ფინჯანი ყავა

შთამბეჭდავი ჩამონათვალი: რა დაავადებებისგან დაგიცავთ ყავა

271
(განახლებულია 19:05 16.10.2020)
ყავა, გარდა იმისა, რომ დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ადამიანს არაერთი მძიმე დაავადებისგანაც იცავს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ყავა ადამიანებს ჭარბი წონისა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დიეტოლოგმა მიხაილ გინზბურგმა.

მისი თქმით, ყავა უფრო სასარგებლო პროდუქტია, ვიდრე გემრიელი.

„ეს სასმელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკსა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. გარდა ამისა, ყავა არა მხოლოდ ანელებს მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს პროგრესირებას, არამედ ამცირებს კიდეც კიბოს ამ ფორმებით დაავადების ალბათობას“, — აცხადებს სპეციალისტი.

გინზბურგი განმარტავს, რომ ყავა შეიცავს პოლიფენოლებს — ორგანულ ნაერთებს, რომლებსაც ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

„ყავა სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს პირველადი და მეორადი პროფილაქტიკის ფაქტორია“, — დასძინა ექიმმა.

გარდა ამისა, გინზბურგის თქმით, ყავაში შემავალი კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კოფეინი თავის ტვინში ააქტიურებს დოფამინის (ბედნიერების ჰორმონი) მოქმედებას და ასევე ხელს უშლის წონის მატებას.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი>>

„ის ხელს უწყობს ცხიმების დაშლას და არა მათ დაგროვებას“, — ხაზს უსვამს ექიმი-დიეტოლოგი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტორონტოს უნივერსიტეტისა და კრემბილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია, რა დაავადებებისგან იცავს ადამიანს ყავა. მეცნიერებმა შეისწავლეს ყავის სამი სახეობა: სუსტად დახალული, ძლიერ დახალული და ასევე ყავა კოფეინითა და უკოფეინოდ.

დადგინდა ყავის უსაფრთხო სადღეღამისო ნორმა: შედეგებმა მეცნიერები გააოგნა>>

გაირკვა, რომ ორი უკანასკნელი ნიმუში ებრძვის ინტელექტუალური უნარების ასაკობრივ შესუსტებას, რაც ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დადებით ეფექტს ახდენს არა კოფეინი, არამედ სხვა შენაერთი, რომელიც დახალვისას გამოიყოფა.

271
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

214
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

214
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

241
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

241
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ტესტი კორონავირუსზე

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

0
პარლამენტის დეპუტატი ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს. ასევე ინფიცირებულია ოთარ კახიძის მეუღლეც.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას დეპუტატი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ოთარ კახიძე
ოთარ კახიძე

კახიძის თქმით, მას ხველა, სიცხე და სახსრების ტკივილი აღენიშნება. ის ქუთაისში თვითიზოლაციის პირობებში მკურნალობს.

დეპუტატის ინფორმაციით, ვირუსი მის მეუღლესაც დაუდასტურდა.

„მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით“, - წერს კახიძე.

ოთარ კახიძის თქმით, მისი გუნდი ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჯანდაცვის რეკომენდაციებით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ოთარ კახიძე ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26 503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში