სალა

რა სიმპტომები ახასიათებს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს

446
(განახლებულია 22:06 05.01.2021)
ექიმები ხშირად გვახსენებენ, რომ საახალწლო სუფრაზე უხვად მირთმეული ალკოჰოლი და მაღალკალორიული, ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ყოველწლიურად ახალი წლის დღეებში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოში. რა იწვევს ალკოჰოლით ინტოქსიკაციას, როგორ ამოვიცნოთ რა შემთხვევაში ხდება ალკოჰოლით ინტოქსიკაცია და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს, ამის შესახებ სასარგებლო რჩევებს შემოგთავაზებთ.

ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ეთილის სპირტის 12%-ზე მაღალი შემცველობის ალკოჰოლური სასმელების მიღება იწვევს. მოგეხსენებათ, ალკოჰოლური სასმელები ეთანოლს, იგივე ეთილის სპირტს შეიცავს. ეთანოლი ტვინის მუშაობას ანელებს, რაც ცნობიერების დაკარგვას, სუნთქვის უკმარისობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის შენელებას იწვევს. ამასთან, ეთანოლის მაღალი დოზის რეგულარული გამოყენება თავის ტვინის, ღვიძლისა და გულის დაზიანებას იწვევს.

არ არსებობს ალკოჰოლის კონკრეტულად განსაზღვრული რაოდენობა, რომლის გადაჭარბებაც ინტოქსიკაციას იწვევს. ალკოჰოლით მოწამლვა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ალკოჰოლს  მოიხმარს. ამის შედეგად სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია იზრდება, რაც ძლიერ ტოქსიკურ ეფექტს იწვევს და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ხდება.

რა ზიანს აყენებს ორგანიზმს ალკოჰოლით ინტოქსიკაცია

ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზულად ზიანი მიაყენოს და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ხოლო ბავშვების შემთხვევაში ერთი ყლუპი ალკოჰოლური სასმელის მიღებაც შეიძლება სერიოზული საფრთხის შემცველი იყოს.

ალკოჰოლის დიდ დოზას ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. ალკოჰოლის მიღების მომდევნო დღეს ადამიანს აღენიშნება შრომისუნარიანობის დაქვეითება, კოორდინაციისა და კონცენტრაციის დარღვევა, რასაც მძიმე ტრავმების გამოწვევა შეუძლია.

რა სიმპტომები ახასიათებს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას

ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ახასიათებს. ესენია: შენელებული და გაურკვეველი საუბარი; მოძრაობის სტაბილურობის დარღვევა; გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; ძილიანობა; ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა; ცნობიერების დაკარგვა; კრუნჩხვები; არტერიული წნევის ვარდნა; სხეულის ტემპერატურის ვარდნა; სუნთქვის დარღვევა.

რა სახის დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს

იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სუნთქვის გაჩერება, აუცილებელია ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, აუცილებელად განათავსეთ გვერდულ მდგომარეობაში და დაუყონებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მათ მოსვლამდე დაზარალებული ბალიშის გარეშე დააწვინეთ. უმჯობესია პირქვე მდგომარეობაში მოათავსოთ და თავი გვერდულად მიუბრუნეთ, რათა ღებინების შემთხვევაში ეს მასა სასუნთქ გზებში არ მოხვდეს.

თუ დაზარალებულს აქვს მკაფიო ცნობიერება, ნორმალური სუნთქვა, არ აღენიშნება კრუნჩხვები, არ აქვს ღებინება, აუცილებელია მიაღებინოთ წყალი, დაახლოებით 500 მლ-მდე, რათა ღებინება გამოიწვიოთ. მიეცით გააქტიურებული ნახშირის აბები 5-6 გრამამდე და დაალევინეთ ძალიან ტკბილი ჩაი ან ყავა.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და აქვს კრუნჩხვა, არაფერი დაალევინოთ. ამ დროს შეიძლება წყალი სასუნთქ გზებში მოხვდეს და ფატალური შედეგი გამოიწვიოს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის კუჭის ამორეცხვა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს შეუძლია.

ალკოჰოლური სასმელების მიღების შემდეგ, მეორე დღეს ადამიანების ნაწილი ხშირ შემთხვევაში ნაბახუსევით გამოწვეული სხვადასხვა ჩივილებით იტანჯება. ნაბახუსევის სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, გაუწყლოება, თავის, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კანკალი, აჩქარებული გულისცემა და სხვ. გაითვალისწინეთ, ნაბახუსევით მოგვრილ დისკომფორტს მთლიანად ვერ გააქრობთ, მხოლოდ შეიმსუბუქებთ სიმპტომებს.

ნაბახუსევზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო რაოდენობით მიიღოთ წყალი და ორგანიზმი გაუწყლოებისგან დაიცვათ. ექიმები გვირჩევენ, რომ ნაბახუსევზე გაღვიძებისთანავე დავლიოთ მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი. ამავდროულად მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ნაბახუსევთან ბრძოლა ისევ ალკოჰოლით უშედეგოა, ვინაიდან ნაბახუსევისას ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა მდგომარეობა მცირედით შეამსუბუქოს, თუმცა როცა ორგანიზმში ალკოჰოლის მაჩვენებელი კვლავ ნულს გაუტოლდება, ნაბახუსევის სიმპტომები ხელახლა დაგვიბრუნდება.

მჟავე კიტრი

მჟავე კიტრის წვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამალია ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად, ვინაიდან ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი პრობიოტიკები ინტოქსიკაციის სიმპტომებს ხსნის.

ხაში

ნაბახუსევიდან გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ხაშია. წვნიანი შეიცავს ამინომჟავა გლიცინს, რომელიც სწრაფად აყუჩებს თავის ტკივილს და აქვეითებს შფოთვას.

ნივრიანი კერძები

თუ ნაბახუსევზე ნივრიან წვნიანს მიირთმევთ, სასურველი შედეგი გექნებათ, რადგან ნიორს დამაწყნარებელი მოქმედება აქვს და ძლიერ ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემას.

ბედნიერ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

446
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (81)
ბანანის პური ქიშმიშით და მზესუმზირის მარცვლებით

რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან პური წონაში დაკლების მიზნით: გპასუხობთ ცნობილი დიეტოლოგი

149
(განახლებულია 21:32 18.01.2021)
რით არის კარგი პური და ღირს თუ არა მისი რაციონიდან ამოღება წონის დაკლების მიზნით, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ექიმი-დიეტოლოგი ტატიანა რაზუმოვსკაია იძლევა პასუხებს.

პური სხვადასხვაგვარია. მთელმარცვლოვანი პური — ეს არის უჯრედისი, В ჯგუფის ვიტამინები (მაგალითად, B1, B6, რომლებიც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას განაპირობებს), ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორი და სხვა მინერალური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ძირითადად მარცვლეულის გარსში შედის. ამიტომ ჯანმრთელობისთვის პურის სარგებელი დამოკიდებულია არა იმდენად მარცვალზე, რამდენადაც მისი დაფქვის სახეობაზე.

რაც უფრო წვრილად არის მარცვალი დაფქვილი, მით ნაკლებია მისი ღირებულება. მაგალითად, რაფინირებული ფქვილის პურში 0,05 მილიგრამი რკინაა, ხოლო მთელმარცვლოვან პურში — 4,9 მილიგრამი. განსხვავება ასჯერ მეტია. გამოდის, რომ თუ წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პურზე იტყვით უარს, მაშინ ორგანიზმი, დიდი ალბათობით, ვერც კი შეამჩნევს სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვას. აი მთელმარცვლოვან პურზე უარის თქმა კი დიდ სარგებელს არ მოგიტანთ.

წონაში დაიკლებთ, თუ...

პურის კალორიულობა საშუალოდ 250-300 კილოკალორიაა 100 გრამზე. ეს არც ისე ბევრია, თუმცა წვრილად დაფქულ ხორბლის პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს — 85-90. შედარებისთვის: რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის „ბატონების“  ინდექსი დაახლოებით 70-ია, ხოლო ჭვავის პურის ინდექსი — 50-40. ზოგადად, 70-ზე ზემოთ რიცხვი მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 55-ზე ნაკლები კი — დაბალ მაჩვენებლად.

„როდესაც თეთრ პურს მიირთმევთ, ხდება ინსულინის ძლიერი გამოტყორცნა: სისხლში შაქარი მკვეთრად იზრდება, შემდეგ ისევ მკვეთრად ეცემა და სწრაფად გრძნობთ შიმშილს. ამრიგად, ასტიმულირებს რა მადას, წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პური ირიბად მოქმედებს წონაში მატებაზე. თუ დიდხანს ზიხართ და ცოტას მოძრაობთ, უმჯობესია ეს პროდუქტი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება მთელმარცვლოვან პურს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას აქრობს, ის, პირიქით, შეიძლება დიეტაზე მყოფმაც მიირთვას.

ამასთან თუ მთელმარცვლოვან პურს რაციონიდან ამოიღებთ:

გაუარესდება ნერვული სისტემის მდგომარეობა

100 გრამი მთელმარცვლოვანი პური არის ვიტამინ B1-ის ყოველდღიური ნორმის თითქმის ნახევარი (დღე-ღამეში 1,1-1,2 მილიგრამი). თუ ვიტამინი საკმარისი არ არის, ადამიანი ხდება გაღიზიანებული, სწრაფად იღლება და კუნთების სისუსტე უვითარდება.

ამასთან პური შეიცავს უამრავ სხვა ვიტამინს, მაგალითად: PP-ს (ნიაცინი), რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მუშაობაზე, და ასევე ვიტამინ B2-ს, რომლის ნაკლებობაც უძილობის პროვოცირებას იწვევს.

მოგაკლდებათ ენერგია 

„მთელმარცვლოვან პურში არის ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), რომელიც იმუნიტეტისთვის შეუცვლელია. ის გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იმაზე, თუ როგორ განახლდება ორგანიზმის უჯრედები და, შედეგად, ენერგიის საერთო დონე“, — ამბობს ტატიანა რაზუმოვსკაია.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რაციონიდან პურის ამოღება, შეცვალეთ ის ნელი ნახშირწყლებით — ხორბლის მაგარი ჯიშების მაკარონით, წიწიბურის, ბრინჯის, ქერის ფაფებით.

ნაწლავები უარესად იმუშავებს

მთელმარცვლოვან პურში ბევრია საკვები ბოჭკო, ამიტომ დიდი რაოდენობით მისმა ჭამამ ​​შეიძლება შებერილობა და მეტეორიზმი გამოიწვიოს. მაგრამ თუ პურს ზომიერად მიირთმევთ (100 გრამ მთელმარცვლოვან პურში დაახლოებით 7,4 გრამი საკვები ბოჭკოა), პირიქით, ეს საჭმლის მონელებაში დაგეხმარებათ.

წვრილად დაფქული მარცვლეულის თეთრი პური კი, პირიქით, შეკრულობას იწვევს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. ხოლო თუ ნაწლავების პრობლემები არსებობს, უმჯობესია მენიუდან ამოიღოთ.

ამასთან, დიეტოლოგის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ: წვრილად დაფქული თეთრი პური — ეს სწრაფი ნახშირწყლებია, რაც ენერგიას უზრუნველყოფს ორგანიზმში. ამიტომ თუ სპორტით ხართ დაკავებული, მაშინ თეთრი პურის პატარა ნაჭერი (რა თქმა უნდა, კარაქის გარეშე) შეგიძლიათ ვარჯიშამდე 30-40 წუთით ადრე მიირთვათ.

 

149
თემები:
ექიმი გირჩევთ
ცაცხვი

ცაცხვი და მისი სამკურნალო თვისებები

402
(განახლებულია 17:35 18.01.2021)
ცაცხვს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. ის შეუდარებელია გაციების, მაღალი სიცხის, ბრონქიტის, ანგინისა და სხვა დაავადებების დროს.

ცაცხვი (Tilia) ფოთოლმცვენი ხეა, სიმაღლეში იზრდება 35 მეტრამდე. არსებობს მისი 40-მდე სახეობა.

ბაბუაწვერა – ბუნების საჩუქარი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში>>

ცაცხვს ადამიანის ორგანიზმისთვის მრავალი სამკურნალო და სასარგებლო თვისება გააჩნია. მას იყენებენ როგორც არატრადიციულ მედიცინაში, ისე თანამედროვე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

სამკურნალოდ გამოიყენება ცაცხვის თითქმის ყველა ნაწილი – ქერქი, ფოთლები და ყვავილები, ნაყოფი. ტოტებისა და მერქნისგან ამზადებენ კუპრს. არის ძვირფასმერქნიანი მცენარე.

ხის ქერქი შეიცავს ზეთების მნიშვნელოვან რაოდენობას (8 პროცენტამდე), ასევე ტილიროზიდს, ტრიტერპენოიდებს; ფოთლების შემადგენლობაშია ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ნახშირწყლები. ცაცხვის ყვავილები კი შეიცავს: ეთერზეთებს, საპონინებს, ორგანულ შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას, ფლავონოიდებს, კაროტინს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს.

ბროწეული და მისი სასარგებლო თვისებები>>

ცაცხვი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

ანგინა, ლარინგიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული ინფექციები, შარდმდენი სისტემის ორგანოების პათოლოგიები, პოდაგრა, რევმატიზმი, ნევრალგიური დაავადებები, კრუნჩხვები, გონის დაკარგვა, ციებ-ცხელება, ნაწლავების სპაზმები, კუჭის წყლული, სტომატოლოგიური დაავადებები, დამწვრობა (გარეგანი გამოყენებისთვის), გინეკოლოგიური დაავადებები, ჰემოროი, პროსტატა, გაციება და სიცხის დამწევი საშუალება. ასევე მცენარე გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება.

რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ცაცხვმა

ცაცხვის ყვავილების მუდმივმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ (მაგალითად, რამდენიმე თვე ზედიზედ) შეიძლება მხედველობაზე იმოქმედოს, თან სწრაფად და მოულოდნელად. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა მიიღოთ ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში და დღეში 2–3-ჯერ, არ გადააჭარბოთ დოზას.

ცაცხვმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გულის პათოლოგიები, ნერვული დაავადებები, კენჭები შარდის გამომყოფ სისტემაში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცენარის ნახარშები არ უნდა შეუთავსოთ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს. 

ცაცხვის ნაყენის დამზადების წესი:

გთავაზობთ ცაცხვის ნაყენის დამზადების ერთ-ერთ ვარიანტს.

ცაცხვის ყვავილების ეს ნაყენი გამოიყენება ნევრალგიური დაავადებების, გაციების, ხველების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.

კომში და მისი სასარგებლო თვისებები>>

2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში ოთხჯერ, როგორც ჩვეულებრივი ჩაი.

402
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

0
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

0