შვილები და მშობლები

„დედა ნახე, მამა ნახე..." ანუ, ვის „ხელშია" თქვენი შვილის ჭკუა–გონება

4453
(განახლებულია 10:19 25.04.2021)
გენიალური ქალები თითქმის არ არიან ისევე, როგორც ასპროცენტიანი იდიოტი ქალები. სამაგიეროდ, გენიოსი მამაკაცი და გონებაჩლუნგი მამაკაცი ბევრია. თუ გინდა, შენი ვაჟი ჭკვიანი და გონებრივი შესაძლებლობებით „დახუნძლული" გაიზარდოს, დააკვირდი არა ცოლს, არამედ...

გენეტიკა — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.

ხშირად გვესმის ფრაზები: „მამის ალი–კვალია“, „გამოხოხებული დედაა“ და ა. შ. მთლად ასე მარტივად არ ყოფილა საქმე…

მაშ ასე, რა გადაეცემა შვილს მამისგან და დედისგან:

ინტელექტი მამისგან ვაჟს არ გადეცემა. ანუ, თუ გენიოსი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი 100%–ით თქვენ გენებს მემკვიდრეობით არ მიიღებს.

იდიოტიზმი მამისგან ვაჟს არ გადაეცემა. თუ კრეტინი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი თქვენნაირი იდიოტი არ იქნება (გილოცავთ)

მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილს გადაეცეს. და ისიც მხოლოდ ნახევრად.

ინტელექტის მემკვიდრეობით მიღება მამაკაცს მხოლოდ დედისგან შეუძლია, რომელიც მან, თავის მხრივ, მამისგან მიიღო.

გენიოსების ქალიშვილები ნახევრად ჭკვიანი იქნებიან, მაგრამ მათი ვაჟები გენიოსები იქნებიან. თუ მათი მამა გონებაჩლუნგია, ქალიშვილი იქნება ნახევრად გონებაჩლუნგი.

ამიტომ გენიალური ქალები თითქმის არ არიან ისევე, როგორც ასპროცენტიანი იდიოტი ქალები. სამაგიეროდ, გენიოსი მამაკაცი და გონებაჩლუნგი მამაკაცი ბევრია. აქედანაა უიღბლო ალკოჰოლიკების, მარტოხელა დედების, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატების (თითქმის ყველა – მამაკაცი) თაობა.

დასკვნები მამაკაცებისთვის:

საკუთარი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზისთვის დააკვირდი შენი ცოლის მამას – თუ სიმამრი აკადემიკოსია, შენი ვაჟიც ჭკვიანი იქნება.

შენი ქალიშვილი შენი ჭკუის ნახევარს მიიღებს. ასევე შენი სიდებილის ნახევარს. ინტელექტით ის შენთან ახლოს იქნება. მისი ვაჟი მიიღებს შენს ყველა გონებრივ შესაძლებლობას. თუ გინდა, ჭკვიანი შთამომავლობა გყავდეს, იოცნებე ქალიშვილზე.

შენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად, მისი მამისგან, ანუ ბაბუისგან მოდის.

დასკვნები ქალებისთვის:

შენი ვაჟი ჭკუის თვალსაზრისით მამაშენის ასლია, ასე რომ, როდესაც ეჩხუბებით: „მამაშენივით სულელი ხარ“ – მართალი არ არის.

შენი ქალიშვილი შენნაირად აღზრდილი იქნება, მაგრამ ჭკუით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟები კი თქვენი ქმრების გონებრივი ასლები იქნებიან.

მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცუდი გენეტიკის დროს, ხარისხიანი აღზრდის შემთხვევაში ბავშვები, პრაქტიკულად, ნებისმიერი გენეტიკით ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, მაგრამ არა — ბედს. გენები საქმიანობის საწყის ტერიტორიას განსაზღვრავს — ვიღაცას ის უფრო უკეთესი აქვს, ვიღაცას — უფრო რთული. მაგრამ რა იქნება ამ ბაზაზე გაკეთებული — ეს უკვე არა გენების, არამედ ადამიანებისა და მათთან მყოფი სხვა ადამიანების საზრუნავია.

4453
სანელებლები

რა საერთო აქვს სუსამბარს, ნარგიზს, იმერულ ზაფრანასა და ქართულ სამზარეულოს

1870
(განახლებულია 17:43 06.05.2021)
„Sputnik–საქართველოს“ ამ რუბრიკაში ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ქართულ სანელებლებზე მოგითხრობთ.

ბავშვობაში არაერთხელ მითამაშია კარტით, რომელსაც ფლირტი ერქვა. მაშინ სულ მაინტერესებდა, როგორი იყო სუსამბარი და ნარგიზი. ყველა ყვავილი არ მქონდა ნანახი (მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბოტანიკოსი გავხდებოდი), ვეკითხებოდი სხვებს, პასუხს ვერ ვიღებდი. ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ეს ორივე ერთისა და იმავე მცენარის სახელია. უფრო მეტიც, ეს მცენარე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო სანელებელი — იმერული ზაფრანა, იგივე ხავერდაა.

იმერული ზაფრანა
Flickr
იმერული ზაფრანა

და იგივე იმერული ზაფრანაა (Tagetes petula L.): კაკია, ხაფრანა, ნარგიზი, სუსამბარი, ყვითელი ყვავილი, ყვითელი სურნელი, ხარჩოს ყვავილი, მახმური, მახმურ ჩიჩაგ, ქორთული ზაფანა, ყვინთელი კოჭა, ყვინთელი პირი, ჭითა პირა. სხვა ქვეყნებში ცნობილია როგორც: აქსამიტკა, ბაღის მიხაკი, ანდიკა, მოსკოვური ზაფრანი, შავწარბა, აფრიკული ყვავილი და სხვ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი, მძაფრი არომატის მქონე ბუჩქისებური ფორმის, ბალახოვანი მცენარეა. უხვად შეფოთლილი ღეროებით, ლანცეტა-ხაზური ფოთლებითა და თავაკისებული ყვავილედებით. კაშკაშა შეფერილობის სტაფილოს, ფორთოხლის, ან მურა ფერის ყვავილებით. მცენარის სამშობლოა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები
© Flickr / Carl Lewis
სხვადასხვა შეფერილობის ზაფრანები

ევროპის ქვეყნებში ხავერდას გვარი გავრცელდა XVI საუკუნის პირველი ნახევრიდან. ლიტერატურული წყაროების მიხედვით, რუსეთსა და კავკასიაში ცნობილია XVIII საუკუნიდან. ხავერდას გვარის 30-ზე მეტი სახეობა და ჯიში, ყვავილების კაშკაშა შეფერილობის გამო, არაერთი საუკუნეა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში. ქართული სამზარეულო კი წარმოუდგენელია იმერული ზაფრანის გარეშე.

ქართული სანელებლები
© Sputnik / Levan Avlabreli
ქართული სანელებლები

მცენარის ლათინური სახელი Tagetes დაკავშირებულია იუპიტერის შვილიშვილისა და გენიის (ნიჭიერების ღმერთი) შვილის ტაგესის სახელთან, რომელიც ცნობილი იყო მომავლის განჭვრეტის უნარით. ეტრუსკების მითოლოგიით,  ხნულში ნაპოვნმა ბავშვმა — ტაგესმა ხალხს განუცხადა სამყაროს მომავალი, ასწავლა მომავლის გამოცნობა და გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა. ღვთაება-ბავშვის ნაამბობი ჩაიწერა ეტრუსკების წინასწარმეტყველურ წიგნებში და გადაეცა თაობიდან თაობას.

ზაფრანის პლანტაცია
© Flickr / M a n u e l
ზაფრანის პლანტაცია

ხავერდას სახელი „შავწარბა“ უკავშირდება უკრაინულ ლეგენდას: ოჯახში დაიბადა სამი ტყუპი ბიჭი, ყავისფერი თვალებითა და მუქი შავი წარბებით, რის გამოც ბიჭებს შავწარბები შეარქვეს. საოცარი ნიჭი აღმოაჩნდათ ბიჭებს, იშვიათ საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ, მთელ უკრაინაში გაითქვეს სახელი. ოჯახს პატარა გოგოც ჰყავდა. ერთ დღეს სოფელს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მიადგნენ შავწარბების ოჯახსაც, ძმების ხელობით აღფრთოვანებულებმა, ბიჭები მძევლად აიყვანეს და უცხო მხარეში გადამალეს. დიდხანს ეძებდა ოჯახი ბიჭებს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. გავიდა წლები. გაიზარდა გოგო, გადაწყვიტა ძმების მოძებნა. დიდი ხნის შემდეგ მათ კვალს მიაგნო. უამბეს, ბოროტი ხანი როგორ აწამებდა ძმებს. აიძულებდა ემუშავათ, თუმცა სამივე შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ ნიჭის გამოვლენა საკუთარი სახლის გარეთ არ შეეძლოთ. ხანის ბრძანებით, სასიკვდილოდ ნაცემი ძმების სხეულები სტეპებში გადაყარეს. მონახა გოგომ ძმების ძვლები და ტანისამოსი, წამოიღო სახლში და ბაღში დამარხა. საფლავზე ცოტა ხანში მათთვის უცხო, ულამაზესი ყვავილები გაიშალა. ყვავილს შავწარბა დაარქვეს. ხავერდა ძალიან უყვართ უკრაინაში. დღემდე ეს მცენარე საკუთარი კერიის სიმბოლოდ ითვლება.

ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში
© Flickr / Kai Schreiber
ზაფრანა ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში

ხავერდას ყვავილებს მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. ყვავილებისგან წნავენ გვირგვინებს ბედის მოსაზიდად. ითვლება, რომ ყვავილი ამძაფრებს საპირისპირო სქესის მიმართ სასიყვარულო ინტერესს, ვნებას. სახლიდან დევნის ბოროტ ძალებს, იცავს ავი თვალისგან. ერთ-ერთი სახალისო მაგიური თვისება — მოულოდნელი სტუმრისგან დაცვაა. თუ გსურთ თქვენი საიდუმლო პაემნის შესახებ ვერავინ შეიტყოს, საკმარისია ფანჯრის რაფაზე, ან შემოსასვლელ კართან დადგათ თაიგული, უდროოდ მოსული სტუმარი ყვავილის დანახვაზე მნიშვნელოვან საქმეებს გაიხსენებს და უკან გაბრუნდება. ჩინეთში ხავერდა დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნევა, და მას ათი ათასი წლის ყვავილებს უწოდებენ. ინდუიზმის მიმდევრებში ეს ყვავილი გაიგივებულია კრიშნასთან. ხავერდას ყვავილებით ეროვნული დღესასწაულების დროს აკეთებენ გირლანდებს, გვირგვინებს, იყენებენ სალოცავების მოსართავად.

ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია
© Flickr / Wonderlane
ზაფრანის გირლიანდები ცენტრალური აზიის ქვეყნებში რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილია

ძველი ქრისტიანები ხავერდას ყვავილებს ოქროს მონეტების სიმბოლოდ თვლიდნენ და ტრადიციულად ღვთისმშობლის ხატებს მისი ყვავილებით რთავდნენ. ლეგენდის მიხედვით, წმინდა მარიამსა და მის მეუღლე იოსებს ეგვიპტეში გაქცევის დროს ქურდების ამალა აეკიდა. წაართვეს საფულე, საფულიდან კი ფულის ნაცვლად ხავერდას ყვავილები გადმოიფანტა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს ულამაზესი მცენარე „განათლებულმა მსოფლიომ“ მხოლოდ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ იხილა, ზემოთ მოხსენიებული ლეგენდები მოწმობს, რომ ხავერდას მანამდეც საკმაოდ კარგად იცნობდნენ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს სამშობლოშიც.

რაც შეეხება სამკურნალო თვისებებს, იმერული ზაფრანას ქიმიური შემადგენლობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. მცენარე მდიდარია ეთერზეთებითა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რის გამოც იმერული ზაფრანას ყვავილებს ხალხურ მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან მასში უხვადაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, გოგირდის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები, კეტონები, ტერპენები, მაკრო- და მიკროელემენტები, ვიტამინები და საღებავები.

შარდმდენი, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ორგანიზმის გამაჯანსაღებელი, პარაზიტების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი თვისებების წყალობით მცენარე ფართოდ გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. აღადგენს ნაწლავის ფლორას, აიოლებს ცილოვანი საკვების მონელებას, ხელს უშლის მავნე აირების დაგროვებას ნაწლავებში, აუმჯობესებს ღვიძლის უჯრედების სტრუქტურას, ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას, ეფექტურია შეკრულობისას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს ყვავილების ნახარშის ინჰალაცია ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდევნას.

კანის სხვადასხვა გაღიზიანების, დამწვრობის, წყლულოვანი გამონაყარის, ნაწოლების სამკურნალოდ, ასევე ქუსლებსა და მუხლებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლად ეფექტურია ზეთის გამოყენება. მალამო ამსუბუქებს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეულ ტკივილსა და სიმძიმეს ფეხებში. ამსუბუქებს ფუტკრის და კრაზანის ნაკბენით გამოწვეულ ტკივილს.

ხავერდაში შემავალი საღებავი ნივთიერებები გამოიყენება საკონდიტრო, სპირტის, საპნის, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

ფართო გამოყენება აქვს იმერული ზაფრანას ეთერზეთებს არომათერაპიაში ნერვოზებისა და დეპრესიის სამკურნალოდ, როგორც სედატიური და მასტიმულირებელი საშუალება. ამშვიდებს ნერვული აშლილობით გამოწვეულ გაღიზიანებას და ამაღლებს გუნება-განყობას.

იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა
© Flickr / Enrico Giubertoni
იმერული ზაფრანა მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა

ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი იმერული ზაფრანა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული სამზარეულო, დეკორატიულ მებაღეობაში ხუთ საუკუნეზე მეტია გამოიყენება ხალიჩების, კლუმბების, რაბატების დასამშვენებლად. ყვავილების კაშკაშა პალიტრა შთამბეჭდავ იერს ანიჭებს ყვავილნარებს. გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით, გამძლეა მავნებელ-დაავადებების მიმართ და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ნიადაგის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია. გამოყოფს ფიტონციდებს და იცავს გარშემო არსებულ კულტურებს მთელი რიგი მავნებლებისგან. სასურველია სხვადასხვა კულტურების რიგთაშორის ხავერდას დარგვა. იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, მნიშვნელოვნად მცირდება მიწის ნემატოდების, ცხვირგრძელების, კომბოსტოს თეთრულას, ხახვის ბუზის, ხოჭოებისა და სხვა მავნებლების რიცხვი. ხავერდას ნაყენი გამოიყენება ტკიპების წინააღმდეგ დეკორატიული და ხეხილოვანი კულტურებისთვის. დარგვის წინ დეკორატიული და ბოსტნეული კულტურების დამუშავება ხავერდას ნაყენით იცავს მათ მიწისქვეშა ნაწილებს ფუზარიოზისა და ლპობის გამომწვევი სოკოებისგან. ამ თვისების წყალობით ეს მცენარე მებაღეების საყვარელ ყვავილად იქცა.

1870
თემები:
ქართული სამზარეულო
მზე

მოემზადეთ გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხლებისთვის: ცნობილია თარიღები

515
(განახლებულია 16:53 05.05.2021)
მზის რენტგენული ლაბორატორიის სპეციალისტების თქმით, მაისში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის მაისში გაჭიანურებული მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, მაგნიტური ქარიშხალი 12 მაისს დაიწყება და 17 მაისამდე გასტანს. მისი პიკი 13−14 მაისზე მოვა, რა დროსაც მაგნიტური ქარიშხლის დონე G1 და G2 დონეებს მიაღწევს.

ექსპერტების თქმით, ასეთი სიმძლავრის ქარიშხალი გავლენას მოახდენს არა მარტო მეტეოდამოკიდებული ადამიანების, არამედ ჯანმრთელი ადამიანების მდგომარეობაზეც.

სულ თვის განმავლობაში რამდენიმე გეომაგნიტური რყევაა მოსალოდნელი:

  • ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მოსალოდნელია 13, 14 და 28 მაისს;
  • საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველოდება 12, 15, 16 და 17 მაისს.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
515
თემები:
სასარგებლო რჩევები
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები