ქართული ღვინის ფესტივალი მოსკოვში

ცვლის ერთსაათიან ვარჯიშს ტრენაჟორებზე: მეცნიერებმა ალკოჰოლის სასარგებლო დოზა დაასახელეს

159
(განახლებულია 19:52 04.05.2021)
იაპონელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სპირტიან სასმელზე საერთოდ უარის თქმა საჭირო არ არის, ვინაიდან მცირე რაოდენობით მისი მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ერთი ჭიქა შავი ღვინო თავისუფლად ანაცვლებს ხანგრძლივ ფიზიკურ დატვირთვას, აცხადებენ ალბერტის უნივერსიტეტის სწავლულები (კანადა) ჩატარებული კვლევის საფუძველზე.

კვლევამ, რომელსაც პროფესორი ჯეისონ დაიკი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო ისეთსავე გავლენას ახდენს ორგანიზმზე, როგორსაც ერთსაათიანი ვარჯიში ტრენაჟორებზე.

საქმე ისაა, რომ შავ ღვინოში შემავალი რესვერატროლი — ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ზრდის რა გულის კუნთის შეკუმშვის რაოდენობას, ამაგრებს გულს, ხოლო კუნთებს უფრო გამძლესა და ძლიერს ხდის, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს ანტიასაკობრივი ეფექტი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ზუსტად ისე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ფიზიკური ვარჯიში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის ხალხი, ვინც დილაობით ერთ ჭიქა შავ ღვინოს მიირთმევს, ნაკლებად ავადდება კიბოთი და გონებასუსტობით.

სპეციალისტების თქმით, რესვერატროლი ასევე შედის შავი ყურძნის კანში, მიწის თხილში, კაკაოსა და მოცვში.

ალკოჰოლთან დაკავშირებით კვლევები ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმაც, რომელთა დასკვნითაც, სპირტიან სასმელზე საერთოდ უარის თქმა საჭირო არ არის, ვინაიდან მცირე რაოდენობით მისი მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე.

მათი თქმით, დღეში ერთი–ორი ჭიქა ღვინო — ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის დაახლოებითი ნორმაა. სწორედ ეს ერთი–ორი ჭიქა გვეხმარება ცხიმოვანი ჰეპატოზის თავიდან აცილებაში.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასიკეთო ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ სპირტიან სასმელებს მცირე დოზებით და ხშირად მივიღებთ, ვიდრე თუ საერთოდ არ დავლევთ, ან იშვიათად მივირთმევთ.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ალკოჰოლი მამაკაცებს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებისგან იცავს, თუ ჭარბად არ მიიღებენ. სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება კი ციროზსა და ღვიძლის სხვა დაავადებებს იწვევს“, — ამბობენ იაპონელი სწავლულები.

დღეისათვის ექიმები ალკოჰოლის ზომიერ დოზად მამაკაცებისთვის 30-40 გრამ სუფთა სპირტს მიიჩნევენ დღე-ღამეში, ხოლო ქალებისთვის — დაახლოებით ორჯერ ნაკლებს. სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რომლის გადამუშავებაც ღვიძლს მძიმე შედეგების გარეშე შეუძლია.

ამას გარდა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ დღეში ერთი-ორი ჭიქა შავი ღვინო ადამიანს:

  • იცავს ფსიქიკური დარღვევებისგან;
  • ასტიმულირებს ტვინის მუშაობას;
  • ააქტიურებს იმუნურ სისტემას;
  • არეგულირებს შაქრის რაოდენობას ორგანიზმში;
  • აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს.
159
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (649)
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1871
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1871
თემები:
ქართული სამზარეულო
მზე

მოემზადეთ გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია თარიღები

518
(განახლებულია 16:53 05.05.2021)
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების თქმით, მაისში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის მაისში გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხალი 12 მაისს დაიწყება და 17 მაისამდე გასტანს. მისი პიკი 13−14 მაისზე მოვა, რა დროსაც მაგნიტური ქარიშხლის დონე G1 და G2 დონეებს მიაღწევს.

ექსპერტების თქმით, ასეთი სიმძლავრის ქარიშხალი გავლენას მოახდენს არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანების, არამედ ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობაზეც.

სულ თვის განმავლობაში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი:

  • ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელია 13, 14 და 28 მაისს;
  • საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველოდება 12, 15, 16 და 17 მაისს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
518
თემები:
სასარგებლო რჩევები
Pfizer-ის ვაქცინა

როდის აიცრებიან ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებულები: იმნაძის განმარტება

0
(განახლებულია 17:51 06.05.2021)
ამ დროისათვის უცნობია, რამდენი ადამიანი დაავადდა ქვეყანაში COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ამასთან იმნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, ეს რეგულაცია გადაიხედოს და პერიოდი შემცირდეს.

იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაავადდნენ, უცნობია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, საქართველოში აცრის შემდეგ ინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა და ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინით - AstraZeneca-თი, Pfizer-ით და Sinopharm-ით ხორციელდება. სამივე ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები