ტურისტები

სომხეთის მოქალაქეებს შორის საქართველოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება

38
2006 წელთან შედარებით სომხეთიდან ვიზიტორთა რიცხვი 729%-ით გაიზარდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. 2016 წელს საქართველოს 1 მილიონ 496 ათას 246 სომეხი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასულ წელს საქართველოში ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 23,6%-ს შეადგენს. 

2016 წელს საქართველოში სულ 6 350 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით,  აღნიშნული მონაცემები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

საქართველოსადმი სომხების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით აიხსნება. 

2006 წელთან შედარებით, სომხეთიდან ვიზიტორების რიცხვი 729%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წელთან შედარებით — 114%-ით. 2006 წელს საქართველო სომხეთის 180 ათას 550-მა მოქალაქემ მოინახულა, 2011 წელს კი 699 ათას 383-მა ადამიანმა.  

ტურისტები მთაწმინდიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.
Levan Avlabreli
ტურისტები მთაწმინდიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.

ქვეყნების ტოპ-ხუთეული, რომლის მოქალაქეებმაც გასულ წელს საქართველო მოინახულეს, ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი — 1523 075 ადამიანი, რაც 9,3%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით, სომხეთი — 1496 246 ადამიანი (+1.9%); თურქეთი — 1254 089 ადამიანი, რუსეთი — 1037 564 ადამიანი (+12%) და უკრაინა 172 631 (+21,8%).

ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირებულია ირანიდან (+485%), ინდოეთიდან (+199%), საუდის არაბეთიდან (+116%), ფინეთიდან  (+89%), ომანიდან (+75%) და ჩინეთიდან (+46%).

საზღვარგარეთის ტურიზმიდან 2016 წელს შემოსავალმა ორ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კარგი შედეგია.

„ეს ერთობლივი ძალების შედეგია, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით,  ისე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოზიციონირებით“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის საქართველო ცნობილი იქნება როგორც ტურისტული ქვეყანა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებს მსოფლიო დონის მომსახურების შეთავაზებას.


38
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (81)