დიდველის მთებზე აკრეფილი ყვავილები - შეიცანი შენი საქართველო

© photo: courtesy of Meri Bliadzeბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანი თითქმის ყველა ადამიანისთვის ზამთართან და თოვლთან ასოცირდება. მე ზაფხულის ბაკურიანი უფრო მიყვარს, მზიანი და თბილი, მწვანე და ხალასი. ჰოდა, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ჩავალაგე ზურგჩანთა, რომელიც საუკეთესო მოგონებებით არის სავსე და დიდველთან შესახვედრად მარტო გავემართე.

მარტომ პირველად ვიმოგზაურე. იცით რატომაა მარტო მოგზაურობა კარგი? საკუთარ თავთან რჩები, ჩერდება დრო, თითქოს საკუთარი ტყავიდან გამოდიხარ და თავიდან იბადები. გავიწყდება ყველაფერი, რაც უკან იყო. არავისთან და არაფერთან ხარ ვალდებული, სამყარო შენ გეკუთვნის და გემორჩილება. გრძნობ, რომ არაფერია  თავისუფლებაზე, სიყვარულზე და ბედნიერებაზე ღირებული.

© courtesy of Mari Nebieridzeბაკურიანი
დიდველის მთებზე აკრეფილი ყვავილები - შეიცანი შენი საქართველო - Sputnik საქართველო
ბაკურიანი

დიდუბის ავტოსადგომიდან ბაკურიანის მიმართულებით ბოლო მიკროავტობუსი ოთხ საათზე გადის. მეც იქეთ მივიჩქარი. არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ფეხები ათობით არმატურაზე მაქვს შემოლაგებული, ტრანსპორტში დამწვარი რეზინის და მტვრის სუნი ერთმანეთს ერწყმის და წელში ინგლისური S-ვით ვარ მოკეცილი. გზაში თითქმის ყველა თვლემს. მე არასოდეს მეძინება, როცა ემოციებთან, შთაბეჭდილებებთან შესახვედრად მივიჩქარი.

შევუდექი დიდველის აღმართს.  ნელ-ნელა ვიწევი მაღლა. მთებიც ნელ-ნელა უმატებს გუგუნს და სახეზე ნისლი თავხედურად მეჯახება.  ნეტა რამდენია ახლა ჩემსავით —  ნანატრ ხედებთან, ბუნებასთან, მთებთან შეხვედრის წინ რამდენს უცემს გული გამალებით…

ნელი რწევით მიიზლაზნება საბაგირო და ჩემს თვალწინ საოცარი ხედი იშლება. თითქოს ერთი წამიც და მთებს ხელით შევეხები. დაუძლეველი სურვილი მიპყრობს ყველა წამი, წუთი ფირზე აღვბეჭდო. მეც დაუსრულებლად ვაჩხაკუნებ აპარატს და ვიღებ სურათებს. სრულიად მოულოდნელად ჩემს წინ იხსნება საბაგიროს დამცავი წინაღობა და ვრჩებით მე და დიდველი პირისპირ. საბაგირო ნელი რწევით ქანაობს და მე აღარაფერი მიცავს… მარტო ვარ… ჩემი ხმა არავის ესმის, საშველად ვერავის ვუხმობ. არც მაქვს ძალა ხმამაღლა დავუძახო ვინმეს და რომც დავიძახო, ახლა ვერავინ დამეხმარება…  ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო… ფრთხილი მოძრაობით, გაჭირვებით  ვწვდები ზონარის, რომელიც ჩამკეტს აქვს დამაგრებული და ჩემკენ ვეწევი… მიძალიანდება, თუმცა მე ვიმარჯვებ, კვლავ უსაფრთხოდ ვარ!

© photo: courtesy of Meri Bliadzeბაკურიანი
დიდველის მთებზე აკრეფილი ყვავილები - შეიცანი შენი საქართველო - Sputnik საქართველო
ბაკურიანი

უკვე დიდველზე ვარ, ზღვის დონიდან 2702 მეტრზე. ყველაფერის მიუხედავად საოცარი დღეა. თითქოს მხრებიდან სიმძიმე მეხსნება, თითქოს უკან მოვიტოვე ათასი პრობლემა, დაძაბულობა, საფიქრალი და საქმე.  ვხედავ, როგორ ლივლივებს დიდველის მთებზე ნისლი, მესმის მათი ხმა, ვსუნთქავ ჰაერს, რომელსაც სხვაგან ვერ ჩაისუნთქავ.

იცით, მე ოცნება ავიხდინე — მარტომ დავიპყარი დიდველი, მე ეს შევძელი! ზემოდან გადმოვხედე მხარეს, რომელმაც მშობა, გამომზარდა და გზა დამილოცა. მე საკუთარ თავზე გავიმარჯვე.

არ მჯეროდა, რომ ზღვის დონიდან 2702 მეტრზე ვიყავი, მთის პირას მარტო ვიჯექი, არაფერზე ვფიქრობდი  და დიდველის მთებზე აკრეფილ ყვავილებს ვიხუტებდი. ზურგჩანთაში „ყვავილები ელჯერონისთვის“ მედო, გადმოვიღე და ალპური ყვავილები გულში ჩავახუტე.

ვერ გავიგე როგორ გავიდა დრო. საღამოს ემოციებით დატვირთული უკან დავბრუნდი.  გზად ქართველი არ შემხვედრია, მხოლოდ უცხოელი ტურისტები. ერთმა ისიც მითხრა, რომ საქართველო სახლს ჰგავს, სადაც ყველა მშვიდად, ბედნიერად გრძნობს თავს და თუ ერთხელ მაინც მოხვდები აქ, აუცილებლად დაბრუნდები…

დაიწყე მოგზაურობა შენი ქვეყნის შეცნობით!..

 

ყველა ახალი ამბავი
0