წნევის გაზომვა

რატომ არ შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრი შემცირება: პროფესორი განმარტავს

488
(განახლებულია 20:33 14.10.2020)
ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დედამიწაზე, რომელიც ერთი შეხედვით ჯანმრთელ ადამიანებსაც კი სასიკვდილო საფრთხეს უქმნის.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. მაღალი წნევის დროს კარგად ცნობილი ალგორითმი ასეთია: თავი გტკივათ, იზომავთ წნევას და თუ ის მაღალია, მის შესამცირებლად სვამთ აბს. არადა, ეს ლამის უმთავრესი შეცდომაა, აცხადებს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევრაზიის თერაპევტთა ასოციაციის გენერალური მდივანი ალექსანდრ არუთუნოვი.

სპეციალისტის თქმით, ამჟამად ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დედამიწაზე, რომელიც ნელ-ნელა კლავს არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონეებს, არამედ ერთი შეხედვით ჯანმრთელ ადამიანებსაც.

პროფესორი განმარტავს, რომ თუ წნევა 140/90-ს აღემატება, ეს უკვე განგაშის სიგნალია. თუმცა ეს მაჩვენებელი დროებით შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვის დროს, ან მოულოდნელი სტრესის შედეგად. მაგრამ თუ წნევა ამ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნდა, მაშინ უკვე საჭიროა ექიმს მიმართოთ.

როგორ დავწიოთ მაღალი არტერიული წნევა წამლის გარეშე: გერმანელი კარდიოლოგის რჩევები>>

ჰიპერტენზიის გამო შეიძლება წარმოიშვას ისეთი გართულებები, როგორებიცაა ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ინფარქტი და ფილტვის შეშუპებაც კი. და ერთხელაც ფორმულა „თავის ტკივილი–წნევის გაზომვა–აბი“ უარყოფით როლს შეასრულებს.

საქმე ისაა, რომ ჰიპერტონიული კრიზის დროს, როდესაც მაჩვენებლები ზემოთ იწევს, მედიკამენტების დახმარებით წნევის ძალიან მკვეთრმა შემცირებამ შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

„წნევა მაღლა იწევს, პაციენტს ეშინია, წნევის დამწევი პრეპარატების მეტისმეტად დიდ დოზას იღებს და ის იმაზე მეტად ვარდება, ვიდრე ჩვეულებრივ ჰქონდა. და, იცით, რა ხდება წნევის მკვეთრი ვარდნის ამ მომენტში? ტვინი და გული ჟანგბადის ნორმალური მარაგის გარეშე რჩება სწორედ იმის გამო, რომ წნევის მკვეთრი ვარდნა მოხდა. ეს, ფაქტობრივად, ამ პაციენტისთვის კოლაფსია. ასეთი ჟანგბადური შიმშილის ფონზე შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი განვითარდეს“, – ამბობს არუთუნოვი.

პროფესორის თქმით, ხანგრძლივი ჰიპერტენზიის დროს ადამიანს უვითარდება „სამიზნე ორგანოების“ ქრონიკული დაზიანება. ესენია: ტვინი, თირკმლები, გული, თვალები. ამიტომ თუ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზი აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოს თვითმკურნალობას და წნევა მკვეთრად არ უნდა დაიგდოს. ამ დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

 

488
თემები:
სასარგებლო რჩევები (330)
სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი

შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ - მოკლე ეტაპები

47
(განახლებულია 12:20 28.10.2020)
ფსიქიატრ-ნარკოლოგმა პერიოდებად დაყო სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები და პოპულარულ ენაზე განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში 

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სიგარეტზე უარის თქმით თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ ცელულიტსაც მოიცილებთ, აცხადებს ფსიქიატრ-ნარკოლოგი ვიქტორია კოვალიოვა და განმარტავს, რამდენად სწრაფად შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის აღდგება ფილტვები, თუ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

სპეციალისტმა პერიოდებად დაყო მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები, ცალ-ცალკე აღწერა ისინი და განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში. 

ოცდაოთხი საათი

უჯრედებს მხოლოდ ერთი დღე-ღამე სჭირდება ნახშირბადის მონოქსიდისგან თავის დასაღწევად და ჟანგბადის სწრაფად ასათვისებლად. დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმი თავადვე გაიწმინდება ნიკოტინისგან. თუ დიდი ხანია ეწევით, სავარაუდოდ, იგრძნობთ მოთენთილობას, ძილიანობას, თავბრუხვევას.

ორი-თერთმეტი დღე

ჩნდება მოწევის გაუქმების სინდრომი: გაღიზიანებადობა და მომატებული მადა. ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი „ყველაფერს გამოისყიდის“: უკვე ამ ეტაპზე ფილტვებიდან მძიმე ლითონების მარილები გამოდის. შეიძლება ამოიღოთ მუქი ფერის ნახველი.

„ამ დროს ცუდ განწყობასთან გამკლავება უფრო გაგიიოლდებათ, თუ რაციონიდან შემწვარ და ცხიმიან საკვებს გამორიცხავთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის გამო გაქვთ ჩვევა, რაღაც გქონდეთ პირში, გაუცნობიერებლად იწყებთ ხშირად ჭამას. ამის გამო თავიდან შეიძლება ზედმეტი წონა აიკრიფოთ. ეს რომ არ მოხდეს, მზესუმზირისა თუ ორცხობილების ნაცვლად გამოიყენეთ უშაქრო ლოლიპები (ყინულკარამელი), სვით მეტი სითხე — სუფთა ან ლიმონიანი წყალი“, ამბობს სპეციალისტი.

ფსიქიატრ-ნარკოლოგის თქმით, უნიკოტინოდ გატარებული უკვე პირველი კვირის ბოლოს შეამჩნევთ, რომ საკვები უფრო გემრიელი გახდა, წნევა ნორმას დაუბრუნდა, ნაწლავები უკეთესად მუშაობს (შვიდი დღის განმავლობაში ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები განახლებას ასწრებს). ამ ეტაპზე ვიტამინებიც უკეთ შეიწოვება.

თორმეტი-ოცდაათი დღე

ამ პერიოდში მწეველის ხველა უფრო რბილი ხდება. ორგანიზმის მედეგობა ვირუსების მიმართ იზრდება, ინფექციის მიღების რისკი უკვე ნაკლებია. საქმე ისაა, რომ მოწევა პნევმონიისა და ფილტვების სხვა პრობლემების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდა ამისა, მეტაბოლიზმი უფრო სწრაფი ხდება და თუ ჭარბად არ იკვებებით, მაშინ ძალისხმევის გარეშე მოიცილებთ კილოგრამებს, რომლებიც მოწევის შეწყვეტის პირველ დღეებში აიკრიფეთ.

ამასთან გაგიმჯობესდებათ კანის ფერიც, ვინაიდან ნიკოტინი ხელს აღარ შეუშლის კოლაგენის გამომუშავებას.

მცირე „სტაჟის“ მქონე მწეველებს ერთი თვის თავზე ეხსნებათ ნერვოზულობა და კარგავენ სიგარეტის ხელში აღების სურვილს.

ორი თვე

იკლებს არტერიული წნევა, უკეთ მუშაობს მიოკარდიუმი.

„ნორმალიზდება კანის სისხლით მომარაგება: ქრება გამონაყარი, თმა ნაკლებად ცხიმიანდება. არაღრმა ნაოჭები გლუვდება, პიგმენტური ლაქებიც იკლებს და საერთო ჯამში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით“, — ამბობს ვიქტორია კოვალიოვა.

ექიმის თქმით, თუ ძალისმიერი ვარჯიშები გიყვართ, შეამჩნევთ, რომ კუნთოვან მასას უფრო სწრაფად იძენთ — ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა ცილების უკეთ ათვისება დაიწყო.

სამი თვე

იწყება ფილტვების რეგენერაცია. პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს — ეს მოწევის სტაჟზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბევრს უკვე აღარ ახველებს.

„ბევრ ყოფილ მწეველს უქრება ცივი ხელების სინდრომი, თითის წვერების დაბუჟება. ეს ხდება იმის გამო, რომ იზრდება ყველა ქსოვილის სისხლმომარაგება და ნერვული დაბოლოებების აღდგენა“, — განმარტავს ექიმი.

ექვსი თვე-ერთი წელი

ხმაში ქრება ხრინწი, კბილის მინანქარი თეთრდება. ამ ეტაპზე ინსულტისა და ინფარქტის რისკები იკლებს, ქრება ქოშინი.

თუ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის გარეშე გაძლებთ ესე იგი, უკვე ყოფილი მწეველი ხართ!

47
თემები:
სასარგებლო რჩევები (330)
საუზმე

„თეთრი სისხლი“: დაიმსხვრა ყველაზე პოპულარული მითები რძეზე

55
(განახლებულია 10:51 28.10.2020)
სწავლულებმა განმარტეს, რძის შესახებ გავრცელებული რომელი მოსაზრებებია არასწორი და რატომ არ უნდა ვენდოთ მათ

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთი უძველესი ნატურალური სასმელი — რძე, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ცნობილია როგორც „თეთრი სისხლი“, მრავალი ადამიანისთვის საუზმეზე შეუცვლელი პროდუქტია. თუმცა მის  გარშემო არაერთი არასწორი წარმოდგენა არსებობს, რომელთაგან რამდენიმე სამეცნიერო გამოცემა Science and Technology Daily-მ დაამსხვრია.

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ რძის უზმოზე, ცარიელ კუჭზე გამოყენება, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, არაა ზიანის მომტანი. უფრო მეტიც, შრატის ცილას აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი და ხელს უშლის ლორწოვანას ანთებას.

„რძის დალევა ცარიელ კუჭზე არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ, რადგან ამან შეიძლება გაამძაფროს ეს სინდრომი და გამოიწვიოს მუცლის შებერილობა და დიარეა“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში. შესაბამისად, ამ ადამიანებმა რძე სხვა საკვებთან ერთად უნდა მიიღონ.  

რძესთან დაკავშირებული მეორე მითი ეს ისა, რომ ზოგი ადამიანის აზრით, რძის მეშვეობით სახის კანის გათეთრებაა სესაძლებელი. მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, რძე არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც კანის გათეთრების უნარი აქვს და საერთოდაც, რძის ცილის მოლეკულები იმდენად დიდი ზომისაა, რომ კანის გზით მისი შეწოვა ვერ ხდება. თუმცა რძის ნიღაბს ნამდვილად აქვს გამაგრილებელი და დამატენიანებელი ეფექტი და მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ხელს უწყობს კაპილარების შევიწროებას.

ასევე არასწორია მოსაზრება, რომ თითქოს ადუღების შემდეგ რძე სასრგებლო თვისებებს კარგავს და მავნებელი ხდება; რომ „იწვება“ ცილები და წარმოიქმნება გლიკოზილამინი, რომლის მონელება–ათვისებაც ძალიან უჭირს კუჭს.

სინამდვილეში ცილის „წვა“ მაიარის რეაქციის გამოვლინებაა, რომლის ერთ–ერთი პროდუქტიცაა გლიკოზილამინი. რძე ადუღებისას ფერს არ იცვლის, არ მუქდება და არ იძენს დამწვრის გემოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მაიარის რეაქციის ხარისხი ძალიან დაბალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაღაზიის ჩვეულებრივი რძე, პასტერიზებული ან ულტრაპასტერიზებული, არ საჭიროებს მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას. თუმცა, ასეთი რძის ადუღებაც კი არ მოქმედებს მის კვებით ღირებულებაზე და არ ვნებს ორგანიზმს.  

ამასთან გამოცემა წერს, რომ პაკეტირებული რძის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები. საქმე ისაა, რომ შეფუთვა, როგორც წესი, დამზადებულია პოლიმერების ან ალუმინის ფოლგისგან. პოლიმერული მასალის ძირითადი კომპონენტია პოლიეთილენი, რომელიც არ არის გამძლე მიკროტალღური გამოსხივების მიმართ. ხოლო ალუმინის ფოლგა არის ლითონის მასალა, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში მოთავსების შემთხვევაში შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს. სწორედ ამიტომ რძე პაკეტიდან სხვა ჭურჭელში უნდა გადაასხათ და ისე გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში.

55
თემები:
სასარგებლო რჩევები (330)
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

0
(განახლებულია 14:43 28.10.2020)
კობახიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეს უნდა ნახოთ! ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო რგოლები საქართველოში>>

კობახიძის თქმით, ამ შტაბის ამოცანაა მოქალაქეთა პროვოცირება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე. ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი,  თბილისში კი – გლდანის რაიონი.

„აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, რომ კარს მომდგარ არჩევნებს მაქსიმალურად ჩრდილი მიაყენონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ოპოზიციის სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა და მათ ყალბი ორგანიზაციები უწოდა. მისი თქმით, ასეთი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ირაკლი კობახიძემ კონკრეტულად „აიპიემისთვის“ (IPM) ოპოზიციის მხრიდან დაკვეთილ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის - „აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ.

„და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობის შესასწავლად, არამედ მათზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. კობახიძე ოპოზიციის ამ ქცევას დექსტრუქციულს უწოდებს.

კობახიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველი გუნდის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მან პირობა დადო ქვეყნის მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად.

Survation-ის გამოკითხვა: მოქალაქეების 71% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს>>

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020