თაფლი

რა რაოდენობის თაფლია დასაშვები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს: ექიმის რჩევა

470
(განახლებულია 19:34 18.12.2020)
სწორი დოზის შემთხვევაში თაფლს ანგინის განკურნებაც კი შეუძლია, ჭარბ რაოდენობას კი მხოლოდ ზიანი მოაქვს ადამიანისთვის, მიაჩნია ენდოკრინოლოგს

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დიდი რაოდენობით თაფლის მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, აცხადებს ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ზუხრა პავლოვა.

„პირველ რიგში, თაფლი ძალიან კალორიული პროდუქტია. მეორეც, ფრუქტოზის ჭარბი რაოდენობა (თაფლი ძირითადად მისგან შედგება) ღვიძლის ცხიმოვან გადაგვარებას  იწვევს. ამასთან აპროვოცირებს მუდმივ მადას, რადგან ბლოკავს ჰორმონ ლეპტინის რეცეპტორებს, რომელიც დანაყრებაზეა პასუხისმგებელი“, — წერს სპეციალისტი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.  

მისი თქმით, დღეს ძალიან ძნელია „პატიოსნად წარმოებული ჯადოსნური თვისებების მქონე თაფლის“ შოვნა.  მთავარი პრობლემა პესტიციდებია, რომელთა უკონტროლო გამოყენების გამო ფუტკრები იღუპებიან.

„პესტიციდები დიდი ხნის წინ გამოიგონეს და, სავარაუდოდ, ისინი უკვე მოხვდა იმ მინდვრებში, სადაც ფუტკრები დაფრინავენ. და რას მივიღებთ შედეგად? რა თქმა უნდა, არა სამკურნალო პროდუქტს“, — ამბობს ექიმი.

სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ დიდი რაოდენობით თაფლი აბსოლუტურად ჯანმრთელმა ადამიანმაც კი არ უნდა მიირთვას ყოველდღე, რომ აღარაფერი ითქვას გარკვეული დაავადებების მქონეებზე.

„დროდადრო მხვდებიან დიაბეტით დაავადებულები, რომლებსაც რატომღაც მიაჩნიათ, რომ თაფლის მიღება შეუძლიათ. უფრო მეტიც, მათი აზრით, თაფლისგან უკეთესად გახდებიან. ეს არის ძალიან საშიში მცდარი დასკვნა, რამაც შეიძლება კომა გამოიწვიოს“, — განმარტავს ენდოკრინოლოგი.

ამავე დროს, სპეციალისტი გვახსენებს, რომ კარგი თაფლი შესანიშნავი ანტისეპტიკური და აღმდგენი საშუალებაა. მაგალითად, ანგინის დროს, შეგიძლიათ კარგად გამოივლოთ ყელი და ერთი პატარა კოვზი თაფლი გაწუწნოთ — მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ექიმის თქმით, თაფლს ანგინიანისთვის მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სარგებელი.

 

470
მძინარე ლომი დივანზე

თუ დაღლილი იღვიძებთ: სახელდება ძილის საუკეთესო და მავნებელი პოზები

57
მეცნიერებმა ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოავლინეს ძილისთვის საუკეთესო და ასევე მავნებელი პოზები

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბევრი ადამიანი ძილის შემდეგ დაღლილობას მაინც გრძნობს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ღამის დასვენებისთვის კომფორტული პოზის შერჩევით, მიაჩნიათ მეცნიერებს.

ნორვეგიელი და დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რათა ძილისთვის იდეალური პოზა დაედგინათ. სკანდინავიელი ექსპერტების აზრით, მარცხენა მხარეს წოლისას ადამიანი კარგად იძინებს და დილაობით თავს შესანიშნავად გრძნობს.

ამის დასამტკიცებლად მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 20-დან 65 წლამდე ასაკის 1119 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოხალისეთა მდგომარეობას. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ძილის დროს სხეულის მდგომარეობასთან, და რომ მარცხენა მხარეზე წოლა ოპტიმალური პოზიციაა.

ვისთვის არის სასიკვდილოდ სახიფათო დღისით ძილი: ქვეყნდება კვლევის შედეგები>>

ამასთან ამერიკელმა სპეციალისტებმა კვლევებით დაადგინეს, ძილის რომელი პოზაა ყველაზე მავნე.

ექსპერიმენტმა აჩენა, რომ მუცელზე ძილი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ვინაიდან ამ დროს ადამიანი ვერ სუნთქავს მთელი მკერდით და თანაც უბუჟდება კისრის კუნთები, რაც მავნებელია სისხლძარღვებისთვის. გარდა ამისა, იდრიკება ზურგი, რის გამოც შინაგან ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. 

57
თემები:
ექიმი გირჩევთ
ვაშლები კალათში

ვისთვის არ შეიძლება ვაშლის ჭამა: ექიმები ასახელებენ კატეგორიებსა და უსაფრთხო რაოდენობას

59
(განახლებულია 14:28 20.01.2021)
ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის გამორჩევა რთულია, ამიტომ მიირთვით ყველა და ცოტ-ცოტა — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, თუ...

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშეა დასაშვები, ფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უმჯობესია, სხვადასხვა სახეობის მონაცვლეობა, ვინაიდან თითოეული მათგანი განსხვავებულ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, მიაჩნიათ ექიმებს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გირჩევთ დღეში მინიმუმ 400 გრამი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას. ამავდროულად, თვალყური ადევნეთ, რომ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა გარკვეულ პროპორციაში იყოს. საშუალოდ დღეში ორი დიდი ვაშლის ჭამა შესაძლებელია ზიანის მიყენების გარეშე“, — ამბობს  ექიმ-თერაპევტი, დიეტოლოგი ეკატერინა ბურლიაევა.

ექიმი აღნიშნავს, რომ ვაშლი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს —რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, საკვები ბოჭკო ნაწლავებში დადებითი მიკროფლორის ზრდის სუბსტრატია და ასევე შეუძლია ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინისა და გლუკოზის გამოდევნა.

სპეციალსტის თქმით, ვაშლი ასევე შეიცავს სხვადასხვა მიკროელემენტს, მაგალითად მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, კალციუმს, აგრეთვე B, C, E ჯგუფის ვიტამინებს. თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დღიური ნორმა შეივსოთ.

„წითელი ვაშლი შეიცავს ანტოციანებს, რომლებიც მას ფერს აძლევს. ანტოციანები მნიშვნელოვანი ნივთიერებებია, ანტიოქსიდანტებია, ისინი იცავს ჩვენს ორგანიზმს დაბერებისგან. გარდა ამისა, მხედველობისთვისაა საჭირო. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვაშლში არც იმდენი ანტოციანებია, რომ მათ წყაროდ ჩაითვალოს“, — აღნიშნავს ბურლიაევა.

ძლიერი საწამლავი: მეცნიერები ლაქებიანი ვაშლის ჭამას კრძალავენ>>

დიეტოლოგ ნატალია კრუგლოვას განმარტებით კი ვაშლი ასევე შეიცავს რკინასა და კალიუმს, მაგრამ მათი შემცველობა არც თუ ისე ბევრია. ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლო ჯიშის ვაშლის არჩევა რთულია, უმჯობესია ყველა ცოტ-ცოტა მიირთვათ — მწვანეც, ყვითელიცა და წითელიც, რადგან თითოეული მათგანი გარკვეულ სარგებელს შეიცავს.

ექიმები აზუსტებენ, რომ ვაშლი უნიკალური პროდუქტია, რადგან მისი ჭამა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. თუმცა არსებობს გამონაკლისი: წყლულოვანი დაავადების მწვავე ფაზა და პოსტოპერაციული პერიოდი. ამ შემთხვევაში ვაშლის ჭამას უნდა მოერიდოთ.

„ზოგადად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროსაც კი, ვაშლის მიღება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ, რა სახით უნდა მიირთვათ ის. მათ, ვისაც კუჭში მარილმჟავას გამომუშავების დაბალი დონე აქვთ, ნედლი ვაშლი შეუძლიათ ჭამონ. ხოლო ვისაც მარილმჟავა ჭარბი რაოდენობით აქვს ორგანიზმში და გულძმარვა აწუხებს, მისთვის გამომცხვარი ვაშლია რეკომენდებული. თუმცა ცხადია, რომ გამომცხვარ ვაშლში ყველა ვიტამინი არ ნარჩუნდება“, — განმარტავენ ექიმები.

ამასთან სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ვაშლი არ უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე ან საღამოს. მთლიანობაში კი ეს ხილი შესანიშნავია წასახემსებლად. გარდა ამისა, შეგიძლიათ თავი  ვაშლის ჩიფსებითაც გაინებივროთ, რომლებიც ზეთის გარეშე მზადდება.

59
თემები:
ექიმი გირჩევთ
ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილმა თაკო გაჩეჩილაძის ვაჟი მონათლა - ფოტოები ნათლობიდან

0
(განახლებულია 14:47 20.01.2021)
თაკო გაჩეჩილაძემ უმცროსი ვაჟი მონათლა. ნახეთ ნათლობის უსაყვარლესი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მომღერლები ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე ბავშვობის მეგობრები არიან. გოგონები დღემდე მეგობრობენ. თაკო ნინის მეჯვარეც იყო, როდესაც მომღერალი რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე დაქორწინდა.

მას შემდეგ, რაც ნინიმ, ქრისტინემ და თაკომ ბორჯომში უქმეები გაატარეს, ნინიმ 19 იანვარს თაკოს უმცროსი ვაჟი ელია მონათლა.

ნინიმ ნათლობის ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა, სადაც ეკლესიაში ნათლობის პროცესია ასახული. ელიას ცნობილი ნათლიები - მომღერალი ნინი ბადურაშვილი და დიზაინერი ანუკა ქებურია ჰყავს.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილის დედა მაისში გახდა. მომღერალმა Instagram-ზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. თაკოს ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს. მომღერალი სამი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება