ფუტკარი მზესუმზირაზე

რატომ უნდა ჭამონ მამაკაცებმა მზესუმზირა: ექიმი განმარტავს

220
(განახლებულია 21:34 15.07.2021)
ექიმი ასახელებს რამდენიმე სახეობის თესლეულს, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ შორის, მამაკაცურ პოტენციაზე.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სხვადასხვა მცენარის თესლეული კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალურ შესაძლებლობებზე და ამასთან აღკვეთს დემენციის განვითარებას, აცხადებს დიეტოლოგი და გასტროენტეროლოგი ალინა ბუდაკოვსკაია.

სპეციალისტი უპირველესად გოგრის თესლზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის შეიცავს თუთიას, რომელიც თავის მხრივ მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამომუშავებაში მონაწილეობს. ამიტომაც ის უბრალოდ აუცილებელია მამაკაცური პოტენციისთვის.

რაც შეეხება ქალებს, თუთიის შემცველი პროდუქტები მათ შესანიშნავ დახმარებას გაუწევს თმებისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში.

ამასთან ექიმი ხაზს უსვამს, რომ გოგრის თესლი ქალების შემთხვევაში არანაირად არ უწყობს ხელს მამაკაცური ჰორმონების წარმოქმნას და ნეგატიურად არ მოქმედებს მათ ლიბიდოზე — ორგანიზმის სხვაგვარი მოწყობის გამო ქალებში ის პირდაპირ თმებისა და ფრჩხილებისკენ მიემართება.

სპეციალისტი ამბობს, რომ გოგრის თესლი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ — როგორც ცალკე, ისე კერძებში, მაგალითად, დაუმატოთ ის სალათებსა თუ უკვე მომზადებულ წვნიანებს. მთავარია, რომ თერმულად არ დაამუშაოთ (არც მოხალოთ და არც მოხარშოთ).

დიეტოლოგი განმარტავს, რომ მზესუმზირა ასევე ფრიად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის შეიცავს Е ვიტამინს — უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც ორგანიზმის დაბერებას აჩერებს — როგორც გარეგნულ, ისე შინაგან დაბერებასაც. 100 გრამ მზესუმზირაში Е ვიტამინის სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 200%-ზე მეტი შედის. თუმცა ეს არანაირ ვნებას არ აყენებს ორგანიზმს — ის საკმაოდ მალე „იხარჯება“ და ამასთან, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის Е ვიტამინზე მოთხოვნილებაც.

და მაინც, ყველაზე გამორჩეული თესლეულს შორის მაინც ჩიას თესლია, რომელშიც ლამის მთელი მენდელეევის ტაბულა შედის. თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით მაინც მანგანუმს შეიცავს, რომელიც ადამიანს სტრესებთან ბრძოლაშიც ეხმარება და ადრეულ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების — ბრადიკარდიისა და ტაქიკარდიის რისკებსაც აღმოფხვრის.  

ექიმის თქმით, ჩიას თესლის მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხელ ამინდებში.

სეზამის მარცვლები, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, შეგიძლიათ უმადაც მიირთვათ და მოხალოთ კიდეც. ბუდაკოვსკაიას თქმით, თერმული დამუშავებისას სეზამის სასარგებლო თვისებები არ იკარგება.

სეზამი შეიცავს ორ ისეთ ნივთიერებას, რომლებიც მეტად აქტუალურია ადამიანის ორგანიზმისთვის — ესენია სპილენძი და კალციუმი. აქედან პირველი მელატონინის გამომუშავებასა და თმის ფერის შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამასთან აღკვეთს თმების ცვენას, ხოლო მეორე — კალციუმი აუცილებელია ადამიანის ჩონჩხისთვის, ვინაიდან ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ის განსაკუთრებით სასარგებლოა ოსტეოპოროზით დაავადებული ასაკოვანი ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც გამუდმებით იზრდებიან და კალციუმის დიდი რაოდენობა ესაჭიროებათ, და ასევე ორსული ქალებისთვის, რათა ბავშვის ჯანმრთელობას თავიდანვე ჩაუყარონ მტკიცე საფუძველი.

და, ბოლოს, სელის თესლი. სპეციალისტის თქმით, წარსულში ექიმები გასტრიტს სელის თესლის ნახარშით მკურნალობდნენ. საქმე ისაა, რომ დასველებისას სელის თესლში გამოიყოფა კისელის კონსისტენციის მქონე ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის დაწევას და გარს ეკვრის ლორწოვანას.

შესაბამისად, თუ ადამიანი ქრონიკული გასტრიტით ამ გასტროდუოდენიტით არის დაავადებული, ან შეკრულობა აწუხებს, მისთვის სელის თესლი პირდაპირ მისწრებაა.

220
თემები:
ექიმი გირჩევთ (165)
კვლევითი ლაბორატორია

„დელტა“ სხვაგვარად მუშაობს: დასახელდა ახალი ვარიანტის ძირითადი სიმპტომები

77
(განახლებულია 22:04 29.07.2021)
კორონავირუსის „დელტა“ შტამს, გარდა იმისა, რომ წინამორბედ ვარიანტებზე უფრო გადამდებია, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (PHE) განცხადებით, ახლა კორონავირუსით ინფიცირების ყოველი ათი შემთხვევიდან ცხრა „დელტა“ ვარიანტს განეკუთვნება, წერს გამოცემა Express-ი.

PHE-ს მონაცემებით, „დელტას“, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე მანამდე დომინანტი „ალფა“ შტამი იყო, COVID-19-ის კლასიკური ნიშნების გარდა, სხვა სომპტომებიც ახასიათებს.

როგორც პროფესორი ტიმ სპექტორი ამბობს, „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევაში ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლასიკური ნიშნები — სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველება, ყნოსვისა თუ გემოს დაკარგვა შეიძლება არც აღენიშნებოდეს.

„ახალი შტამი, როგორც ჩანს, ცოტა სხვაგვარად მუშაობს. ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სეზონური გრიპის რომელიმე სახესხვაობა აქვს“, — ამბობს ის.
  • PHE-ს სპეციალისტების თქმით, „დელტას“ სამი ძირითადი სიმპტომია:
  • თავის ტკივილი;
  • ყელის ტკივილი;
  • სურდო.

გარდა ამისა, ექიმების განმარტებით, „დელტა“ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის აშლილობითაც გამოვლინდეს — მუცლის ტკივილის, პირღებინებისა და ფაღარათის სახით.

როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა>>

მანამდე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდები მაინც იყვნენ. როგორც CDC-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ „დელტა“ ვარიანტი თავისი წინამორბედი შტამებისგან „სრულიად განსხვავებულად“ იქცევა.

77
თემები:
ექიმი გირჩევთ (165)
ავადმყოფი ბავშვი

როგორ დავიცვათ ბავშვები „დელტა“ შტამისგან: უმაღლესი კატეგორიის პედიატრის რჩევა

325
(განახლებულია 16:17 28.07.2021)
პედიატრი კომაროვსკი მშობლებს განუმარტავს, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 5 წლამდე ასაკის პატარებისთვის პირბადეების ტარება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. მშობლებმა ბავშვების კორონავირუსის „დელტა“ შტამისგან დასაცავად ისეთივე ზომები უნდა მიიღონ, როგორსაც ზრდასრულების შემთხვევაში მიმართავენ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

მისი თქმით, ბავშვების კორონავირუსული ინფექციისგან დაცვის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს, თუმცა გვაქვს ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც ინფიცირების შანსებს ამცირებს.

კერძოდ, პირველ რიგში საუბარია კარგად განიავებულ ოთახებზე.

„თუ იმ შენობის ვენტილაციის ხარისხში მცირე ეჭვი მაინც გეპარებათ, სადაც ბავშვის წაყვანას აპირებთ, სჯობს საერთოდ არ წახვიდეთ იქ. გამომდინარე იქიდან, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პირბადეების ტარება, ჩვენი მუდმივი საუბრები დამაინფიცირებელ დოზაზე, ორპირ ქარზე, სუფთა ჰაერსა და კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანაზე, მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია“, — წერს ექიმი.

კომაროვსკის თქმით, ბვშვმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკონტაქტოს უცნობ ადამიანებთან, ხოლო „სრულ ჭკუაზე მყოფი დედა“ პატარასთან ერთად არ უნდა წავიდეს ხალხმრავალ ადგილებში, ბაზარსა თუ სუპერმარკეტში.

როგორც ექიმი განმარტავს, კონკრეტულად „დელტა“ ვარიანტის თავისებურება ისაა, რომ ის „დაავადებას მცირე დამაინფიცირებელი დოზით იწვევს. თუმცა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „დელტა“ უფრო რთულ ფორმას იწვევს ბავშვებში, არ არსებობს“.

მიუხედავად ამისა, პედიატრი მოუწიდებს მშობლებს, არ დაივიწყონ, რომ დაავადების სიმძიმე ყოველთვის უკავშირდება დამაინფიცირებელ დოზას.

  • „გამოდის, რომ თეორიულად „დელტა“ კორონავირუსს შეუძლია დაავადების ბევრად მძიმე ფორმის გამოწვევა უბრალოდ იმის გამო, რომ ინფიცირებისთვის ნაკლები ვირუსული ნაწილაკები ესაჭიროება“, — ამბობს ექიმი.

მანამდე ევგენი კომაროვსკიმ განაცხადა, რომ საკმაოდ ფეხმოკიდებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავაქცინო პრეპარატები უნაყოფობას იწვევს, „სისულელეა და მანიპულაცია“.

325
თემები:
ექიმი გირჩევთ (165)
ელექტროგადამცემი ხაზი

„თელასი" ნაძალადევის რაიონს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

0
(განახლებულია 18:01 29.07.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 30 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს