საჩუქრები ნაძვისხის ქვეშ

ვის რა ვაჩუქოთ საახალწლოდ: რჩევები ყველასთვის

112
(განახლებულია 17:30 30.12.2020)
ახალი წლისთვის საჩუქრის შერჩევის უნივერსალური რეცეპტი, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს. ამიტომ მთავარია იმ ადამიანის თვალით შევხედოთ პრეზენტს, ვისთვისაც ვაპირებთ მის შეძენას.

წარმოიდგინეთ იგი, გაიხსენეთ მისი ხასიათი, მიდრეკილებები, ინტერესები და მიხვდებით, რა გზითაც უნდა წახვიდეთ.

საჩუქარი ბავშვისთვის

ახალი წელი ბავშვებისთვის მართლაც რომ ჯადოსნური დღესასწაულია. ამიტომ პატარისთვის შერჩეული საჩუქარი ნამდვილი სიურპრიზი უნდა იყოს — ელვარე, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი.

კარგი იქნება, თუ სიურპრიზს რამდენიმე მცირე და განსხვავებული საჩუქრისგან შეადგენთ. ამით ბავშვს დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ.

თუ კოლოფში ზიზილ-პიპილებს ჩაყრით და ისე ჩადებთ საჩუქარს, მერე კი კაშკაშა ფერის ქაღალდში ორიგინალურად შეფუთავთ და ზედ ოსტატურად გამოსკვნილ ბაფთასაც დაამაგრებთ, პატარის აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნება და თქვენც დიდხანს არ დაგავიწყდებათ მისი ანთებული და გაბრწყინებული თვალები.   

და, ბოლოს, საჩუქრის შერჩევისას არ დაგავიწყდეთ ბავშვის ასაკის გათვალისწინება.

სულ პატარებს სახატავი მოწყობილობა, ფერადი პლასტილინები, კინეტიკური ქვიშა, სათამაშოები და ტკბილეული გაახარებთ;

მოზრდილებს — პლეერი, ყურსასმენები, გორგოლაჭები, სკეიტბორდი… მთავარია მან იგრძნოს, რომ საახალწლოდ „დიდური“ საჩუქარი მიიღო.

საჩუქარი ქალისთვის

საოცარია, მაგრამ ქალებს ბავშვებივით სჯერათ საახალწლო სასწაულებისა და მოუთმენლად ელიან ნაძვის ხის ქვეშ „ჯადოსნურად გაჩენილ“ სიურპრიზს. მაგრამ, პატარებისგან განსხვავებით, მათი გულის მოგება ბევრად რთულია. ამოცანა რომ გაგიიოლოთ, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

თუ ქალი, ვისთვისაც საჩუქარს ეძებთ, არის:

  • მშვიდი ბუნებისა, თავშეკავებული და არასიტყვამრავალი — ნუ აჩუქებთ ისეთ რამეს, რაც ყველას აქვს. დაე, ეს ცოტა უცნაური და უჩვეულო პრეზენტი იყოს, მაგალითად, ეგზოტიკური, იშვიათი მცენარე ან ანტიკვარული წიგნი.
  • ემოციური, თავისუფალი და გახსნილი — საჩუქარმა წარუშლელი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს სპა-პროცედურების სალონის მოსაწვევი, პროფესიონალ ფოტოგრაფთან ფოტოსესია, უჩვეულო ადგილზე, ვთქვათ, ქალაქგარეთ, შალეს ტიპის სასტუმროში რომანტიკული საახალწლო ვახშამი მხოლოდ ორისთვის ან მეგობრების კომპანიაში… ან, იქნებ, სულაც თოვლმავლით ქროლვამ მიანიჭოს დაუვიწყარი სიამოვნება?

თუმცა გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ ერთი რამ: ტრადიციული საჩუქრები ქალბატონებისთვის არავის გაუუქმებია და ამიტომ ნებისმიერ მათგანს გაახარებს ძვირფასი პარფიუმერია თუ სამკაული.

საჩუქარი მამაკაცისთვის

თუ გგონიათ, რომ კაცებს ქალებზე ნაკლებად უყვართ პრეზენტები? უყვართ და თანაც როგორ! ოღონდ იცოდეთ, ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ დასასაჩუქრებელი მამაკაცის ხასიათის გათვალისწინება.
თუ მამაკაცი არის:

  • ნაკლებად ემოციური, გულჩათხრობილი და სიტყვაძვირი — სჯობს არ გარისკოთ და რაიმე პრაქტიკული შეურჩიოთ საჩუქრად. ოღონდ არავითარ შემთხვევაში წინდები ან საპარსი კრემი! უყიდეთ მას, ვთქვათ, ანკესი, მონადირის აღკაზმულობა, რაიმე დეტალი ავტომობილისთვის (მაგალითად, სავარძლის გადასაკრავები ან სარკე), ინსტრუმენტების ნაკრები…
  • ხალისიანი, ყველა წამოწყების მოთავე, ენამახვილი და მხიარული — ასეთს ყველაზე მეტად იუმორნარევი საჩუქარი გაახარებს, მაგალითად, სპეციალურად მის სახელზე ჩამოსხმული მედალიონი ან თასი წარწერით „წლის ვარსკვლავი“, გასული წლის ამსახველი და ორიგინალურ ჩარჩოში ჩასმული ფოტოკოლაჟი ასევე რაიმე შთამბეჭდავი წარწერით, მაისური სპეციალურად მისთვის შექმნილი პრინტით და სხვა.

