გენეტიკური ჰოლოგრამა

გენი თუ წვრთნა? არჩევანი თქვენზეა...

116
(განახლებულია 20:15 30.04.2021)
მიდრეკილებაზე პასუხისმგებელია გენები, ქცევაზე – ადამიანი. მიდრეკილებებზე მუშაობა შესაძლებელია – რაღაც უნდა უყურადღებოდ დავტოვოთ, რაღაც – შევიყვაროთ, რაღაც – კუთხე-კუნჭულში მივმალოთ...

გენები პასუხისმგებელია ადამიანის თანდაყოლილ თვისებებზე, ფსიქოტიპსა და ჯანმრთელობაზე. გენები პროგრამებს, უმეტესწილად, გადასცემს არა მომდევნო, არამედ ერთის მერე თაობას, ანუ თქვენი გენები ექნებათ არა თქვენს შვილებს, არამედ თქვენს შვილიშვილებს; თქვენს შვილებს კი თქვენი მშობლების გენები აქვთ.

გენები განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ თვისებებს; გენები „გვამცნობს“, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს, არ შეგვიძლია ფრენა და წყლის ქვეშ სუნთქვა, მაგრამ შეგვიძლია ადამიანური მეტყველებისა და წერის სწავლა. ბიჭები უკეთ ორიენტირებენ საგნობრივ სამყაროში, გოგონები — ურთიერთობების სამყაროში. ვიღაც აბსოლუტური მუსიკალური სმენით დაიბადა, ვიღაც — აბსოლუტური მეხსიერებით, ხოლო ვიღაც — ჩვეულებრივი, საშუალო შესაძლებლობებით.

სხვათა შორის, ეს მშობლების ასაკზეცაა დამოკიდებული – მშობლების საშუალო ასაკი, რომლებსაც გენიალური ბავშვები უჩნდებათ, ასეთია: დედა — 27 წლის, მამა — 38-ის.

გენები განსაზღვრავს ჩვენს ბევრ ხასიათის ნიშანსა და მიდრეკილებას. მაგალითად, ბიჭებისთვის ესაა მანქანებით და არა თოჯინებით თამაში. გენები მოქმედებს ჩვენს ინდივიდუალურ წინასწარ განწყობებზე, მათ შორის დაავადებებთან, ასოციალურ ქცევასთან, ფიზიკურ ან ინტელექტუალურ საქმიანობასთან მიმართებით და ა.შ.

ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: მიდრეკილება (განწყობა) უბიძგებს ადამიანს, მაგრამ მის ქცევას არ განსაზღვრავს. მიდრეკილებაზე პასუხისმგებელია გენები, ქცევაზე — ადამიანი. მიდრეკილებებზე მუშაობა შესაძლებელია — რაღაც უნდა განვავითაროთ, რაღაც — უყურადღებოდ დავტოვოთ, რაღაც — შევიყვაროთ, რაღაც — კუთხე-კუნჭულში მივმალოთ…

გენები განსაზღვრავს დროს, როდის გამოჩნდება ან არ გამოჩნდება ჩვენი ნიჭი ან მიდრეკილება.

თუ იღბლიან დროს დაემთხვა, როცა გენები მზადაა — საოცრებას გააკეთებ, თუ დროს ასცდი — საოცრებას გვერდით გაუვლი.

თქვენი გენები ექნებათ არა თქვენს შვილებს, არამედ თქვენს შვილიშვილებს
თქვენი გენები ექნებათ არა თქვენს შვილებს, არამედ თქვენს შვილიშვილებს

გენები განსაზღვრავს, როდის იღვიძებს ჩვენში სქესობრივი ლტოლვა და როდის იძინებს. გენები მოქმედებს ბედნიერებაზეც და ხასიათის ნიშნებზეც.

ედინბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 900-ზე მეტი ტყუპის მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ არსებობს ისეთი გენები, რომლებიც განსაზღვრავს ხასიათის ნიშნებს, მიდრეკილებას ბედნიერებისადმი, სტრესის მსუბუქად გადატანის უნარს.

აგრესიულობა და კეთილმოსურნეობა, გენიალურობა და ჭკუასუსტობა, აუტიზმი ან ექსტრავერსია — ბავშვებს მშობლებისგან გადაეცემათ, როგორც უნარი. ეს ცვლილებას ექვემდებარება აღზრდით, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით, რადგან ეს უნარებიც სხვადასხვა ძალისაა. ბავშვის წვრთნა, ანუ ექვემდებარება თუ არა ის აღზრდას, ასევე გენეტიკას უკავშირდება. აქვე უნდა აღინიშნოს: ჯანმრთელი ბავშვები სრულებით ექვემდებარებიან წვრთნას. ადამიანური გენეტიკა ადამიანს აბსოლუტურად „წვრთნად“ არსებად აქცევს.

გენები ჩვენი შესაძლებლობების მატარებელია, მათ შორის ცვლილებებისა და სრულყოფის შესაძლებლობების. საინტერესოა, რომ მამაკაცებსა და ქალებს ამ მხრივ სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნიათ: მამაკაცთა შორის უფრო მეტია ისეთი, ვინც იქნება ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი, ძალიან ჭკვიანი და პირიქით, ნიჭიერი და იდიოტი. ამასთან, თუ მამაკაცი ასეთი დაიბადა, მისთვის ამის შეცვლა ძალიან რთულია. მამაკაცი მიჯაჭვულია თავის გენოტიპზე, მისი ფენოტიპი (გენოტიპის გარეგნული გამოვლინება) ძნელად იცვლება.

ანუ, თუ გრძელი დაიბადე — გრძელი დარჩები, თუ ტანდაბალი ხარ, სპორტის საშუალებით 1-2 სანტიმეტრის მომატება შეგიძლია, მეტის — არა.

თუ გოგონა სხვებთან შედარებით პატარა დაიბადა, ის 2-5 სანტიმეტრით „დაგრძელებას“ შეძლებს
თუ გოგონა სხვებთან შედარებით პატარა დაიბადა, ის 2-5 სანტიმეტრით „დაგრძელებას“ შეძლებს

ქალებთან სხვაგვარი ვითარებაა. ქალები, უმეტესად, საშუალოდ ერთნაირები იბადებიან. მათ შორის ბიოლოგიური, გენეტიკური გადახრები ნაკლებია. უმეტესად, არიან საშუალო სიმაღლის, საშუალო ინტელექტის, საშუალო წესიერების; იდიოტი და „ჩამორჩენილი“ ქალებს შორის უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცებს შორის. მაგრამ ინტელექტუალური ან ზნეობრივი მიმართებითაც — ანალოგიურად, უფრო ნაკლებია.

როგორც ჩანს, ევოლუცია მამაკაცებზე ექსპერიმენტებს ატარებს, ქალებთან დაკავშირებით კი არ რისკავს და ქალებში ყველაფერ საიმედოს დებს. ამასთან, ქალებში ინდივიდუალური (ფენოტოპური) ცვალებადობა უფრო მაღალია: თუ გოგონა სხვებთან შედარებით პატარა დაიბადა, ის 2-5 სანტიმეტრით „დაგრძელებას“ შეძლებს. ქალებს საკუთარი გენოტიპისგან მეტი თავისუფლება, მამაკაცებთან შედარებით საკუთარი თავის შეცვლის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

გენები გვანიჭებს შესაძლებლობებს და იგივე გენები გვზღუდავს შესაძლებლობებში.

გენები განსაზღვრავს ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს, მათ შორის, ჩვენი თავის შეცვლის, ზრდისა და განვითარებისკენ მისწრაფების შესაძლებლობებს. თუ გენებთან დაკავშირებით გაგიმართლათ და კარგი გენებით დაიბადეთ, კარგად აღიზარდეთ და მშობლებისა და პედაგოგების წყალობით განვითარებული და კარგი ადამიანი გამოხვედით, დიდი მადლობა მშობლებს. მაგრამ თუ გენებში არ გაგიმართლათ და, დავუშვათ, დაუნის სინდრომით დაიბადეთ, ყველაზე კარგ გარემოცვაშიც რომ გაიზარდოთ, იქნებით კარგად აღზრდილი, მაგრამ მაინც — ადამიანი დაუნის სინდრომით. ამ შემთხვევაში ჩვენები გენები — ჩვენი ბედია და ჩვენი გენების, შესაძლებლობების შეცვლა, პიროვნული ზრდა პირდაპირი გაგებით, არ შეგვიძლია.

რამდენია ჩვენში გენეტიკური ჩადებული — სადავო საკითხია.

რაც უფრო სცილდება ადამიანი ცხოველურ სამყაროს, მით უფრო მეტია მასში შეძენილი. ჯერჯერობით უნდა ვაღიაროთ, რომ უმრავლესობაში დაბადებიდან მიღებული ძალიან ბევრია. საშუალოდ, გენეტიკოსების აზრით, გენები ადამიანის ქცევის 40%-ს განსაზღვრავს.

კარგ პირობებსა და კარგ აღმზრდელობით პროცესში შესაძლო ნეგატიური წინასწარი განწყობა შეიძლება არ განხორციელდეს, ან კორექტირებული იყოს, ხოლო პოზიტიური, ხანდახან ფარული განწყობა — გამოვლინდეს. ხანდახან ადამიანმა, ბავშვმა, უბრალოდ, არ იცის საკუთარი შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, კატეგორიულად თქმა, რომ „ამისგან არაფერი გამოვა“ — საშიშია.

მეორე საშიშროება რისკია — დროისა და ძალ-ღონის დახარჯვა ადამიანზე, რომლისგან მართლაც არაფერი გამოვა. ამბობენ, თითოეული შეიძლება გენიოსი გახდესო და თეორიულად ეს ასეა. თუმცა, პრაქტიკულად, ერთისთვის ამისთვის ოცდაათი წელია საკმარისი, მეორისთვის კი — სამასი. სპორტული მწვრთნელები ამტკიცებენ, რომ მომავალი ჩემპიონის მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია არა წვრთნის მეთოდიკა, არამედ — თანდაყოლილი ნიჭი.

თუ გოგონა წაბლისფერი თმით, მწვანე თვალებითა და სიმსუქნისკენ „წინასწარ განწყობით“, მიდრეკილებით დაიბადა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თმის შეღებვა, თვალის ფერადი ლინზის გაკეთება, მაგრამ გოგონა მაინც მწვანეთვალება და წაბლისფერთმიანი დარჩება. აი, მისი „სიმსუქნისადმი განწყობა“ რამდენად „შეისხამს ხორცს“, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

შეუძლია თუ არა ადამიანს, ოდესმე გადალახოს და გააუმჯობესოს თავისი გენეტიკა? ამ საკითხზე პასუხიც ყველასთვის საერთო არ არის, რადგან ესეც ინდივიდუალურად გენეტიკურად არის ჩადებული. მთავარია, რომ დღეს ვერც ერთი სპეციალისტი ვერ გაგცემთ გარკვეულ პასუხს, პასუხს მხოლოდ თავად იპოვით, როგორც კი საკუთარ თავზე და მის შეცვლაზე დაიწყებთ მუშაობას.

გენები გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად განვახორციელებთ ჩვენს შესაძლებლობებს. თუ კარგი გენეტიკა გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ ის კიდევ უფრო კარგი გახადოთ და საკუთარ ბავშვებს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის სახით გადასცეთ.

გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, მაგრამ არა — ბედს. გენები საქმიანობის საწყის ტერიტორიას განსაზღვრავს — ვიღაცას ის უფრო უკეთესი აქვს, ვიღაცას — უფრო რთული. მაგრამ რა იქნება ამ ბაზაზე გაკეთებული — ეს უკვე არა გენების, არამედ ადამიანებისა და მათთან მყოფი სხვა ადამიანების საზრუნავია.

ხშირად იჩენს პრობლემები ბავშვების აღზრდისას, მაგრამ ცუდი გენეტიკის შემთხვევაშიც, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ხარისხიანი აღზრდის შემთხვევაში ბავშვები, პრაქტიკულად, ნებისმიერი გენეტიკით ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან.

ჩვენ კი დავამატებთ ფრაზას დიდი აკაკის „გამზრდელიდან“: „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“ ხოლო რომელი გადაწონის, არჩევანი თქვენზეა…

116
თემები:
სასარგებლო რჩევები (515)
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1872
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1872
თემები:
ქართული სამზარეულო
მზე

მოემზადეთ გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია თარიღები

520
(განახლებულია 16:53 05.05.2021)
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების თქმით, მაისში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის მაისში გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხალი 12 მაისს დაიწყება და 17 მაისამდე გასტანს. მისი პიკი 13−14 მაისზე მოვა, რა დროსაც მაგნიტური ქარიშხლის დონე G1 და G2 დონეებს მიაღწევს.

ექსპერტების თქმით, ასეთი სიმძლავრის ქარიშხალი გავლენას მოახდენს არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანების, არამედ ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობაზეც.

სულ თვის განმავლობაში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი:

  • ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელია 13, 14 და 28 მაისს;
  • საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველოდება 12, 15, 16 და 17 მაისს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
520
თემები:
სასარგებლო რჩევები (515)
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

0
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა