ანი ცერცვაძე

ის რაც ნორვეგიაში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა ნახოთ ქართველი მოგზაურის რჩევები

488
(განახლებულია 18:53 13.07.2018)
მერი ბლიაძე
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი სპორტსმენი და მოდელი ანი ცერცვაძეა. ანისთვის მოგზაურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგი არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ნორვეგიაში მოგზაურობას განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს.

როგორ დაგეგმა ნორვეგიაში ტური, რა მოინახულა და რამ მოხდინა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ანი თავად მოგიყვებათ.

ანი ცერცვაძე
ანი ცერცვაძე

— ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის ვასწრებ გართობას, დასვენებას და მოგზაურობას. უზომოდ ვარ შეყვარებული მოგზაურობაზე. ვმოგზაურობ როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს კუთხეებშიც.

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში მოგზაურობას?

– მივხვდი, რომ მოგზაურობა ჰაერივით მჭირდება. უბრალოდ სამუშაო კვირის ბოლოს ორი დღით გასვლაც კი ბედნიერებას მანიჭებს. იმ დაძაბულობას, ქაოსს, რასაც თბილისში გრძნობ, სრულიად ანეიტრალებს მთა. მთაში რომ მივდივარ, თითქოს მავიწყდება ყველაფერი და უკვე ახალი ძალებით ვუბრუნდები სამსახურს. როცა საზღვარგარეთ წასვლას ვგეგმავ, ეს პროცესიც კი მსიამოვნებს. ყოველთვის ვგეგმავ დაახლოებით სამი თვით ადრე და მერე ჩემით ვადგენ მარშრუტს – სად რა ვნახო. ამის მერე ბედნიერად ველოდები შვებულებას. მოგზაურობა ჩემთვის არის  „ანტისტრესი“ პირველ რიგში. მიყვარს მრავალფეროვნება, მაინტერესებს აბსოლუტურად ყველა ქვეყნის კულტურა, ღირსშესანიშნაობა და ბუნება. მოგზაურობა ნარკოტიკივითაა – ერთხელ თუ სცადე, მერე უფრო და უფრო მეტი მოგინდება. ყოველთვის ვაგროვებ ფულს ამისთვის. საბედნიეროდ, არ ვარ მხარჯველი, მირჩევნია შევინახო მოგზაურობისთვის, ვიდრე ვიყიდო რამე ძვირფასი ნივთი.

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– მინდა კონკრეტულად ნორვეგიაში მოგზაურობაზე ვისაუბროთ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო. რატომ გადაწყვიტეთ ნორვეგიაში მოგზაურობა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?

— ნორვეგიის ბუნებას ალბათ არაფერი შეედრება. ულამაზესი მთები, მოვლილი სოფლები და საოცარი გარემოა. ქვეყანა განვითარების უმაღლეს საფეხურზე დგას, ამასთან ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. მე ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, რაც ყველას უკვირს, მაგრამ ასე მირჩევნია. დილით ადრე ვდგები, არ მიწევს არავის ლოდინი, ფეხით დავდივარ ძალიან ბევრს, არავინ მეწუწუნება – შევისვენოთ, გავჩერდეთ ან ვჭამოთო. არავის ვეკითხები სად წავიდეთ და არავინ მეკამათება მუზეუმში არ მინდა და, მაგალითად, საშოპინგოდ წასვლა ჯობსო… ერთადერთი მინუსი აქვს მარტო მოგზაურობას – ფოტოების გადასაღებად სულ გიწევს ვიღაც უცხო ადამიანების გაჩერება და შეწუხება.

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– როცა ნორვეგიაში ჩახვედით, თქვენი მოლოდინი გამართლდა?

— ეს იყო იდეალური მოგზაურობა. ვცხოვრობდი airbnb.com-დან დაჯავშნულ ბინებში, სადაც მხვდებოდა ძალიან თბილი ხალხი. მიხსნიდნენ ყველაფერს და რჩევებს მაძლევდნენ. სიცრუეა, როცა ამბობენ, რომ ნორვეგიელები ცივები არიან. სულაც არა, ვინც არ უნდა გააჩერო ქუჩაში, ყველა დაგეხმარება. ძალიან ძვირი ქვეყანაა, მაგრამ ცხოვრების დონე შეესაბამება ამ სიძვირეს. ძალიან მოვლილი ქვეყანაა. გული მწყდება, როცა ჩვენთან მდინარეებში დაყრილ ცელოფნებს და ბოთლებს ვხედავ, იქ  გამორიცხულია ასეთი რამ…

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– სანამ წახვიდოდით, იცოდით რა უნდა გენახათ, სად უნდა წასულიყავით?

— სანამ წავიდოდი, ინტერნეტში ვეძებდი ყველანაირ ინფორმაციას. მაგალითად, ოსლოს მუზეუმებზე ვიცოდი ყველაფერი, რაც უნდა მენახა, თავისი მისამართებით. წინასწარ ერთი თვით ადრე მატარებლის ბილეთებიც მქონდა აღებული OSLO-დან STAVANGER-ში. პირველ რიგში, როცა ჩადიხარ ოსლოში, უნდა იყიდო OSLO PASS ბილეთი, რომლის მეშვეობით შეგიძლია უფასოდ შეხვიდე მუზეუმებში და იარო ავტობუსებით და მეტროთი. ყველაზე მეტად მომეწონა ოსლოში Norsk Folkemuseum – Norwegian Museum of Cultural History, რომელიც მდებარეობს პატარა კუნძულზე. შეგიძლია პატარა იახტით გახვიდე ქალაქის ცენტრიდან. ეს არის რამდენიმე ადგილი, რაც აუცილებლად უნდა ნახო, როცა ჩადიხარ ნორვეგიის დედაქალაქში: Vigeland Sculpture Park, Munch Museum, The Viking Ship Museum, The Kon-Tiki Museum, Akershus Fortress, Nobel Peace Center, Holmenkollen Ski Museum & Tower. გამიმართლა და  გავიგე, რომ იმ თარიღებში, როცა ჩავდიოდი, ოსლოში იმართებოდა Øya Festival. მაშინვე ვიყიდე ბილეთი და დავესწარი LANA DEL REY კონცერტს.

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– ყველაზე მეტად რამ მოგხიბლათ ნორვეგიაში?

– პატარა, სუფთა ქუჩებმა STAVANGER-ში, სადაც სახლები ბარბის სახლებს ჰგავდნენ. და, რა თქმა უნდა, იმან, რისთვისაც ჩავედი ნორვეგიაში. ეს იყო მთები და ფიორდები.

– როგორც მივხვდი, ექსტრიმი გიზიდავთ…

— ცოტა მშიშარა ვარ, მაგრამ ვცდილობ გადავლახო ეს. როცა ვდგები მაღალ მთაზე, ან ნაპირთან, ვცდილობ ვიყურო ქვევით რა ხდება.

ანი ცერცვაძე
photo: courtesy of Ani Tsertsvadze
ანი ცერცვაძე

– ნორვეგიაში ყოფნის დროს კურიოზული სიტუაცია თუ შეგემთხვათ?

— ზედმეტად იდეალურად იყო ყველაფერი დაგეგმილი, ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და კურიოზები არ ყოფილა.

– სამზარეულოზე რას გვეტყვით, დააგემოვნეთ ტრადიციული კერძები?

— ძირითადად ზღვის პროდუქტები აქვთ. უგემრიელესი კრევეტები, კალმარები, თევზები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ქვეყანაა, ტრადიციულ კერძებს ჩვეულებრივი ფასი ჰქონდა.

ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო
ნორვეგიაში მოგზაურობისას გადაღებული ფოტო

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას?

— ნორვეგიის მერე ახალ წელს ვიყავი უკრაინაში, ხოლო მარტის თვეში ისრაელში. ახლა ნაყიდი მაქვს ბილეთი. 3 სექტემბერს შვეიცარიაში მივფრინავ, კერძოდ ციურიხში და უკან ჟენევიდან დავბრუნდები. კვლავ ვაპირებ ვნახო დიდი ქალაქებიც და პატარა ლამაზი მთიანი სოფლებიც.

 

 

488