კეტჩუპის ღიმილაკი პურის ნაჭერზე

სამი ყველაზე გავრცელებული შეცდომა დიეტის დროს: უნდა ავკრძალოთ თუ არა პური

1226
(განახლებულია 16:21 08.10.2020)
მოტკეცილი შარვალი აღარ გეკვრება, არც მოკლე მაისურია ლამაზი გამობერილ მუცელზე, მკლავებიც არ გაქვს შესაშურ ფორმაში. ეს ყველაფერი შენში იწვევს დისკომფორტს და იწყებ ფიქრს, როგორ მოიცილო ზედმეტი კილოგრამები...

ადამიანები არასასურველი კილოგრამების მოსაცილებლად უამრავ გზას მიმართავენ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ პროცესში ძალიან ხშირად სამ უდიდეს შეცდომას ვუშვებთ. ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე საუბრობს შეცდომებზე, რასაც ადამიანები დიეტის დროს უშვებენ.

- რა არის პირველი შეცდომა, რომელსაც წონაში დაკლების მსურველი ადამიანები უშვებენ ხოლმე?

- როცა ძალიან უნდათ, რომ დაიკლონ წონა, თითქოს ლოგიკურია, რომ ამ დროს არ უნდა ჭამონ. ეს არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა და, მინდა გითხრათ, სავალალოც, რადგან ამ შიმშილს ახასიათებს უკუეფექტი. ნებისმიერ ორგანიზმს აქვს ჰომეოსტადი. ეს არის წონასწორობა, რაც კომფორტულია ნებისმიერი ორგანიზმისთვის, იქნება ეს გამხდარი ადამიანი, თუ მსუქანი. როდესაც ადამიანი ცდილობს შიმშილით წონაში დაკლებას, ამით სტრესში აგდებს საკუთარ ორგანიზმს და როდესაც უნდა, რომ ეს პროცესი სწრაფად მოხდეს, ამ დროს ხდება მკვეთრი ცვლილება. რა თქმა უნდა, იკლებს ის წონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს, აღარ შიმშილობს და იწყებს ჭამას, შესაძლებელია ორმაგად მოიმატოს წონაში. სწორედ ამაში მდგომარეობს უკუეფექტი. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და იგროვებს მარაგს, რომ იმ შიმშილს გაუძლოს.

- რა იგულისხმება შიმშილში – ადამიანი უარს ამბობს საკვებზე, თუ საკვების გარკვეულ დოზას იღებს?

- კალორაჟი განაპირობებს იმას, თუ რა სახის საკვებს იღებს ორგანიზმი. 1200 კილოკალორია ძალიან ფიპოკალორიულია, 600-მდე – დაბალკალორიული, 600 კილოკალორიის ქვევით კი უკვე პრაქტიკულად შიმშილია. ანუ თუ 600 კილოკალორიაზე ნაკლებს მივიღებთ, პრაქტიკულად ვშიმშილობთ.

- რა არის მეორე ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დიეტის დროს უშვებენ ადამიანები?

- დიეტა, რატომღაც, ბევრისთვის ასოცირდება რაციონიდან პურის ამოღებასთან. ეს არასწორია. ამბობენ, „არ ვჭამ პურს“, მაგრამ ჭამენ ხაჭაპურს, ან ნამცხვარს. ესეც არის ორგანიზმისთვის სტრესული. ადამიანის ნორმალური ყოფა ითვალისწინებს მრავალი სახეობის პროდუქტს. როდესაც ჩვენ ერთი სახეობის პროდუქტს ვიღებთ, ესეც შესაძლოა ორგანიზმმა აღიქვას სტრესად. პური არის შეუცვლელი პროდუქტი, მასში არის ისეთი მიკროელემენტები, მაგალითად, თუთია, რომელიც სხვა საკვებში ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს. აუცილებელია, რომ კვების რაციონში პური იყოს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ქართველები მიირთმევენ.

- როგორი პური შეიძლება ჭამოს ადამიანმა, რომ არ გასუქდეს?

