ლიმონიანი წყალი

რატომ უნდა ვსვათ ლიმონიანი წყალი? განმარტავს ენდოკრინოლოგი

289
(განახლებულია 20:03 16.12.2020)
ენდოკრინოლოგი, გარდა იმისა, რომ ლიმონიანი წყლის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს, ასევე განმარტავს, ვისთვის იკრძალება ამის გაკეთება.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის მქონე ადამიანებმა ლიმონიანი წყალი უნდა სვან, აცხადებს ენდოკრინოლოგი ეკატერინა იანგი და განმარტავს, რატომაა ამის გაკეთება საჭირო.

მისი თქმით, ჭიქა თბილ წყალში ჩამატებული ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი (აუცილებლად ჭამამდე 20-30 წუთით ადრე) ასტიმულირებს კუჭის გარსის უჯრედებს მარილმჟავას გამოსამუშავებლად, რაც აუცილებელია საკვების ხარისხიანი მონელებისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოებისთვის.

სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცივი ან ყინულიანი წყლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ექიმი იანგი ასევე გვაფრთხილებს, რომ მჟავე სასმელებმა შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს, ამიტომ მათი დალევა საწრუპის საშუალებითაა სასურველი.

„ლიმონი ყველაზე მარტივი, იაფი და გავრცელებული ვარიანტია. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ ლაიმის ან გრეიპფრუტის წვენით. გამოდგება ვაშლის, ჟოლოს ან ბროწეულის ძმარიც (ერთი-ორი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მჟავე კენკრის წვენი: ქაცვის, თეთრი ან წითელი მოცხარის, შტოშისა და წითელი მოცვისა“, — წერს ენდოკრინოლოგი საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე.

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ლიმონიანი წყალი არ უნდა დალიონ გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე ადამიანებმა გამწვავების სტადიაში და ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

 

289
თემები:
სასარგებლო რჩევები (447)
მძინარე ქალი

არც ისე სასარგებლო, მაგრამ ეფექტური: ექიმი სწრაფი ჩაძინების მარტივ მეთოდს ასახელებს

188
(განახლებულია 22:11 22.01.2021)
უძილობა კვლავაც რჩება ჩვენი ნერვიული და მოუსვენარი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, თუმცა არსებობს მისი აღმოფხვრის ეფექტური ხერხი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. არსებობს სწრაფი ჩაძინების მარტივი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, არც ისე სასარგებლო ხერხი, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის ნერვული დაავადებებისა და ნეიროქირურგიის კათედრის დოცენტი მიხაილ პოლუეკტოვი.

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ძილის წინ ოთხი საათით ადრე რაიმე ტკბილის ჭამა.

„დაძინებამდე ოთხი საათით ადრე მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ბევრ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, აჩქარებს ჩაძინებას. ასე რომ, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ჩაძინებას, თუმცა სხვა თვალსაზრისით ეს არც ისე სასარგებლოა“, — აღნიშნა ექიმმა.

ადვილად ასათვისებელი, ანუ ჩქარი ნახშირწყლები, ეს მარტივი ნახშირწყლებია, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება უბრალო მოლეკულებად დასაშლელად, სისხლში მოსახვედრად და ამით ორგანიზმის საჭირო ენერგიით მოსარაგებლად. ასეთი პროცესების სიჩქარე განისაზღვრება გლიკემიური ინდექსით: რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ორგანიზმი გადამუშავებაზე.

სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავს, მაგალითად, ცომეული, ბურღულეული, მოხარშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ლაფშა, შაქარი, თაფლი და ა.შ.

 

188
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალგაზრდა ქალი იზომავს წელის გარშემოწერილობას

არც იშიმშილოთ და არც ძალიან დაიტვირთოთ: 12 მარტივი ხრიკი წონაში სწრაფად დასაკლებად

280
(განახლებულია 20:24 22.01.2021)
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა სპეციალური პროგრამა შექმნეს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ და წონასაც ზედმეტი დატვირთვის გარეშე დაგაკლებინებთ 

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ექიმებმა ჩამოთვალეს ხრიკები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, სპეციალური დიეტის გარეშე დაიკლოთ წონაში უფრო სწრაფად წერს გამოცემა The Sun–ი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალისტ ტამარა უილნერის თქმით, ადამიანის წონაზე ზეგავლენას ახდენს არა მარტო საკვები, არამედ ყველა წვრილმანი ჩვევა. იგი გთავაზობთ 12-კვირიან სპეციალურ პროგრამას, რომელიც გარკვეული წესების ჩვევად ქცევას ითვალისწინებს.

ეს ის მარტივი წესებია, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ შიმშილის, გამომფიტავი დიეტებისა და გამუდმებული ფიზიკური დატვირთვების გარეშე, და რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ლამის შეუმჩნევლად გადაგიყვანთ. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) პროგრამა Second Nature-ს რეკომენდაციები ასე გამოიყურება: 

  • გააზავეთ დღე მოკლე ფიზიკური დატვირთვებით. მაგალითად: კბილების გახეხვის დროს ჩაჯდომებით, ტელევიზორის ყურებისას კედლიდან აწევებით; რამე საქმიანობის დროს ადგილზე სირბილით;
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება;
  • არ დალიოთ ყავა დღის მეორე ნახევარში, რათა ღამით უკეთ დაიძინოთ;
  • შეცვალეთ ხილის წვენი და ტკბილი სასმელები წყლით, ჩაით ან რძით;
  • დაიწყეთ ყოველი დილა 10-წუთიანი სეირნობით;
  • ძირითადი კვების დროს ჭამეთ მეტი, რომ მოგვიანებით არ წაიხემსოთ;
  • თუ ტკბილეული გიყვართ, შეცვალეთ რძიანი ან თეთრი შოკოლადი 70%-იანი შავი შოკოლადით;
  • ყოველკვირეულად გასინჯეთ ახალი ბოსტნეული;
  • შეადგინეთ საყიდლების ჩამონათვალი სუპერმარკეტში წასვლამდე, რათა თავიდან აიცილოთ საკვებზე სპონტანური ხარჯები;
  • სთხოვეთ მეგობარს, ისეირნოდ თქვენთან ეთად კვირაში ორჯერ;
  • მოძებნეთ პოზიტიური ემოციების მიღების ალტერნატიული გზები — საკვების გარდა. სცადეთ თავსატეხების ამოხსნა, მეგობართან საუბარი ან სხვა რამ, რაც სიამოვნებას განიჭებთ;
  • ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს გარკვეულ საკვებს. თუ ძალიან გსურთ რაიმეს ჭამა, უარი კი არ თქვათ, უბრალოდ მიირთვით ის აუჩქარებლად.

 

280
თემები:
ექიმი გირჩევთ
სოფ.ქაისხევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 იანვარი

0
(განახლებულია 00:42 24.01.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 იანვარს წმიდა თეოდოს დიდს და ღირს თეოდოს ანტიოქიელის იხენიებს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა თეოდოსი დიდი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში.  

თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე.

 ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა. წმიდანმა იქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს. წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

ღირსი  მამა 105 წლის ასაკში მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს.

ღირსი თეოდოსი ანტიოქიელი 

წმინდა თეოდოსი ანტიოქელმა სიყმაწვილეშივე დატოვა მდიდრული ოჯახი და მცირე კელიაში დასახლდა ისის ყურის სანაპიროზე, ქალაქ როსის მახლობლად. წმიდანს შიშველ მიწაზე ეძინა, ჯვალოს სამოსელი ეცვა და თან რკინის მძიმე ბორკილებსაც ატარებდა. მას თმები ისე წამოეზარდა, რომ კოჭებამდე სცემდა. მარხვის და ლოცვის დაუსრულებელი ღვაწლით ღირსმა თეოდოსიმ დათრგუნა ხორციელი ვნებები, მრისხანება დააცხრო და გონება არაწმინდა ფიქრებისაგან განიწმინდა. თავის სამშობლოში მან დააარსა მონასტერი და სავანის ძმებში ფიზიკური შრომისა და სულიერი ღვაწლის სიყვარულს აღვივებდა, ღირსი მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მწირებისა და მიუსაფრების მიმართ. წმიდანმა შორს გაითქვა სახელი, მას ქრისტიანებიც იცნობდნენ და წარმართებიც. ზღვაოსნები განსაცდელის ჟამს შემწედ „თეოდოსის ღმერთს“ უხმობდნენ. ზოგჯერ მისი სახელის უბრალო ხსენებაც კი აცხრობდა აბობოქრებულ ტალღებს. წმიდანის ეშინოდათ, პატივს სცემდნენ ყაჩაღებიც და ლოცვას ითხოვდნენ მისგან. თეოდოსიმ გადაწყვიტა, განრიდებოდა ადამიანურ დიდებას. სოფელ მარათონის მახლობლად დაიწყო განდეგილი ცხოვრება და მიიცვალა კიდეც მშვიდობით (+დაახლ. 412).

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0