ქართული სუფრა

შიმშილობა და მისი დადებითი და უარყოფითი მომენტები

230
(განახლებულია 16:36 05.05.2021)
ორგანიზმი მორიგ შიმშილს უკვე სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას გაუწევს. ამან, შესაძლოა, პარადოქსულ შედეგამდე მიგვიყვანოს – ადამიანი მხოლოდ წყალსაც რომ სვამდეს, შეიძლება წონა მაინც ვერ დაიკლოს.

სამკურნალო შიმშილობა არის გამაჯანსაღებელი ან სამკურნალო მიზნით გარკვეული დროის განმავლობაში საკვების მიღებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა. მისი ეფექტი ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო ცნობილი. შიმშილობდნენ პითაგორა და პლატონი, შიმშილობას ურჩევდნენ პაციენტებს ჰიპოკრატე და ავიცენა.

სამკურნალო შიმშილობის მეთოდიკას ამჟამად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კლინიკასა და ინსტიტუტში იყენებენ. მთლიანობაში, ეს ზედმეტ წონასთან ბრძოლის ძირითადი მეთოდიკაა, თუმცა, ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში შიმშილის გამოყენების კუთხით რამდენიმე მითი გავრცელდა.

გახდომისთვის საჭიროა ან შიმშილი, ან დიეტაზე გადასვლა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ საშუალებით ნამდვილად შეიძლება გარკვეული რაოდენობის კილოგრამების დაკლება, მაგრამ როდესაც ადამიანი ცხოვრებისა და, რაც მთავარია, კვების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, გამქრალ კილოგრამებს სწრაფად იბრუნებს. ვითარება შეიძლება გამწვავდეს კიდეც, რადგან ორგანიზმი მწარე გამოცდილებას იძენს, ეს კი მას მეტი მარაგის გაკეთების ბრძანებას აძლევს. მორიგ შიმშილს უკვე ორგანიზმი სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას გაუწევს. შედეგად, ასეთი რამდენიმე ციკლის შემდეგ ბრძოლამ საკუთარ თავთან შეიძლება პარადოქსულ შედეგამდე მიგვიყვანოს – ადამიანი მხოლოდ წყალსაც რომ სვამდეს, შეიძლება წონა მაინც ვერ დაიკლოს.

შიმშილობის მთავარი მტერი მადაა. ყველასთვის ცნობილია, რომ მაშინ ვჭამთ, როცა გვშია. სინამდვილეში კი ასე ყოველთვის არ ხდება. ხშირად მხოლოდ მაშინ ვჭამთ, როცა კუჭიდან მოდის ბრძანება, რომ მას საკვების მიღება სურს. ასეთ დროს ადამიანს შიმშილის გრძნობა შეიძლება სულ არ აწუხებდეს, უბრალოდ, კუჭი მიჩვეულია, რომ სავსე უნდა იყოს. ასეთ დროს სახეზეა, მარტივად რომ ვთქვათ, ჭამის ჩვევა. დიდი ხანია ცნობილია, რომ ჭარბწონიანი ადამიანების მთავარი მტერი სტრესია. სწორედ ის არის გიგანტური მადის მიზეზი. სინამდვილეში, მადა ამ საკითხში ზედმეტია. ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ სტრესი ჰორმონ კორტიზოლს ეხმარება თავისი პროდუქციის გამომუშავებაში, რაც, თავის მხრივ, ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს.

• შიმშილი – მრავალი დაავადების პანაცეა

10–15 წლის წინ სწორედ შიმშილობა მიიჩნეოდა სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის კარგ საშუალებად. ამჟამად ამ მეთოდს არც ისე ბევრი მომხრე დარჩა, თუმცა, როგორც მკურნალობის საშუალებას, მას ოფიციალური მედიცინაც აღიარებს. ინტერესის დაკარგვა შიმშილის მიმართ გარკვეულმა იმედგაცრუებამ გამოიწვია – შიმშილი არცთუ ისე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც გვსურდა. ბევრი ექსპერტი კვების სფეროში საერთოდ მიიჩნევს, რომ შიმშილობა არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნებელიც არის – ასეთი მეთოდის არასწორი გამოყენება იწვევს იმას, რომ საკვების მიღებისას გამომუშავებულმა შლაკებმა და ტოქსინებმა, შესაძლოა, აციდოზი (ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობის დარღვევა ორგანიზმიდან ორგანული მჟავების არასრული გამოდევნისა და ჟანგვის შედეგად) გამოიწვიოს.

დაიცავით კვების წესები - ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით>>

საკვების შეზღუდულად მიღების დროს სისხლში მცირდება გლუკოზის შემცველობა, რაც ინსულინის უკმარისობას იწვევს. აქედან მოდის უჯრედებში ცხიმის არასრული წვა. როგორც შედეგი – აცეტონური სხეულების წარმოქმნა, რომელთა ძალზე დიდი რაოდენობა ორგანიზმისთვის საშიშია. გამოდის, რომ ორგანიზმის მოწამვლას იწვევს არა კვება, არამედ შიმშილი. შიმშილის მომხრეები კი ვარაუდობენ, რომ ასეთი მეთოდიკა ორგანიზმიდან ყოველგვარი შლაკების გამოდევნას უწყობს ხელს. სინამდვილეში, დამტკიცებულია, რომ სრული შიმშილობაც კი ადამიანის ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს არ გამოდევნის. საკვების არარსებობა შლაკებს ხელს არ უშლის, განაგრძოს წარმოქმნა და ორგანიზმიდან გამოსვლა უკვე, ბუნებრივია, მცირე რაოდენობით. მეცნიერებმა კი ორგანიზმში, ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების გარდა, ვერანაირი შლაკები ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მათი გამოდევნა შიმშილის გზით, უბრალოდ, შეუძლებელია.

• წონის დაკლება კვების გამოტოვებით შესაძლებელია

ამ მითის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ შიმშილობა, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს. თუმცა, ორგანიზმის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის კალორიები და საკვები ნივთიერებები. დღის განმავლობაში რომელიმე კვების გამოტოვების შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანი აუცილებლად გამოტოვებული კვების კომპენსირებას მოახდენს. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად არ საუზმობენ, უფრო მეტს იწონიან, ვიდრე ისინი, ვინც ნოყივრად საუზმობენ.

  • წონის დაკლების ყველაზე ჯანსაღი და სწორი გზაა მცირე ულუფა საკვების ხშირი და რეგულარული მიღება. საკვების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს საკვები ნივთიერებები, უნდა იყოს დაბალკალორიული და ნაკლებად ცხიმიანი.

• ზომიერი კვება დაფიქსირებულ წონას უწყობს ხელს

კვლევებმა კიდევ ერთი პარადოქსული ფაქტი აჩვენა – წონის მატება ზომიერი კვების დროსაც შეიძლება დაფიქსირდეს. საქმე ცხიმია. ასეთი ეფექტი იქნება, თუ ცხიმის წილი მთლიანად საკვების კალორიულობის 50%-ზე მეტია. თან, საკვების ცხიმიანობის გაზრდა სიმაძღრის შეგრძნებას არ ზრდის. წონის კონტროლისთვის საუკეთესო ხერხი ნაკლებად ცხიმიანი კვების არჩევაა.

• რომ გახდე, იშვიათად უნდა ჭამო

ბევრი ფიქრობს, რომ რაც მეტია პაუზა საკვების მიღებებს შორის, მით მეტია გახდომის შანსი. აქ სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, მაგრამ არცთუ დიდი. თუ კვების მიღებებს შორის დიდი პაუზაა, თავის ტვინის კვების ცენტრი აღგზნებულ მდგომარეობაშია. ეს ადამიანს მუდმივი შიმშილის გრძნობას უჩენს. ასეთ ადამიანს კი თავის გაკონტროლება უჭირს და აუცილებელზე მეტ საკვებს იღებს. ამიტომ ჭარბწონიანმა ადამიანებმა არა ნაკლებჯერ, არამედ მეტჯერ უნდა ჭამონ – დღეში სულ ცოტა 4–5-ჯერ და, რა თქმა უნდა, მცირე ულუფებით. ეს კვების ცენტრის დამუხრუჭებისა და მადის გაქრობის საშუალებას იძლევა.

• უარი ვახშამზე

მიიჩნევა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა არაგონივრულია და ეს წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს იდეა საკმაოდ პოპულარულია. სინამდვილეში კი, ეს სასურველ შედეგებს არ იძლევა. ჩვენი ბიორიტმები იმგვრად არის აწყობილი, რომ დღის პირველ ნახევარში უფრო ადვილად ვხარჯავთ ენერგიას, ხოლო მეორე ნახევარში – ვაგროვებთ. საღამოს თუ კვებას ავკრძალავთ, ეს შიმშილის დიდ გრძნობას იწვევს. ვახშამი შეიძლება, ოღონდ – ნაკლებად ცხიმიანი.

ფეტფობია და ფეტფობერები – „დამნაშავე" მსუქანი ადამიანები>>

• მადისაღმძვრელი სუნი საკვების არაზომიერ მიღებას უწყობს ხელს

რა თქმა უნდა, გემრიელი სუნი მადას აღძრავს. ლოგიკურად გვეჩვენება, რომ ეს საკვების არაზომიერად მიღებას გამოიწვევს. თუმცა, ვითარება ცოტა სხვაგვარად არის. ბრიტანელი დიეტოლოგები მივიდნენ საოცარ დასკვნამდე. ის, ვინც საკვებს სწრაფად იკეთებს და მას, როგორც ამბობენ, გზადაგზა ჭამს, მეტად რისკავს წონის მომატების მხრივ, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავს ნებას აძლევს, აუჩქარებლად დატკბეს სუნითა და გემოთი, ჭამის პროცესით.

• წონის დაკლება მსუბუქი საუზმით შეიძლება

დიეტოლოგებმა კი საუზმის სინოყივრესა და ზედმეტ წონას შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინეს. სპეციალისტები გვირჩევენ, ვჭამოთ მზის ამოსვლიდან 3–4 საათის შემდეგ. მაშინ დღის განმავლობაში შიმშილი ძალიან საგრძნობი არ იქნება და მისი ჩახშობა მცირე დოზის საკვებით ადვილი იქნება.

• შესაძლებელია წონის დაკლება საკვების შეზღუდვის გარეშე

ასეთ მოსაზრებასაც ხშირად გაიგონებთ. მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლე არ არის. ამ დროს მთავარია მოხმარებული კალორიების რაოდენობის გაკონტროლება. გახდომისთვის აუცილებელია ჩვეულებრივზე მეტი კალორიის დახარჯვა.

• წახემსება მავნებელია, ჯობს იშიმშილო

ექიმები ამ მოსაზრებას დიდი ხნის განმავლობაში ემხრობოდნენ. თუმცა, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ არც ისე მნიშვნელოვანია, რა სიხშირით ჭამთ, უფრო მნიშვნელოვანია – რას ჭამთ; აქედან გამომდინარე, ძირითად კვებებს შორის წახემსებაში საშინელი არაფერია, უბრალოდ, ამ დროს კვებისთვის შეარჩიეთ ხილი ან უცხიმო იოგურტი.

230
თემები:
სასარგებლო რჩევები (516)
საქორწინო ბეჭდები

ძლიერი ქორწინების საფუძველი, ანუ ბუნებისგან ბოძებული ინსტიქტი

88
(განახლებულია 22:05 07.05.2021)
ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება - შეცდომაა?!

როდესაც ოჯახი იქმნება, ქალი და მამაკაცი იწყებენ ცხოვრებას ერთ ჭერქვეშ, შესაძლებელია ყველაფრის ერთად კეთება — გაღვიძება, სამუშაოზე წასვლა, ვახშმის მომზადება, კითხვა, ერთად სეირნობა და ა.შ. გადის დრო და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.

დროდადრო სურვილი ჩნდება, მარტომ დალიო ჩაი ან ყავა, დაალაგო სახლი ან, უბრალოდ, უყურო წვიმას ფანჯრიდან საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე.

ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება — შეცდომაა?!

სინამდვილეში სიყვარული არ მოიაზრებს ადამიანების პიროვნების მთლიანად „გათქვეფას" მეორე ადამიანში და საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვას. სწორედ ჯანსაღი გრძნობები გულისხმობს თითოეულისთვის საკუთარი დროისა და ადგილის გამოყოფას. ეს ნორმალურია, თუ ადამიანს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურს, სახლში რომელიმე ოთახში შეყუჟვა და საყვარელი საქმის კეთება, ანდა, სულაც, უსაქმურობა. ასევე ნორმალურია, გინდოდეს მეგობრებთან ყოფნა მეუღლის გარეშე, მათთან ერთად სადმე წასვლა, თუნდაც დასასვენებლად. ასეთი სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წინაშე სრულფასოვანი პიროვნება დგას და არა რამე დანამატი მეუღლის სახით.

ეს ბუნებისგანაა დაწესებული. ნებისმიერ ცხოველს აქვს თავისი პირადი სივრცე, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. ამ სივრცის ხელყოფა დასჯადია.

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი>>

ამ აკრძალვის დარღვევას არავინ რისკავს. ადამიანიც, ამ თვალსაზრისით, ჰგავს ცხოველს. მაქსიმალურად ხელშეუხებელი უნდა დარჩეს ინტიმური ზონა (15 სანტიმეტრამდე). მისი დარღვევა ადამიანში გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს. გარდა ამ ინდივიდუალური ველისა, არის ასევე პირადი ფსიქიკური და ფიზიკური სივრცე. კომფორტის გრძნობა ბევრად არის დამოკიდებული სწორედ იმაზე, რამდენად არის ორივე ზონა დაცული არასანქცირებული ხელყოფისგან. ასე რომ, ხანდახან ჩნდება მარტო ყოფნის სურვილი — ეს სრულებით ბუნებრივია.

ასევე არსებობს ადგილები და ჩვევები, რომლებსაც ადამიანი აფასებს, როგორც პირადი სივრცის ნაწილს. ვიღაცას უყვარს დივანზე მარჯვენა მხარეს, კუთხეში ჯდომა, ჭიქის რომელიმე ადგილზე დადგმა და ა.შ. ასეთი სივრცობრივი „მონიშვნები" სტაბილურობისადმი ქვეცნობიერი სწრაფვაა, ეს კი ნიშნავს დაცულობას, შინაგან წონასწორობას.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად ემორჩილება ამ „მონიშვნებს". ადრე ადამიანები უფრო სტაბილურ ვითარებაში ცხოვრობდნენ, არ იღებდნენ უამრავ ინფორმაციას და არ ჰქონდათ ამდენ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა ყოველდღიურად უწევთ გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობა, საინფორმაციო ნაკადთან გამკლავება. ცხოვრებისეული წყობის ცვალებადობა ადამიანს ჩვეულებებსა და „მონიშნულ" ადგილებზე ჩაჭიდებისკენ უბიძგებს, რაც მათ სტაბილურობისა და სიმშვიდის გრძნობებს უღვივებს და ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ამ ბალანსის დარღვევა ფსიქიკისთვის განგაშის სიგნალია. როგორ რეაგირებს ადამიანი განგაშზე? უმეტესად – აგრესიულად, ის თავს იცავს. და არანაირი გრძნობა, ტრადიცია ან ლოგიკა აქ არ მუშაობს. ეს ინსტიქტის პრეროგატივაა, რომელიც, რაც არ უნდა ებრძოლო, მაინც ძალზე ძლიერია. ასე რომ, გასაკვირი არაა, როცა ერთ-ერთი მეუღლე „გააფთრებით" იცავს „თავის ადგილს" სამზარეულოს მაგიდასთან.

ეს მხოლოდ საკუთარი, პირადი სივრცის შენარჩუნებისკენ სწრაფვაა. არ ღირს ამასთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარი ამას ვერ გაიგებს და თავისი საზღვრების დასაცავად იბრძოლებს.

მიიღეთ და გაიაზრეთ, რომ ყველაფერი საერთო არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე. თქვენ მეორე ნახევარი ხართ და ეს გულისხმობს, რომ სწორედ თქვენ აფასებთ და პატივს სცემთ ადამიანში მის პიროვნებასა და დამოუკიდებლობის გამოვლენას, რაც ორივეს ერთად ყოფნის ბედნიერების შესაძლებლობას გაძლევთ.

სხვა საქმეა, თუ ხელყოფენ თქვენს ადგილს, ცდილობენ გადაგაჩვიონ, მაგალითად, სავარცხლის წიგნის თაროზე დადებას და ა.შ. მშვიდად აუხსენით, რომ კარგი განწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენს ჩვევებს არ აკრიტიკებენ. თუ ადამიანი ამას არგუმენტებს უპირისპირებს, შეეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

თითოეულ მეუღლეს აქვს განსაზღვრული ჩვევები, რაც ასევე ამ ადამიანის კომფორტისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ქორწინებაში პირადი მისწრაფებების კორექტირება საჭირო ხდება, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა ან იმის მოთხოვნა, რომ სხვამ მსხვერპლად გაიღოს თავი მეორის კომფორტისთვის — ცუდია.

არის შემთხვევები, როდესაც „პირად სივრცეში" გულისხმობენ მეორე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას. მაგალითად, მეუღლე, რომელიც სკანდალს უწყობს მეორე ნახევარს სააბაზანო ოთახში ცუდად დაკიდებული პირსახოცის ან ტანსაცმლის გამო, რომელიც გარდერობში არ დაკიდეს. ასეთი საქციელი მეტყველებს არაადეკვატურობაზე ან კრიზისზე ამ ადამიანების ურთიერთობაში, რაც ასეთ სცენებში ვლინდება.

და, ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ როცა მეუღლეებს საკმარისი პირადი სივრცე და დრო აქვთ საკუთარი თავისთვის, ოჯახში ატმოსფერო უფრო მშვიდი და სიხარულით გამსჭვალულია. ყოველი განმარტოების, „თავის თავში ჩაღრმავების" შემდეგ მეუღლეები თავს განახლებულად, „გადატვირთულად" გრძნობენ. მათი ურთიერთობები იძენს სიახლეს, ჩნდება მონატრების გრძნობა. თითოეული პატივს სცემს მეორის სურვილს – მასაც ხომ არ უზღუდავენ თავისუფლებას და იღებენ ისეთს, როგორიც არის.

88
თემები:
სასარგებლო რჩევები (516)
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1972
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1972
თემები:
ქართული სამზარეულო
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0