მამაკაცი ჭამის პროცესში

როგორ უნდა იკვებოთ, თუ კუჭის პრობლემები გაქვთ: გასტროენტეროლოგის რჩევა

250
(განახლებულია 20:35 19.11.2020)
გასტროენტეროლოგი განმარტავს, რომელი საკვები უნდა მიიღოთ, რა რაოდენობითა და რეჟიმით კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც საკვები შეიძლება წამალი გახდეს, აცხადებს გასტროენტეროლოგი ნურია დიანოვა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში საკვებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს როგორც მკურნალობის, ისე გრძელვადიანი რემისიის შენარჩუნების სტადიაზე.  

„პაციენტებისთვის, რომლებსაც, მაგალითად, ქრონიკული პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია აწუხებთ, დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ძალზე მნიშვნელოვანია იდეალური კვება ყველა კომპონენტში, მეტადრე — ცხიმების კუთხით. განსაკუთრებული რეჟიმი უკიდურესად მნიშვნელოვანია ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის რეგულარული მუშაობისთვის“, — ამბობს ექიმი.

კვების მოცულობა და რაოდენობა გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხარისხზე. გასტროენტეროლოგის განმარტებით, კვების იდეალური რეჟიმი არის როგორც თერაპიული, ასევე პროფილაქტიკური ღონისძიება.

„ოთხჯერადი და ხუთჯერადი კვება პრიორიტეტულია ერთჯერად ან სამჯერად კვებასთან შედარებით. საკვების განსაზღვრული ულუფები აბებზე მეტად მნიშვნელოვანია, მაგალითად, რეფლუქსის დროს. ადამიანს, რომელიც დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭამს, მაგრამ დიდი ულუფებით, მუდმივად ექნება გულძმარვა, შესაძლოა საყლაპავის ეროზიაც გაჩნდეს. საკვების რაც უფრო სტაბილურად ერთნაირი მოცულობები შედის კუჭსა და სხვა ნაწილებში, მით უკეთესად მუშაობს საჭმლის მომნელებელი სისტემა“, — აღნიშნა დიანოვამ.

ამასთან, გასტროენტეროლოგის თქმით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა დაავადებისთვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს კვების პროდუქტების კულინარიულ დამუშავებას, რაც თავისთავად შეიძლება იყოს მკურნალობის ინსტრუმენტი. ცხარე, ცხელ, შემწვარ, ცხიმიან საკვებზე უარის თქმა, რომლებსაც ძლიერი წვენმდენი ეფექტი აქვთ, კოლოსალურ როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის აბსოლუტურად ყველა დაავადების გამწვავების პერიოდში.

ექიმის თქმით, გასტრიტის, რეფლუქსური დაავადების, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის გამწვავების შემთხვევაში აუცილებელია ქიმიური დასვენება, ანუ ორგანოებს დასვენებისა და აღდგენის საშუალება უნდა მიეცეს.

250
თემები:
სასარგებლო რჩევები (368)
ექიმი პაციენტს ფილტვებს უმოწმებს

ცნობილია ხელისშემშლელი მიზეზი: კორონავირუსის შემდეგ ფილტვები თავისით აღდგება, თუ...

5
(განახლებულია 12:54 01.12.2020)
კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ ფილტვები თავისთავად აღდგება, თუ ადამიანი თვითონ არ შეშლის ხელს ორგანიზმს რეგენერაციის პროცესში

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის ფილტვები კორონავირუსის გადატანის შემდეგ თავისით აღდგება, თუ ადამიანი ხელს არ შეუშლის, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში პულმონოლოგმა ალექსანდრ კარაბინენკომ.

მისი თქმით, კორონავირუსული პნევმონია ტოვებს ისეთ პრობლემებს, რომელთა მოგვარებასაც გარკვეული დრო სჭირდება. ფიბროზული ცვლილებების ვრცელი ზონა განკურნების შემდეგ კვლავ რჩება ავადმყოფის ფილტვებში, ხველა და ქოშინი დიდი ხნის განმავლობაში — შესაძლოა დაახლოებით თვენახევრამდე გაგრძელდეს. თუმცა აღდგენის სრული პროცესი აუცილებლად გაივლის, თუ თავად არ შევუშლით ხელს ამაში.

„ჩვენს ორგანიზმში  რეგენერაციის პროცესი მიმდინარეობს — როდესაც ზოგი უჯრედი კვდება და ახალი იბადება. შედეგად,  ფილტვების სტრუქტურა აღდგება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს სრულად არ ხდება — ეს იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი საკუთარ თავს თავადვე ანადგურებს“, — თქვა პულმონოლოგმა.

მისი თქმით, ფილტვებს გამოჯანმრთელების საშუალებას მწეველები არ აძლევენ. რის გამოც ეს არის არა მარტო მავნე ჩვევა, არამედ ნელი თვითმკვლელობა.

  • „თუ ადამიანი ეწევა, მისი ფილტვები მძიმე პნევმონიისგან ან კორონავირუსისგან არასდროს გამოჯანმრთელდება. მოწევა ამ დაავადებების შემდეგ — მხოლოდ ნელი თვითმკვლელობაა. თუ არ მოწევთ, ფილტვები თავისთავად აღდგება“, — განმარტა ექიმმა.

ამასთან კარაბინენკომ დააზუსტა, რომ ფილტვების აღდგენის პროცესი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დრო სჭირდება ამისთვის. სპეციალისტის თქმით, ფილტვების გამოჯანმრთელება საშუალოდ სამი თვიდან ერთ წლამდე გრძელდება. ამავდროულად ბევრია დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტის მდგომარეობასა და ფიზიკურ ფორმაზე.

5
თემები:
სასარგებლო რჩევები (368)
თუ ვარჯიშობთ, მაგრამ წონაში არ იკლებთ, ესე იგი, მსუბუქი ცხიმი მძიმე კუნთებმა ჩაანაცვლა

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში დიეტის მიუხედავად

16
(განახლებულია 12:27 01.12.2020)
ხშირია, როდესაც წონეში კლების მსურველები ხანგრძივი დიეტების მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რა არის დიეტის დაბალი ეფექტურობის მიზეზი და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, Sputnik საქართველოთან ექიმი-ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა საუბრობს

ნატა პატარაია

- რატომ ვერ ვიკლებთ  წონაში დიეტის მიუხედავად?

- მოდით პირველ რიგში განვმარტოთ რას ნიშნავს ტერმინი დიეტა. დიეტა ეს არის სწორი დაბალანსებული, მრავალფეროვანი, ჯერადი კვება. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი აღნიშნავს, რომ არის დიეტაზე და ვერ იკლებს, მაგრამ რეალურად ამ დროს იკვებება დღეში ერთხელ და თვლის რომ ის არის სწორ კვებაზე და უკვირს რატომ ვერ იკლებს.

ასევე ხშირად ხდება, როცა მოდის პაციენტი და ყვება, რომ რაღაც პერიოდი მონოდიეტაზე იმყოფება, ანუ იღებს მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტს და ვერ იკლებს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაშიც ვერ მოხდება წონის კლება. მაგრამ თუ პაციენტი ღებულობს სწორ დაბალანსებულ კვების რაციონს და მაინც ვერ ხდება წონის კლება, მაშინ უკვე სასურველია ნივთიერებათა ცვლის ძირეული გამოკვლევა. კერძოდ: ნახშირწყლოვანი და ლიპიდური (ცხიმების) ცვლის შემოწმება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შემოწმება, სისხლში  ვიტამინების მიკრო-მაკრო ელემენტების დონის გადამოწმება, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ ჩამოთვლილ პუნქტებში გარკვეული დარღვევები არის მიზეზი წონაში ვერ დაკლების. გარდა ამისა, არსებობს ასევე ე.წ შენელებული მეტაბოლიზმი, რაც ასევე გავლენას ახდენს წონის შეჩერებაზე.

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა
photo: courtesy of Tinatin Katcharava
ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

- რა არის მეტაბოლიზმი და რა იწვევს მის შენელაბას?

- მეტაბოლიზმი არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება ყველა ქიმიური რეაქციის აღსაწერად და რომელიც მონაწილეობს უჯრედების და ორგანიზმის ცოცხალი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მეტაბოლიზმი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: კატაბოლიზმი - მოლეკულების დაშლა ენერგიის მისაღებად და ანაბოლიზმი - უჯრედებისათვის საჭირო ყველა ნივთიერების სინთეზი. ჭარბი წონის, სიმსუქნის განვითარების და დიეტების დაბალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შენელება. სწორ დაბალანსებულ რაციონალურ კვებასთან და რეჟიმულ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანს სწორი, გამართული მეტაბოლიზმი ჰქონდეს.

- ახლა მოდით, გამოვყოთ ის ძირითდი მიზეზები, რომლებიც იწვევენ მეტაბოლიზმის შენელებას:

1. სტრესი: სტრესის დროს ორგანიზმი წვავს ნაკლებ კალორიას არასტრესულ მდგომარეობასთან შედარებით.

2. არარეგულარული კვების რეჟიმი: შეცდომაა დღეში 1 ჯერ ან 2 ჯერ კვება რადგან ამ დროს ორგანიზმი ინახავს კალორიებს და პირიქით არ ხდება მათი გახარჯვა, ამიტომ რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 3-4 ჯერ კვება, მცირე ულუფებით და მრავალფეროვანი საკვებით.

3. ორგანიზმში მინერალების დეფიციტი ( განსაკუთრებით რკინის და იოდის) ამ შემთხვევაშიც ხდება ნივთიერებათა ცვლის შენელება და იზრდება განსაკუთრებით ტკიბლეულის მიმართ მოთხოვნილება.  

4. ნიტრატებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული.  უნდა ვეცადოთ საკვები იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა, რათა თავიდან ავიცილოთ  ნიტრატების მიერ მიყენებული ზიანი ორგანიზმის მეტაბოლიზმზე.

5. ძილის ცირკადული რიტმის დარღვევა  დღის გვიან დაწყება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაზე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ძილი იყოს სრულფასოვანი დაახლოებით ღამის 11- 12 დან დილის 7-8 საათამდე.

6. წახემსებები კვებებს შორის: წახემსება ხილით ან იშვიათ შემთხვევაში რომელიმე ტკბილეულით ცალკე კვებად უნდა ჩავთვალოთ.

7. ჰორმონალური დისბალანსი:  ამ პრობლემის გამოსარიცხად წელიწადში მინიმუმ ერთხელ რეკომენდებულია ჰორმონალური სპექტრის შემოწმება. 

8. თვითნებური მკაცრი მონოდიეტები: ერთი სახეობის საკვების მიღება თვითნებურად პირიქით ანელებს მეტაბოლიზმს.

- როგორ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი წონის კორექციის შემდეგ?

- ზოგადად სასურველია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ვაქციოთ ჩვენს ყოველდღიურობად. კოვიდ პანდემიის პირობებში, უკვე ადამიანების დიდი ნაწილი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. რაც შეეხება მიღებულ შედეგს - ამ შემთხვევაში წონის კორექციას, სასურველია ორგანიზმს მივეხმაროთ ზომიერი ფიზიკური აქტივობით. მაქსიმალურად ვეცადოთ კვება იყოს ისევ მრავალფეროვანი, დაბალანსებული, ჯერადი. სითხე მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ დღეში. ყოველთვის უნდა აღინიშნოს რეკომენდაციების გაცემისას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაზე. ასევე სასურველია „კვებით დატვირთული“ დღეების შემდეგ მოვაწყოთ ე.წ „განტვირთვის“ დღეები, რაც გულისხმობს დღის განმავლობაში მაგ: 500 მლ კეფირის ან მაწონის მიღებას , მასთან ერთად 0,5 კგ ვაშლი და 0,5 კგ კიტრი, ასეთ დღეებში ისევე როგორც ყველა სხვა დღეს უნდა მივიღოთ წყალი საჭირო რაოდენობით. 

- ახალი წელი მოდის, რომელიც წარმოუდგენელია ქართული სუფრის გარეშე..შედეგად ბევრი  უჩივის  წონაში მატებას...

- სხვათა შორის პაციენტები ხშირად მეკითხებიან, როგორ  უნდა მოიქცნენ სუფრაზე, ყოველთვის ვურჩევ, რომ დააგემოვნონ ყველა შემოთავაზებული საკვები (დაგემოვნება გულისხმობს ერთი ორი ლუკმის გასინჯვას). დამერწმუნეთ, ესეც სრულიად საკმარისი იქნება დასანაყრებლად. ამით ჩვენს გემოვნების რეცეპტორებსაც ვასიამოვნებთ და ჩვენი ნერვული სისტემაც კმაყოფილი დაგვრჩება.  

 

16
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე