საგარდერობე ოთახი

როგორ შევინახოთ საზაფხულო ტანსაცმელ-ფეხსაცმელი: მარტივი ინსტრუქცია

402
(განახლებულია 17:06 05.10.2020)
დადგა საზაფხულო ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან დროებით დამშვიდობებისა და მათი კარადებსა თუ ყუთებში გადანაცვლების დრო.

იმისათვის, რომ რამდენიმე თვით გადანახული სამოსი მომავალ სეზონზე კვლავ კარგად გამოიყურებოდეს, საჭიროა გაეცნოთ მისი შენახვის მარტივ ინსტრუქციას. 

უპირველესად, უნდა გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივად შენახვის წინ ყველაფერი კარგად უნდა გარეცხეთ, თორემ თუ სადმე თვალისთვის უჩინარი ლაქა გამოგეპარათ, ზამთრის განმავლობაში ისე ჩააკვდება ქსოვილს, რომ შეიძლება ვეღარც მოაშოროთ.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ არ შეიძლება, ყველა სახის ტანსაცმელი დაკეცოთ და თაროზე  შემოდოთ ან ყუთში ჩადოთ - ზოგი რამ აუცილებლად სამხრეებზე უნდა დაკიდოთ.

გახსოვდეთ: 

  • შესანახად გარეცხილ ტანსაცმელს ფხვნილის სუნი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეს. ამიტომ ისინი, კარგად გასანიავებლად, ჰაერზე უნდა გაშრეს და არა ოთახში ან საშრობ მოწყობილობაში;
  • შენახვამდე შეაკეთეთ სამოსი — დააკერეთ აწყვეტილი ღილი, დაკემსეთ ნახვრეტები;
  • შეამოწმეთ ჯიბეები, გაასუფთავეთ ისინი წვრილმანი ზედმეტობებისგანაც კი. გახსოვდეთ, უმცირეს ნარჩენსაც კი შეუძლია დააზიანოს თქვენი ტანსაცმელი;
  • ტანსაცმელი, რომელსაც კარადაში ინახავთ, პერიოდულად უნდა განიავდეს;
  • სამხრეებზე („ვეშოლკებზე“) დაკიდული ტანსაცმელი ერთმანეთს მჭიდროდ არ უნდა ეხებოდეს, თორემ კარადაში უსიამოვნო სუნი დადგება.
ტანსაცმელი კარგად შეინახება, თუ მათ ქსოვილის ტიპების მიხედვით გადაარჩევთ. მაგალითად, ჯინსები — ცალკე, ტრიკოტაჟის ნაწარმი — ცალკე.
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი აუცილებლად თაროებზე უნდა შეინახოთ დაკეცილი — მძიმე ნივთები ქვემოთ დაალაგეთ, მსუბუქები — ზემოდან.  თუ მათ სამხრეებზე ჩამოკიდებულს დატოვებთ მთელი ზამთრის განმავლობაში, ფორმას დაკარგავს;
  • მსუბუქი ქსოვილები — აბრეშუმი, შიფონი და სხვა მათი მსგავსი, ცალ–ცალკე პაკეტებში  უნდა ჩალაგდეს. მაგრამ თუ მათ შესანახად მუქი ფერის ნაჭრის „ტომრებს“ გამოიყენებთ, საუკეთესო ვარიანტი იქნება. ასეთ შემთხვევაში თქვენი ტანსაცმელი მკვეთრ ფერებს შეინარჩუნებს;
  • ჯინსები ასევე თაროებზე ინახება, ოღონდ ისე, რომ არ დაპრესოთ და საკმარისი სივრცე დატოვოთ ჰაერის გასავლელად;
  • პიჯაკები სამხრეებზე ჩამოკიდეთ და ყველა ღილი შეუკარით. კარგი იქნება, თუ მათ სპეციალურ შალითებს ჩამოაცმევთ.
რაც შეეხება საზაფხულო ფეხსაცმელს, ისინიც შესაბამისი წესით უნდა ინახებოდეს. ამისათვის ძალიან მოსახერხებელია კოლოფების, ან ქსოვილის ტოპრაკების გამოყენება.
  • შენახვამდე ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა შეარომონტოთ, გაწმინდოთ/გარეცხოთ და გააშროთ;
  • ტყავის ფეხსაცმელი უნდა დაამუშავოთ სპეციალური კრემით ან ვაზელინით;
  • ნუბუკისგან შეკერილი ფეხსაცმელი კი სპეციალური გამჟღენთით უნდა გაიწმინდოს და დამუშავდეს;
  • იმისათვის, რომ ფეხსაცმელმა ფორმა არ დაკარგოს, ქაღალდები უნდა ჩატენოთ მასში;
  • თეთრი ფეხსაცმელი აუცილებლად ცალკე კოლოფში უნდა შეინახოთ.

თუ ყველა ამ რეკომენდაციას შეარულებთ, კარადიდან მომდევნო სეზონზე ისევ გამოლაგებული ნივთები იდეალურ მდგომარეობაში იქნება. 

402
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
კვერცხი პომიდვრით

ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს

78
(განახლებულია 20:55 28.10.2020)
ცნობილმა დიეტოლოგმა საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჩამოთვალა, რაც დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის წინ არის შესაძლებელი ისე, რომ წონას, ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმას ზიანი არ მიადგეს, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა.

ექიმის თქმით, 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე სრული უარის თქმა არ ღირს. წასახემსებლად (დაძინებამდე საათ-ნახევრით ადრე) იდეალურია ერთი მუჭა კაკალი (ნუში, ფისტა) ან გოგრის თესლი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიმე კივი ან ჭიქა იოგურტი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ მოხარშული კვერცხი ან ომლეტი სალათის ფოთლებით, ბულგარული წიწაკით ან პომიდვრით, მთელმარცვლოვანი ორცხობილები ჰუმუსით, ფეტა ან მოხარშული ქათმის ნაჭრები (ორი-სამი პატარა ნაჭერი), ჭიქა ალუბალი ან მარწყვი, თუნდაც ყველის პატარა ნაჭრით (დაახლოებით 25 გრამი), უცხიმო რძისა და კენკრის ან ანანასის სმუზი.

„ძილის წინ მთელმარცვლოვანი ცხელი ფაფაც კი, 10-12 მარცვალი ქიშმიშითა და დარიჩინით, არ დაგაზარალებთ. ფინჯანი თბილი მცენარეული ჩაი კი შესანიშნავად შეავსებს გვიან ტრაპეზს“, — განმარტა პუგაჩოვამ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანელმა დიეტოლოგმა დაასახელა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი წონის დაკლებას ხელს უშლის.

78
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
სიგარეტის მოწევის ამკრძალავი ნიშანი

შეამოწმეთ საკუთარ თავზე: რა ხდება მოწევის „გადაგდების“ შემდეგ მოკლე ეტაპები

89
(განახლებულია 16:12 28.10.2020)
ფსიქიატრ-ნარკოლოგმა პერიოდებად დაყო სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები და პოპულარულ ენაზე განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სიგარეტზე უარის თქმით თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ ცელულიტსაც მოიცილებთ, აცხადებს ფსიქიატრ-ნარკოლოგი ვიქტორია კოვალიოვა და განმარტავს, რამდენად სწრაფად შეიცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა და როდის აღდგება ფილტვები, თუ მავნე ჩვევას თავს დააღწევთ.

სპეციალისტმა პერიოდებად დაყო მოწევისთვის თავის დანებების ეტაპები, ცალ-ცალკე აღწერა ისინი და განმარტა, რომელ ეტაპზე რა ხდება ორგანიზმში. 

ოცდაოთხი საათი

უჯრედებს მხოლოდ ერთი დღე-ღამე სჭირდება ნახშირბადის მონოქსიდისგან თავის დასაღწევად და ჟანგბადის სწრაფად ასათვისებლად. დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმი თავადვე გაიწმინდება ნიკოტინისგან. თუ დიდი ხანია ეწევით, სავარაუდოდ, იგრძნობთ მოთენთილობას, ძილიანობას, თავბრუხვევას.

ორი–თერთმეტი დღე

ჩნდება მოწევის გაუქმების სინდრომი: გაღიზიანებადობა და მომატებული მადა. ყველაზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი „ყველაფერს გამოისყიდის“: უკვე ამ ეტაპზე ფილტვებიდან მძიმე ლითონების მარილები გამოდის. შეიძლება ამოიღოთ მუქი ფერის ნახველი.

„ამ დროს ცუდ განწყობასთან გამკლავება უფრო გაგიიოლდებათ, თუ რაციონიდან შემწვარ და ცხიმიან საკვებს გამორიცხავთ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის გამო გაქვთ ჩვევა, რაღაც გქონდეთ პირში, გაუცნობიერებლად იწყებთ ხშირად ჭამას. ამის გამო თავიდან შეიძლება ზედმეტი წონა აკრიფოთ. ეს რომ არ მოხდეს, მზესუმზირისა თუ ორცხობილების ნაცვლად გამოიყენეთ უშაქრო ლოლიპები (ყინულკარამელი), სვით მეტი სითხე — სუფთა ან ლიმონიანი წყალი“, – ამბობს სპეციალისტი.

ფსიქიატრ-ნარკოლოგის თქმით, უნიკოტინოდ გატარებული უკვე პირველი კვირის ბოლოს შეამჩნევთ, რომ საკვები უფრო გემრიელი გახდა, წნევა ნორმას დაუბრუნდა, ნაწლავები უკეთესად მუშაობს (შვიდი დღის განმავლობაში ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედები განახლებას ასწრებს). ამ ეტაპზე ვიტამინებიც უკეთ შეიწოვება.

თორმეტი-ოცდაათი დღე

ამ პერიოდში მწეველის ხველა უფრო რბილი ხდება. ორგანიზმის მედეგობა ვირუსების მიმართ იზრდება, ინფექციის მიღების რისკი უკვე ნაკლებია. საქმე ისაა, რომ მოწევა პნევმონიისა და ფილტვების სხვა პრობლემების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

გარდა ამისა, მეტაბოლიზმი უფრო სწრაფი ხდება და თუ ჭარბად არ იკვებებით, მაშინ ძალისხმევის გარეშე მოიცილებთ კილოგრამებს, რომლებიც მოწევის შეწყვეტის პირველ დღეებში აკრიფეთ.

ამასთან გაგიმჯობესდებათ კანის ფერიც, ვინაიდან ნიკოტინი ხელს აღარ შეუშლის კოლაგენის გამომუშავებას.

მცირე „სტაჟის“ მქონე მწეველებს ერთი თვის თავზე ეხსნებათ ნერვოზულობა და კარგავენ სიგარეტის ხელში აღების სურვილს.

ორი თვე

იკლებს არტერიული წნევა, უკეთ მუშაობს მიოკარდიუმი.

„ნორმალიზდება კანის სისხლით მომარაგება: ქრება გამონაყარი, თმა ნაკლებად ცხიმიანდება. არაღრმა ნაოჭები გლუვდება, პიგმენტური ლაქებიც იკლებს და საერთო ჯამში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით“, — ამბობს ვიქტორია კოვალიოვა.

ექიმის თქმით, თუ ძალისმიერი ვარჯიშები გიყვართ, შეამჩნევთ, რომ კუნთოვან მასას უფრო სწრაფად იძენთ — ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმმა ცილების უკეთ ათვისება დაიწყო.

სამი თვე

იწყება ფილტვების რეგენერაცია. პროცესი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს — ეს მოწევის სტაჟზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ბევრი უკვე აღარ ახველებს.

„ბევრ ყოფილ მწეველს უქრება ცივი ხელების სინდრომი, თითის წვერების დაბუჟება. ეს ხდება იმის გამო, რომ იზრდება ყველა ქსოვილის სისხლმომარაგება და ნერვული დაბოლოებების აღდგენა“, — განმარტავს ექიმი.

ექვსი თვე-ერთი წელი

ხმაში ქრება ხრინწი, კბილის მინანქარი თეთრდება. ამ ეტაპზე ინსულტისა და ინფარქტის რისკები იკლებს, ქრება ქოშინი.

თუ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტის გარეშე გაძლებთ, ე.ი. უკვე ყოფილი მწეველი ხართ!

89
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
ავტობუსები თბილისში

თბილისში ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრი გარდაიცვალა

0
ასაკოვანი ქალი ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, #28 ავტობუსში მგზავრობისას ქალი გარდაიცვალა, აცნობეს Sputnik -საქართველოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

შემთხვევა დღეს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე გრანელის ქუჩაზე მოხდა.

„ასაკოვანი ქალი 28 ნომერ ავტობუსში მგზავრობისას შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ  სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნეს კომპანიაში.

მგზავრის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში