ბათუმი

აჭარას 2018 წელს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

65
(განახლებულია 22:05 11.01.2019)
აჭარის ხელმძღვანელობა აპირებს გახადოს რეგიონი მიმზიდველი მთელი წლის განმავლობაში

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 2018 წელს აჭარას 1,9 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,7%-ით მეტია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ვიზიტების ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც იმ ქვეყნებიდან, საიდანაც აჭარაში ტრადიციულად ბევრი ტურისტი ჩამოდის, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც ამ სფეროსთვის ახალ მიზნობრივ მიმართულებას წარმოადგენს და სადაც 2017 წლიდან შესაბამისი სარეკლამო კამპანია ტარდება.

„დაახლოებით 2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური რეგიონში - ეს უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსანიშნავია, რომ ეს არის მონაცემები საქართველოს საზღვრის სამი ადმინისტრაციული მონაკვეთიდან (სარფი, ბათუმი და ბათუმის პორტი), საიდანაც შემოსული ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.

ამ შედეგის მისაღწევად აჭარა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რეგიონის პოპულარიზაციისთვის BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე და ა.შ.

ღლონტის თქმით, რეგიონის პოპულარიზაციაზე მიანიშნებს ისიც, რომ Airbnb-მ ბათუმი მსოფლიოს 19 ყველაზე ტრენდული ქალაქის სიაში შეიყვანა. Airbnb არის პლატფორმა, რომლითაც 500 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სფეროს ძირითადი გამოწვევა დაასახელა >>

ღლონტმა აღნიშნა, რომ მიღებული მონაცემების ანალიზი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ აჭარა ხდება მიმზიდველი ტურისტული მიმართულება არამარტო ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში, რაც ადგილობრივი მთავრობის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

65
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი–2018 (408)