ქრისტესისხლა

ზეციური საჩუქარი მცენარე, რომელსაც მედიცინაში საუკუნეებია იყენებენ

31410
(განახლებულია 16:52 04.05.2021)
ქრისტესისხლას, სხვა დაავადებებთან ბრძოლის გარდა, იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესაჩერებლად. ამ მხრივ მისი შესწავლა გრძელდება, რადგან დაადგინეს, რომ მცენარის ნაყენი მეტასტაზების გავრცელებას აბრკოლებს.

მაკო ბერიძე

ქრისტესისხლა (Chelidonium mayus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან. ღეროსა და ფოთლების მოწყვეტისას სდის ნარინჯისფერი წვენი. მისი ფესვი მთავარღერძაა. შიშველი ფოთლები მწვანე ფერისაა. ფოთლები უმეტესად მომრგვალებული ფორმისაა. ყვავილი ყვითელი აქვს. ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, რომელშიც მრავალი, მოშავო–ყავისფერი, პრიალა თესლია მოთავსებული.

ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი მწიფდება ივნისი–ოქტომბერში.

იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულ და ზომიერ სარტყლებში, ბაღებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული.

ქრისტესისხლას ღეროსა და ფოთლებს მოწყვეტისას სდის ნარინჯისფერი წვენი
© Flickr / Daniel Jolivet
ქრისტესისხლას ღეროსა და ფოთლებს მოწყვეტისას სდის ნარინჯისფერი წვენი

ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდ ქელიდონიუმს, რითიც ხშირად იწამლებიან ცხოველები.

ქრისტესისხლას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად უწოდებენ. მაგალითად, ხევსურულია სისხლა-ბალახი, ქიზიყური – ყორის ყაყაჩო, რაჭულ-ლეჩხუმური – ცხენისოფა, აჭარული – ქარცეცხლა, საყვითლო, ინგილოური – სურსულაი წამალი, მეგრული – ნაწიფუ, ნაწიფი, ჯაში ზისხირი, სვანური – მგღფი მელილდ, ჭედიშ მელილდ.

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იყენებდნენ და მას „მერცხლის ბალახს“ უწოდებდნენ, რადგან დაკვირვების შედეგად შენიშნეს, რომ ქრისტესისხლა მერცხლების მოფრენის დროს იწყებდა ყვავილობას და მათი გაფრენის შემდეგ ასრულებდა.

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებებზე მისი ლათინური დასახელებაც მეტყველებს Chelidonium – რაც ითარგმნება, როგორც „ზეციური საჩუქარი“. ამ ბალახის მრავალსაუკუნოვანი გამოყენება ადასტურებს, რომ მცენარე წმენდს ადამიანის ორგანიზმს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც. მცენარის შემადგენლობით დაინტერესდნენ მეცნიერები და ამჟამად მას სხვადასხვა პრეპარატების, მალამოების, ნაყენების შემადგენლობაში იყენებენ.

ქრისტესისხლა შეიცავს ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს) ფა კაროტინს (A ვიტამინს), ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის, ქარვის), ეთერზეთებს, საპონინებს ფლავონოიდებს, ბუნებრივ ანტიბიოტიკებს (ფიტონციდები), შხამიან ალკალოიდებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჰელიდონინი – ალკალოიდი, რომელიც მორფინის „ნათესავია“, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ქრისტესისხლა ყაყაჩოსებრთა ოჯახს განეკუთვნება. ჰელიდონინს გაუტკივარების ეფექტი აქვს, მაგრამ დიდი დოზით მიღებისას შეიძლება კრუნჩხვა და ნერვული სისტემის დამბლა გამოიწვიოს.

ქრისტესისხლას სათანადო ცოდნითა და სიფრთხილით გამოყენების შემთხვევაში მრავალი დაავადებისგან განკურნება შეიძლება. მას აქვს ანტისეპტიკური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ჭრილობის შეხორცების, სპაზმოლიტური, ნაღველ და შარმდენი, ამოსახვალებელი მოქმედება.

ქრისტესისხლა
© Flickr / Mick Talbot
ქრისტესისხლა

ამ მცენარით მკურნალობენ კანის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ფსორიაზი, მუნი, გამონაყარი, მეჭეჭები, მიკოზები, ეგზემა, დამწვრობა, ჭრილობები, წყლულები; ყელ–ყურ–ცხვირისა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს: გაციება, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ანგინა, პნევმონია, ასთმა, ტუბერკულიოზი, ყივანახველა; სახსრების დაავადებებს: რევმატიზმი, რადიკულიტი, პოდაგრა, ოსტეოქონდროზი, ართრიტი და ართროზი; ნერვული სისტემის დაავადებებს: თავის ტკივილები, შაკიკი, ნევროზები; საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებს: გასტრიტი, კუჭის წყლული, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, ენტეროკოლიტი; ქალურ დაავადებებს: ვაგინიტი, კოლპიტი, ცერვიციტი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია.

გარდა ამისა, ქრისტესისხლას იყენებენ ტკივილის შესამსუბუქებლად (კბილის, მენსტრუალური, სახსრების) და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შესაჩერებლად. ამ მხრივ ქრისტესისხლას შესწავლა გრძელდება, რადგან დაადგინეს, რომ მისი ნაყენი მეტასტაზების გავრცელებას აბრკოლებს.

გთავაზობთ ქრისტესისხლას მომზადების რამდენიმე რეცეპტს:

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თორმეტგოჯა ნაწლავის, შარდის ბუშტის დაავადებებისას: 1 ჩაის კოვზ მშრალ ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.

ფსორიაზის სამკურნალოდ: თუ დაზიანების ადგილი მცირეა, უნდა წაისვათ ყოველდღე, დილითა და საღამოს ქრისტესისხლას ახლადგამოწურული წვენი. მკურნალობის კურსი 10–14 დღეა.

თუ ფსორიაზმა კანის დიდი მოცულობა დააზიანა, ამდენივე დღის განმავლობაში იღებენ აბაზანას: 3 ლიტრ მდუღარე წყალს ასხამენ 25 გრამ დაჭრილ მცენარეს, ხარშავენ და აცდიან შეგრილებას კომფორტულ ტემპერატურამდე.

ფსორიაზისთვის ძლიერი საშუალებაა ქრისტესისხლას ფესვის ნახარში. მას ჯერ აჩერებენ ცხელ წყალში დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ ნახევარი საათი, აციებენ, წურავენ და სტერილური დოლბანდით საფენებს 2–3 საათით იკეთებენ.

მეჭეჭებისა და პაპილომების მოსაშორებლად: მეჭეჭისა და პაპილომის მოშორება ქრისტესისხლას ახლად გამოწურული წვენისგან შეიძლება. წვენს ყოველ 2–3 საათში ერთხელ ისვამენ. კანს მეჭეჭების გარშემო ბავშვის კრემით იცავენ.

ეგზემისთვის: 20 გრამ მშრალ, დაქუცმაცებულ მცენარეს ემალის ქვაბში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერტატურის პირობებში 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეხურება თავი. ნახარში შენახვა ორ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. მიღებული ნახარში სხეულის დაავადებულ ნაწილებზე წაისვით.

პროსტატის ადენომა: მწვავე ანთებითი პროცესის დასაბლოკად ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარ ჭიქა წყალში გახსნილი ქრისტესისხლას ორი სუფრის კოვზი წვენი. მიიღეთ ხშირად, როდესაც მოგიხერხდებათ. 

ოსტეოქონდროზისა და რევმატიზმის დროს: აიღეთ ნახევარი ჭიქა ქრისტესისხლას წვენი, შეურიეთ ერთ ჭიქა სპირტს ან არაყს, გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. აიღეთ დოლბანდი და გაიკეთეთ კომპრესი, შეიხვიეთ თბილი შარფით. შეგიძლიათ მთელი ღამე გაიჩეროთ.

ართრიტისა და ართროზის დროს: თუ სახსარში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, მკურნალობისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ცხელი სპირტიანი კომპრესების გამოყენება. მაგრამ შესაძლებელია 2–3 საათიანი საფენების დადება სპირტისა და ქრისტესისხლას წვენის ნარევით.

კიბოს მკურნალობისთვის: აიღეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი და დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი (თერმოსში), გააჩერეთ 1–1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ ორი სუფრის კოვზი ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.

გაითვალისწინეთ: როგორც აღვნიშნეთ, ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა, ამიტომ ჯობს მიმართოთ ექიმს და მისი მეთვალყურეობით იმკურნალოთ ამ მცენარით. ქრისტესისხლამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანება და ანთება, შეიძლება დასწიოს არტერიული წნევა. ქრისტესისხლას დოზის გადაჭარბების ან მოწამვლისას შეინიშნება შემდეგი სიმპტომები: ძლიერი წყურვილი, თავის სიმძიმე, გულისრევა, კუჭის აშლა, ასევე თავბრუსხვევა, იშვიათად გონების დაკარგვა და ჰალუცინაციები.

რადგან ქრისტესისხლა შხამიანია, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ბავშვებმა და ორსულებმა.

 

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

31410
საპატრულო პოლიცია

როგორ ისჯება პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა

82
(განახლებულია 19:06 10.05.2021)
ნებისმიერ ჩვენგანს შესაძლოა მოუწიოს პოლიციასთან ურთიერთობა, რა დროსაც მოქალაქეების დიდი ნაწილი იბნევა და არ იცის როგორ მოიქცეს. ეს ლოგიკურიცაა – ყველა ადამიანი იურისტი არ არის, ამიტომ საკუთარი უფლებების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.

დღევანდელ სტატიაში იპოვით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რაც სამართალდამცველებთან ურთიერთობისას შეიძლება დაგვჭირდეს – როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა, რას ნიშნავს სპეციალური საპოლიციო კონტროლი, სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები, რა ჯარიმა დაგვეკისრება, თუ მათ მოთხოვნებს არ დავემორჩილეთ და ა.შ.

პოლიცია საგანგებო სამართალდამცველი სახელმწიფო სტრუქტურების სისტემაა, რომლის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა.

სამართალდამცველები ვალდებული არიან, განახორციელონ როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე მოახდინონ სამართალდარღვევებზე რეაგირება. მათ ასევე ევალებათ, პატივი სცენ ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.

რა სახის ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად:

პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ისეთ პრევენციულ ღონიძიებებს ახორციელებს, როგორიცაა: პირის გამოკითხვა და იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეზღუდვა, ნივთის ფაქტობრივი ფლობის უფლება და ა.შ.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიცია ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ვიზუალურად, გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის იდენტიფიცირება.

პოლიციელი უფლებამოსილია, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს ნებისმიერი მოქალაქის ვინაობა, ამ მიზნით მას შეუძლია გააჩეროს მოქალაქე, გამოკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

პოლიცია ასევე უფლებამოსილია გამოკითხოს პირი, თუ ამისთვის არსებობს საკმარისი საფუძველი.

რას ნიშნავს სპეციალური საპოლიციო კონტროლი

სიტყვები „საპოლიციო კონტროლი“ ხშირად გვესმის სატელევიზიო ეთერებიდან. პირის, ნივთის ან სატრანპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ახლო მომავალში შესაძლოა ჩაიდინონ დანაშაული. ამისათვის პოლიციის მიერ ხორციელდება შემოწმება წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დროის განმავლობაში.

სპეციალური საპოლიციო კონტროლის შესახებ გამოიცემა ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. თუ გადაუდებელი აუცილებლეობაა, ეს ბრძანება შეიძლება ზეპირი ფორმითაც გამოიცეს, თუმცა უფლებამოსილი პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ამ ბრძანების წერილობითი ფორმით გამოქვეყნება.

სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას კანონი ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პოლიციელი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

რას ავალდებულებს ეთიკის კოდექსი პოლიციელს მოქალაქესთან ურთიერთობისას

სამართალდამცველს დაწესებული აქვს მაღალი ეთიკური სტანდარტები. კერძოდ, მას ეკისრება ვალდებულება, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობისას იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მან მოქალაქის მიმართ წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები უნდა გამოთქვას მშვიდად, ზრდილობიანი ფორმით, მოქალაქეს უნდა მისცეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელის მხრიდან დაუშვებელია ქედმაღლური ტონით მიმართვა, მუქარა, ირონია და ჟარგონის გამოყენება.

გარდა ამისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოქალაქესთან ურთიერთობისას, პოლიციელს კატეგორიულად ეკრძალება სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

როგორ ისჯება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა

ამ მიმართულებით ორი მომენტი გამოიყოფა:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია;

2. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სანქცია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით (მუხლი 173), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებების განხორცილება - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4 ათას ლარამდე ოდენობით, ანდა საქმის კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, სანქცია შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. გარდა ამისა, სამართალდამრღვევს შესაძლოა ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება სამ წლამდე ვადით.

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 353) ადგენს, რომ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, თუ ეს ქმედებები ჩადენილი იქნა ძალადობით, ან ძალადობის მუქარით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, რომლის ვადა განსაზღრულია კანონით ორიდან ხუთ წლამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა პოლიციელზე ან მისი ოჯახის წევრზე, ან მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანპორტო საშუალებაზე თავდასხმას, მაშინ სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელის, ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა მოხდება, მიუხედავად დაზიანების ხარისხისა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სასჯელის ზომა იქნება თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე.

ხოლო თუ ადგილი აქვს პოლიციელის, ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაშინ სასჯელის ზომა არის 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და შესაძლოა დამნაშავეს მიესაჯოს უვადო თავისუფლების აღკვეთაც.

სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციელის ქმედება

მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით მისი უფლებები დაირღვა, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს უკანონო ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ასევე პროკურატურაში, ან სასამართლოში.

პოლიციელის საქმიანობის, კანონიერებისა და ეთიკის ნორმებთან შესაბამისობას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული სპეციალური დანაყოფი - გენერალური ინსპექცია, რომლის ცხელი ხაზის ნომერია 126.

 

82
დიეტა

მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს

220
(განახლებულია 18:36 09.05.2021)
თუ საუზმობთ ფინჯანი ყავით, სადილობთ ბუტერბროდით, ხოლო ვახშამზე კუჭისთვის ზეიმს აწყობთ, კალორიულობის მთელი დღის ნორმა რომც დაიცვათ, წონაში მაინც ვერ დაიკლებთ.

ძალიან ხშირად ვიცავთ დიეტას, ნაკლებს ვჭამთ, ვვარჯიშობთ, მაგრამ ჩვენს კილოგრამებს მაინც არაფერი აკლდება. თუ ეს ერთი თვის განმავლობაში და მეტხანს გრძელდება, მაშინ ამის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, თქვენ კი ყურადღებით წაიკითხეთ. იმედია, ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რატომ არ იკლებთ წონაში. როდესაც მიზეზი ცნობილია, პრობლემასთან გამკლავებაც ადვილია.

•    ვერ დაიკლებთ წონაში, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დარღვეულია და ჰიპოთირეოზი გაქვთ. ჰიპოთირეოზის პირველი სიმპტომებია დაღლილობა, უგუნებობა, აპათია. შეიძლება იფიქროთ, რომ მუდმივი გადაღლილობა ან უგუნებობა გაზაფხულის ბრალია, მაგრამ ყველაფერს მას ნუ დააბრალებთ, ეწვიეთ ექიმს, ჩაიტარეთ ანალიზი.

•    ყურადღება მიაქციეთ: თუ თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს სულ პოზიტიური მოვლენები ხდება, ყველა გაქებთ, თქვენით აღფრთოვანებული არიან, საყვარელი ადამიანი ხელისგულზე გატარებთ, უფროსი ქებას არ იშურებს — ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ კეთილდღეობისა და სიმშვიდის შეგრძნებამ შესაძლოა მეტაბოლიზმი დაგიქვეითოთ. ადამიანებს, რომლებიც ე.წ. პოზიტიურ სტრესს განიცდიან, უფრო აქტიური ნივთიერებათა ცვლა აქვთ და ისინი უფრო ადვილად იკლებენ წონაში, ვიდრე სრული სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. პოზიტიური სტრესია ფიზიკური დატვირთვის, რეალური ადამიანების ან წიგნებისა და ფილმების გმირების ემოციური თანაგრძნობით, უსაფრთხო მწვავე შეგრძნებებით მიღებული სტრესი.

•    თუ წონაში ვერ იკლებთ, საგულდაგულოდ შეამოწმეთ საკვები, ხომ არ „შეიპარა“ თქვენი კვების რაციონში ფსევდოდიეტური საკვები, მაგალითად, ჩირი ან ანანასი, რომლებიც არც ისე უვნებელია, როგორც თქვენ გგონიათ.

•    ცნობილია, რომ ჯანსაღი ძილი კარგია ჯანმრთელობისთვის, კანისა და ზოგადი განწყობისთვის, მაგრამ იცით, რომ ის წონაზე უშუალოდ მოქმედებს? ძალების აღსადგენად ორგანიზმს დღე-ღამეში არანაკლებ შვიდი საათი ძილი ესაჭიროება. ნაკლები დასვენების დროს ორგანიზმს ენერგია არ ჰყოფნის. ენერგიის გამომუშავება ორგანიზმს ცხიმების დანაწევრებით შეუძლია, ხოლო დასანაწევრებელი რომ ჰქონდეს, ამისთვის ორგანიზმი ცხიმს აგროვებს. მიაქციეთ ყურადღება, გამოუძინებელი ხომ არ ხართ?

•    თუ საუზმობთ ფინჯანი ყავით, სადილობთ ბუტერბროდით, ხოლო ვახშამზე კუჭისთვის ზეიმს აწყობთ, კალორიულობის მთელი დღის ნორმა რომც დაიცვათ, წონაში მაინც ვერ დაიკლებთ. კალორიულობა ასე დაითვალეთ: რასაც 12 საათამდე მიიღებთ, ორზე გაყავით, 12-დან 18 საათამდე დაითვალეთ ისე, როგორც არის, ხოლო 18 საათიდან მიღებული კალორიები ორზე გაამრავლეთ — მარტივია!

•    მუდმივად შიმშილის გრძნობა ხომ არ გაწუხებთ? თუ გგონიათ, იმიტომ გშიათ, რომ ცოტას ჭამთ, ცდებით! თუ შიმშილის გრძნობა გაქვთ, ესე იგი, წონაში იმატებთ. ორგანიზმმა ზუსტად იცის, რომ შიმშილი ცუდია, ეს სიგნალია, რომ ცუდი დრო დადგა და გადასარჩენად ცხიმი უნდა მოიმარაგოს.

•    ცხიმის მარაგი ორგანიზმს მარტო აქტიურობის შესანარჩუნებლად არ სჭირდება. ეს მას სიცივისგან დაცვაშიც ეხმარება. თუ ძალზე მსუბუქად გაცვიათ და ამ დროს ბინა და სამსახურის ოფისი კარგად არ თბება, ორგანიზმმა შეიძლება ცხიმის დაგროვება დაიწყოს, რათა შინაგანი ორგანოების ნორმალური მუშაობა უზრუნველყოს. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნაკლებია ტემპერატურა, მით უფრო ნელა ფუნქციონირებს სისტემა.

•    ორგანიზმს შიდა ნორმის განმსაზღვრელი „მრიცხველი“ აქვს — ის იმ წონას „აჩვენებს“, რომელიც თქვენთვის ნორმალურია. საკუთარი წონის ნორმის გარკვევაში სხეულის მასის ინდექსი დაგეხმარებათ: წონა/სიმაღლე² (სანტიმეტრებში). ნორმალური ინდექსი 18,5-24,9-ის ფარგლებშია. თუ შედეგი 18,5-ზე ნაკლებია, მაშინ თქვენი გახდომა უბრალოდ საშიში კი არა, არამედ ძალიან საშიშია, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი მოჰყვეს.

•    თუ შეკრულობა გაწუხებთ, მაშინ წონის დაკლების პრობლემა თქვენი ნაწლავების სისავსით არის გამოწვეული. დალიეთ მეტი წყალი და მიირთვით მეტი ბოჭკოვანი მცენარეები, ეს ვითარებას მალე და ადვილად გამოასწორებს.

    ზედმეტად ხომ არ ვარჯიშობთ? გამორიცხული არ არის – თქვენი წონა სტაბილური იმიტომაა, რომ უფრო მსუბუქი ცხიმი უფრო მძიმე კუნთებმა ჩაანაცვლა. ანუ, მოცულობა მცირდება, მაგრამ კილოგრამები — არა. მაგრამ განა მთავარი სასწორზე ნაჩვენები კილოგრამებია?

ჯანმრთელობას, წონაში დაკლებასა და წარმატებებს გისურვებთ!

220
თემები:
სასარგებლო რჩევები
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0