ბედნიერი ბავშვი

იმისთვის, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს...

195
ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება. ამის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს - საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ.

ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ადამიანებისა და შრომისადმი, პირველ რიგში, ახლობლების გავლენით ყალიბდება. რა თქმა უნდა, გენებიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ აქაც — ჩვენი შვილების მშობლებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

უბედურებების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი პოვნა ადვილი არ არის.

მაგალითად, დედები ხშირად ამბობენ: „ჩემს შვილს ისე ვზრდი, რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული, მოკლედ, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი“. აბა, ჰკითხეთ ამ ქალს, თვითონ არის ბედნიერი? გიპასუხებთ, რომ არა. არის თავდაჯერებული?— არა; წარმატებულია?— არა… შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრობს უმუშევარი ნარკომანის ან ალკოჰოლიკის, ან უსაქმურის გვერდით, თვითონ დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მისგან იღებენ…

აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ>>

ქალს არ ესმის, რომ ვერანაირ ბედნიერებასა და წარმატებას ის ვერ მიაღწევს. ცუდად რომ გახდეს, ოჯახის წევრები, თანაგრძნობის ნაცვლად, მათრახს გადაუჭერენ, რადგან მისი გაჩერება არ შეიძლება. ყველაზე საშინელი კი ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ უბედურ ქალს არც უნდა სხვა ცხოვრება, რადგან ამ შემთხვევაში თავისი მნიშვნელობის შეგრძნებას დაკარგავს. სადღაც სულის კუთხე-კუნჭულში ის ამაყობს თავისი გმირული ტანჯვით, მას თანაუგრძნობს თავისნაირი, ცხოვრებისგან გათელილი მეგობარი ქალი. ასეთი ქალი, რომელსაც აქვს ცოტა დეპრესია, ცხოვრებაში არ აკლია სკანდალები და ხანდახან კაცის მუშტიც, დარწმუნებულია, რომ შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული.

მაგრამ სიტყვა მაშინ წვრთნის, როცა თვალწინ ღირსეული მაგალითია. მუდამ გაღიზიანებული დედა მზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში და მამა — დივანზე ლუდით ხელში წამოკოტრიალებული ან მამა, რომელიც ცოლის მიმართ საყვედურების კორიანტელს აყენებს — ბავშვების მაგალითი ვერ იქნება. სად პოულობენ ასეთი ბავშვები ავტორიტეტს? – ქუჩაში. და ეს „ავტორიტეტის“ მქონე ადამიანები ყოველთვის ღირსეული არ არიან.

ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება, შემდეგ, უბრალოდ, მისი „გაშალაშინება“ ხდება — თვისებების ერთი ნაწილის გამახვილება და მეორის — მიჩქმალვა. 5-7 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს — საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ, მასწავლებლებისა და მშობლების ნოტაციები ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის. ცუდი სწავლის დროს ხომ მათ თეფშზე საჭმელი არ მცირდება, მშობლების შეძენილი ტანსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, სამკაულები და სხვა — არ ქრება.

ადამიანი საკუთარ საქციელზე დაფიქრებას, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყებს, რაც დასჯის ცხოვრება და არა — დედ-მამა. მშობლებს კი საკუთარი შვილების დაცვა ყველანაირად უნდათ, მათ ნაცვლად აკეთებენ თავიდან სკოლის დავალებებს, შემდეგ, მაგალითად, „მომგებიანად“ ათხოვებენ, ეძებენ მათ ნაცვლად სამსახურს… მაგრამ ეს ყველაფერი შვილებს ბედნიერს არ ხდის.

ბავშვს ასწავლის არა სიტყვა, არამედ მაგალითი. სასაცილოა, ბავშვს სიგარეტის მოწევა პირში სიგარეტგაჩრილმა აუკრძალო, ან აუხსნა, რომ საჭიროა ვარჯიში, სპორტი და თვითონ შენი „სპორტი“ — დივანი და ტელევიზორი იყოს.

დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ნუ იქნებით ბავშვებისთვის ტირანი ან მოსამსახურე. ტირანები სძულთ, ხოლო მოსამსახურეები — ეზიზღებათ. მოეშვით წუწუნს, ბედისა და ირგვლივ მყოფთა ლანძღვას. და თქვენი ბავშვი სიცოცხლის მოყვარული, მხიარული გაიზრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობას დაქალებთან ტელეფონზე საათობით ლაქლაქი გირჩევნიათ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს შვილებს ინტერნეტის ვირტუალური სამყარო ურჩევნიათ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, როგორ ეფერებიან მშობლები ერთმანეთს და არა — როგორ ესვრიან ერთმანეთს ბოლო გადარჩენილ თეფშს და თან ერთმანეთთან შეხვედრის დღეს წყევლიან.

  • თუ გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი გაიზარდოს, თვითონ უნდა იყოთ ბედნიერი და ის მოგბაძავთ.

მასალაში გამოყენებულია ფსიქოლოგ სერგეი ლევიტის მოსაზრებები

195
თემები:
სასარგებლო რჩევები (445)
გულის შეტევა

ამოიცანით მოახლოებული ინფარქტი: ბრიტანელი პროფესორი ნიშნებს ასახელებს

163
(განახლებულია 19:35 14.01.2021)
მოახლოებული მიოკარდიუმის ინფარქტის ამოცნობა შესაძლებელია პირის ღრუსთან დაკავშირებული სიმპტომებით

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, განუცხადა ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა გამოცემა Express-ს.

მან განმარტა, რომ ამ ტიპის ნადები შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისგან და სისხლში შემავალი სხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც არტერიებში გროვდება. ეს ცხიმოვანი ნალექი, რომელიც ათეროსკლეროზის სახელითაა ცნობილი, არის გულის დაავადებებისა და გულის შეტევების  მკვებავი გარემო და ასევე მათი მახასიათებელი.

გარდა ამისა, პროფესორი განმარტავს, რომ თუ ადამიანი პირში უჩვეულო მჟავე გემოს შეამჩნევს, ეს შეიძლება სიგნალიც კი იყოს.

გარდა ამისა, ღრძილების დაავადებამ ან პაროდონტიტმა შეიძლება გულის დაავადება გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუში არსებული „ცუდი“ ბაქტერიების გროვა შეიძლება სისხლნაკადში მოხვდეს.

„პირი სავსეა როგორც კარგი, ისე ცუდი ბაქტერიებით. ცუდი ბაქტერიები პირის ღრუდან შეიძლება სისხლში მოხვდეს და სისხლძარღვების ანთება გამოიწვიოს, რასაც შედეგად შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოჰყვეს“, — ამბობს პროფესორი.

ადამ ტეილორის აღნიშნავს, რომ გულის შეტევის სიმპტომი ასევე შეიძლება იყოს ტკივილი ყბაში, რომელიც შეიძლება კბილის ძლიერ ტკივილად მივიჩნიოთ.

მანამდე კორეელმა სწავლულებმა დადგინეს, რომ კბილების რეგულარულ გამოხეხვასა და გულის ჯანმრთელობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მათი კვლევის თანახმად, პირის ღრუს გამუდმებული მოვლა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

163
თემები:
ექიმი გირჩევთ
ძალადობა ბავშვზე

ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, თუ... რამ უნდა გააფაციცოს მშობელი

143
(განახლებულია 22:03 14.01.2021)
ამ მასალის გაკეთება სამწუხარო რეალობამ გვიკარნახა: ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

თემა საკმაოდ რთულია და სათუთი. ამაზე საუბარი ყველას გვიჭირს, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მშობლებს ამერიკელი ტრენერების რჩევები შევთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ძალადობისგან.

უპირველესად იცოდეთ, რომ:

„ცუდი ბიძია“ შესაძლოა ძალიან ახლობელი, კარგად ნაცნობი ადამიანი გამოდგეს. მოძალადეები ძირითადად ის უფროსები არიან, რომლებსაც ბავშვები იცნობენ და ენდობიან, ვისთანაც კარგი დამოკიდებულების გაფუჭებისა ეშინიათ, ვისაც მათი დაშინება და დაშანტაჟება შეუძლია.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უფროსის მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამოვლენას, მაგალითად, საჩუქრებს, თავსა და ზურგზე ხელის მოფერებით გადასმას.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

  • ნუ დატოვებთ მცირეწლოვან შვილს მარტო სხვასთან დიდი ხნით. თუ მაინც მოგიწიათ ეს, შეეცადეთ მოულოდნელად დაბრუნდეთ ან შორიდან გააკონტროლოთ მათი ერთად ყოფნის პერიოდი;
  • ასწავლეთ მცირეწლოვან ბავშვს სხეულის ნაწილების სახელები. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონამ საბავშვო ბაღში უცბად ტირილი დაიწყო და აღმზრდელს ჩუმად გაანდო, რომ „მამიკომ ისევ შეუჭამა ორცხობილა“. აღმზრდელმა ბავშვს დასამშვიდებლად სხვა ორცხობილა მისცა. მას წარმოდგენაც არ შეეძლო, რეალურად რა იგულისხმებოდა „ორცხობილის ჭამაში“;
  • აუხსენით შვილს პირადი სივრცის საზღვრები. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რას ნიშნავს მიუღებელი, დაუშვებელი შეხება. პატარები ბევრად უკეთესად აღიქვამენ ვიზუალურ მაგალითებს. ამიტომ საცურაო კოსტიუმი ან თავად ჩაიცვით, ან მას ჩააცვით და უთხარით, რომ ადგილებზე, რომლებსაც „პლავკები“ ფარავს, ხელი არავის არ უნდა მოაკიდებინოს;
  • გაიცანით ყველა უფროსი, მათ შორის ბავშვებიც, ვისთანაც თქვენი შვილი მეგობრობს და ვისაც ენდობა;
  • აუხსენით, რა სახის საიდუმლო უნდა დაფაროს და რა - არა;
  • ჩამოაყალიბეთ შვილთან იმდენად მეგობრული ვითარება, რომ ყველაფერი გიამბოთ, არ დაგიმალოთ, თუ რაიმე უხერხულ ან გაუგებარ ვითარებაში მოხვდა;

რამ უნდა შეგაშფოთოთ ბავშვის ქცევაში:

ქცევისა და ემოციური მდგომარეობის უჩვეულო და მკვეთრმა ცვლილებამ. მაგალითად – დეპრესიამ, აუხსნელმა აგრესიამ, ღამეულმა კოშმარებმა, ცხოველებისადმი სისასტიკემ, საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტრავმების მიყენებამ, ცეცხლის წაკიდების მცდელობებმა, მოუსვენრობამ, ქრონიკულმა კუჭის ან თავის ტკივილებმა, სექსუალურმა ქცევებმა და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელმა ლექსიკამ.

დააკვირდით, რას ხატავს ბავშვი!

იყო შემთხვევა, როდესაც სწორედ ნახატების მეშვეობით „გასცა“ 5 წლის გოგონამ საკუთარი მოძალადე აღმზრდელი – ეკლესიასთან არსებული საბავშვო ბაღის 56 წლის მასწავლებელი.

თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, ოთახში შეხვედით და დაინახეთ, რომ თქვენი შვილი იქ რომელიღაც უფროსთან ერთადაა მარტო და ამის გამო გულის სიღრმეში უსიამო ეჭვი გაგიჩნდათ, ბავშვი კი არ გამოარიდოთ იქაურობას, არამედ მტკიცედ, მოურიდებლად და ტაქტიანად უთხარით უფროსს, რომ შვილს უფროს ადამიანებთან მარტო დარჩენის უფლებას არ აძლევთ!

ამით თქვენ სიგნალს გზავნით, რომ ყურადღებიანი მშობელი ბრძანდებით. თუ ადამიანი ნორმალურია, აუცილებლად გაგიგებთ. თუ თქვენი ეჭვი მცდარი აღმოჩნდა, მაინცდამაინც უხერხულად ნუ იგრძნობთ თავს. ჯობს შეცდეთ და მავანმა იწყინოს კიდეც თქვენი სიტყვები, ვიდრე თქვენს შვილს უბედურება შეემთხვეს და სიცოცხლის ბოლომდე მძიმედ ტრავმირებულმა იცხოვროს.

საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

აუცილებლად გაითვალისწინეთ:

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მსგავსი საშინელება მაინც მოხდა და ბავშვი შეეცდება გიამბოთ ყველაფერი, ეცადეთ, გააკონტროლოთ საკუთარი რეაქცია. მწვავედ რეაგირებამ შესაძლოა ბავშვი კიდევ მეტად დააფრთხოს და დააშინოს.

რაც მთავარზე უმთავრესია — ეს ისაა, რომ კარგად გაიცნოთ საკუთარი შვილი, ხშირად ესაუბროთ გულახდილად და აგრძნობინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნებით.

143
თემები:
მშობლები და შვილები
ვაქცინაცია კორონავირუსზე მოსკოვში

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა პარაგვაიში დაარეგისტრირეს

0
სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეოპარატით უკვე იცრება არგენტინის, ბოლივიის, ვენესუელისა და ბრაზილიის მოსახლეობა

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. პარაგვაის ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV" დაარეგისტრირა, იუწყება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი.

ვაქცინა დაარეგისტრირეს დაჩქარებული წესით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარების გარეშე. ანალოგიურად დაარეგისტრირეს პრეპარატი არგენტინაში, ბოლივიაში, ვენესუელაში, სერბეთში, ალჟირსა და პალესტინაში.

პარაგვაიში პრეპარატის მიწოდებას უზრუნველყოფენ ფონდის საერთაშორისო პარტნიორები ინდოეთში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში და სხვა ქვეყნებში.

ფონდის გენერალური დირექტორის, კირილ დმიტრიევის თქმით, ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია რუსული ვაქცინით. მას იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს „სპუტნიკV" რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაივლის რეგისტრაციას.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება სრულად არის დამტკიცებული, ხოლო მისმა ეფექტურობამ 91,4% შეადგინა.

0