ტკივილი ზურგის არეში

„წითელი ალმები“: როდის არის ზურგის ტკივილი საშიშროების სიგნალი

149
(განახლებულია 17:56 22.12.2020)
გამორიცხული არ არის, ზურგის ტკივილი სულ სხვა რამეზე მიანიშნებდეს და არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ხერხემლის პრობლემებთან.

ოსტეოქონდროზი არის ზურგის ტკივილის მთავარი პრობლემა. ეს დიაგნოზი იყოფა უფრო მცირე ზომის პათოლოგიებად. და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის მიდგომა შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგრამ არსებობს „წითელი ალმები“, ანუ სიგნალები, რომლებსაც სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგრჩებათ ერთადერთი გზა — ოპერაცია.

როგორც ნეიროქირურგ-ვერტებროლოგი კირილ რებროვი აცხადებს, ქირურგიული ჩარევა განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტკივილი არ ცხრება და ადამიანს მოძრაობა–გადაადგილება უჭირს.

„თუ პაციენტს აქვს ტკივილი წელის არეში თუ ფეხებში და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ შველის, მაშინ ექიმი MRI-ზე დიაგნოზის დასაზუსტებლად გზავნის. და თუ ეს ხერხემლის დისკის კლასიკური თიაქარია, მაშინ საწყის ეტაპზე ქირურგიულ ჩარევაზე არ ვსაუბრობთ. პირველ რიგში, მკურნალობის კურსი მოიცავს წვეთოვნებს, ინექციებს, შესაძლოა „ბლოკადასაც“, მასაჟსა და ფიზიოპროცედურებს. ეფექტს, როგორც წესი, 3-4 კვირის განმავლობაში ველოდებით. მაგრამ თუ პაციენტს ტკივილის სინდრომი უნარჩუნდება, არ შეუძლია ღამით ძილი, სიარული, მშვიდად მუშაობა, მაშინ უკვე ვთანხმდებით ოპერაციაზე — ხერხემლის არხიდან უნდა ამოვიღოთ ის, რაც მას აწვება“, — ამბობს სპეციალისტი.

მაგრამ ზოგჯერ ზურგის ტკივილი სხვა რამეზე მიანიშნებს და შესაძლოა არც კი უკავშირდებოდეს ხერხემალს. მაგალითად, ამაზე მეტყველებს ტკივილი ზურგის არეში, რომელიც მოსვენების დროსაც არ ცხრება. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მაშინაც, თუ ღამით ტკივილი ძლიერდება, ხოლო ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მცირდება. ეს სიმპტომები შეიძლება ანთების არსებობაზე მიუთითებდეს.

თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ: ექიმები სისხლის კიბოს უჩვეულო ნიშნებს ასახელებენ>>

რევმატოლოგები ასახელებენ სიმპტომებს — „წითელ ალმებს“, რომელთა დროსაც აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება:

  • თუ ზურგის არეში ტკივილის გარდა პაციენტს აქვს მომატებული ტემპერატურა და გაურკვეველი მიზეზებით იკლებს წონაში;
  • თუ ტკივილი არ ქრება ოთხ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • თუ ადამიანს მანამდე ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული;
  • თუ ზურგი პირველად 20 წლამდე ასაკში ან 50 წლის შემდეგ აგტკივდათ.

ასეთ შემთხვევებში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტაროს, რათა თავიდან აიცილოს პათოლოგიებისა და გართულებების ხანგრძლივი მკურნალობა.

149
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

357
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

357
თემები:
ექიმი გირჩევთ
ძალადობა ბავშვზე

ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუ... რამ უნდა გააფაციცოს მშობელი

203
(განახლებულია 22:03 14.01.2021)
ამ მასალის გაკეთება სამწუხარო რეალობამ გვიკარნახა: ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

უპირველესად იცოდეთ, რომ:

„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

  • ნუ დატოვებთ მცირეწლოვან შვილს მარტო სხვასთან დიდი ხნით. თუ მაინც მოგიწიათ ეს, შეეცადეთ მოულოდნელად დაბრუნდეთ ან შორიდან გააკონტროლოთ მათი ერთად ყოფნის პერიოდი;
  • ასწავლეთ მცირეწლოვან ბავშვს სხეულის ნაწილების სახელები. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში უცბად ტირილი დაიწყო და აღმზრდელს ჩუმად გაანდო, რომ „მამიკომ ისევ შეუჭამა ორცხობილა“. აღმზრდელმა ბავშვს დასამშვიდებლად სხვა ორცხობილა მისცა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რეალურად რა იგულისხმებოდა „ორცხობილის ჭამაში“;
  • აუხსენით შვილს პირადი სივრცის საზღვრები. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რას ნიშნავს მიუღებელი, დაუშვებელი შეხება. პატარები ბევრად უკეთესად აღიქვამენ ვიზუალურ მაგალითებს. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ან თავად ჩაიცვით, ან მას ჩააცვით და უთხარით, რომ ადგილებზე, რომლებსაც „პლავკები“ ფარავს, ხელი არავის არ უნდა მოაკიდებინოს;
  • გაიცანით ყველა უფროსი, მათ შორის ბავშვებიც, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს და ვისაც ენდობა;
  • აუხსენით, რა სახის საიდუმლო უნდა დაფაროს და რა - არა;
  • ჩამოაყალიბეთ შვილთან იმდენად მეგობრული ვითარება, რომ ყველაფერი გიამბოთ, არ დაგიმალოთ, თუ რაიმე უხერხულ ან გაუგებარ ვითარებაში მოხვდა;