გახსოვდეთ: პრეზენტმა, უპირველეს ყოვლისა, განწყობა უნდა აუმაღლოს და სიამოვნება მოჰგვაროს როგორც ადრესატს, ისე მჩუქებელს, რომელსაც დიდხანს ემახსოვრება მისი საჩუქრით გამოწვეული სიხარული.

ყველაზე კარგი და ცუდი საჩუქარი საახალწლოდ
© Sputnik / Maria Tsimintia
ყველაზე კარგი და ცუდი საჩუქარი საახალწლოდ

 

112
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

186
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

186
თემები:
ექიმი გირჩევთ
ძალადობა ბავშვზე

ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუ... რამ უნდა გააფაციცოს მშობელი

157
(განახლებულია 22:03 14.01.2021)
ამ მასალის გაკეთება სამწუხარო რეალობამ გვიკარნახა: ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

უპირველესად იცოდეთ, რომ:

„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

  • ნუ დატოვებთ მცირეწლოვან შვილს მარტო სხვასთან დიდი ხნით. თუ მაინც მოგიწიათ ეს, შეეცადეთ მოულოდნელად დაბრუნდეთ ან შორიდან გააკონტროლოთ მათი ერთად ყოფნის პერიოდი;
  • ასწავლეთ მცირეწლოვან ბავშვს სხეულის ნაწილების სახელები. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში უცბად ტირილი დაიწყო და აღმზრდელს ჩუმად გაანდო, რომ „მამიკომ ისევ შეუჭამა ორცხობილა“. აღმზრდელმა ბავშვს დასამშვიდებლად სხვა ორცხობილა მისცა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რეალურად რა იგულისხმებოდა „ორცხობილის ჭამაში“;
  • აუხსენით შვილს პირადი სივრცის საზღვრები. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რას ნიშნავს მიუღებელი, დაუშვებელი შეხება. პატარები ბევრად უკეთესად აღიქვამენ ვიზუალურ მაგალითებს. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ან თავად ჩაიცვით, ან მას ჩააცვით და უთხარით, რომ ადგილებზე, რომლებსაც „პლავკები“ ფარავს, ხელი არავის არ უნდა მოაკიდებინოს;
  • გაიცანით ყველა უფროსი, მათ შორის ბავშვებიც, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს და ვისაც ენდობა;
  • აუხსენით, რა სახის საიდუმლო უნდა დაფაროს და რა - არა;
  • ჩამოაყალიბეთ შვილთან იმდენად მეგობრული ვითარება, რომ ყველაფერი გიამბოთ, არ დაგიმალოთ, თუ რაიმე უხერხულ ან გაუგებარ ვითარებაში მოხვდა;

რამ უნდა შეგაშფოთოთ ბავშვის ქცევაში:

ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.

დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი!

იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.

თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!

ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.

საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.

რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.

157
თემები:
მშობლები და შვილები
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 16 იანვარი

0
(განახლებულია 23:15 15.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის, წინასწარმეტყველის მალაქიას და  მოწამე გორდის ხსენების დღეს არნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონ სოფელი ლიხაურში დაიბადა. 1883 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი შეუდგა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო" და „საქართველოს სიძველენი". თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი. იგი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი.

1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის" ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. მისი დამსახურებაა „ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერის აღმოჩენა, რომელიც უცვლელად გამოსცა 1920 წელს. სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში), გამოიკვლია და აღწერა ქართული ისტორიული ძეგლები. ამ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოცემულ იქნა პარიზში, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში. 

გერგეტის სამება
© photo: Sputnik / ოლეგ ლასტოჩკინი

წითელი არმიის საქართველოში შემოსვლის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დატოვა საქართველო. იგი თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, მეურვეობდა რა საქართველოს ეროვნულ განძს, რომლის ოფიციალურ პატრონად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. 

ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიკა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი. 1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

წინასწარმეტყველი მალაქია

წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კვიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა და სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც უწოდეს „მალაქია”, რაც ანგელოზს, მახარებელს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასწარ ჭვრეტს იესო ქრისტესა და მის წინამორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს” უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო იმ მართალთაგან, ვისაც უფალი წინასწარხედვით მადლს ანიჭებდა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემლის მოსვლამდე 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის.

წმიდა მოწამე გორდი

წმიდა მოწამე გორდი III საუკუნის დასასრულს დაიბადა კაბადოკიის კესარიაში, ქრისტიანულ ოჯახში. როცა წამოიზარდა, იგი სამხედრო სამსახურში შევიდა და მალე ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ასისთავის წოდებაც დაიმსახურა. IV საუკუნეში, ქრისტიანთა დევნილობის განახლების დროს, წმიდანი განერიდა ამ სოფელს და უდაბნოში განმარტოვდა, რომ ღვთის სათნო ღვაწლით მომზადებულიყო მაცხოვრის უტკბესი სახელის აღსარებისათვის. 320 წელს გორდი აშკარად გამოვიდა ქალაქის პრეფექტის წინაშე ქრისტიანთა დასაცავად, რისთვისაც იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0