მამაკაცი ჭამისას

კვებისას დაშვებული ხუთი მთავარი შეცდომა: დიეტოლოგი გირჩევთ

343
(განახლებულია 18:43 11.12.2020)
გასტროენტეროლოგი და ექიმ-დიეტოლოგი ასახელებს იმ შეცდომებს, რასაც ყველა ჩვენგანი უშვებს ჭამისას, და მარტივ რეკომენდაციებსაც გასცემს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ექიმ-დიეტოლოგი და გასტროენტეროლოგი ვერა ხორუნჟაია ასახელებს ჩვევებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლას იწვევს.

მისი თქმით, პირველი შეცდომაა – ძირითადი კვების შემდეგ ხილისა და დესერტის მიღება. ამან შეიძლება შებერილობა, ნაწლავებში დუღილი და დიარეა გამოიწვიოს. ამიტომ სპეციალისტი ხილის ჭამას სადილამდე 15-20 წუთით ადრე გირჩევთ.

მეორე შეცდომაა ჭამის დროს ბევრი წყლის, განსაკუთრებით, გაზიანი სასმელის დალევა.

„ასეთ დროს ნაწლავებში გაზწარმოქმნის პროცესი უსწრაფესად იწყება. თუ ძალიან გსურთ დალევა, მოსვით რამდენიმე ყლუპი. თუმცა ჯობს, წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე, ან ერთი საათის შემდეგ დალიოთ“, — ამბობს გასტროენტეროლოგი.

მესამე შეცდომაა სწრაფი ჭამა და ჭამის დროს საუბარი. ექიმის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ადამიანი საჭმელთან ერთად ინტენსიურად ყლაპავს ჰაერსაც. შედეგად – კუჭი ცდილობს ეს ჰაერი სადმე „წაიღოს“ და იწყება ბოყინი. ექიმი გირჩევთ, ნელა და გულმოდგინედ ღეჭოთ საკვები.

გასტროენტეროლოგი მეოთხე შეცდომად ღამით ზედმეტ ჭამას ასახელებს. მისი თქმით, ბოლო კვება დაძინებას სამი-ოთხი საათით უნდა უსწრებდეს. გვიან ღამით კი მხოლოდ თერმულად დამუშავებული მწვანე ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ.

მეხუთე შეცდომა — სანელებლებისა და სუნელების უარყოფაა. ექიმი გირჩევთ, კერძის მომზადებისას გამოიყენოთ ცერეცო, ანისული, კუმინი და ქინძი, ვინაიდან მათი თესლი მნიშვნელოვნად აადვილებს საკვების მონელებას.

 

343
თემები:
სასარგებლო რჩევები (446)
ევგენი კომაროვსკი

ყველაზე დიდი მტერი - ეს „უმაღლესი სისუფთავეა“: ცნობილი პედიატრი კატეგორიულად გაფრთხილებთ

206
(განახლებულია 18:30 20.01.2021)
ცნობილი ექიმის თქმით, ბავშვის სტერილურ გარემოში მოქცევა მას ბაქტერიებთან შეხვედრაში უშლის ხელს, რაც ასე აუცილებელია იმუნური სისტემისთვის

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ყველაზე სერიოზული ფაქტორი, რომელიც იმუნიტეტის განმტკიცებას აფერხებს — ეს ჭარბი სისუფთავეა, წერს ცნობილი უკრაინელი ექიმი, უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.  

მისი თქმით, შესაძლოა ყველამ არ იცის, მაგრამ მეცნიერებისთვის უკვე ნათელია, რომ თანამედროვეობის უდიდესი პრობლემა — ეს უმაღლესი სისუფთავეა.

„ევოლუციური თვალსაზრისით, ჩვენ პრაქტიკულად სტერილურ პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების იმუნური სისტემა ნორმალურად ვერ ვითარდება, ვინაიდან ისინი დაბადებისთანავე პრაქტიკულად სტერილურ გარემოში ხვდებიან: ყველაფერი ირეცხება, იხარშება, ძალიან ხშირად სტერილდება“, — ამბობს ექიმი.

კომაროვსკის თქმით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კორონავირუსის პირობებში, როცა გარშემო ყველგან სანიტაიზერები, დეზინფექტორები, ქლორი და ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ჩვენ კიდევ მეტად სტერილურპირობებში ვაქცევთ ბავშვებს. ამიტომ ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ყოველდღიურად უნდა ხვდებოდეს „მილიარდობით ბაქტერიას, მხოლოდ მილიონობითს ხვდება“.

  • „შედეგად, იმუნური სისტემა ცდილობს მოედოს ყველაფერს, რაც თუნდაც ოდნავ ჰგავს ბაქტერიებსა თუ ვირუსებს. ამიტომაც გვაქვს ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების საშინელი აფეთქებები“, — განმარტა პედიატრმა.

ცნობილი ექიმი პრობლემის მოგვარების გზას ბავშვებისთვის საკვების სახით ისეთი მიკროორგანიზმების დამატებით მიცემაში ხედავს, რომლებიც სახიფათო არ არის ორგანიზმისთვის და იმუნურ სისტემას ავარჯიშებს.

კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკის უფრო საიმედო მეთოდი — ეს არის არა რძემჟავა ბაქტერიები, არამედ მრავალფეროვანი კვება, სტერილურობის არარსებობა, ბავშვის ძალით გამოკვებაზე უარის თქმა — როცა მას არ შია, და ასევე ფიზიკური აქტივობა, რის შემდეგაც ბავშვიც და ზრდასრულიც აუცილებლად მოდის მადაზე.

თუმცა, როგორც სპეციალისტი ამბობს, თუ ზემოთ ჩამოთვლილს რძემჟავა პროდუქტებს — იოგურტებს, კეფირებსა და მაწონს დავამატებთ, ნამდვილად დიდ სარგებელს მივიღებთ.

206
თემები:
ექიმი გირჩევთ
ექიმი

ყველაფერი გასტრიტის შესახებ: როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ დაავადებას

88
(განახლებულია 17:01 20.01.2021)
გასტრიტი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება მოზრდილებსა და ბავშვებში. როგორ ამოივიცნოთ მისი სიმპტომები და როგორ ვუმკურნალოთ მას — ექიმები აგვიხსნიან.

რა არის გასტრიტი?

გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება და იწვევს მისი ძირითადი ფუნქციების დარღვევას, განსაკუთრებით სეკრეციისა. დაავადების დროს ეპითელური უჯრედები ატროფირდება, მათი რეგენერაცია უარესდება და ლორწოვანი გარსი თხელდება. ამის გამო საკვები ცუდად ნელდება და საკვები ნივთიერებები ნაკლებად შეიწოვება.

სტატისტიკის მიხედვით, გასტრიტი კუჭის ყველა დაავადების 80-85% -ს შეადგენს. მისი რისკი ასაკთან ერთად იზრდება, მაგრამ ის ბავშვებშიც გვხვდება.

დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, პაციენტის დისკომფორტის გარეშე. გასტრიტის განკურნება უმეტესად შესაძლებელია მისი მიზეზების სწორი დიაგნოზის შემთხვევაში.

დაავადების მიზეზები და სიმპტომები

გასული საუკუნის 90-იან წლებში მეცნიერებმა დაავადების ბაქტერიული წარმოშობა დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ კუჭის მრავალი წყლული და გასტრიტი გამოწვეულია ბაქტერიით Helicobacter pylori, რომელიც შეიძლება არსებობდეს კუჭის აგრესიულ გარემოში. გარდა ამისა, დაავადება ვითარდება აუტოიმუნური პროცესების გამო, როდესაც ორგანიზმი თავად ანადგურებს ლორწოვან გარსს.

კიდევ ერთი მიზეზია მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, აგრეთვე სხვა ქიმიკატების ზემოქმედება. გასტრიტის გამომწვევი მიზეზები ასევე შეიძლება იყოს: არაჯანსაღი დიეტა, ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, ხშირი სტრესი, მეტაბოლური დარღვევები, ალერგიული რეაქციები, ვირუსული ინფექციები, იმუნიტეტის შესუსტება, რადიაცია, ზედმეტი ჭამა, სხვა ორგანოების დაავადებები და პარაზიტები.

გასტრიტის სიმპტომებია: სიმძიმე ჭამის შემდეგ, კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ბოყინი, მუცლის შებერილობა. შესაძლებელია მადის დაკარგვა, ზოგადი სისუსტის განვითარება.

იგივე სიმპტომები ვლინდება გასტრიტის გამწვავების დროსაც.

დაავადების გართულებებია: ანემია, წყლულები, კუჭის კედლის გახეთქვა, სისხლდენა, ლორწოვან გარსზე სიმსივნეები.

გასტრიტის სახეები

დაავადების ორი ფორმა არსებობს: მწვავე და ქრონიკული. მწვავე გასტრიტის ტიპებია:

  • კატარული გასტრიტი — ყველაზე ხშირად ალერგიის, არასწორი კვების ან მოწამვლის შედეგად ჩნდება. აქვს მსუბუქი ფორმა, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსის ზედა ფენა ზიანდება;
  • ფიბრინული გასტრიტი — რა დროსაც ხდება ლორწოვანი გარსის დიფტერიული ანთება და კუჭს ფარავს ცილის ფირი — ფიბრინი. ამ დაავადების სიმპტომებია ღებინება, მუცლის ტკივილი და ცხელება;
  • ეროზიული გასტრიტი — აზიანებს ლორწოვან გარსს და იწვევს მასზე ეროზიის წარმოქმნას;
  • ფლეგმონური გასტრიტი — ხასიათდება კუჭის კედლების ჩირქოვანი ანთებით. ვითარდება ტრავმების, წყლულების შემდგომი გართულებებისა და სხვა სერიოზული დაავადებების გამო.

გასტრიტი ქრონიკული ხდება მაშინ, როდესაც სპეციფიკური სიმპტომების მქონე კუჭის ანთება დიდი ხნის განმავლობაში რეგულარულად მეორდება.  ქრონიკული გასტრიტი მომატებული და შემცირებული მჟავიანობით არსებობს.  

შინ მკურნალობის საფუძვლები

„სახლის პირობებში გასტრიტის მკურნალობა ნიშნავს ცხოვრების წესის ნორმალიზებას, მუშაობისა და დასვენების რეჟიმის დაცვასა და დიეტურ რეკომენდაციებს, ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას“, — ამბობს გასტროენტეროლოგი სვეტლანა გრუკი.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, იმ წამლების მიღება, რომლებიც აღადგენს კუჭის ლორწოვან გარსს და ხსნის ანთებას. თუ გასტრიტი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა, მაშინ უნდა შეიზღუდოს ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი საკვები, ალკოჰოლი, ყავა, ფქვილეული, რძის პროდუქტები.

ექიმის რეკომენდაციით საჭიროა საკვები იყოს გახეხილი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.

„შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და რბილი სახეობის ხორცი, მაგრამ კარგად უნდა დაღეჭოთ. მარილი შეზღუდეთ ზომიერად. გამორიცხეთ ძალიან ცივი და ცხელი კერძები. კვების რეჟიმი: დღეში 5-6 ჯერ. ძილის წინ შეგიძლიათ დალიოთ რძე, ნაღები. დაბალი მჟავიანობის გასტრიტის დროს რეკომენდებულია სუპები, რომლებიც მზადდება უცხიმო ბოსტნეულის ბულიონზე, კეფირი, დო, ხაჭო, უცხიმო ხორცი, ჟელე, კომპოტი, ბოსტნეული პუდინგის სახით, კოტლეტი, კაკაო, ყავა რძით, კარაქი, მზესუმზირის ზეთი“, – განმარტა გასტროენტეროლოგმა.

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ ხალხური მეთოდებით მკურნალობამ შეიძლება კიდევ მეტად გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა.

მკურნალობა ტრადიციული მეთოდებით

სვეტლანა გრუკის თქმით, აუცილებელია, რომ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართოთ ექიმს.

„ექიმი დანიშნავს აუცილებელ გამოკვლევებს დაავადების ეტიოლოგიის დასადგენად, შეაფასებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანების სიმძიმეს, შეარჩევს მედიკამენტებს, ასევე გასცემს გასტრიტის საკურორტო მკურნალობისთვის რეკომენდაციებს“, — ამბობს გასტროენტეროლოგი.

მედიკამენტური თერაპია მოიცავს ანტისეკრეტორულ საშუალებებს, რომლებიც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, გასტროპროტექტორებს, სპაზმოლიტიკებს, პროკინეტიკებს, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ინფექციის არსებობის შემთხვევაში, პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ეროზიის შეხორცებას.

საწყის ეტაპზე მწვავე გასტრიტის მკურნალობა, როგორც წესი, იწყება კუჭის ამორეცხვით. შემდეგ საკვების მიღება არ შეიძლება დღე-ღამის განმავლობაში, მოგვიანებით ფართოვდება ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი.

ქრონიკული გასტრიტის მკურნალობა არის ღონისძიებების მთელი კომპლექსი, რომელიც მიმართულია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ეს ყველაფერი ექიმმა უნდა დანიშნოს.

88
თემები:
ექიმი გირჩევთ
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 11:02 21.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.020 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 104 პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 916 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები