აჭარა მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მონაწილეა

გამოწერა
საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას აჭარაში განიხილავენ როგორც კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აჭარამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი მადრიდში გამართულ  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2018-ზე წარადგინა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა. 

გამოფენა FITUR 2018 - Sputnik საქართველო
ვირტუალური ტურები საქართველოს ირგვლივ – ტურისტულ ცენტრებში სიახლე დაინერგება

მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს 140,1 ათასი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, ათი ათასზე მეტი კომპანია მსოფლიოს 165 ქვეყნიდან.

„ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაციაა წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზე, რაც ჩვენთვის საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. შეხვედრები გვქონდა როგორც წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან, ასევე სარეკლამო კომპანიებთან, რომლებთანაც მიმდინარე წელს, შესაძლოა, ვითანამშრომლოთ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით“, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

მისი სიტყვებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ტურისტულ და ავიაკომპანიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც ხახუბიამ აღნიშნა, აჭარის სტენდთან მოდიოდა ბევრი ადამიანი და მიმდინარე წელს საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა.

„ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის ყურადღების ცენტრში მოექცეს“, – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.

აჭარის პოპულარიზაციის მიზნით 2018 წელს დეპარტამენტი 24 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

ყველა ახალი ამბავი
0