ფეერვერკი

სავალალო შედეგის ასაცილებლად: რა უნდა იცოდეთ პიროტექნიკის გამოყენების შესახებ

426
(განახლებულია 12:16 31.12.2020)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ტრავმის მართვის ინსტრუქტორი არჩილ მარშანია

ფეიერვერკი – ახალი წლის ტრადიციაა. შაშხანებისა და სხვადასხვა ასაფეთქებლების გამოყენებით ძველ წელს ვაცილებთ და ახალს ვეგებებით. ერთობ ლამაზ სანახაობას რომ მძიმე შედეგები არ მოჰყვეს, მეტი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ სწორად და როგორ მოვიქცეთ უხარისხო პიროტექნიკით გამოწვეული უბედური შემთხვევისას.

უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისა და არსებული რისკის შემცირებისთვის აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა და ცოდნა, თუ როგორ გავუწიოთ დაშავებულს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. საქართველოში მრავლადაა ის ტრენინგ-ცენტრები, რომლებიც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეასწავლიან პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს. პირობების დარღვევამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მის ხარისხზე, მაგალითად, არ იმოქმედოს ან გვიან მოვიდეს მოქმედებაში და გამოიწვიოს სავალალო შედეგები. შესაბამისად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ ხარისხიან პიროტექნიკას, სადაც მითითებულია ვადა, შენახულია სწორ პირობებში, მოჰყვება მოხმარების წესები თქვენთვის გასაგებ ენაზე და გამოიყენეთ მხოლოდ ამ წესების შესაბამისად.

დღესასწაულის დროს მოსახლეობა დიდი რაოდენობის პიროტექნიკას იყენებს და აქედან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ღამეს ათობით დაშავებული მიუყვანიათ სამედიცინო დაწესებულებებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ყოველწლიურად გასცემს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენების რეკომენდაციებს:

  • არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;
  • სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;
  • გაეცანით პიროტექნიკული ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;
  • თავისუფალი გაყიდვისთვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე შეინახეთ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
  • პიროტექნიკის უყურადღებო გამოყენებამ შეიძლება შენობების დაზიანება გამოიწვიოს. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკული ნაწარმის გამოყენებას.

რაც შეეხება უბედურ შემთხვევებს და პირველად დახმარებას, სანამ დაზარალებულის დახმარებას დაიწყებთ, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარ უსაფრთხოებაში – რომ განმეორებითი აფეთქება აღარ არის მოსალოდნელი, და შემდეგ დაიწყეთ დახმარება.

აუცილებელია გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ოპერატორს ვესაუბროთ მშვიდად და აუღელვებლად, გავცეთ ყველა შეკითხვას პასუხი.

პირველადი დახმარება დამწვრობისას:

როგორ არ მოვიქცეთ – პრეჰოსპიტალურ დონეზე, სანამ საავადმყოფოში მივალთ, დაუშვებელია რაიმე ე.წ. ხალხური მეთოდების გამოყენება. ნუ გამოიყენებთ კბილის პასტას, ყინულების გროვას, ზეთს, შარდს ან მაწონს, და, მეტიც, არც რაიმე მალამოს გამოყენებაა რეკომენდებული.

როგორ მოვიქცეთ – აუცილებელია წვის პროცესის შეჩერება, რასაც მივაღწევთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით ჭრილობის ჩამორეცხვით რამდენიმე წუთის განმავლობაში. აუცილებლად მოვაშოროთ სამკაულები დაზიანებულ კიდურზე და ტანსაცმელი დაზიანების ადგილზე, თუმცა, თუ დამწვრობის გამო ტანსაცმელი მიკრულია სხეულზე, ძალდატანებით არ უნდა მოშორდეს და შევახვიოთ სტერილური მშრალი ნაჭრით.

დამწვრობა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მხოლოდ კანის ლოკალური დაზიანება, რადგან ამ დროს უჯრედულ დონეზე ხდება ისეთი ნივთიერებების გამოყოფა და სისხლში გადასვლა, რაც ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. შესაბამისად, დამწვრობა საბოლოოდ უნდა შეაფასოს ექიმმა და მკურნალობის ტაქტიკაც მან უნდა გვირჩიოს.

სისხლდენები – პიროტექნიკით დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი სახის სისხლდენა, განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რომელიც გამოირჩევა პულსირებადი ხასიათით, არის წითელი შეფერილობის და ძლიერი ნაკადით მოედინება.

როგორ არ მოვიქცეთ – დაუშვებელია ჭრილობის მოწვა, ან თუთუნის დაყრა და მსგავსი გავრცელებული მითების გამოყენება.

როგორ მოვიქცეთ – მოახდინეთ ჭრილობის ვიზუალიზაცია და გადადით სისხლდენის შეჩერებაზე.

სისხლდენის კონტროლი შედგება ორი საფეხურისგან: პირდაპირი ზეწოლა ჭრილობაზე და ლახტი.

პირველი და ყველაზე სწრაფად რაც უნდა გავაკეთოთ, არის პირდაპირი ძლიერი ზეწოლა სისხლმდენ ჭრილობაზე, და თუ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, შემდეგ ლახტი ჭრილობის ზევით (ლახტი – სპეციალური მოწყობილობაა სისხლის შესაჩერებლად, მისი სწორად გამოყენებისთვის უმჯობესია ყველამ გაიაროს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი).

ამპუტაცია – ამპუტაციების დროს, გარდა იმისა, რომ სხეულის გარკვეული ნაწილის მოწყვეტა ხდება, ძირითად პრობლემას წარმოადგენს სისხლდენა. უნდა მოხდეს სისხლდენის შეჩერება, ხოლო საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას ამპუტირებული ნაწილიც უნდა წაჰყვეს დაზარალებულს.

მოგიწოდებთ: პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

426
თემები:
სასარგებლო რჩევები (449)
ახალგაზრდა კაცი ეწევა ჩილიმს

ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია - ძალიან ცდებით, თუ პირიქით ფიქრობთ

28
(განახლებულია 15:02 26.01.2021)
ჩილიმის მოწევა სიგარეტზე ბევრად მავნებელია, ვინაიდან ამ დროს ფილტვებში ისეთი ნაწილაკები ხვდება, რომლებიც სიგარეტის მოწევისას

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ის, ვინც ჩილიმს მოწევის უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევს, ძალიან ცდება, აცხადებს ცნობილი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.

მისი თქმით, რეალურად ჩილიმი სიგარეტზე ბევრად მავნებელია.

„სინამდვილეში, როდესაც ჩილიმს ვეწევით, მავნე ნივთიერებების იმ რაოდენობას შევისუნთქვათ, რამდენსაც ერთ-ნახევარი კოლოფი სიგარეტის მოწევისას შევისუნთქავდით“, — განმარტავს ექიმი.

სპეციალისტი აზუსტებს, რომ ჩილიმის მოწევამ, კვამლის წვრილდისპერსიული ნაწილაკების ინჰალაციის გამო, შეიძლება უმძიმესი დაავადება გამოიწვიოს.

  • „ჩილიმის მოწევისას ადამიანი კვამლთან ერთად ჩაისუნთქავს წვის მიკრონაწილაკებს და მთელი პერიოდის განმავლობაში (ნაფაზი) ფილტვებში ხდება მიკროწვა, რამაც შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს“, — ამბობს მიასნიკოვი.

ექიმი განმარტავს, რომ მოწევის უსაფრთხო ფორმა არ არსებობს — ჩიბუხები და სიგარებიც კი პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორია.

28
თემები:
ექიმი გირჩევთ
ბიჭუნა სტომატოლოგთან

უშედეგო და ზოგჯერ საშიშიც: კბილების მკურნალობა ხალხური მეთოდებით - ექიმი გირჩევთ

115
(განახლებულია 15:50 25.01.2021)
უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგმა კბილების მკურნალობის ხუთი ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდი განიხილა და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კბილების მკურნალობის ხალხური საშუალებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ინტერნეტში უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთაგან ბევრი ექიმ-სტომატოლოგებში ნამდვილ შოკსა და შეძრწუნებას იწვევს.

„ხალხური საშუალებები კბილების სამკურნალოდ— უკვე ეს ერთი ფრაზაც კი უჩქარებს სტომატოლოგს გულს. პაციენტებს თვითმკურნალობის მცდელობა კი არ დაეხმარება, არამედ, უარეს შემთხვევაში, სამწუხარო შედეგებსაც გამოიწვევს“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი  ნატალია კადკალოვა.

სპეციალისტმა ცალ–ცალკე განიხილა კბილების მკურნალობის ყველაზე პოპულარული ხალხური მეთოდები და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები განმარტა.

სოდის გამოვლება

ადამიანები სოდას ხშირად ივლებენ პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს. მაგრამ კადკალოვას თქმით, ასეთი ექსპერიმენტები არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ საშიშიცაა.

„იმის გასაგებად, თუ რამდენად საშიშია სოდის გამოვლება, საკმარისია წარმოიდგინოთ, როგორ მოქმედებს სოდა ცომზე. პირის ღრუს ანთებითი ქსოვილები ანალოგიურად რეაგირებს სოდაზე. შეშუპება იზრდება და ჩვენ არ ვიცით, ეს ყველაფერი რით დამთავრდება. თუმცა შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ კარგით არაფრით“, — ამბობს უმაღლესი კატეგორიის სტომატოლოგი.

ნიორი ტკივილის გასაყუჩებლად

კიდევ ერთი გავრცელებული რეცეპტია ნივრის მტკივნეულ კბილზე დადება. არსებობს მოსაზრება, რომ მასში შემავალი ფიტონციდები სასიკეთოდ მოქმედებს ანთების უბანზე და იცავს ტკივილისგან.

სტომატოლოგის თქმით, ეს ვარიანტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნერვის ანთება ჩააქროს კი არა, პირიქით, ნიორს შეუძლია კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება.

„მკურნალობის“ ამ ვარიანტს შეუძლია კიდევ ერთი გართულება — ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს, რომელსაც ხშირად ვხვდები პრაქტიკაში. ნერვის ანთება შეუქცევადი პროცესია და ამაში დახმარება მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია. ის  დაზიანებულ ქსოვილს მოაცილებს და არხს ინფექციისგან გამორეცხავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანთება უფრო შორს წავა და სამკურნალო გახდება არა მარტო კბილი, არამედ ნივრით გამოწვეული დამწვრობაც“, —განმარტავს სპეციალისტი.

სპირტის ან არაყის საფენები

ზოგი ადამიანი კბილის ტკივილის გასაყუჩებლად და მოსარჩენად ძლიერი ალკოჰოლით — სპირტით ან არყით გაჟღენთილ საფენებს იყენებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი, რაც ნივრით მკურნალობის დროს: არანაირი შვება — მხოლოდ ლორწოვანი გარსის დამწვრობა.

მცენარეული ნახარშების გამოვლება

კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტია პირის ღრუს გამორეცხვა მცენარეების ნახარშით. მაგალითად, გვირილას ნახარშით, რომელიც, ტრადიციულად, ძალზე ეფექტურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მიაჩნიათ.

ბალახეული ნახარშების სამკურნალო თვისებები ასობით წლის წინ იყო ცნობილი, ამიტომ ექიმებს მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო პირის ღრუს სხვადასხვა მცენარეული  ხსნარებით გამოვლებისა. მაგრამ ამით შეიძლება არაფერი შეიცვალოს და ანთებითმა პროცესმა განვითარება განაგრძოს“, — ამბობს ნატალია კადკალოვა.

ეს კი იმის გამო, რომ ნაყენი ვერ აღწევს კბილის ნადების ქვეშ მიმდინარე ანთებაზე, ანუ დაზიანებულ ქსოვილამდე. თუმცა სხვა საქმეა, როდესაც მცენარეულ ნაყენს პროფესიონალური გაწმენდის შემდეგ ივლებთ — ამის შედეგად მორჩენის პროცესი ჩქარდება.

კბილების გათეთრება ლიმონით

ადამიანების დიდ ნაწილს სურს, გაითეთროს კბილები ექიმის გვერდის ავლით — იაფად ან სულაც უფასოდ. საამისოდ ხშირად იყენებენ სხვადასხვა რეცეპტურას: დაწყებული ლიმონით, დამთავრებული გაქტიურებული ნახშირით.

„მიმაჩნია, რომ ლიმონის პროცედურა ყველაზე ჰუმანურია კვერცხის ნაჭუჭით, გააქტიურებული ნახშირითა და სხვა აბრაზიებით გაწმენდასთან შედარებით, რომლებიც კბილებს კაწრავს. ლიმონის შემთხვევაში შედეგი უმნიშვნელო იქნება, მაგრამ თავს მაინც არ ავნებთ“, — განმარტა ექიმმა.

115
თემები:
ექიმი გირჩევთ
არაგვი

ევროკავშირი საქართველოს აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

0
(განახლებულია 15:29 26.01.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მტკნარი წყლის აკვაკულტურის ეროვნული სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში საქართველოს ევროკავშირის ექსპერტები დაეხმარებიან, რომლებიც თბილისში 2021 წლის გაზაფხულზე ჩამოვლენ, იუწყება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ოთხი საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი საქართველოს აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ზაფხულისთვის წარმოადგენს. 

ევროპელ ექსპერტებთან პირველი ონლაინ–შეხვედრა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა მეთიუ ბრუკმა.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა  ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმა შექმნეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

პროექტი VCA4D დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს Agrinatura - ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით  35-ზე მეტი წევრი ჰყავს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა