მოგზაურობა ფილიპინებზე

როგორ ვიმოგზაუროთ ფილიპინებზე იაფად ოქროსფერი ქვიშა, ლურჯი ზღვა და ველური ბუნება

139
(განახლებულია 16:44 12.10.2018)
მარი ნებიერიძე
ფილიპინებზე მოხვედრა უამრავი მოგზაურის ოცნებაა, რადგან მათ აქ ელით ულამაზესი ფირუზისფერი ზღვა, მთის პეიზაჟები, ველური ბუნება, სტუმართმოყვარე ხალხი და ზღაპრული თავგადასავლები.

სოსო ნებიერიძე ბერძნული ენის ფილოლოგია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. უკვე წლებია ბიზნესით არის დაკავებული. მოგზაურობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში. წელიწადში ხუთჯერ მაინც კვეთს საქართველოს საზღვარს. უკვე 21 ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ამჯერად ფილიპინებზე და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე ვისაუბრებთ.

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

ფილიპინები - კუნძული პალავანი

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩინეთში წასვლის ჟამი ახლოვდებოდა (წელიწადში 3-4 ჯერ ჩავდივარ) სრულიად შემთხვევით გადავაწყდი „ეარ აზიას“ ბილეთს შანხაი–მანილა, სულ რაღაც 50 დოლარად, არც დავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე და ფილიპინებზე მოგზაურობის დაგეგმვაც ამის შემდეგ დავიწყე.

უცხოურ ფორუმებზე ბევრი კითხვის და ძიების შემდგომ უამრავი კუნძულიდან არჩევანი ფილიპინებზე საუკეთესო - კუნძულ პალავანზე შევაჩერე. ვიყიდე ბილეთი მანილა-პუერტო პრინცესა-მანილა 60 დოლარად (პუერტო პრინცესა ყველაზე დიდი დასახლებაა პალავანზე), დავჯავშნე სასტუმროც და ისღა დამრჩენოდა მოთმინებით დავლოდებოდი გაფრენის თარიღს.

მოკლედ, ჩავფრინდი ჩინეთში, 10 დღეში მოვამთავრე საქმეები და, აი, დადგა ნანატრი დღე, ვზივარ შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტში და მანილას რეისს ველოდები...

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

მანილა - ქაოსური და მოუწესრიგებელი ქალაქი

ზუსტად ოთხ საათში ჩავფრინდი მანილაში. სასაზღვრო კონტროლი უმარტივესად გავიარე, თბილისში აღებული ვიზის გარდა არაფერი მოუთხოვიათ. 24 იანვარი იყო და საშინლად ცხელოდა. საუკეთესო დრო ფილიპინებში სამოგზაუროდ. მანილაში ერთ ღამეზე მეტი არ გავჩერდი. არც შევმცდარვარ, ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა ამ ქალაქისთვის. დიდი, ქაოსური და მოუწესრიგებელი ქალაქია მანილა, საშინელი საცობებით და გამონაბოლქვით. ყველაფერი იაფია, ხალხი ძალიან კეთილი და მხიარული. გარეუბნებშიც ბევრი ვიარე და თითქოს ჩვენი 90-იანები გამახსენდა – ეზოები სავსე რომ იყო ხალხით და სახლში გასართობი არაფერი გვქონდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ძალიან ღარიბია, თუმცა მაინც ძალიან მხიარულები არიან. კრიმინალზეც მქონდა მოსმენილი ამბები, რომ გარეუბნები უაღრესად საშიშია, მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია.

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

პუერტო პრინცესა

ბევრს აღარ გავაგრძელებ, დავტოვე მანილა და ერთ საათში პუერტო პრინცესაში ჩავფრინდი. ვიქირავე მანქანა, რადგან პალავანზე საუკეთესო ადგილი, ელ ნიდო, კუნძულის მეორე ბოლოში, პუერტო პრინცესადან ხუთი საათის სავალ გზაზე იყო. სიტყვებით ვერ აღვწერ ეს ხუთსაათიანი მგზავრობა როგორი სასიამოვნო იყო. მსგავსი აქამდე არასდროს არაფერი მქონდა ნანახი. ულამაზეს პეიზაჟებს ვაწყდებოდი. ირგვლივ პალმები და უამრავი ტროპიკული მცენარე იყო. ფაქტობრივად ტროპიკულ ჯუნგლებში გაჭრილ გზას მივუყვებოდი. გავიარე რამდენიმე სოფელიც, ვნახე როგორ ცხოვრობდა ხალხი ხის მიწურებში, ვაჩერებდი გზადაგზა და ვტკბებოდი სანახაობით. ხუთ საათში ელ ნიდოსაც მივადექი და საგულდაგულოდ არჩეულ სასტუმროშიც თბილად მიმიღეს. ცივი წვენი დამახვედრეს, სამახსოვროდ ნიჟარებისგან აწყობილი მძივი ჩამომკიდეს, გამომგლიჯეს ჩემოდანი და ოთახისკენ წამიძღვნენ.

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

დავბინავდი, მშვენიერი სასტუმრო გამოდგა, დილის კვებით და კარგი სტაფით. ოთახში არ იყო ინტერნეტი, მხოლოდ ეზოში ერთ კონკრეტულ ადგილზე ვიჭერდი, მაგრამ სულს ღაფავდა ისე მუშაობდა. ზოგადად მთელ ელ ნიდოში იყო ინტერნეტის პრობლემა.

ელ ნიდო – ეს ნამდვილად ზღაპარი ადგილია. არანაირი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, არანაირი განვითარებული ინფრასტრუქტურა, არაფერი მსგავსი, უბრალოდ ბუნებისგან შექმნილი საოცარი სილამაზე. სულ რამდენიმე ქუჩისგან შემდგარი პატარა სოფელი, ძირითადად კაფეებით, ბარებით და მაღაზიებით დატვირთული, საუცხოო პლაჟები, აი, ფილმებში რომ არის, ზუსტად ისეთი. ტურისტიც ბევრი იყო, ძირითადად ახალგაზრდები. მანქანას აღარ ვიყენებდი საერთოდ, გამოვიდოდი სასტუმროდან, იქვე ბირჟა იყო ტუკტუკების, დამესეოდნენ მძღოლები და 1-2 დოლარად მივდიოდი ცენტრისკენ, ძირითადად საჭმელად. საკვების არჩევანი რესტორნებში არც თუ ისე ცუდი იყო, ერთი პორცია დაახლოებით 5-დან 10 დოლარამდე მიჯდებოდა.

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

ნანატრი წუთები

არაფერია მხოლოდ ელ ნიდო, თუ ექსკურსიებზე არ წახვალთ. სულ ხუთი მარშრუტია. მე ყველაზე პოპულარული ავირჩიე, გადავიხადე 20 დოლარი და მეორე დღის დილის 10 საათზე ოკეანეში შევცურეთ. სულ 15 კაცამდე ვიყავით ამ ტურზე. აი, სწორედ ამ ერთ დღეს ვნახე ყველაზე ზღაპრული ადგილები, რაც კი ოდესმე მინახავს. თვალებს არ ვუჯერებდი... ჯერ ლაგუნას მივადექით, აი, ძალიან ლურჯი წყალი რომ არის, ირგვლივ კლდეებით და პალმებით. კაიაკითაც ვიცურეთ, ორი ლაგუნა ვნახეთ – დიდი და პატარა და სულ ბოლოს პატარა კუნძულისკენ წავედით. ისეთი ოქროსფერი ქვიშა არასდროს მენახა არც ერთ პლაჟზე, კუნძულზე რომ დამხვდა. აქ არ იყო მაღაზიები, არც შენობები, საერთოდ არაფერი, მხოლოდ ველური ბუნება და ჩვენ. დაახლოებით ხუთი საათი გავიდა და საშინლად მომშივდა. იქვე ნავზე შეწვა ჩვენმა გიდმა თევზი და ქათამი საშინელ სიბინძურეში. ექსკურსიის დასაწყისშივე შევამჩნიე შესაწვავი ქათმები როგორ სიბინძურეში ეყარა, ვფიქრობდი, ამას რა შეჭამს-მეთქი, მაგრამ როცა ძალიან გშია, უკაცრიელ კუნძულზე ხარ და იცი, რომ ერთი ოთხი საათი ვერ მიხვალ ქალაქამდე, სიბინძურე აღარ განაღვლებს. იქვე პალმების ძირში გაიშალა პატარა სუფრა და ასე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია.

მოგზაურობა ფილიპინებზე
მოგზაურობა ფილიპინებზე

ძნელზე ძნელია სიტყვებით გადმოსცე, რაც იქ ვნახე, უბრალოდ მენდეთ და თუ შანსი ჩაგივარდებათ, სამოგზაუროდ ფილიპინები აირჩიეთ.

შემდეგ იყო ზიპლაინი, ექსტრემალური შეგრძნებები და ასე შემდეგ, მოსაყოლი კიდევ იმდენია... მაგრამ აქ გავჩერდები.

მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი სინგაპურში, მალაიზიაში, ჩინეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ფილიპინები ჩემი უდავო ფავორიტია და ალბათ დარჩება კიდეც დიდი ხნით.

 

139