რამ უნდა შეგაშფოთოთ ბავშვის ქცევაში:

ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.

დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი!

იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.

თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!

ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.

საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.

რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.

203
თემები:
მშობლები და შვილები
ყვავილები ზღვის სანაპიროზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვარი

0
(განახლებულია 13:33 17.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 18 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს განსაკუთრებით აქტუალური იქნება სიახლეებისადმი მისწრაფება. ჩვეული საქმიანობა და მოვალეობები მოსაწყენი გახდება და მათი სამომავლოდ გადადების სურვილი გაჩნდება. გამძაფრდება ემოციურობა, ცნობისმოყვარეობა და თუ ზოგიერთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას შეეცდებით, დღე, შესაძლოა, საკმაოდ მრავალფეროვანი და კაშკაშა გამოვიდეს. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს კამათია, რომელიც სულ უსაფუძვლოდ შეიძლება დაიწყოს და შემდეგ მისი შეჩერება ძალიან გართულდება.

სიყვარული თეთრი ხარის ეგიდით – რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს სასიყვარულო ასპარეზზე>>

ვერძი: დღეს დიდი ალბათობაა, რომ თქვენი ურთიერთობების გამოცდა მოეწყოს. ეს შეიძლება იყოს სამუშაო კონტაქტების ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების შემოწმება. დღე კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობას შეუწყობს ხელს და თუ გამწვავებას მოერიდებით, მთელი დიპლომატიური უნარების გამოჩენა მოგიწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ როგორც არ უნდა მოგინდეთ გარშემომყოფების გაკრიტიკება, თავი შეიკავეთ და ეს არ გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალზე სავალალო შედეგები შეიძლება დადგეს.

კურო: ყურადღება გმართებთ იმის მიმართ, რასაც ირვლივ მყოფნი ლაპარაკობენ: შესაძლოა, რაღაც საინტერესო გაიგოთ, მაგალითად, ინფორმაცია, კარგი იდეა. დღეს ასევე არ ღირს გარშემომყოფების რჩევების იგნორირება, შემოთავაზებულ დახმარებაზე უარის თქმა, რადგან თქვენი წარმატების გასაღები არა მხოლოდ პირადი ძალისხმევა, არამედ გვერდით მდგომი ადამიანების ხელშეწყობაც იქნება.

ტყუპი: დღეს თქვენი ცნობისწადილი ძალზე გაზრდილი იქნება, ასევე თქვენი ემოციებით დამუხტავთ გარშემომყოფებს. შესაძლოა, სწორედ დღეს ახალი ჰობი გაგიჩნდეთ, ან ვინმე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ რომანტიკული ურთიერთობებისთვის. თქვენი ცნობისმოყვარეობა იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთების გადადგმა შეგიძლიათ. ამასთან ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი დღევანდელი გატაცება, დიდი ალბათობით, მყარი არ აღმოჩნდება და გაჩენილი ნაპერწკალი მალე მინავლდება.

კირჩხიბი: ვარსკვლავები დღეს კარგ შესაძლებლობებს მოგცემენ ისეთ საქმეებში, რომლებიც დაკავშირებულია გონებრივ მუშაობასთან და მოფიქრება–დაგეგმვასთან. არცთუ წარმატენული დღეა იმისთვის, რომ იდეებს ცხოვრებაში შეასხათ ხორცი, მაგრამ მათი გენერირებისთვის იდეალური დროა. დღეს მოფიქრებულ გეგმებს წარმატების დიდი შანსები აქვს. ასე რომ, ძილშიც კი მზად იყავით, რომ თუ გენიალური იდეა გეწვიათ, მაშინვე ჩაინიშნოთ და შემდეგ ცხოვრებაში განახორციელოთ.

ლომი: დღეს თქვენთვის ერთ ადგილზე ჯდომა უკუნაჩვენებია. ცხოვრება ახალ მოვლენებს, ემოციებს, შთაბეჭდილებებსა და სისხლში მეტ ადრენალინს მოითხოვს. დღეს ორ რამეში არ უნდა შეაკავოთ თავი: მოძრაობასა და ურთიერთობებში. ფიტნესი, შოპინგი, დილის გარბენა, ახალი ნაცნობობა – ეს ყველაფერი თქვენთვის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. შესაძლოა, სპორტის ექსტრემალური სახეობებით ნერვების „შეტოკება“ მოგინდეთ, ან უცნობთან ფლირტი. და რატომაც არა? მთავარია, სიტუაციაზე და საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოთ.

ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი. საერთო ენის გამონახვა მეგობრებთან და ახლობლებთანაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ. ამის მიზეზი თქვენი კატეგორიულობა და კომპრომისზე წასვლის სურვილის არქონა გახდება. თუნდაც ასე არ იყოს, დღეს უსაზღვრო მოთმინებისა და დიპლომატიურობის გამოჩენა მოგიწევთ. ბოლოს და ბოლოს, თუ კამათი პრინციპუყლ საკითხებს არ შეეხება, რატომ არ უნდა დათმოთ? ეს ჯობია, ვიდრე მთელი დღე იმის გამორკვევაში გაატაროთ, ვინაა დამნაშავე და რა გააკეთოთ ამის შემდგომ.

სასწორი: დღეს ვითარებამ, შესაძლოა, არჩევნის წინაშე დაგაყენოთ და ტანჯვად გექცეთ საკითხი, თუ რა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. არჩევანი შეიძლება შეეხებოდეს სამუშაო პროექტებს, საყიდლებს ან პირად ცხოვრებას, შეიძლება სიყვარულის საკითხებს და თქვენს მომავალ ცხოვრებასაც. მთავარი ისაა, რომ როდესაც არჩევანს გააკეთებთ, სხვა ვარიანტები უნდა დაივიწყოთ, ამიტომ ვარსკვლავები მოგიწოდებენ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. და საუკეთესო არჩევნისთვის წესი ასეთი იქნება: გული გიკარნახებთ, რა გააკეთოთ და გონება – რა არ გააკეთოთ.

მორიელი: დღეს თქვენი გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდება: სურვილი ერთ მხარეს გიბიძგებთ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – მეორე მხარეს. თუ ასეთი რამ მოხდა, ექსპერტები გირჩევენ, არ აჩქარდეთ, რადგან, დიდი ალბათობით, რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, არასწორი იქნება. ნამდვილი გადაწყვეტილება გულითა და გონების ერთად უნდა მიიღოთ. თუ თავდაჯერებული არ ხართ, მაშინ აჯობებს, სხვა ვარიანტები მოძებნოთ.

მშვილდოსანი: დღეს კარგი შესაძლებლობები მოგეცემათ იქ, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ახალი ნაცნობობის გაბმის საშუალება გაქვთ. ხართ უმაღლეს დონეზე კომუნიკაბელური, ადვილად აბამთ ურთიერთობებს. თუ ძველი პრობლემის გადაჭრისთვის ახლებურ დამოკიდებულებას გადაწყვეტთ, წარმოსახვა გამოიყენეთ. თქვენი ფანტაზია იდეალურად მიესადაგება არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ეს უნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ მუშაობაშიცა და ოჯახურ ცხოვრებაშიც.

თხის რქა: დღეს რუტინული სამუშაოს შესრულების განწყობა არ გექნებათ, რადგან მოგზაურობის სურვილის „ქარი დაუბერავს“. ვარსკვლავები გირჩევენ, სასიამოვნო სასარგებლოს შეუხამოთ და შვებულება დაგეგმოთ, თუნდაც მანამდე დიდი დრო იყოს დარჩენილი. ეს სამომავლო მიზანს დაგისახავთ, მოგცემთ მძლავრ პოზიტივს და ყოველდღიურ ყოფასთან შეგუებაში დაგეხმარებათ.

მერწყული: თავს სახლიდან მოშორებით იგრძნობთ. ოფისში ან სახლში მუშაობის განწყობა არ გექნებათ. გაჩნდება სურვილი, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ, გამდიდრდეთ ახალ–ახალი შთაბეჭდილებებით. გაისეირნეთ, შესაძლოა, რომანტიკულ ნაცნობობასაც გამოჰკრათ ხელი, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს. ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს გაამდიდრებს.

თევზები: დღეს განწყობა გექნებათ იმგვარი, რომ დროის სახლში გატარება არ მოგინდებათ. თუ ინერტულობას გადალახავთ და სახლიდან გახვალთ, არ ინანებთ – გაქვთ შანსი, რომ დრო საინტერესოდ გაატაროთ, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები. დროა, გაალამაზოთ ყოველდღიურობა და გახსოვდეთ, რომ კარგი დღე ისაა, რომელშიც ჩვეულ წესებს არ იცავენ და დღე არ იწყება მაღვიძარითა და არ მთავრდება ტელევიზორით.

0