ყავის ხე

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

1270
(განახლებულია 16:51 01.03.2021)
ეს საზიზღარი ყავის დამსახურებაა, რომელმაც... ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია... ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა – აღნიშნავდნენ ქალები პეტიციაში.

არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც ყავა ერთხელ მაინც არ დაულევია? ალბათ, არა. უმრავლესობისთვის ყავა ყოველი დილის სასიამოვნო და „სავალდებულო“ რიტუალია.

ყავაზე უამრავი რამ დაწერილა — კარგიც და ცუდიც. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტსა და ისტორიას შემოგთავაზებთ ყავის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ლეგენდა ყავაზე

ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყავის ხის უნიკალური თვისებები პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა ქალდიმმა დაახლოებით 850 წელს აღმოაჩინა. მას თავისი ფარა მთის ფერდობებზე გადაჰყავდა. ქალდიმმა ყურადღება მიაქცია, რომ როდესაც თხები ყავის ხის ფოთლებს ჭამდნენ, უცნაურად იქცეოდნენ — იწყებდნენ სირბილს, ხტომას. მწყემსმა ამის თაობაზე ადგილობრივი მონასტრის მოძღვარს უამბო. მან გარისკა და თავად გასინჯა ყავის ხის ნაყოფი და ნახა, რომ მას მატონიზირებელი ეფექტი ჰქონდა. მოძღვარმა გადაწყვიტა, რომ ამ ნაყოფის ნახარში სასარგებლო იქნებოდა მისი მონასტრის ბერებისთვის, რათა მათ გრძელი ღვთისმსახურების დროს არ ჩასძინებოდათ. ყავის ფოთლებისა და ნაყოფისგან ნაყენის დამზადება ამ მონასტრის ტრადიცია გახდა, შემდეგ კი პოპულარობა მოსახლეობაშიც მოიპოვა.

ყავის მოხალული მარცვლები
ყავის მოხალული მარცვლები

სასმელი გავრცელდა ეთიოპიაში, შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე და აქედან კი უკვე ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ ამერიკაში.

ამჟამად ყავა სხვადასხვა კონტინენტზე მოჰყავთ და მისი 100-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. წარმოების ადგილის მიხედვით ყავა სამ ჯგუფად იყოფა: ამერიკული, აფრიკული და აზიური. ყავის უმაღლესი სახეობები სიმაგრითა და არომატით გამოირჩევა.

ყავის გავრცელების ისტორია ევროპაში და კურიოზული ფაქტები

ევროპაში ყავა მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. მას თითქმის მე-18 საუკუნემდე განსაკუთრებით აფასებდნენ. მოგვიანებით ის მავნე სასმელების რიცხვს მიაკუთვნეს და მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა ის კვლავ პოპულარული.

ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი>>

პირველად ყავა ევროპაში ვენეციელმა ვაჭრებმა თურქეთიდან შეიტანეს. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ევროპაში კიდევ ორი სასმელი — ყავის „მთავარი კონკურენტები“ — ცხელი შოკოლადი (რომელიც ამერიკიდან ესპანელებმა ჩამოიტანეს 1528 წელს) და ჩაი (ევროპაში პირველად 1610 წელს გამოჩნდა) შემოვიდა. ყველაზე ცნობილი ვენეციური ყავახანა „კაფე ფლორიანი“ სან-მარკოს მოედანზე 1720 წელს გაიხსნა და ის დღემდე მუშაობს. ასევე საინტერესოა, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Lloyd ლონდონში თავდაპირველად 1688 წელს ედვარდ ლოიდმა გახსნა როგორც ყავახანა Lloyd's of London. ლოიდი ამზადებდა გემების სიებს, რომლებსაც მისი კლიენტები აზღვევდნენ.

ნაპოლეონ მესამის სალონი ლუვრში
ნაპოლეონ მესამის სალონი ლუვრში

უნდა აღინიშნოს, რომ ყავას მოწინააღმდეგეები ევროპაში, კერძოდ, ინგლისში მალევე გამოუჩნდნენ. მაგალითად, 1674 წელს ყავის წინააღმდეგ გამოაქვეყნეს პეტიცია „ქალთა შუამდგომლობა ყავის წინააღმდეგ“, სადაც ქალები ჩიოდნენ, რომ „მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არასდროს ჩაუცვამთ უფრო ფართო ბრიჯები და, ამავე დროს, არასდროს ასე ცოტა არ ყოფილა მათში მამაკაცური ღირსება!“ ეს კი „საზიზღარი, ყავად წოდებული წარმართული ლიქიორის დამსახურებაა, რომელმაც… ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია… ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია სველი, გარდა ცინგლიანი ნესტოებისა, არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა“.

ქალების პროკლამაციას მამაკაცებმა „მამაკაცური პასუხი გასცეს“ და დაიცვეს დაუმსახურებლად გალანძღული სასმელი.

XIX საუკუნეში ყავამ მიიღო განსაკუთრებული სტატუსი, როგორც ბოჰემურმა და საკრალურმა სასმელმა. მოდური გახდა მის ნალექზე მკითხაობა. ყავის მოყვარულთა შორის იყო უამრავი ცნობილი ადამიანი – ლუდოვიკო XIV, ვოლტერი, ბახი, ბეთჰოვენი, ეკატერინე II, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბალზაკი და სხვები. ნაპოლეონმა ყავის მომზადების რეცეპტიც კი შექმნა.

ბიზანტიური მატიანედან ვიგებთ, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბულში იყო მაღაზია, რომელიც საოცარი სასმელით ვაჭრობდა. ალბათ დაგაინტერესებთ, რომ თავდაპირველად ყავა მზადდებოდა, როგორც ყავის მარცვლების გამომშრალი გარსის ნახარში. მაგრამ კონსტანტინოპოლში ყავას უკვე ხარშავდნენ მოხალული და დაფქული მარცვლებით, რომელიც შემოჰქონდათ თურქებს. იქვე გაიხსნა ყავის სახლი და მსოფლიოში პირველი ყავის მაღაზია — Kiva Han.

თავდაპირველად ყავახანები მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ გაერთიანდნენ
თავდაპირველად ყავახანები მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ გაერთიანდნენ

თურქეთში ყავა იმ დროს უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. თურქული კანონებით, ქალს ჰქონდა უფლება, გაშორებოდა ქმარს, თუ იგი ცოლის ყავით უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. არსებობდა ასეთი გამოთქმა – „ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი“. არსებობს ყავის მომზადების რამდენიმე წესი. აქედან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აღმოსავლური, ანუ თურქული წესით მომზადებული ყავა.

საინტერესოა ყავის ტრადიციების დამკვიდრების ისტორია გერმანიაშიც. პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპელებს 1596 წელს ყავის მარცვლები გააცნო, გერმანელი ნატურალისტი ბელუსი იყო. 1675 წელს ჰოლანდიელმა იან დანცმა, პროფესიით ექიმმა, ყავის მარცვლები ჩრდილოეთ გერმანიაში ჩაიტანა და ბრემენში ყავახანა გახსნა. იმავე წელს პირველი ყავახანები ასევე გაიხსნა ჰამბურგსა და ჰანოვერში. მე-18 საუკუნის დასაწყისში ბერლინში უკვე 10 ყავახანა იყო, ხოლო ლაიფციგში — 8.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ყავახანები უპირატესად მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ასე რომ, საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ (Kaffeekräntschen — ყავის მოყვარულთა კლუბი) გაერთიანდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გერმანიაში ჩამოყალიბდა ქალთა არისტოკრატიული ყავის საღამოების ტრადიცია. მამაკაცები ამ ქალებს kaffeeklatsch-ს, ანუ ყავის ჭორიკნებს უწოდებდნენ. ისიც საინტერესოა, რომ მუშათა კლასს ყავის სმა ეკრძალებოდა იმ საბაბით, თითქოს ის უშვილობას იწვევს. მაგრამ ამან მხოლოდ შავი ბაზრის აყვავება გამოიწვია. უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში ყავის სმაზე ნებართვა კვლავ გაიცა.

ყავახანა იერუსალიმში (1868 წ.)
ყავახანა იერუსალიმში (1868 წ.)

ყავის საღამოები მალე მთელ გერმანიაში გავრცელდა. გერმანული „კაფეჰაუზენების“ უმრავლესობა ამავდროულად მუსიკალურ სალონებსაც წარმოადგენდა და იქ კონცერტები იმართებოდა.

1720 წლიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში ლაიფციგში, „ციმერმანს კოფეჰაუზში“ (ციმერმანის ყავის სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა და ომის დროს დაბომბვის შედეგად დაინგრა) იოჰან სებასტიან ბახი კონცერტებს მართავდა. ამ ყავახანაში ბახი დროდადრო, მეპატრონის დაკვეთით, მუსიკას წერდა, რომელიც ყავის სახლში ზამთარში პარასკეობით და ზაფხულში — ოთხშაბათობით სრულდებოდა. სწორედ ბახის კალამს ეკუთვნის ხელოვნების ისტორიაში ყავისადმი მიძღვნილი პირველი ნაწარმოები — სახუმარო „ყავის კანტატა“ (შეიქმნა 1732-1734 წლებში გერმანელი პოეტის პიკანდერის ლექსის მიხედვით). ბახის მიერ ამ სახუმარო კანტატის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი გერმანიაში გაჩაღებული მოძრაობა იყო, რომელიც ქალებს ყავის დალევას უკრძალავდა იმ მიზეზით, რომ ის ქალების სტერილიზებას, ანუ უშვილობას უწყობდა ხელს. კანტატის საკვანძო არიაა „ოჰ, რა ტკბილია ყავის გემო! უფრო ნაზია, ვიდრე ათასი ამბორი, ვიდრე მუსკატის ღვინო!“

გერმანიაში ყოველ წელს, 26 სექტემბერს „ყავის დღე“ აღინიშნება.

ეს ცილისწამებაა – ყავა გულს არ ვნებს: ექიმი მითებს ამსხვრევს>>

ყველასთვის ცნობილია ყავის სასარგებლო თვისებები, მაგრამ „ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიაო, მაგრამ რას გაიგებ… ფაქტია, რომ ყავამ საუკუნეებს გაუძლო, თავდასხმებსაც და აკრძალვებსაც და მაინც ადამიანთა უმრავლესობის უსაყვარლესი სასმელია. ერთი კია, გადაჭარბებული რაოდენობით ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი შეიძლება საწამლავად იქცეს და, მეორე მხრივ, საწამლავიც სასარგებლოა მცირე დოზით. ასე რომ, ენდეთ ინტუიციას…

ყავის პლანტაცია
ყავის პლანტაცია

და, ბოლოს, მეცნიერების დამსახურებით, ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. წაიკითხეთ რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღე ყავა.

•    ყავა ანტიოქსიდანტების ძირითადი წყაროა. ადამიანის სხეული ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

•    ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს. კორეელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ცილებზე, რომლებიც ტვინის დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, და პოზიტიურად აზროვნებას ეხმარება.

•    ყავა პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას ეხმარება. 2012 წელს სამეცნიერო ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ყავა პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს საკუთარი მოძრაობების გაკონტროლებაში ეხმარება.

•    ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ალკოჰოლური სასმელები უყვარს). 22 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამდა დღეში, ციროზის განვითარების ალბათობა 20%-ით შეუმცირდა.

•    ყავა ამცირებს თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას. დღეში 2-4 ჭიქა ყავას თვითმკვლელობის რისკის შემცირება 50%-ით შეუძლია.

•    ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს ქალებში.

თურქული ყავა
თურქული ყავა

•    აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს. კოფეინი ზრდის სისხლში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც კუნთებს ცხიმის შთანთქმისა და დაწვის, მის სხვა ენერგიად გარდაქმნის საშუალებას აძლევს. ეს ნახშირწყლების მარაგის შენახვას უწყობს ხელს, რომელსაც ორგანიზმი მოგვიანებით გამოიყენებს.

•    ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში სულ ცოტა ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, მათში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება.

•    ყავა ტვინის ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. ეს ტელეკომპანია CNN-მა დაამტკიცა.

•    ყავას შეუძლია უფრო ბედნიერი გაგხადოთ. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ადამიანები, რომლებიც კვირაში თუნდაც ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისადმი, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ყავას საერთოდ არ სვამენ.

1270
წონაში დაკლება

როგორ დავიკლოთ „ზამთრის ცხიმები“: სახელდება მარტივი მეთოდი

175
(განახლებულია 10:29 08.05.2021)
დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი გაგაცნობთ მეთოდს, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იმისათვის, რომ ზამთარში დაგროვილი ზედმეტი კილოგრამები ეფექტურად დაიკლოთ, არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, აცხადებს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი არინა სკორომნაია რადიო Sputnik−თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გახდომისთვის იდეალურია სწრაფი სიარული საათში 5−7 კმ სიჩქარით. ასეთი „გასეირნება“ ყოველდღე უნდა მოეწყოს არანაკლებ 20 წუთით.

„ამისათვის საუკეთესოა აღმართზე სიარული 20 წუთიდან ერთ საათამდე. როცა თუნდაც მცირე გორაკზე ადიხართ, კუნთები მეტად იჭიმება, იზრდება დაწოლა დუნდულა კუნთებზე, იხარჯება მეტი კალორია. ასე რომ აღმართზე ასვლას უფრო მეტი პლუსი აქვს, ვიდრე სწორ გზაზე სიარულს“, — ამბობს სპეციალისტი.

ამასთან სკორომნაია განმარტავს, რომ სიარულისას საჭიროა თავი აარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ავტომობილი მოძრაობს, რათა გამონაბოლქვი არ ისუნთქოთ. ასეთ შემთხვევაში სარგებელი პრაქტიკულად არ იქნება, ვინაიდან დაბინძურებული ჰაერის ინტენსიური სუნთქვა გულ−სისხლძარღვთა პრობლემებს გამოიწვევს.

ნუტრიციოლოგის თქმით, ავტომობილებით სავსე ქუჩებში სიარულს სარბენ ბილიკზე ვარჯიში სჯობს.

175
თემები:
ექიმი გირჩევთ
საქორწინო ბეჭდები

ძლიერი ქორწინების საფუძველი, ანუ ბუნებისგან ბოძებული ინსტინქტი

145
(განახლებულია 22:45 08.05.2021)
ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება - შეცდომაა?!

როდესაც ოჯახი იქმნება, ქალი და მამაკაცი იწყებენ ცხოვრებას ერთ ჭერქვეშ, შესაძლებელია ყველაფრის ერთად კეთება — გაღვიძება, სამუშაოზე წასვლა, ვახშმის მომზადება, კითხვა, ერთად სეირნობა და ა.შ. გადის დრო და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება.

დროდადრო სურვილი ჩნდება, მარტომ დალიო ჩაი ან ყავა, დაალაგო სახლი ან, უბრალოდ, უყურო წვიმას ფანჯრიდან საყვარელი მეორე ნახევრის გარეშე.

ზოგს ასეთი ახალი განლაგება აშინებს: ნუთუ სიყვარული დასრულდა, ნუთუ ყოფა გრძნობებს კლავს, ნუთუ ქორწინება — შეცდომაა?!

სინამდვილეში სიყვარული არ მოიაზრებს ადამიანების პიროვნების მთლიანად „გათქვეფას" მეორე ადამიანში და საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვას. სწორედ ჯანსაღი გრძნობები გულისხმობს თითოეულისთვის საკუთარი დროისა და ადგილის გამოყოფას. ეს ნორმალურია, თუ ადამიანს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურს, სახლში რომელიმე ოთახში შეყუჟვა და საყვარელი საქმის კეთება, ანდა, სულაც, უსაქმურობა. ასევე ნორმალურია, გინდოდეს მეგობრებთან ყოფნა მეუღლის გარეშე, მათთან ერთად სადმე წასვლა, თუნდაც დასასვენებლად. ასეთი სურვილი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ წინაშე სრულფასოვანი პიროვნება დგას და არა რამე დანამატი მეუღლის სახით.

ეს ბუნებისგანაა დაწესებული. ნებისმიერ ცხოველს აქვს თავისი პირადი სივრცე, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია. ამ სივრცის ხელყოფა დასჯადია.

იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი>>

ამ აკრძალვის დარღვევას არავინ რისკავს. ადამიანიც, ამ თვალსაზრისით, ჰგავს ცხოველს. მაქსიმალურად ხელშეუხებელი უნდა დარჩეს ინტიმური ზონა (15 სანტიმეტრამდე). მისი დარღვევა ადამიანში გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს. გარდა ამ ინდივიდუალური ველისა, არის ასევე პირადი ფსიქიკური და ფიზიკური სივრცე. კომფორტის გრძნობა ბევრად არის დამოკიდებული სწორედ იმაზე, რამდენად არის ორივე ზონა დაცული არასანქცირებული ხელყოფისგან. ასე რომ, ხანდახან ჩნდება მარტო ყოფნის სურვილი — ეს სრულებით ბუნებრივია.

ასევე არსებობს ადგილები და ჩვევები, რომლებსაც ადამიანი აფასებს, როგორც პირადი სივრცის ნაწილს. ვიღაცას უყვარს დივანზე მარჯვენა მხარეს, კუთხეში ჯდომა, ჭიქის რომელიმე ადგილზე დადგმა და ა.შ. ასეთი სივრცობრივი „მონიშვნები" სტაბილურობისადმი ქვეცნობიერი სწრაფვაა, ეს კი ნიშნავს დაცულობას, შინაგან წონასწორობას.

ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო მეტად ემორჩილება ამ „მონიშვნებს". ადრე ადამიანები უფრო სტაბილურ ვითარებაში ცხოვრობდნენ, არ იღებდნენ უამრავ ინფორმაციას და არ ჰქონდათ ამდენ ადამიანთან ურთიერთობა. ახლა ყოველდღიურად უწევთ გადაჭედილ ტრანსპორტში მგზავრობა, საინფორმაციო ნაკადთან გამკლავება. ცხოვრებისეული წყობის ცვალებადობა ადამიანს ჩვეულებებსა და „მონიშნულ" ადგილებზე ჩაჭიდებისკენ უბიძგებს, რაც მათ სტაბილურობისა და სიმშვიდის გრძნობებს უღვივებს და ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ამ ბალანსის დარღვევა ფსიქიკისთვის განგაშის სიგნალია. როგორ რეაგირებს ადამიანი განგაშზე? უმეტესად – აგრესიულად, ის თავს იცავს. და არანაირი გრძნობა, ტრადიცია ან ლოგიკა აქ არ მუშაობს. ეს ინსტიქტის პრეროგატივაა, რომელიც, რაც არ უნდა ებრძოლო, მაინც ძალზე ძლიერია. ასე რომ, გასაკვირი არაა, როცა ერთ-ერთი მეუღლე „გააფთრებით" იცავს „თავის ადგილს" სამზარეულოს მაგიდასთან.

ეს მხოლოდ საკუთარი, პირადი სივრცის შენარჩუნებისკენ სწრაფვაა. არ ღირს ამასთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ნახევარი ამას ვერ გაიგებს და თავისი საზღვრების დასაცავად იბრძოლებს.

მიიღეთ და გაიაზრეთ, რომ ყველაფერი საერთო არ გაქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე. თქვენ მეორე ნახევარი ხართ და ეს გულისხმობს, რომ სწორედ თქვენ აფასებთ და პატივს სცემთ ადამიანში მის პიროვნებასა და დამოუკიდებლობის გამოვლენას, რაც ორივეს ერთად ყოფნის ბედნიერების შესაძლებლობას გაძლევთ.

სხვა საქმეა, თუ ხელყოფენ თქვენს ადგილს, ცდილობენ გადაგაჩვიონ, მაგალითად, სავარცხლის წიგნის თაროზე დადებას და ა.შ. მშვიდად აუხსენით, რომ კარგი განწყობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რომ თქვენს ჩვევებს არ აკრიტიკებენ. თუ ადამიანი ამას არგუმენტებს უპირისპირებს, შეეცადეთ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

თითოეულ მეუღლეს აქვს განსაზღვრული ჩვევები, რაც ასევე ამ ადამიანის კომფორტისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია. რა თქმა უნდა, ქორწინებაში პირადი მისწრაფებების კორექტირება საჭირო ხდება, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა ან იმის მოთხოვნა, რომ სხვამ მსხვერპლად გაიღოს თავი მეორის კომფორტისთვის — ცუდია.

არის შემთხვევები, როდესაც „პირად სივრცეში" გულისხმობენ მეორე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას. მაგალითად, მეუღლე, რომელიც სკანდალს უწყობს მეორე ნახევარს სააბაზანო ოთახში ცუდად დაკიდებული პირსახოცის ან ტანსაცმლის გამო, რომელიც გარდერობში არ დაკიდეს. ასეთი საქციელი მეტყველებს არაადეკვატურობაზე ან კრიზისზე ამ ადამიანების ურთიერთობაში, რაც ასეთ სცენებში ვლინდება.

და, ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ როცა მეუღლეებს საკმარისი პირადი სივრცე და დრო აქვთ საკუთარი თავისთვის, ოჯახში ატმოსფერო უფრო მშვიდი და სიხარულით გამსჭვალულია. ყოველი განმარტოების, „თავის თავში ჩაღრმავების" შემდეგ მეუღლეები თავს განახლებულად, „გადატვირთულად" გრძნობენ. მათი ურთიერთობები იძენს სიახლეს, ჩნდება მონატრების გრძნობა. თითოეული პატივს სცემს მეორის სურვილს – მასაც ხომ არ უზღუდავენ თავისუფლებას და იღებენ ისეთს, როგორიც არის.

145
თემები:
სასარგებლო რჩევები
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 9 მაისი

0
(განახლებულია 22:23 08.05.2021)
საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესია 9 მაისს მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელი ეპისკოპოსის, მართლი გლაფირა ქალწულის, ასევე სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში
მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული

ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.

ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322).

წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება - გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. წმიდა ბასილიმ მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი 

სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1395 წელს წმიდა სტეფანე გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი