მძინარე ქალი პიჟამოში

რაზე გვესაუბრება ქვეცნობიერი: ფსიქოლოგი სიზმრების საიდუმლოს განმარტავს

749
(განახლებულია 21:49 09.10.2020)
თუ ცუდი სიზმარი ნახეთ, არ უნდა სცადოთ მისი დავიწყება, თორემ მას კიდევ უფრო ღრმად დამარხავთ საკუთარ თავში და ნეგატივი შიგნიდან გაგანადგურებთ.

თბილისი, 9 ოქტომბერი ― Sputnik. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჩაუხედავს სიზმრების წიგნში იმის გასაგებად, თუ რაზე მიანიშნებს ესა თუ ის სიზმარი, ამბობს ფსიქოლოგი დარია ნელედინსკაია, რომელმაც რადიო Sputnik-თან ინტერვიუში სიზმრების საიდუმლოებებზე, მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრა.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, როდესაც ადამიანის ფიზიკურ სხეულს სძინავს, მისი ქვეცნობიერი მუშაობას განაგრძობს, და სიზმარი არის ერთგვარი სიგნალი, ნიშანი ან მინიშნება ქვეცნობიერისგან.

„ჩვენი ქვეცნობიერი სიზმრების საშუალებით გვესაუბრება. ეს ინფორმაცია თითოეული ადამიანისთვის სრულიად ინდივიდუალურია. თუ რაღაც სიზმარი ნახეთ, რის შემდეგაც უსიამოვნო შეგრძნება გიჩნდებათ, გირჩევთ მოუსმინოთ საკუთარ თავს, შეეცადოთ გაშიფროთ, რას ნიშნავს ეს პირადად თქვენთვის“, ― ამბობს ფსიქოლოგი.

დარია ნელედინსკაია არ გირჩევთ მიმართოთ სიზმრების წიგნს ნანახის ინტერპრეტაციისთვის. საქმე ისაა, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდია და ამიტომ სიზმრის ერთი ახსნა, მარტივად რომ ვთქვათ, ყველას ვერ მოერგება.

რაც შეეხება კოშმარებს, ფსიქოლოგის აზრით, არ ღირს ყველა გზით სცადოთ მისი დავიწყება. ზოგჯერ ამ მცდელობებმა შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიღოს.

„თუ თქვენ ნეგატივი დაგესიზმრათ, ნუ შეეცდებით მის დავიწყებას, მისგან თავის დაღწევას. როდესაც რაღაცის მეხსიერებიდან ამოშლას ვცდილობთ, ამ დროს, პირიქით, უფრო ღრმად ვმარხავთ მას საკუთარ თავში და საბოლოოდ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ნეგატივი ჩვენ განადგურებას შიგნიდან იწყებს. ასეთ დროს უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს და სცადოთ გაერკვეთ – რატომ განიცდით ასეთ ემოციებს, რა ხდება, რა შეგრძნებები გეუფლებათ ამ მომენტში, რაზე მიგანიშნებთ თქვენი „მე“, ― გვირჩევს დარია ნელედინსკაია.

ფსიქოლოგის განმარტებით, თუ სიზმრები არ გამახსოვრდებათ, ამას შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს: ან ინტუიციური უნარები და არხები ცუდად გაქვთ განვითარებული, ან საკუთარ თავს არ ენდობით.

„ასეთ ადამიანს არ აქვს კავშირი საკუთარ თავთან. მაგრამ დიდად ნუ შეშფოთდებით ― ეს არ არის გადახრა, ეს უბრალოდ პიროვნული თვისებაა“, ― მიიჩნევს ფსიქოლოგი.  

749
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

287
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

287
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

287
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

287
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შსს-ს შენობა

შსს: ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

14
შსს მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგინდა და ის იდენტიფიცირებულია, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

 

14
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა