ძველი სახლის ფანჯარა

საშიშროება ფანჯრებზე ბუდობს: ექსპერტი შავი ჭუჭყის საშიშროებაზე გვაფრთხილებს

89
(განახლებულია 18:58 13.10.2020)
ექსპერტი განმარტავს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ზაფხულისა და ზამთრის მტვერი, რა არის შავი ჭუჭყი და რატომაა ის ძალიან სახიფათო ადამიანისთვის.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ჭუჭყიანი ფანჯრები ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ეკოლოგ-ექსპერტმა ანტონ იასტრებცევმა.

მისი თქმით, ფანჯრების სისუფთავის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წესრიგის დასაცავად, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. რაც უფრო კარგად არის ოთახი განათებული, მით მეტია მასში ბუნებრივი სინათლე და მით უფრო კომფორტულად გრძნობს ადამიანი თავს.

ექსპერტი ამბობს, რომ ძველი სახლების საკუჭნაოებს, ტუალეტებსა და სააბაზანოებსაც კი სწორედ ამიტომ ჰქონდა ფანჯრები. იმთავითვე მიიჩნეოდა, რომ მზის სინათლე შენობის დეზინფექციას ახდენს.

„თუმცა საქმე არა დეზინფექციაში, არამედ ინსოლაციაშია, რადგან რაც უფრო ნათელია ოთახი, მით უკეთ გრძნობს თავს ადამიანი. თუ ფანჯრები დაბინძურებულია, ოთახში ნაკლები შუქი აღწევს, რაც საკმაოდ სერიოზულად აისახება ადამიანზე“, — ამბობს ექსპერტი.

უფრო მეტიც, იასტრებცევის თქმით, შავი ჭუჭყი, რომელიც ფანჯრებზე გროვდება, შეიძლება ძალიან საშიშიც კი იყოს.

„ჭუჭყი ჩარჩოდან, მინიდან, ფანჯრის რაფებიდანაც უნდა ჩამორეცხოთ. შავი ჭუჭყი არის ის, რაც ჯერ კიდევ არ მოხვედრილა ოთახში და თუ მას არ მოაშორებთ, რომელიც, სხვათა შორის, ჭვარტლსა და კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს, შეიძლება ქარმა ოთახში შემოიტანოს და ფილტვებში მოხვდეს“, — განმარტა ეკოლოგმა.

ექსპერტი გვირჩევს, ფანჯრები წელიწადში ორჯერ მაინც გავწმინდოთ. ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ალერგია აქვს.

სახალისო ჯადოქრობა: როგორ მოვიზიდოთ წარმატება და ბედნიერება ფანჯრის მეშვეობით>>

„ზაფხულსა და ზამთარში მტვრის შემადგენლობა განსხვავებულია. ზაფხულში, ძირითადად, ეს არის მტვერი, რომლის მიმართაც ბევრი ადამიანი ალერგიულია — ალვის ბუსუსები და სხვადასხვა მცენარეული წარმოშობის ჭუჭყი; ზამთარში კი ჭვარტლი და ქლორიდები უფრო გროვდება. საჭიროა მისი ჩამორეცხვა როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში“, — ამბობს ანტონ იასტრებცევი.

მისი თქმით, უკეთესია, თუ ფანჯრებს სპეციალური პრეპარატებით გაწმენდთ.

89
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

347
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

347
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

313
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

313
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ელიავას ბაზრობა

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე

0
(განახლებულია 09:33 26.10.2020)
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. 2020 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,8%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 8,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,9%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 4,8%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 5,5%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,1%-ით გაიზარდა. 

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 34,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 4,2%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 13,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 1,9%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,3%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა