კაცი ტყეში

სიარულის უპირატესობები ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ებრძვის დაავადებებს, ამაღლებს განწყობას

277
(განახლებულია 19:06 21.12.2020)
საჭიროა მეტი მოძრაობა. 21-ე საუკუნემ ბევრ სიკეთესთან ერთად ბევრი ზიანიც მოიტანა. მათ შორისაა „უმოძრაობა", გამუდმებული ჯდომა ერთ ადგილზე, რასაც უამრავი პრობლემა მოაქვს ადამიანის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

უმოქმედობა, არააქტიურობა მთელ მსოფლიოში მოზრდილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ყოველდღიური სიარული ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მაგალითად, დღეში 20–25 წუთი სიარული სამიდან შვიდ წლამდე ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მათ შორის, ამგვარად სიცოცხლის გახანგრძლივება ოთხი წლით მწეველებსაც შეუძლიათ. სიარული ძალზე სასარგებლოა ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების დაავადებები, დიაბეტი და სხვ.

მეცნიერულად დასაბუთებულია: ფეხით სიარული კარგია არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის>>

ჩვენს ეპოქაში მოზრდილთა უმეტესობა დღეში დაახლოებით 10 საათი ზის. კვლევები აჩვენებს, რომ პასიურობის ამ დონის განეიტრალება მხოლოდ დღის ბოლოს ვარჯიშს არ შეუძლია. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა ზომიერი და უწყვეტი მოძრაობა ფხიზლად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

რა სარგებლობა მოაქვს სიარულს

  • სიარული სასარგებლო ბიოქიმიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში
  • სიარული ამტკიცებს ჯანმრთელობას და ხელს უწყობს დიდხანს სიცოცხლეს
  • სიარული შველის ადამიანს პრობლემების გადალახვაში
  • სიარული ხელს უწყობს წონაში დაკლებას. მოსიარულეები, ჩვეულებრივ, უფრო ნაკლებს იწონიან, ვიდრე სხვა სახეობის ვარჯიშის მოყვარულები.

რა ხდება სიარულის დროს ადამიანის სხეულში

პირველი ნაბიჯების გადადგმისას ორგანიზმი იწყებს ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ენერგიით სწრაფად დამუხტვის საშუალებას იძლევა.

ცოტა ხნის შემდეგ პულსი 70-დან დაახლოებით 100 დარტყმამდე ადის წუთში. სისხლის მიმოქცევის გაზრდა ახურებს კუნთებს. მოძაობის შესაბამისად სხეული აწარმოებს მეტ სითხეს სახსრებში და ამით ამცირებს შებოჭილობას.

სიარული 6–10 წუთის განმავლობაში – პულსი ადის 140-მდე წუთში და სხეული ერთ წუთში წვავს ექვს კალორიამდე. მართალია, სისხლის წნევა დაძაბულობის გამო მოიმატებს, მაგრამ ამას დაუპირისპირდება ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად, აზოტის ოქსიდი, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს.

ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს, რომ დიდი რაოდენობის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიეწოდოს კუნთებსა და ორგანოებს, მათ შორის, გულსა და თავის ტვინს. დროთა განმავლობაში რეგულარული სეირნობა ამცირებს არტერიულ წნევას, თუ ადამიანს მაღალი წნევისკენ აქვს მიდრეკილება.

სეირნობა 11-დან 20 წუთამდე – ზრდის სხეულის ტემპერატურას და ოფლიანობას, რადგან კანის ზედაპირთან ახლო მყოფი სისხლძარღვები ფართოვდება, რათა სითბო გამოყოს. ამ დროისათვის ორგანიზმი წვავს დაახლოებით შვიდ კალორიას წუთში.

გულის კუმშვის სიხშირის ზრდა ადამიანს ღრმად სუნთქვას აიძულებს. ეპინეფრინი (ადრენალინი) და გლუკაგონი ამ დროს იზრდება, რათა გაიზარდოს კუნთების აქტიურობა. ადრენალინი ორგანიზმს ეხმარება ასთმისა და ალერგიისგან გათავისუფლებაში.

სიარული 21–45 წუთის განმავლობაში – ორგანიზმი, ინსულინის დონის ვარდნის გამო, იწყებს მეტი ცხიმის დაწვას. ამ მომენტში იგრძნობა დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოდუნება, რადგან ტვინი იწყებს ენდორფინების (ე.წ. ბედნიერების ჰორმონი) გამოშვებას, რომლებიც ადამიანს აიძულებს, „თავი კარგად იგრძნოს“.

D ვიტამინი – იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი>>

სიარული აუმჯობესებს მეხსიერებას და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ თავსატეხი გაქვთ გაჩენილი, ნამდვილად ღირს გასეირნება, რაც საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ სიარული შემოქმედებით პოტენციალს საშუალოდ 60 პროცენტით ზრდის.

30–45 წუთი სიარულის შემდეგ სხეული ივსება ჟანგბადით, იწვება ცხიმი დიდი რაოდენობით, უმჯობესდება გულისა და სისხლძარღვების მუშაობა, მაღლდება იმუნიტეტი. ეს ყველაფერი იმ პირობით, თუ სეირნობთ სუფთა ჰაერზე, ასევე საუკეთესო იქნება, თუ მზეცაა – ამით გაიზრდება თქვენი დადებითი განწყობა და ასევე D–ვიტამინის გამომუშავება (განსაკუთრებით კარგია დილის მზის სხივები).

ასევე სასარგებლოა სიარული მათთვის, ვინც დეპრესიას ებრძვის – დააღწიეთ თავი ბეტონის ჯუნგლებს და გადით სასეირნოდ ბუნებაში – ეს გაგიუმჯობესებთ განწყობას და გიშველით ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევაში.

სიარული აჯანსაღებს ორგანიზმს, ამტკიცებს ჯანმრთელობას და ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ:

სიარული დღეში 20–25 წუთის განმავლობაში (კვირაში 140–175 წუთი) ადამიანს სიცოცხლეს სამიდან შვიდ წლამდე უხანგრძლივებს.

კვირაში მხოლოდ ორი საათის სიარული ამცირებს სიკვდილიანობას ხნიერ ადამიანებში.

სწრაფი ტემპით სიარული ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას ჭარბი წონის ადამიანებშიც კი.

სიარულის მეშვეობით სიცოცხლის გახანგრძლივება დაახლოებით ოთხი წლით მწეველებსაც შეუძლიათ. ყოფილ მწეველებს კი ხუთი–ექვსი წლით.

საათზე ნაკლები მსუბუქი აქტიურობა კვირაში სიკვდილიანობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?>>

სიარული გიშველით ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა გაწუხებდეთ. კვლევებმა დაადგინა, რომ ყოველდღიური სიარული ამცირებს ინსულტის რისკს 60 წელს ზემოთ მამაკაცებში. ყოველდღიური სიარული 1 ან 2 საათით მას ამცირებს მესამედით. და ტემპს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს.

სიარული ასევე ამცირებს შემდეგ რისკებს

  • დიაბეტის (ტიპი 2)
  • დეპრესიისა და განგაშის
  • დემენციისა და ალცჰაიმერის
  • ართრიტის
  • ჰარმონიული დისბალანსის
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების
  • წინამენსტრუალური სიმპტომების
  • დაღლილობის
  • ვარიკოზის
  • შეკრულობის

ადამიანის სხეული სწორედ სიარულისთვისაა განკუთვნილი. ჩვენს ისტორიულ წარსულში, სანამ ავტომობილი და თუნდაც ცხენი და ეტლი გაჩნდებოდა, ადამიანები ფეხით დადიოდნენ, ყოველდღე და ხანგრძლივად.

მითი „გაცვეთილი" სხეულის შესახებ და რეალობა>>

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ბევრი იმოძრაოს? ამისთვის დღეში მხოლოდ ერთხელ სასეირნოდ გასვლა საკმარისი არაა, საჭიროა მეტი მოძრაობა. ჯდომის ყოველი ერთი საათის შემდეგ აუცილებლად იმოძრავეთ სულ ცოტა ხუთი წუთი. ამას გარდა, გაისეირნეთ, მაგალითად, დერეფანში და ისე ესაუბრეთ თანამშრომელს იმის ნაცვლად, რომ მას ელექტრონული შეტყობინება გაუგზავნოთ, კიბეზე იმოძრავეთ ფეხით და არა ლიფტით. ავტომობილი სახლისა თუ ოფისის შესასვლელიდან მოშორებით გააჩერეთ, გამოიყენეთ შესვენების ნაწილი არა მხოლოდ კვების, არამედ სიარულისთვისაც და ა.შ.

277
თემები:
სასარგებლო რჩევები (447)
მძინარე ქალი

არც ისე სასარგებლო, მაგრამ ეფექტური: ექიმი სწრაფი ჩაძინების მარტივ მეთოდს ასახელებს

213
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
უძილობა კვლავაც რჩება ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, თუმცა არსებობს მისი აღმოფხვრის ეფექტური ხერხი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.

„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.

ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.

სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.

 

213
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას

არც იშიმშილოთ და არც ძალიან დაიტვირთოთ: 12 მარტივი ხრიკი წონაში სწრაფად დასაკლებად

289
(განახლებულია 20:24 22.01.2021)
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ და წონასაც ზედმეტი დატვირთვის გარეშე დაგაკლებინებთ 

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.

ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება: 

  • გააზავეთ დღე მოკლე ფიზიკური დატვირთვებით. მაგალითად: კბილების გახეხვის დროს ჩაჯდომებით, ტელევიზორის ყურებისას კედლიდან აწევებით; რამე საქმიანობის დროს ადგილზე სირბილით;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება;
  • არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ;
  • შეცვალეთ ხილის წვენი და ტკბილი სასმელები წყლით, ჩაით ან რძით;
  • დაიწყეთ ყოველი დილა 10-წუთიანი სეირნობით;
  • ძირითადი კვების დროს ჭამეთ მეტი, რომ მოგვიანებით არ წაიხემსოთ;
  • თუ ტკბილეული გიყვართ, შეცვალეთ რძიანი ან თეთრი შოკოლადი 70%-იანი შავი შოკოლადით;
  • ყოველკვირეულად გასინჯეთ ახალი ბოსტნეული;
  • შეადგინეთ საყიდლების ჩამონათვალი სუპერმარკეტში წასვლამდე, რათა თავიდან აიცილოთ საკვებზე სპონტანური ხარჯები;
  • სთხოვეთ მეგობარს, ისეირნოდ თქვენთან ეთად კვირაში ორჯერ;
  • მოძებნეთ პოზიტიური ემოციების მიღების ალტერნატიული გზები — საკვების გარდა. სცადეთ თავსატეხების ამოხსნა, მეგობართან საუბარი ან სხვა რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ;
  • ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს გარკვეულ საკვებს. თუ ძალიან გსურთ რაიმეს ჭამა, უარი კი არ თქვათ, უბრალოდ მიირთვით ის აუჩქარებლად.

 

289
თემები:
ექიმი გირჩევთ
ტურისტული ბიზნესის საპროტესტო აქცია თბილისში

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...

0
საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოიხსნას, თუმცა გარკვეული შემსუბუქების დრო ნამდვილად დადგა, განაცხადა ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

„ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად მოგვეხსენება, რომ რეგულაციების სრული მოხსნა გარკვეულ დროში, დაახლოებით, 1-2 თვეში იწვევს მდგომარეობის ძალიან ცუდი მიმართულებით წასვლას და შემდგომ გართულებებს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

ინფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში თუ ერთბაშად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, შეიძლება კვლავ ისეთი ეპიდვითარება შეიქმნას, როგორიც დეკემბრის თვეში იყო.

„შემთხვევები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ ჩვენთან უკვე დაფიქსირებულია ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხელაღებით მოვხსნით ყველა შეზღუდვას, შეიძლება იმავე მდგომარეობაში ჩავვარდეთ, როგორშიც ვიყავით დეკემბერში. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა შემსუბუქდეს“, - ამბობს ჩოკოშვილი.

საქართველოში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის, ზამთრის კურორტების და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0