სილამაზის სალონში

შეუძლია კიბოს გამოწვევა: ონკოლოგი სილამაზის პროცედურების მავნებლობაზე საუბრობს

206
(განახლებულია 21:54 28.12.2020)
გარკვეულ შემთხვევებში არასწორი ბიუთი-პროცედურები ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს, აცხადებს ონკოლოგი და კონკრეტულ პროცედურებს ასახელებს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სილამაზის პროცედურებმა მათი უცოდინრობის ან ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, აცხადებს ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი ანდრეი ბაზილევი.

ექსპერტის აზრით, თმის გასწორება შეიძლება ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ ქმედებებს შორის ჩაითვალოს, რადგან ამ პროცედურისთვის საჭირო პრეპარატები ფორმალდეჰიდს შეიცავს.

ამასთან, ექიმმა აღნიშნა, რომ რისკი ჩნდება კანცეროგენის თვეში რვაზე მეტჯერ გამოყენების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, ეს პროცედურა უფრო საშიშია იმ სტილისტებისთვის, ვინც მას ასრულებს, ვიდრე სალონის კლიენტებისთვის.

ანდრეი ბაზილევმა დიოქსანის შემცველი კოსმეტიკური პრეპარატების გამოყენების საფრთხეების შესახებაც ისაუბრა, ვინაიდან ამ ნივთიერებამ შეიძლება ორგანიზმში სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევების პროვოცირება მოახდინოს, რასაც შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების განვითარება მოჰყვეს.

ფრჩხილებზე ლაქის გასაშრობად ულტრაიისფერი ნათურის მოხმარებაზე ექსპერტი ამბობს, რომ ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის საზიანო მხოლოდ ძალიან ხშირი გამოყენების დროს არის. ონკოლოგიის რისკი იმ შემთხვევაში წარმოიქმნება, თუ მანიკურს თვეში 10-15-ჯერ გაიკეთებთ ამგვარი ნათურით.

რაც შეეხება თმის შეღებვას, ექიმის აზრით, ეს ონკოლოგიის კუთხით ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროცედურაა.  

„ადრე [თმის საღებავები] კანცეროგენებს შეიცავდა. მაგრამ 70-იანი წლებიდან შემადგენლობიდან სახიფათო ნივთიერებები ამოიღეს და ამ დროისთვის თმის შეღებვას აღარანაირი საფრთხე არ ახლავს“, — ამბობს ონკოლოგი.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის პერმანენტული (ყველაზე მდგრადი) საღებავის რეგულარული გამოყენება და ქიმიური გასწორება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. საუბარია კონკრეტულად „მუდმივ“, ანუ მდგრად საღებავებზე, რომელთა შემადგენლობაში შედის ენდოკრინული სისტემის დამანგრეველი ნივთიერებები და კანცეროგენები. „დროებით“ (ანუ, რომელიც მალე ირეცხება) საღებავებზე არანაირი რისკები არ გამოვლენილა. 

206
თემები:
სასარგებლო რჩევები (449)
ექიმი ბავშვს სინჯავს

თირკმელკენჭოვანი დაავადება პატარა ბავშვებში: როგორ ამოვიცნოთ იშვიათი დაავადება

49
(განახლებულია 22:15 26.01.2021)
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს თირკმელკენჭოვანი დაავადება აწუხებს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ბავშვებს თირკმლებში კენჭები უჩნდებათ, მაგრამ ამას გვიან ადგენენ ხოლმე, წერს პედიატრთა ასოციაცია (BVKJ).

სპეციალისტების თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ამ დროს სიმპტომები უმეტესწილად არასპეციფიკურია: პატარა ბავშვებში მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება, ხოლო შედარებით მოზრდილებში — ტკივილები ზურგისა და გვერდის არეებში, რაც, როგორც წესი, არ არის თირკმელებში კენჭების არსებობის სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზები

პედიატრთა ასოციაციის მონაცემებით, თირკმელკენჭოვანი დაავადება — ნეფროლიტიაზი ძირითადად ამ დაავადებისადმი მიდრეკილ ბავშვებში იჩენს თავს. ასე რომ, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეს პრობლემა აქვს, პედიატრმა აუცილებლად უნდა იცოდეს ამის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რისკის ჯგუფში ძირითადად ახალშობილობის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.

სპეციალისტების თქმით, თირკმელკენჭოვანი დაავადება ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს:

  • ორგანიზმში მჟავა–ტუტოვანმა დისბალანსმა;
  • არასაკმარისი რაოდენობით წყლის სმამ;
  • მოზარდობის პერიოდში ჰორმონალურმა დარღვევებმა;
  • ურინას მახასიათებლის შეცვლამ;
  • ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინ В-ს ჭარბმა რაოდენობამ;
  • А–ვიტამინის ნაკლებობამ.

გარდა ამისა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაწლავების ანთებითი დაავადებები თუ შარდსადენი გზების ინფექციები (უფრო ხშირად) ასევე შეიძლება გახდეს თირკმლებში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი.

სიმპტომები

როგორ შეიძლება დავადგინოთ, რომ პატარას თირკმლის ტკივილი აწუხებს:

  • ბავშვი, ცდილობს რა, თავი დააღწიოს ტკივილს, გამუდმებით წრიალებს საწოლში და გვერდს იცვლის, შფოთავს;
  • სხეულის ტემპერატურა აწეული აქვს;
  • შარდში შეინიშნება სისხლი;
  • ტკივილი თავს იჩენს არა მარტო წელის, არამედ საზარდულის არეში, მუცელსა და სასქესო ორგანოში;
  • ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ვეგეტატიური დარღვევებიც გულისრევის, პირღებინების, ძლიერი ოფლდენის სახით.

გახსოვდეთ: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშებში თირკმელკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული ტკივილები შეიძლება არც აღინიშნებოდეს, ან ძალიან სუსტად იყოს გამოხატული.

მკურნალობა

ექიმები თირკმელკენჭოვანი დაავადების მკურნალობისას თავდაპირველად ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ კენჭი თავისით „გაქრეს“, რისთვისაც ბავშვს დიდი რაოდენობით სითხის მიღებას უნიშნავენ.

აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება სამკურნალო პრეპარატები.

თუ მეთოდები არასაკმარისი გამოდგა, მაშინ კენჭს ულტრაბგერითი ზემოქმედებით ან ქირურგიული ოპერაციის გზით აშორებენ.

რეციდივის პროფილაქტიკა

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თირკმელკენჭოვანი დაავადება დაუდასტურდა, ექიმები რეციდივის (გამეორება) თავიდან ასარიდებლად პატარის კვებისას შემდეგი რეკომენდაციების დაცვას გვირჩევენ:

ბალანსირებულად კვებეთ ბავშვი ხშირად და მცირე ულუფებით;

უარი თქვით მარილსა და ცხარე სანელებლებზე;

გააძლიერეთ სითხის მიღების რეჟიმი — საჭირო ნორმა დაადგინეთ ექიმთან.

გახსოვდეთ: თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია და ამას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს!
49
თემები:
ექიმი გირჩევთ
Пандемия коронавируса COVID 19 - реаниматологи во Франции

ექიმი კატეგორიულად გაფრთხილებთ: აუცილებლად გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება, თუ...

90
(განახლებულია 21:12 26.01.2021)
არიან ადამიანები, რომლებისთვისაც არტერიული წნევის მატება ლამის ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული და ამიტომ სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რასაც შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც არტერიული წნევის მატების გამო პაციენტები სასწრაფო დახმარებას არ იძახებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, აცხადებს კარდიოლოგი სერგეი ივანოვი.

მისი თქმით, არსებობს პირობები, როდესაც ექიმის დახმარება წნევის პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაუდებლად აუცილებელია.

კარდილოგის განმარტებით, სასწრაფო უნდა გამოიძახოთ, თუ მედიკამენტების მიღებიდან საათ-ნახევრის გასვლის შემდეგაც კი წნევა კი არ მცირდება, არამედ, პირიქით, მისი გაზრდის ტენდენცია შეინიშნება.

„ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფი ჩარევა და არტერიული წნევის შესამცირებლად უფრო აგრესიული თერაპია“, — აღნიშნავს ივანოვი.

გარდა ამისა, ექიმი მოგიწოდებთ, გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება, თუ გულის არეში ტკივილი მედიკამენტების მიღებიდან თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გაქრება.

  • „ამ დროს ყოველთვის არის ეჭვი მიოკარდიუმის ინფარქტზე, ამიტომაც მოქმედებს „ოქროს ნახევარი საათის“ წესი“, — აღნიშნავს ის.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ლოდინის ზედმეტი ოცდაათი წუთი მნიშვნელოვნად გააუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

 

90
თემები:
ექიმი გირჩევთ
კოვიდ-შეზღუდვების-საწინააღმდეგო აქცია

რა შემთხვევაში შერბილდება კოვიდ-შეზღუდვები: ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გაიმართა

0
პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე შეხვედრა გაიმართა

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი ყოველი კვირის თავზე მოხდება და ეკონომიკის სხვა დარგების ეტაპობრივად გახსნა აქედან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის დავალებით და პირველი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

ტურისტული, რესტორატორთა და სამთო კურორტების ასოციაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად მიღწეულ შედეგებზე და აღინიშნა, რომ თითოეული ნაბიჯი შემსუბუქების მიმართულებით უნდა გადაიდგას ფრთხილად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგის საფუძველზე, რათა ინფიცირების შემთხვევები ისევ მკვეთრად არ გაიზარდოს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესში მთავრობა ხელმძღვანელობს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით და სწორედ ამიტომ, შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მათ შორის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, რომელიც 4%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად „ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული მაჩვენებლის დასტაბილურებამდე არარელევანტურია“.

„დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით“, - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, არის მიდგომა, რომ გადაწყვეტილება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას მიღებული, არამედ მოხდება რეგიონების მიხედვით ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად  სხვა დარგების გახსნა.

„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და იმათაც ეხლა ვხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ასევე დადებითია ის ფაქტი, რომ 1 თებერვლიდან იხსნება ფრენები და საერთოდ უქმდება ნებისმიერი  შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე.

„მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე, რადგან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კვირას, მთავრობის შენობის წინ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა – მთავრობას შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად 48 საათი მიეცა. ულტიმატუმის ვადა დღეს ამოიწურა.

0