კორონავირუსის პანდემია

ვის არ უნდა ეშინოდეს კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებისა: იმუნოლოგი განმარტავს

2487
(განახლებულია 20:36 21.11.2020)
იმუნოლოგმა განმარტა, ვის შეიძლება ემუქრებოდეს კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება და რატომ არ უნდა ეშინოდეთ დანარჩენებს ამის

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება პრაქტიკულად გამოირიცხულია, თუმცა მსგავს ფაქტებს იშვიათად მაინც ვაწყდებით, აცხადებს ალერგოლოგ–იმუნოლოგი ვლადიმირ ბოლიბოკი.

„ადამიანები კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირდებოდნენ მხოლოდ მაშინ, თუ ჰქონდათ მძიმე, იმუნური სისტემის დამაქვეითებელი დაავადება, ონკოლოგიური დაავადება და ასევე თუ იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს. თუმცა ეს ზღვაში წვეთია კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რაოდენობასთან შედარებით“, — აღნიშნა ექიმმა.

იმუნოლოგის თქმით, ასეთი დაავადებების არქონის შემთხვევაში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შიში ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ.

„ვირუსთან ხელმეორე კონტაქტის შემთხვევაში დამცავი სისტემა მოქმედებას იწყებს და ავად გახდომისგან იცავს ადამიანს“, — განმარტა იმუნოლოგმა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელების შემდეგ ვირუსთან კონტაქტი გარკვეულწილად კიდევ მეტად აუმჯობესებს იმუნიტეტს, თუმცა რაღაც დროის განმავლობაში ადამიანი შეიძლება უსიმპტომო გადამტანი იყოს.

 

2487
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (572)
გეომაგნიტური ქარიშხალი

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილია დეკემბრის სახიფათო დღეები

65
(განახლებულია 10:15 01.12.2020)
მზის რენტგენული ლაბორატორია აქვეყნებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც დეკემბერში უმაღლესი დონის - G5 ძალის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის შემოდგომა დატვირთული აღმოჩნდა მძიმე და ხანგრძლივი გეომაგნიტური დღეებით, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა —  პერიოდულ უძილობას, არტერიული წნევის ცვალებადობასა თუ ტაქიკარდიას ბევრი უჩიოდა.

დამტკიცებულია, რომ ინფარქტებისა და ინსულტების 70% სწორედ მზის ძლიერი აქტივობის პერიოდებზე მოდის, ამიტომ ისინი, ვინც გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივიან, უმჯობესია წინასწარ მოემზადნენ ამინდის „სიურპრიზებისთვის“.

დეკემბრის რომელ დღეებში უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს და რა ძალისა იქნება ისინი, მზის რენტგენული ლაბორატორია „ფიანის“ მონაცემებიდან ირკვევა.

ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი თვის მესამე დეკადაში, 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი. ამ დღეებში თავს შეუძლოდ იგრძნობენ არა მარტო მეტეომგრძნობიარე ადამიანები, არამედ სრულიად ჯანმრთელებიც, ვინაიდან მაგნიტური ქარიშხლის ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.

თუმცა მანამდე, 3–4 დეკემბერს, საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი გველის, რასაც ქრონიკული დაავადებების მქონენი და ასევე განსაკუთრებულად მეტეოდამოკიდებული ადამიანები იგრძნობენ. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია თავის ტკივილები, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილიანობა და გაღიზიანებადობა.

ასევე საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 10 დეკემბერსაც და ასევე თვის ბოლო დღეებშიც — 30–31 დეკემბერსაც.

შეგახსენებთ: მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაცია სულ ხუთ დონეს მოიცავს, საიდანაც G1 ყველაზე დაბალია, ხოლო G5 — ყველაზე მაღალი.

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.
65
თემები:
სასარგებლო რჩევები
შემწვარი თევზის კერძი

რატომ და როდიდან უნდა მისცეთ პატარას თევზი

99
(განახლებულია 21:47 30.11.2020)
თევზი განსაკუთრებით მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.

უფრო დაწვრილებით იმაზე, რა სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თევზი და რა ასაკიდან უნდა მივცეთ ის ბავშს, ამის შეხებ „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- ყველაფერი გასულ საუკუნეში დაიწყო, როცა დანიელმა მეცნიერმა დაიერბერგმა ესკიმოსებზე დაკვირვებისას აღმოჩინა, რომ ისინი იშვიათად ავადობდნენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ მან ეს ფაქტი ესკიმოსების კვების ტიპს დაუკავშირა – ისინი ძირითადად ცივი ზღვების ბინადარი ცხიმიანი თევზითა და სელაპის ხორცით იკვებებოდნენ.

- რა არის თევზში ისეთი, რაც მას ბავშვისთვის განსაკუთრებულ პროდუქტად აქცევს?

- პირველ რიგში, ეს  სრულფასოვანი ცილების წყაროა. და თანაც თევზის ცილა ყველა სხვა ცილაზე გაცილებით უფრო ადვილად ასათვისებელია.

თევზი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც თავის ტვინის არქიტექტორებად იწოდებიან იმის გამო, რომ ბავშვის ტვინის განვითარებაში მონაწილეობენ. ეს ნივთიერებებია საჭირო თვალის განვითარებისთვისაც.

მნიშვნელოვანია თევზის ვიტამინურ-მინერალური შემადგენლობაც. ის ცხიმში ხსნადი ყველა ვიტამინის წყაროა და შეიცავს A, D, K, E ვიტამინებს.

სწორედ თევზია ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი დოზით შეიცავს D ვიტამინს. ნივთიერებას, რომელიც პრქტიკულად ჰორმონია და ყველა ორგანოს ფუნქციაზე ახდენს გავლენას.

თევზის მინერალური შემადგენლობა კალიუმის, ფოსფორის, რკინის მაღალი შემცველობითაა ცნობილი.

- რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი?

- თევზის მიცემა რვა თვიდან შეგიძლიათ.

- რა საფრთხეებს მალავს თევზი?

- პირველი საფრთხე არის წვრილი ძვლები – მომზადებამდე თევზი კარგად უნდა გაწმინდოთ ფხებისაგან. შემდეგ მოდის ინფექცია – ბავშვს არ უნდა მისცეთ უმი თევზი (სუშის ტიპის საკვები). თუ თევზი ბაქტერიულად დაბინძურებულია, შესაძლოა მან ბავშვის ინფიცირება გამოიწვიოს. საფრთხის შემცველია ვერცხლისწყალი – ცნობილია, რომ ზღვებისა და ოკეანის წყლები ბევრი პოლუტანტით ბინძურდება, რომელთა შორის ყველაზე დიდი საფრთხე ვერცხლისწყალია, რომელიც თევზის და შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ამიტომ, სადაც ეს შესაძლებელია, იკითხეთ თევზის წარმომავლობა. ამ მხრივ მტკნარი ხელოვნური წყალსაცვების თევზი, რა თქმა უნდა, საიმედოა, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, თუ მწარმოებელი პატიოსანი არ არის – თევზის უხარისხო საკვებმა, ანტიბიოტიკებმა.

- ყველაზე მეტად რომელი თევზია სასარგებლო?

- შემადგენლობის მიხედვით განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი ზღვებისა და ოკეანეების ცხიმიანი თევზი. მათი ხორცი გაცილებით მეტ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.

შემოგთავაზებთ თევზისა და ბოსტნეულის მიქსის ერთ-ერთ რეცეპტს რვა თვის ასაკიდან.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

თევზი - 50-60 გრამი

ყაბაყი - ნახევარი

სტაფილო - ნახევარი

კარტოფილი - ერთი პატარა ზომის

​მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ბოსტნეული, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. ცალკე მოხარშეთ კანგაცლილი და დაჭრილი თევზი. მოხარშული ბოსტნეული და თევზი ერთად დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. სურვილის შემთხვევაში კერძი შეგიძლიათ გაათხელოთ დედის რძით (თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა) ან ხელოვნური ნარევით (თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა) და დაამატოთ ზეითუნის ზეთი.

 

99
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
დაკავება

შსს-მ ერთი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო დაკავებულია ერთი პირი

0
(განახლებულია 11:09 01.12.2020)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ნთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში