გულის შეტევა

ცნობილია გულის დაავადებების უჩვეულო მიზეზი: ექიმი გვაფრთხილებს!

677
(განახლებულია 15:37 04.10.2020)
მანამდე კორეელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილების რეგულარული გამოხეხვა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

თბილისი, 4 სექტემბერი ― Sputnik. პაროდონტიტი შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი, აცხადებს ექიმი ალექსანდრ მიანიკოვი.

მისი თქმით, საუბარია კბილის ახლო ქსოვილების ანთებებზე.  

„ეს არის გულის იშემიური დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების თავისთავადი ფაქტორი“, ― ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, მიანიკოვის განმარტებით, პაროდონტიტის სავარაუდო შედეგი ასევე შეიძლება იყო ონკოლოგიური დაავადებებიც.

„როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, პირის ღრუს ჰიგიენა იმისთვის კი არაა საჭირო, რომ ცუდი სუნი არ გქონდეთ, არამედ იმისთის, რომ ეს გულის დაავადებების პროფილაქტიკაა, ― ხაზს უსვამს ექიმი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კორეელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილების რეგულარული გამოხეხვა ამცირებს მოციმციმე არითმიისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.

მათი დასკვნით, პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა და ბაქტერიების მუდმივი არსებობა მასში ღრძილების ქრონიკულ ანთებას, გინგივიტს, პაროდონტიტს, ენდოდონტურ დაზიანებებს განაპირობებს. სისხლში ბაქტერიების რეგულარული მოხვედრა კი იწვევს შინაგან ანთებით პროცესებს, რაც გულის დაავადებების რისკს ზრდის.

677
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

287
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

287
თემები:
სასარგებლო რჩევები (324)
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

284
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

284
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ბათუმის კლინიკაში

რა თანმხლები დავადებები ჰქონდათ აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს

0
(განახლებულია 13:53 25.10.2020)
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილ პაციენტებზე  ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა, იუწყება საქართველოს პირველი არხი.

ტელეკომპანიის ცნობით, გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს შეიყვანეს და მას კორონავირუსის გარდა, პნევმონია, ქრონიკული გასტრიტი და კონვერსიული აშლილობა უფიქსირდებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაცვლილ მეორე პაციენტს - 66 წლის ქალს, რომელიც  კლინიკაში 20 ოქტომბერს მოათავსეს,  COVID-19-თან ერთად ასევე ჰქონდა პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი და იყო დიალიზდამოკიდებული.

მესამე პაციენტი კი 72 წლის ქალია, რომელიც  გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, კლინიკაში 14 ოქტომბერს, COVID-19-ის, გულის უკმარისობისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით შეიყვანეს. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 551-ით გაიზარდა.  ამ დროისთვის რეგიონში 75 მძიმე პაციენტია, მათგან 25 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 10 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, აქედან ოთხი კლინიკა პაციენტების მიღებას ე.წ. ჰიბრიდული მეთოდით ახორციელებს.

„ანტისხეულები დამიფიქსირდა“ – მომღერალი აცხადებს, რომ კორონა ერთხელ უკვე გადაიტანა >>

პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში სულ 28 431 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოს მასშტაბით 201-ს მიაღწია. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება. ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში