ქალი და მამაკაცი

როგორ ვიშოვოთ „კაი კაცი“: რჩევები მარტოხელა (და არა მარტო) ქალებისთვის

834
(განახლებულია 21:21 15.02.2021)
თუ გათხოვილი და გასათხოვარი ქალების დიალოგს მიუგდებთ ყურს, აღმოაჩენთ, რომ ფრაზა „ერთი კაი კაცი გინდა ახლა შენ და ნახავ, როგორ დაგილაგდება ცხოვრება“, ძალიან ხშირად ისმის.

თუმცა, იმის თქმა, თითქოს ყველა დაოჯახებული ქალის მეორე ნახევარი „კაი კაცების“ კატეგორიას მიეკუთვნება, მთლად გამართლებული არ არის.

იცით კი, რა ხილია ეს „კაი კაცი“? ვინმეს უნახავს ახლოდან? ვინმემ იცის, რომელ ნაკრძალში ზრდიან ისეთ უიშვიათეს ეგზემპლარებს, რომლებსაც სულ რამდენიმე დღეში, საათში ან, სულაც, წუთში ძალუძთ ვინმეს ცხოვრების აწყობა-დალაგება?

რაღაც ისე მგონია, რომ „კაი კაცის“ ძებნაში ქალებს არაერთი, უკაცრავად პასუხია და, ტუტუცის „გასინჯვა“ უწევთ. ეს მტკივნეული ტრენინგიცაა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც, რაც ქალებს ასწავლის შემდეგს: თუ კაცმა „მოახერხა“ და პირველსავე ოცდაათ წამში შექმნა ვითარება „ვაიმე, შოკში ვარ!“, 31-ე წამზე ქალი ისეთი სისწრაფით უნდა მოწყდეს ადგილიდან, რამდენის განვითარების საშუალებასაც მისცემს ფეხსაცმლის ქუსლები. ხოლო თუ მამაკაცი პირველსავე წუთებში მოახერხებს „კაი კაცის“ შთაბეჭდილების მოხდენას, ქალის თავში მყის მტაცებლურ-მომხვეჭელური ინსტიქტი უნდა ამუშავდეს — ოღონდ აუცილებლად ავაზისებური „ხვატკის“ ელემენტებით, რადგან აშკარაა, რომ „კაი კაცები“ „დეფიციტში არიან“.

„კაი კაცის“ პირველ ნიშნად ამ საქმის ზოგ „ექსპერტს“ პირად შიშებთან გამკლავების უნარი მიაჩნია. არავინ ითხოვს კაცისგან, რომ იყოს „უშიშარი, ვითარცა უხორცო“, არავის სჭირდება გვერდით მოჩვენებითი ვაჟკაცი, რომელსაც სინამდვილეში კბილის ექიმისაც ეშინია, ავარიისაც, ლოგინში მარცხისაც და კიდევ სხვა უამრავი რამის. განსხვავება ისაა, რომ „კაი კაცი“:

  • მართალია, კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც წავა ექიმთან და საქმეს „სასწრაფოს“ გამოძახებამდე არ მიიყვანს;
  • თუ დასჭირდა, ფულის ეკონომიასაც ისწავლის და მეტის შოვნასაც შეეცდება; 
  • მანქანის საჭესთან მთვრალი კი არა, ოდნავ ნასვამიც კი არ დაჯდება;
  • გააცნობიერებს, რომ სექსში ხანდახან მარცხიც „მოსულა“…

თანაც ამ ყველაფერს საკუთარ პრობლემად აღიქვამს და არავის გადააბრალებს, არავის დაადანაშაულებს, მე რაც მჭირს, ეს ამისა და იმის ბრალიაო.

მეორე ნიშანი — ეს ფიზიოლოგიისადმი მშვიდი დამოკიდებულებაა. ისე არ გავიგოთ, თითქოს ამაში ისეთი ტიპები იგულისხმებიან, კვირაში ერთხელ რომ ბანაობენ და ოფლისა თუ ნივრის სუნს საუკეთესო აფროდიზიაკად მიიჩნევენ. არა, აქ ლაპარაკია იმათზე, ვისაც ქალის ციკლი, ბავშვის ფაღარათი ან პირღებინება ტრანსში არ აგდებს. „ექსპერტების“ დაკვირვებით, სწორედ ასეთი არაჭირვეული და არაფხუკიანი კაცები არიან საუკეთესო საყვარლები, ვინაიდან ქალს ისეთს იღებენ, როგორიც არის და არ ცდილობენ მათი ფიზიოლოგიის საკუთარი ბაქტერიოფობიისთვის მორგებას.

მესამე ნიშანი: „კაი კაცმა“ შესანიშნავად იცის, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან, რომ ქალი ემოციური, რთული და ამოუცნობი არსებაა. ამიტომაც პრეტენზიების სიას კი არ უყენებს თავის ქალს, არამედ აძლევს საშუალებას – იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამაშია სქესთა შორის ურთიერთობის მთელი მომაჯადოებლობა.

მეოთხე ნიშანი: „კაი კაცმა“ ზუსტად იცის, როდის რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ეძინება? დაიძინებს. შია? შეჭამს. აღარ უნდა დალევა? აღარ დალევს… მოკლედ, როგორც რუსები იტყვიან: „მუჟიკ სკაზალ, მუჟიკ სდელალ!“ ასეთი კაცები სწრაფად ხვდებიან, რაშია პრობლემა და მათთვის თავგზის არევა არც ისე იოლია.

მეხუთე ნიშანი: ფულის ხარჯვა-ეკონომიის ცოდნა. „კაი კაცი“ აზარტული თამაშების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან, პუშკინის გერმანისა არ იყოს („ყვავის ქალი“), კარგად ესმის – ზედმეტის მოხვეჭის იმედად აუცილებლის გარისკვა, თუ „დიდი ფულის“ პატრონი არ ხარ, სისულელეა.

მეექვსე ნიშანი: „კაი კაცი“ არ იტყუება! არაფერში სჭირდება და იმიტომ. არც იმას დამალავს, ცოლი თუ ჰყავს და არც იმას, სად, ვისთან და როდის დადის. მარტივია არა? თავიდანვე სიმართლეს იტყვის და მერე აღარაფერში სჭირდება თავის მართლება და გარჩევები.

მეშვიდე ნიშანი: „კაი კაცი“ მოსკანდალე ტიპებთან უცებ აგვარებს საქმეს. თუ ვინმემ გაბედა და რამე უკადრისი აკადრა, სამი ნაბიჯის პრინციპით იწყებს მოქმედებას: ჯერ მოაკეტინებს, მერე მიზეზს ჰკითხავს და მერე უცებ ხსნის პრობლემას — რა მეთოდით, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა სახისაა ეს პრობლემა. მოკლედ რომ ვთქვათ, „კაი კაცთან“ სკანდალი არ გამოდის.

მეშვიდე ნიშანი: „კაი კაცი“ გრძნობებს არ გაურბის. კიდეც უყვარდება და კიდეც აყვარებს თავს. სხვათა შორის, ასეთები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ რომანტიკული სიყვარულის უნარს. ასეთი კაცი თავის ქალს სხვების დასანახად კი არ უვლის და უფრთხილდება, მართლა ხელისგულზე ატარებს.

მეცხრე ნიშანი: შეცდომის აღიარების უნარი. „კაი კაცმა“ ზუსტად იცის, რომ გვარიშვილობას არავინ ჩამოართმევს, თუ გამოტყდება, აი, ეს შემეშალა, ამაში მივქარეო და პატიებას ითხოვს. თან იმასაც შეეცდება, რომ მსგავსი აღარ გაიმეოროს.

მეათე ნიშანი: „კაი კაცი“ შვილებზე „გადამკვდარი“ მამაა. ვერც ცოლთან გაყრა, ვერც უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ვერც ყოფილი ნათესავების თავგამოდებული წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, იყოს მამა. ის მამაა და მორჩა!

მამაკაცს მოღალატეობა სახეზე აწერია: მეცნიერები ასახელებენ ნიშნებს>>

აი, ასეთია ქართველი ქალის საოცნებო „კაი კაცის“ აუცილებელი ათი ნიშანი… თუმცა, რატომ მხოლოდ ქართველი ქალის და რატომ მხოლოდ ათი? ასეთ კაცებზე არც სხვა ერის წარმომადგენელი ქალბატონები იტყოდნენ უარს და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენ ნიშანს დაამატებდნენ აქ ჩამოთვლილს.

ისე, არ გაინტერესებთ, კიდევ რას ითხოვენ ქალები „კაი კაცისგან“? იქნებ გვემსჯელა ამაზე? 

834
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

47
(განახლებულია 16:29 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებიული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შემეცვლევინებინა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზულობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადა ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკი“.

47
თემები:
ექიმი გირჩევთ
მზის ჩასვლა

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლებისთვის: მარტის სახიფათო დღეები

184
(განახლებულია 17:54 26.02.2021)
გაზაფხულის პირველი თვე ძალიან დატვირთულია ძლიერი მაგნიტური ქარიშხლებით, რის გამოც აუცილებელია ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინება.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მაგნიტური ქარიშხლების კალენდრის თანახმად, მარტი ამ კუთხით მეტად რთული თვეა.

მომდევნო თვეში დედამიწას ერთბაშად ექვსი გეომაგნიტური შეტევა დაატყდება თავს.

მარტის გეომაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

1–3 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი შეტევა, რაც უკვე რამდენიმე თვეა არ მომხდარა. ამიტომ მის გავლენას ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებიც კი იგრძნობენ.

ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს შაკიკს, ტაქიკარდიას, ქოშინს, გამწვავდება ქრონიკული დაავადებები, გასაკუთრებით, გულთან, თირკმელებთან და ტვინთან დაკავშირებული პრობლემები.

6 მარტი — მოსალოდნელია 4-ბალიანი მაგნიტური რყევები, რაც გამოიწვევს: თავის ტკივილებს, წნევის ცვალებადობას, აღგზნებადობას.

12–13 მარტი — ეს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი იქნება, თუმცა მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მის ზემოქმედებას ძილის პრობლემების, სისუსტისა და აპათიის სახით.

15 მარტი — ეს კიდევ ერთი საშუალო ძალის მაგნიტური ქარიშხალი იქნება. ადამიანები იგრძნობენ: ძილის დარღვევებს, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, თავის ტკივილებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

18-21 მარტი — მოსალოდნელია ძალიან ძლიერი, 5-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი. NASA-ს მონაცემებით, ის პიკს 19 მარტს მიაღწევს, რა დროსაც პლანეტარული ინდექსი 20-მდე აიწევს. შედარებისათვის: ჩვეულებრივ დღეებში ინდექსის ნიშნული 5-ია.  

ამასთან 1–3 მარტის ხუთბალიანი ქარიშხლისგან ის იმით განსხვავდება, რომ თვის დასაწყისში პლანეტარული ინდექსი „მხოლოდ“ 15–18 იქნება.

შესაბამისად, მის გავლენას იგრძნობენ ისეთებიც კი, ვინც მეტეოდამოკიდებული არ არის. ამ დღეებში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება არტერიული წნევის ცვალებადობა, გულისა და თავის ტკივილები, ძლიერი სისუსტე (ერთგვარი „დაბზარულობა“).  

28–29 მარტი — ეს თვის ფინალური მაგნიტური ქარიშხალია და ის საშუალო სიმძლავრისა იქნება. მოსალოდნელია წნევის ცვალებადობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

ექიმები მაგნიტური ქარიშხლების გავლენის შესამსუბუქებლად შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
184
თემები:
სასარგებლო რჩევები (466)
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში