ავედით, მწვანე ტბა მოვინახულეთ (მეორედ, წინა ტურის დღის ღამეც დავრჩით ტბაზე) და აბასთუმნისკენ წავედით. მეთორმეტე დღეს თბილისისკენ წამოვედით.

ხევსურეთი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ხევსურეთი

- ფეხით ყველაზე დიდი მანძილი სად გაიარეთ?

- ფეხით ყველაზე მეტი ალბათ ხევსურეთში მივლია, ჭიუხებზე ჯუთას მხრიდანაც ავსულვარ და როშკიდანაც. ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი სანახაობა აბუდელაურის ფერადი ტბებია. ულამაზესია ხევისა და ხევსურეთის სოფლები, სადაც ზოგგან ერთი ან ორი ოჯახიღა ცხოვრობს. ყველამ უნდა მოიაროს შატილი, მუცო, არხოტი, არდოთი, კორშა, ბარისახო.  ზღაპრულია სვანეთი - მესტია, ჰაწვალი ზღაპრული ხედით, ჰადიში და ახლომდებარე უამრავი ულამაზესი ადგილი, თუმცა უშგულს არაფერი შეედრება. დაუვიწყარია თუშეთი და განსაკუთრებით დასამახსოვრებელია გზა, თითქოს რომ იცნობ საქართველოს ბუნებას, მთებსა და ხეობებს, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო ბუმბერაზი და შთამბეჭდავია. სრულიად განსხვავებულია ზემო აჭარა, ულამაზესი გზის გავლის შემდეგ გოდერძის უღელტეხილზე აუცილებლად უნდა გაჩერდეთ და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნოთ. იშვიათია ასეთი გემრიელი საჭმელი, საქართველოშიც კი! აჭარლების „საზაფხულო სოფლების“ გავლის შემდეგ უმშვენიერეს მწვანე ტბასთან მოხვდებით. სრულიად სხვა სამყაროა სამცხე-ჯავახეთში, ბანიანი სახლები, ტბები, უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლები (მაგალითად მეათე საუკუნის შთამბეჭდავი ტაძარი კუმურდოში). ვაშლოვანის ნაკრძალში უკვე მართლა დაეჭვდებით, რომ საქართველოში ხართ, იმდენად განსხვავებულია იქაურობა ნაცნობი ბუნებისგან. იქვე ახლოს არის ძველი აეროდრომი და თვითმფრინავების საიდუმლო ანგრები, შორიდან რომ ბორცვები გეგონება.

ნინო ქავთარაძე
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ნინო ქავთარაძე

ულამაზესია ლაგოდეხის ნაკრძალები და ძალიან იოლი მარშუტებიცაა. ძალიან შთამბეჭდავია ბოჭორმის ციხე და აკვნებით სავსე ეკლესია. საინტერესო იყო ასპინძის ხეობა და იდუმალებით მოცული შორეთის მონასტერი. ძალიან ლამაზია მარტვილის კანიონი და დადიანების საბანაო, კინჩხის ჩანჩქერი და კანიონი. 3 600 წლის აბულის ციხე, ვარძია, ვანის ქვაბები, სარო და სამცხე-ჯავახეთის სხვა ულამაზესი სოფლები, რაბათის კომპლექსი, საღამოს და ტაბაწყურის ტბები, ბატეთის ტბა, შიომღვიმე, არმაზი, ლამისყანა, ზარზმა, კვეტარა, ფუძნარი, გრემი, სიღნაღი, ყვარლის ტბა, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ბაგრატის ტაძარი, კაცხის სვეტი, რუხის ციხე,  ანანურის ეკლესია, ჟინვალის და ალგეთის წყალსაცავები, პეტრას ციხე... ამ ჩამონათვალს კიდევ დიდ ხანს ვერ დავასრულებ, რადგან საქართველოში მართლაც უამრავი ულამაზესი და დაუვიწყარი ადგილი გვაქვს.

დიდი გასვლების გარდა, შაბათ-კვირას მოკლე მარშრუტებსაც ხშირად ვგეგმავთ. ერთი პერიოდი ტრადიცია გვქონდა, ყოველ წელს ბეთანიაში ავდიოდით. პარასკევს სამსახურების მერეც ვიძვრებოდით და უკვე ზეპირად ნასწავლ გზას ხშირად ღამე გავდიოდით, მთვარის შუქზე ვშლიდით კარვებს (ძირითადად მე მიწევდა გაშლა) უკვე ტრადიციულ ადგილზე. 

მესტია
photo: courtesy of Nino Qavtaradze
მესტია

- საქართველოში გაქვთ გამორჩეული ადგილი, სადაც არასოდეს მოგბეზრდებათ წასვლა?

- ძალიან ბევრი, მაგრამ პირველი ამ კითხვაზე სვანეთი მახსენდება, სადაც უკვე სამჯერ მიმოგზაურია. ასევე, ხევსურეთის (ოთხჯერ მაქვს შემოვლილი)სხვადასხვა ადგილები, მარტვილის და ოკაცეს კანიონები (2-2-ჯერ ვარ ნამყოფი, ჯერ!).

- ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს. შეგიძლიათ ეს ამბები გაიხსენოთ?

- ვფიქრობ, ყველა მოგზაურობა თავისთავად თავგადასავალია. ხშირად უსიამოვნო და დისკომფორტით სავსე სიტუაციები შემდეგ სასიამოვნო მოგონებებად იქცევა ხოლმე. არაერთხელ მოვყოლილვართ ძლიერ წვიმასა და ქარიშხალში, როცა ღამით კარვები ქარს მიაქვს ან იმდენად დიდი ოდენობით წვიმა ჩამოდის, რომ ფაქტიურად წყალზე ტივტივებ, მაგრამ გათენებამდე შორია, ამიტომ უბრალოდ ეგუები და იძინებ. ან მწვერვალის „ენაზე“ (ძირში) მწირი აღჭურვილობით ასულებს 2-3 კაციან კარავში ხუთს გძინავთ და ვერც გამოძრავდებით. ან ასევე მწვერვალის ძირში ძლიერ ყინვაში მთელ ჯგუფს ერთი ბოთლი კონიაკი გაქვს და თითო ყლუპს ინაწილებთ გასათბობად. სანამ ისევ შეგცივდებათ სასწრაფოდ იძინებთ. ალპურ ზონაში დეკით ძლივს დანთებულ ცეცხლზე ჩაის ხანგრძლივი ადუღების პროცესიც შემდეგ თავგადასავლად გაგონდება. ფეხით მოსიარულეებს შემთხვევით სატვირთო მანქანა ან ურემი რომ გაგიჩერებთ და გზის თუნდაც პატარა მონაკვეთზე დაგიმგზავრებთ. ან ჰაწვალზე პიკნიკის მოწყობას რომ გადაწყვეტთ, გაწვიმდება და საბაგიროს გათიშავენ, ე.წ. „შლოპანცებით“ თავსხმა წვიმაში ტყით ჩამოსვლას პატრული რომ გადაგარჩენთ და საბარგულზე ყველაზე არაკომფორტულად, მაგრამ ბედნიერად იმგზავრებთ. თავგადასავლად მახსოვს თუშეთში ჯომარდობა და შატილობის დღესასწაულზე კარვებით მოფენილი მინდორი, გვერდით კოცონთან გადაპატიჟება და ადგილობრივი ჩამოსხმის ლუდი და ე.წ. ჟიპიტაური. სვანეთში, მაღალ სოფელ ჰადიშში რომ ახვალ და ყავით გაგიმასპინძლდებიან, უკან ჩამოსვლისას კი გავლილი გზა აღარ დაგხვდება, რადგან სულ რამდენიმე საათის წინ მდინარემ მოწყვიტა მიწა და წაიღო.... ცხადია, ბევრი ასეთი ეპიზოდები ახლავს მოგზაურობას.

ზემო აჭარა
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ზემო აჭარა

- უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

- რაჭაში ჩემს პირველ ასვლას გავიხსენებ. 12-13 მეგობარი ვიყავით უწერაში. თბილისში დაბრუნება ე.წ. ავტოსტოპით გადავწყვიტეთ, თანაც ამას ერთგვარი შეჯიბრის სახე მივეცით - ვინ უფრო ადრე ჩავიდოდა ბოლომდე, თანაც ისე, რომ თბილისამდე არცერთი თეთრი არ დაგვხარჯვოდა. დავიყავით 2-3 კაციან ჯგუფებად და  შევუდექით გზას, ხან ფეხით დავდიოდით, ხან ვინმე გვიჩერებდა და გარკვეულ მონაკვეთზე მივყვებოდით. მე და ჩემმა მეგობარმა მცხეთამდე 5-6 ტრანსპორტი გამოვიცვალეთ. ერთი ძალიან უცნაური ადამიანი შეგვხვდა, გზაშივე გაურკვეველ რაღაცებს ლაპარაკობდა, მერე თავისთან სახლში დაგვპატიჟა ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით. ეზოს ჭიშკარში შესვლიდან 20 წუთის განმავლობაში 10-ჯერ მაინც გადაიწერა პირჯვარი და 6-7ჯერ გამოიცვალა ფეხსაცმელები. რაღაც სასმელი მოგვიტანა, შიგნით მწერები ეყარა. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან უცნაურ რაღაცებს ლაპარაკობდა. ამასობაში ისე დავიძაბეთ, კიდევ რაღაცის მოსატანად რომ გავიდა გაქცევა ვიფიქრეთ, მაგრამ ეგრევე მობრუნდა ხელში ნაჯახით, რაზეც მთლად გული გაგვისკდა. საბოლოოდ, რაღაცნაირად მოვახერხეთ მობოდიშება, დამშვიდობება და ჭიშკარს როგორც კი გამოვცდით მთელი ძალიათ მოვკურცხლეთ იქიდან. შემდეგ კიდევ რამდენიმე კოლორიტული თანამგზავრი გამოვიცვალეთ და ჩვენ სხვა მეგობრებს გადავეყარეთ, რის მერეც მცხეთამდე ერთად ვიმგზავრეთ თურქი მძღოლის ტრაილერით, რომელმაც არც რუსული იცოდა, არც ინგლისური ან ქართული, მაგრამ მაინც დეტალურად მოგვიყვა თავის ცხოვრებაზე, ოჯახზე და შვილების შესახებ უამრავი დეტალიც კი გაგვაცნო. მცხეთის სალობიეში შეკრების და „გამარჯვებულების“ გამოვლენის შემდეგ თბილისისკენ ერთი თანამგზავრიც ვიპოვნეთ დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, იქიდან კი ავტობუსს უბილეთოდ გამოვყევით სახლებამდე და უფულოდ სახლში დაბრუნების პირობა „პატიოსნად“ შევასრულეთ.

ვაშლოვანის ნაკრძალი
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ვაშლოვანის ნაკრძალი

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მოგზაურობ. თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი მეგზური ვინ არის და რატომ?

- ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამგზავრებს! ლაშქრობების მოყვარულები ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს რეალურად მთაში გაიცნობ. შეიძლება წლები იცნობდე ვინმეს, თუმცა მოგზაურობისას, განსაკუთრებით კი ლაშქრობაში, სულ სხვა თვალით დაინახო. მე ძალიან გამიმართლა, არაერთი მეგობარი, მეტიც, სამეგობროები მყავს, ვისაც ლაშქრობები უყვარს და დავდიოდით კიდეც ერთად. ხშირად მესმის ნაცნობ-მეგობრებისგან ჩივილი, რომ მათ სამეგობროში ლაშქრობის ან საზღვარგარეთ მოგზაურობის მოყვარულები არ არიან და ამის გამო, თავადაც ვერ დადიან. ბევრიც სხვების მიერ ორგანიზებულ ტურებში დადის (ბევრი მოლაშქრეთა კლუბია, რომლებიც ძალიან საინტერესო ტურებს გეგმავენ).

ნინო ქავთარაძე
photo: courtesy of Nino Qavtaradze
ნინო ქავთარაძე

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

- ბარსელონაში ვგეგმავ წასვლას დეიდაშვილთან ერთად, შემდეგ რომში გადავალთ, რაც ძალიან მიხარია, რადგან რომში პირველად ყოფნისას ეს უსაზღვრო ქალაქი ვერ ამოვწურე. ცხადია რომის სრულად დათვალიერებას დღეები კი არა, კვირებიც არ ეყოფა, თუმცა ამ „საქმეში“ ცოტა მაინც წავიწევ წინ. ვატიკანს უკეთესად მოვივლი და აუჩქარებლად დავტკბები ჩემი უსაყვარლესი ქანდაკების - მიქელანჯელოს პიეტას ყურებით, რაც წინა ჯერზე არ დამცალდა სათანადოდ. ვნახავთ ვერონასაც და ტურს ვენეციის კარნავლით დავასრულებთ.

 

 

616