თუშეთი ტურისტული სეზონის მოლოდინში

გამოწერა
თუშეთში ვიზიტორებისთვის ფუნქციონირებს: საოჯახო სასტუმროები, ცხენებით მომსახურება, სატრანსპორტო, გიდების მომსახურება, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილების დაქირავება, ველოსიპედების, ჭოგრიტის, ზურგჩანთების, საძილე ტომრებისა და კარვების დაქირავება, ჰოსტელი და სხვა.

საქართველოს ულამაზესი კუთხე — თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. სხვა ქართველი მთიელების, მოხევეებისა და ხევსურების მსგავსად, თუშებიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით ცხოვრობენ. თუშეთს აღმოსავლეთიდან — დაღესტანი, ჩრდილოეთიდან — ჩეჩნეთი, დასავლეთით — ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება.

თუშეთი თავისი განსაკუთრებულობით ხშირად სხვადასხვა გამომცემლების, ბეჭდური და სატელევიზიო მედიის, ბლოგერებისა და ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში ექცევა. 2011 წელს Yahoo Travel-ის და CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიოს საუკეთესო უცნობი ადგილების ტოპ-ათეულში თუშეთი მე-5 ადგილზე მოხვდა. 2013 წელს თუშეთის გზა BBC-ს დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე საშიში გზები" ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გზად დასახელდა.

წელს თუშეთს ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ — Guardian-მა მიუძღვნა სტატია, სადაც აღწერილია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. თუშეთს, თავისი უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ —კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2003 წლიდან მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს.

დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ თუშეთის დაცული ტერიტორიები სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს შორის. ველური ბუნების, მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს.

თუშეთის ფიჭვნარები შერწყმულია მაღალმთის კლიმატთან და იძლევა სამედიცინო გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას.

თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე მუხლმაგარი თუშური ცხენის, თუშური ცხვრისა და ქართული ნაგაზის სამშობლოა. თუშური სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო მოგზაურისა და დამთვალიერებლების უსაფრთხოების გარანტი.

ფლორისა და მცენარეულობის თვალსაზრისით თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა საქართველოში. აქ გავრცელებულია 92 ოჯახის 1000-ზე მეტი ჭურჭლოვანი სახეობა. თუშეთის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა შეიცავს "წითელ ნუსხაში" შეტანილ ათეულობით სახეობას და კავკასიისა თუ მხოლოდ საქართველოს მრავალ ენდემს (თუშეთში შემორჩენილი ნიამორის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია მთელ საქართველოში).

თუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნიდან მოყოლებული ვიზიტორთა მატება წლიდან წლამდე შეინიშნება. შარშან კი მათმა რაოდენობამ უკვე 10 000 გადააჭარბა.

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრი არსებობს: სალაშქრო და საცხენოსნო ბილიკები (რაც რამდენიმედღიანი მოგზაურობის საშუალებას იძლევა), სამთო ველოსიპედით გასეირნება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების დათვალიერება და ფოტოგადაღება, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და სხვა ცხოველებზე, მათ შორის ველურ ჩლიქოსნებზე, საზაფხულო ბანაკები.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ტურისტული სეზონი თუშეთში, ძირითადად, მაისის ბოლოს იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.

ამჟამად თუშეთში 50-მდე საოჯახო სასტუმროა, რომლებიც 12 სოფელში მდებარეობს. ამ საოჯახო სასტუმროებში ერთდროულად 600-მდე ვიზიტორის მიღებაა შესაძლებელი. გარდა საოჯახო სასტუმროებისა, სოფელ ომალოსთან ახლოს ფუნქციონირებს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო, კაფეტერია, ვიზიტორთა ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. ვიზიტორთა ცენტრში მისულ სტუმრებს მოემსახურებიან ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები: მოუწყობენ პრეზენტაციას თუშეთის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებზე. დაუგეგმავენ საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს და სხვა.

© courtesy of Friends of Tusheti Protected Areasზემო ომალო
ზემო ომალო - Sputnik საქართველო
ზემო ომალო

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს შეუძლიათ შემდეგი სახის ტურისტული მომსახურებების მიღება: საოჯახო სასტუმროების მომსახურება, ექსკურსია კესელოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მინი–ექსკურსია ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო დარბაზში. ცხენებით მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, გიდების მომსახურება, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილების დაქირავება, ველოსიპედების დაქირავება, ჭოგრიტის, ზურგჩანთების, საძილე ტომრებისა და კარვების დაქირავება, ჰოსტელი, ტურისტული თავშესაფარი ქუეს პანორამული გადასახედი ნიამორებზე დასაკვირვებლად. ალაზნისთავში აშენდა ყველის საწარმო, სადაც ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით თუშური გუდის ყველის დამზადების პროცესის ნახვაა შესაძლებელი.

თუშეთში ჩამოყალიბებულია 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტი, რაც საშუალებას აძლევს ვიზიტორს მაქსიმალურად მოინახულოს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით. როგორც თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში "sputnik–საქართველოს" განუცხადეს 2017 წლის სამი თვის ჯამური მონაცემებით საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ზე მეტად გაიზარდა, რაც პოზიტიური მოლოდინების ქონის საშუალებას იძლევა.

© FB/ თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობრებიცხენებით ლაშქრობა თუშეთში
ცხენებით ლაშქრობა თუშეთში - Sputnik საქართველო
ცხენებით ლაშქრობა თუშეთში

უფრო მეტი ვიზიტორის მოლოდინში თუშეთი წელსაც განსაკუთრებულად ემზადება ტურისტული სეზონის დადგომისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0