ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა - სამოთხე დედამიწაზე

254
(განახლებულია 16:56 11.08.2018)
მერი ბლიაძე
ცხოვრებაში ყველაზე მეტად ერთფეროვნება მაშინებს. მზის ამოსვლასთან ერთად ახალ თავგადასავლებს, ახალ ემოციებს, ახალ შთაბეჭდილებებს ვეძებ. ამ ყველაფრის გარეშე უსიცოცხლო, უუნარო ორგანიზმი ვხდები...

ორი-სამი თვე მაქსიმუმია, რაც შემიძლია უცხო ადგილების უნახავად, ახალი ემოციის, შთაბეჭდილებების გარეშე გავატარო.
არ მიყვარს ქვის უსიცოცხლო შენობები, არც დიდი ქალაქები და მეგაპოლისები მიზიდავს. გული ყოველთვის იქ მიმიწევს, სადაც სიმწვანე, ფერადი გარემო, ულამაზესი ხედები, თავისუფლება და ველური ბუნებაა. მოგზაურობა საკმაოდ გვიან დავიწყე და ჯერ მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თუმცა ვთვლი, რომ  ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს, მთავარია — დავიწყე. თითოეული ქვეყნიდან განსხვავებული ემოცია და შთაბეჭდილებები წამოვიღე, რომელიც დღემდე მასაზრდოებს და ძალას მმატებს.

თუმცა სადაც არ უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, როგორც არ უნდა მოვიხიბლო უცხო ქვეყნის სილამაზით, ერთ კვირაში მოსვენებას ვკარგავ, შინ დაბრუნება მინდა. ჩემი გული მაინც ჩემს ლამაზ სამშობლოს ეკუთვნის. მხოლოდ აქ ვარ სრულყოფილად ბედნიერი,თავისუფალი, დამოუკიდებელი და ლაღი.

ყოველთვის, როცა შინ ვბრუნდები, ვწერ. ვწერ იმ ადგილებზე, ხალხზე, თავგადასავლებზე რაც განვიცადე. მერე, როცა ცოტა დრო გადის, გადმოვიღებ ჩემს ჩანაწერებს და ღიმილით გადავიკითხავ. აიშლებიან გრძნობები, მიათმაგდება მოტივაცია, დადებითად ვიმუხტები, ვრწმუნდები, რომ ცხოვრება ამად ღირს. სიამოვნებით გადაგიშლიდით ჩემს ყველა ჩანაწერს, მოგონებას, ემოციას, თუმცა დღეს არჩევანს თრუსოს ხეობაზე შევაჩერებ…

ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა იშვიათი, ეგზოტიკური სილამაზით გამოირჩევა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება ცად აზიდული კოშკები, ხავსმოკიდებული ნასახლარები და საყდრები.  მზის შუქზე ოქროსფრად ელვარებს მდელოები, ხევში ჩაწოლილა ნისლი, ბობოქრობს თერგი, აზვირთებულან მთები… ექვსთვიანი ტყვეობის შემდეგ, უსასრულო სითეთრით დაფარული ხეობა ზაფხულში ბართან კონტაქტს აახლებს და მნახველებს ელოდება. ფეხით გასავლელი მანძილი საშუალო სირთულისაა, ამიტომ ნუ შეშინდებით, წინ ყველაზე დიდი სილამაზე და სიამოვნება გელოდებათ…

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სამმა მეგობარმა ერთად გადავწყვიტეთ თრუსოს მონახულება. წინა საღამოს საგულდაგულოდ მოვემზადე:  ჩავალაგე ჩანთა, საჭირო აღჭურვილობა. ვემზადებოდი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, წინ რა სიამოვნება მელოდა.

ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

შევუდექით გზას. მალევე დაიწყო აღმართები, რომელიც ნელ-ნელა ციცაბო ხდებოდა.  ვიგრძენი, რომ რეალურ ცხოვრებას მოვწყდი. არანაირი კომუნიკაცია, არ იჭერს ტელეფონი, არ გაქვს ინტერნეტი. მიდიხარ და იკარგები თვალუწვდენელ მთებში. არ გტოვებს განცდა, რომ უდიდესი სიმდიდრის, ძალაუფლების პატრონი ხარ…
პირველი ბუნების სასწაული, რასაც შევესწარი, ახალდაბადებული მდინარის უდროო გარდაცვალება იყო. ცხოვრებაშიც ხომ ხშირად ხდება ასე… თერგი გადარეული მოაგორებდა უზარმაზარ ლოდებს. მის თავზე კალაპოტს იღებდა ანკარა წყარო, რომელსაც კლდე გამოეკვეთა და სიცოცხლით დატკბობას აპირებდა. სულ რაღაც 5-7 მეტრში თერგი დაუხვდა და თვალის დახამხმებაში შთანთქა. ანკარა წყარო შავ ტალღებში უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.

ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

ხეობის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლებია. ალბათ ბევრი არ გსმენიათ თრუსოს ვეძას შესახებ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მჟავე წყალი, რომელიც აქ ამოდის, ბევრ დაავადებას კურნავს. სასწაულია იმის ცქერა, როგორ ჭრის კლდეს და შენს თვალწინ იბადება პატარა წყარო.

თუ თრუსოს ხეობაში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ „უძირო ტბა“. მწყემსები ამბობენ, ამ ტბას ძირი არ აქვს, რადგან მის ნაპირზე ძველად დათვი მოუკლავთ, რომელიც  ტბაში გადაეშვა და ისე ჩაიკარგა, კვალიც ვეღარ იპოვესო. სწორედ ამ ამბის მერე დაარქვეს ტბას „უძირო“. მთების შუაგულში მოქცეული ტბა წელიწადის ყველა პერიოდში  თვალწარმტაცია.

ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

 

თრუსოს ხეობის მცველები დედები არიან. გალობენ, ლოცულობენ და დაუღალავად შრომობენ. თრუსოს დედათა მონასტრის ამბები ბევრმა არც იცის… დედებმა დღემდე ურთულესი გზა გაიარეს. ალბათ წარმოგიდგენიათ ზამთარი თრუსოს ხეობაში და იქ ეულად, უფლის იმედად დარჩენილი დედები…

ვიდექი და გაოგნებული ვიღებდი ფოტოებს. მინდოდა, ყველა ემოცია ფირზე აღმებეჭდა. ფოტოები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხან ვფიქრობ, რომ ზედმეტად დამოკიდებული ვარ ფოტოებზე. დაუსრულებლად, ათასი რაკურსით შემიძლია გადავიღო ერთი კადრი, თუმცა ყოველთვის მიპყრობს დაუკმაყოფილებლობის განცდა. ვფიქრობ, რომ კადრი ისე ვერ ასახავს რეალობას, როგორც თვალი, გონება და მეხსიერება.

ყაზბეგი, თრუსოს ხეობა
ყაზბეგი, თრუსოს ხეობა

განსაკუთრებით ლამაზი და შთამბეჭდავი იყო მზის ჩასვლა თრუსოს ხეობაში. დაუვიწყარი იყო ცეცხლმოკიდებული მთების და ოქროსფრად აელვებული მდელოების ხივლა.
საღამოს კოცონს მივეფიცხეთ. ემოციებისგან დაღლილებს, ხმის ამოღება არ გვინდოდა. აი, ასე უსიტყვოდ ვისხედით და ვტკბებოდით ჩვენი ქვეყნის ერთი პატარა კუთხის სილამაზით.

ამ ლაშქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს… ახლაც ვზივარ კომპიუტერთან, ვწერ ამ ყველაფერს და ისევ ის სპორტული ჟაკეტი მაცვია, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელიც თრუსოს ხეობაში, კოცონთან მიფიცხებულს მეცვა და რომელსაც ახლაც ბოლის და მოგონებების სუნი ასდის. მე მიყვარს ჩემი მოგონებებითა და ემოციებით სავსე ზურგჩანთა, მიყვარს დღეები, წუთები, წამები, რომლებსაც ცხოვრების გზაზე მარგალიტებივით ვაგროვებ. რაც უფრო ბევრია ეს მარგალიტები, მით უფრო მდიდარი ხარ. შემდეგ იხსენებ ყველაფერს, იღიმები და ივსები ენერგიით…

მიხარია, რომ მზე ისევ ამოვა და ხვალ ახალი დღე გათენდება!

254