- გარდა მიკროელემენტებისა პურში შედის ორგანიზმის საშენი მასალა, ეს არის შეუცვლელი ამინომჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, P ვიტამინი, რომლებიც ასევე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ პურის რაციონიდან სრულად გამორიცხვა არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება პურის სახეობას, შეგვიძლია მივიღოთ შავი პური. შავი პურის შეწოვა ხდება ცოტა უფრო გვიან, ვიდრე თეთრი პურის. სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ, მაგალითად, ისეთ დაავადებებს შეიძლება გაუწიოს პრევენცია, როგორიც არის ანემია. ასევე მიკროელემენტები, რომლებსაც აქვთ ანტიოქსიდანტური თვისება, შესაძლოა იყოს პრევენცია სიმსივნური დაავადებების განვითარებისთვის.

- რა არის მესამე შეცდომა?

- ეს არის ე.წ. ერთხელ ჭამა. ამბობენ, ერთხელ ვჭამ და ნეტავ რა მასუქებს? როდესაც ადამიანი ჭამს ერთხელ, უფრო მეტად შივდება, ვიდრე როცა ჭამს დღეში სამჯერ ან ოთხჯერ. ამ შემთხვევაში ძალიან მოშიებულზე უფრო მეტი რაოდენობის საკვებს იღებს. ყოველ ჯერზე, ერჯერადად „გაბერილი“ კუჭი ითხოვს მეტ საკვებს იმისთვის, რომ დანაყრდეს. ამ ერთი კვების დროს ადამიანი თვლის, რომ უნდა დააყოლოს დესერტი, მაგალითად, შოკოლადი, ნამცხვარი, ხილი, რაც ძალიან ცუდი აზრია. უნდა ვიკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, რათა დიდი ზომის არ გახდეს ჩვენი კუჭი. განსაკუთრებით ძილის წინ და ღამის პერიოდში მოერიდეთ ნოყიერ კვებას, რომ თავიდან ავირიდოთ სიმსუქნე.

 

1226
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (63)
დიეტა

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა დიეტის შემდეგ

251
(განახლებულია 18:55 29.10.2020)
ყველა ადამიანს სურს სასურველი წონა ჰქონდეს და ყოველთვის მსუბუქად გრძნობდეს თავს, ამისთვის კი ხშირად მიმართავენ დიეტას.

შესაძლოა სასურველ წონას მალე მივაღწიოთ, ან ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს. ყველა შემთხვევაში საჭიროა მიღწეული შედეგის შენარჩუნება. დიეტის შემდეგ ყველაზე რთული კი სწორედ წონის შენარჩუნებაა.

როგორც წესი, დიეტის შემდეგ, როცა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და კვების რაციონს, დაკლებული კილოგრამებიც თავიდან იწყებს მატებას.

სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების მხოლოდ 5% ახერხებს წონის შენარჩუნებას. როდესაც ადამიანი ცდილობს დიეტით, შიმშილით წონაში დაკლებას, ამით სტრესში აგდებს საკუთარ ორგანიზმს. რა თქმა უნდა, ადამიანი იკლებს წონაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უბრუნდება მისთვის ჩვეული ცხოვრების რიტმს, აღარ შიმშილობს და იწყებს ჭამას, შესაძლებელია კვლავ მოიმატოს წონაში. ორგანიზმს ეშინია, რომ ისევ შიმშილის ფაზაში ჩავარდება და ორმაგად იგროვებს მარაგს, რათა მოსალოდნელ შიმშილს გაუძლოს.

ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც აპირებენ ჭარბ წონასთან ბროძლას, ამას თვითნებურად აკეთებენ და არ მიმართავენ სპეციალისტს. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ აუცილებელია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და დიეტის წინ გაარკვიოთ, ხომ არ არის ჭარბი წონის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ან სხვა დაავადება და არა ცუდი რაციონი. ამ შემთხვევაში დიეტის ნაცვლად კვალიფიკაციური მკურნალობაა საჭირო.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც დიეტის შემდეგ წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

არ მიირთვათ გვიან – ეს პირველი წესია, რომელიც სასურველი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ყველაზე მავნებელი კალორიები სწორედ ძილის წინ გროვდება, ამიტომ ბოლო კვება მიიღეთ 8 საათზე. თუ ძალიან გშიათ და ვერ იკავებთ თავს, შეგილიათ მიირთვათ დაბალკალორიული მაწონი, კეფირი ან იოგურტი.

გაითვალისწინეთ, ორგანიზმი მალევე უბრუნდება ძველ კვებით რეჟიმს. ამიტომ დიეტის დასრულების შემდეგ ეცადეთ ნელ-ნელა და მცირე ულუფებით მიიღოთ ის საკვები, რაც ძალიან გიყვართ. გაზარდეთ კალორიულობა ნელ-ნელა, დღეში 10-12%-ით. მაგალითად, თუ თქვენი დიეტის პირობაა 1500 კალორია დღეში, გაზარდეთ ის 1650-1800 კალორიამდე ერთი კვირის განმავლობაში. პირველი კვირის შემდეგ, როდესაც მიაღწევთ განსაზღვრულ კალორიულობას, გააგრძელეთ კალორიების გაზრდა 5-10%-მდე 1-3 კვირის მანძილზე მე-8 კვირამდე. საკვების ნელ-ნელა შეჩვევა ორგანიზმს არ მისცემს საშუალებას კვლავ მოიმატოთ წონაში.

კვირაში ერთი დღე მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

განტვირთვის დღე წყლით ყველაზე ეფექტურია, მაგრამ ყველაზე რთულიც. მთელი დღის განმავლობაში უნდა სვათ მხოლოდ წყალი, სულ 2-3 ლიტრამდე და არაფერი მიირთვათ. ასეთი განტვირთვის დღე საკმარისია გააკეთოთ კვირაში ერთხელ.

ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განტვირთვის დღე კეფირით. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი ლიტრი კეფირი ან მაწონი, სასურველია - უცხიმო.

განტვირთვის დღე აგრეთვე შეიძლება მოიწყოთ ხაჭოთი. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 600 გრამი უცხიმო ხაჭო, ნაკლებცხიმიანი არაჟნით. ეს ულუფა ხუთ ნაწილად უნდა გაყოთ და დღის განმავლობაში გადაანაწილოთ.

როგორც დიეტის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა. ივარჯიშეთ, იარეთ ცურვაზე, ხოლო თუ ამის საშუალება არ გაქვთ, იარეთ ფეხით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

სასურველია, თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს და არ მოწევთ სიგარეტს. არ გამოაშროთ ორგანიზმი, არ შეუწყოთ ხელი მის გაუწყლოებას. დღის განმავლობაში დალიეთ ორ ლიტრამდე წყალი. ასევე კარგია მწვანე ან ბალახეული ჩაის დალევა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

251
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (63)
ქალი და მამაკაცი

ცალკე კაცებისთვის და ცალკე ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

249
(განახლებულია 16:53 29.10.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რა უწყობს ხელს სექსუალური ლტოლვის ზრდას მამაკაცებში და რა – ქალებში.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცები, რომლებიც ორგანულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ნაკლებად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას, ქალების სექსუალობაზე კი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოქმედებს დადებითად, აცხადებენ ამერიკელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Science Direct.  

ვნახოთ, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სქესობრივი ლტოლვის ზრდას და ჯანმრთელ ოჯახურ ცხოვრებას.

კვება მამაკაცებისთვის

40 წელს გადაცილებული მამაკაცების 30-52% უჩივის სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე ხშირად არასრულფასოვან ერექციას უკავშირდება.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის ქირურგიული ჩარევაც. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილების მკვლევარები პროფესორ ფაიზალ იაფის ხელმძღვანელობით პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ და შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კვება. ამისათვის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა იმ მამაკაცის ცხოვრებისა და კვების წესი, რომლებმაც მათ ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სქესობრივი დარღვევების ჩივილებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 271 ადამიანიდან 65 პროცენტი „ჩვეულებრივად“ იკვებებოდა, ხოლო დანარჩენი დიეტას იცავდა — ისინი მიირთმევდნენ ორგანულ და გადაუმუშავებელ საკვებს, ერიდებოდნენ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ამასთან, 28% მიმართავდა პერიოდულ შიმშილობასაც. როგორც გაირკვა, ჯანსაღი დიეტის მომხრეები ნაკლებად უჩიოდნენ ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანული დიეტა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და უზრუნველყოფს ენერგიის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ლიბიდოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი საკვები ნაკლებად შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ნერვულ სისტემას თრგუნავს, სამაგიეროდ შეიცავს მეტი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება. ამასთან, არსებობს მტკიცებულებები, რომ პერიოდული (წყვეტილი) შიმშილობა ზრდის მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დონეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევაში მცირე რაოდენობის ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: იმის მტკიცება, რომ სექსუალურ მაჩვენებლებზე მხოლოდ დიეტა ახდენს გავლენას, დანამდვილებით არ შეიძლება. ასევე ექსპერიმენტის შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც იცავს სხვა სახის დიეტებს: კეტოდიეტას, მთელმარცვლიანს, პალეო-, ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ დიეტებს. სწავლულების თქმით, ამ შემთხვევებში ცალკე კვლევაა საჭირო.

დიეტა ქალებისთვის

ზემოთ ნახსენები კვლევიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა იმავე გუნდმა გამოაქვეყნა მონაცემები ქალის სექსუალობასა და კვებას შორის კავშირის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი ფუნქციის პრობლემები ქალების 43 პროცენტს აქვს, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. საქმე ისაა, რომ ასეთი ჩივილებით იშვიათად მიმართავენ ექიმებს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იწვევს ქალებში სექსუალურ დისფუნქციას. დიეტა ასეთი მდგომარეობების თერაპიის ნაწილია. ჩვეულებრივი რაციონი აშკარად არაჯანსაღია, ვინაიდან მოიცავს ბევრ შემწვარს, ცუდ ცხიმებსა და ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებს.

სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, თევზით, მთელმარცვლეულით. არსებობს მონაცემები, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ქალებში ამ ტიპის დიეტა აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

პროდუქტები უკეთესი სექსისთვის

ირანელ, კანადელ და ალბანელ მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველდღიური მენიუს მეათედი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, სქესობრივი დისფუნქციის რისკი ნაკლებია. კაკალი და ბოჭკოებით მდიდარი საკვებიც ასევე ეფექტურია.

ტროპიკული ამაზონის ტომების მამაკაცები იშვიათად განიცდიან ერექციულ დისფუნქციას და ნაადრევ ეაკულაციას. მათი რაციონი შედგება მდინარის თევზის, ბრაზილიურ კაკლის, ხილისა და ბოსტნეულისგან.

სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს ისეთი საკვები, როგორებიცაა: კაკალი, გოგრის თესლი, ქუნჯუთი და ასევე მდელოს ბალახით ნაკვები საქონლის წითელი ხორცი.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას მამაკაცებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ამ ვიტამინით მდიდარი პარკოსნები და ღვიძლი.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დაავადებას ეხმარება ბარდა და სიმინდი, რომლებიც ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აღადგენს სეროტონინის დონეს — ჰორმონისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური დაკმაყოფილების პროცესში.

ჯერჯერობით მექანიზმი შესწავლილი არ არის, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინიც, რომელიც ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს. იგივე ეფექტი აქვს ბროწეულსა და კოჭას.

რაც შეეხება პეირონის დაავადებას (სასქესო ასოს გამრუდება), მისი პროფილაქტიკისთვის კარგია E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ციტრუსებში, შავ და ლურჯ მოცვში გვხვდება.

მეცნიერების თქმით (2008 წლის კვლევა), საზამთროში აღმოჩენილია ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და, ფაქტობრივად, ვიაგრას მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები მწირად მოიპოვება, 2018 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ L–ციტრულინითა და რესვერატროლით კომბინირებული მკურნალობა აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ამ ნივთიერებებით მდიდარია ყურძენი, თხილი და კაკაო.

249
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
საპატრულო პოლიცია

გურჯაანში მამაკაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა

0
(განახლებულია 16:49 30.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა, იუწყება ქართული მედია.

ინცინდენტი სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირების  დროს ქმარმა სანადირო თოფით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ  ცოლისძმას და მეზობლებს ესროლა – შემთხვევის შედეგად ერთი მეზობელი გარდაიცვალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია – ერთ პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 109-ე მუხლით დაიწყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში