მედიკამენტები

რა არის ბად-ი და სასარგებლოა თუ არა ის ორგანიზმისთვის: დადებითი და უარყოფითი მხარეები

855
(განახლებულია 18:55 08.09.2020)
ადამიანი სამყაროს არსებობის მანძილზე ბუნებას ართმევს იმას, რაც მას სჭირდება, სანაცვლოდ კი არაფერს უბრუნებს. სამწუხაროდ, დღეს ეკოლოგიურად სუფთა საკვები საკმარისი აღარაა ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

ადამიანები ვეღარ ვიღებთ საკვებიდან საჭირო რაოდენობით ორგანიზმის ნორმალური სიცოცხლისა და განვითარებისათვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებს და ამინომჟავას.

ამ დეფიციტის შესავსებად მეოცე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა ახალი ცნება ბად-ი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

ბად-ი არის ბუნებრივ ნივთიერებათა ნატურალური კონცენტრატები, რომელიც გამოყოფილია ცხოველური, მინერალური და მცენარეული ნედლეულიდან, ანდა მიღებულია ნივთიერებათა ქიმიური სინთეზის გზით და იდენტურია ბუნებრივი ანალოგების.

ბად-ებს ადამიანები ჯანმრთელობის განმტკიცებისთვის იყენებენ. ბად-ი ორგანიზმს ეხმარება, წამლების გარეშე გაუმკლავდეს მსუბუქ მდგომარეობებს, ანელებს ორგანიზმის დაბერებას, ამცირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს, ზრდის შრომის უნარს, ორგანიზმის გამძლეობას, ააქტიურებს დამცველობით ფუნქციებს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის მდგომარეობის შენარჩუნებას ფიზიოლოგიური ნორმის პირობებში. ბად-ი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

გაითვალისწინეთ, ბიოაქტიური დანამატები წამლები არ არის, მათი მეშვეობით ავადმყოფობისგან ვერ განვიკურნებით. მათი მიღება რეკომენდებულია დაავადების პროფილაქტიკისთვის და არა სამკურნალოდ.

როგორ გავარჩიო ბად-ი წამლისგან

ბად-ის შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ნივთიერება წამალი არ არის. თუ ეს წარწერა ვერ აღმოაჩინეთ, შეგიძლიათ ბად-ის სახელწოდება ბაზებში გადაამოწმოთ. საქართველოში ყველა რეგისტრირებული წამლის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტოს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ნუ ენდობით რეკლამებს, რომლებიც გთავაზობენ სწრაფ და უსაფრთხო გზას თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასევე ნუ დაიჯერებთ რეკლამებს, რომ დიეტური დანამატების ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.

თუ გადაწყვეტთ დაიწყოთ ბად-ის მიღება, მის შეძენამდე დარწმუნდით, რომ დანამატი არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბად-ის შერჩევის დროს

იმისათვის, რომ ნამდვილად სასარგებლო ბიოდანამატი შევიძინოთ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

· ბად-ი შეიძინეთ აფთიაქებში და სპეციალიზებულ მაღაზიაში.

· მოიერიდეთ ბად-ის შეძენას ქსელურ გამავრცელებლებთან.

· არასოდეს შეიძინოთ ბიოდანამატი, რომელიც „ყველა დაავადებას კურნავს“.

· არ შეიძინოთ დანამატი, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, მით უმეტეს, თუ მის შემადგენლობაში ეგზოტიკური მცენარეებიც შედის.

· ყურადღება მიაქციეთ შენახვის პირობებს და ვადას.

· ბიოდანამატებს აქვს უკუჩვენება, მიღების თავისი წესი, ამიტომ მიღების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზა. თუ დანამატის მიღებამ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, ბად-ის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.

უსაფრთხოა თუ არა ბად-ები

ბად-ების უმრავლესობის ეფექტიანობა დადგენილი არ არის და მათი მიღება ყველა შემთხვევაში უსაფრთხო არ გახლავთ. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციისა და წარმოების დროს ბად-ების მიმართ გაცილებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნებია, ვიდრე წამლების რეგისტრაციის და წარმოების დროს.

მცენარეები, რომლისგანაც ხშირად აკეთებენ ბად-ებს, უამრავი კომპონენტისგან შედგება. შესაბამისად, რომელიმე მათგანს თუ შეუძლია ადამიანის დახმარება, სხვამ შეიძლება მოულოდნელად ავნოს. ბად​​-ები ხშირად რეაქციაში შედის წამლებთან, რომლებსაც ადამიანი იღებს. შესაძლოა ამ დროს შემცირდეს მათი ეფექტიანობა და გამოიწვიოს სხვადასხვა არასასურველი რეაქცია. ამიტომ აუცილებელია ექიმს წინასწარ უთხრათ ყველა იმ წამლის და ბად-ის შესახებ, რომელსაც იღებთ.

გეხმარებათ თუ არა ბად-ი წონის დაკლებაში

შესაძლოა ბად-ი დაგეხმაროთ წონის დაკლებაში, მაგრამ ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ის სხვადასხვა წამლით იქნება გაზავებული.

ხშირად კომპანიები, რომლებიც წონის დაკლების მიზნით დიეტურ დანამატებს აწარმოებენ, ამტკიცებენ, რომ მათი დანამატების მიღებისას არ არის საჭირო დიეტის დაცვა. თუმცა ეს ასე არ არის. ბად-ები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მცირე დოზებს, ამიტომ მათი მოქმედება მსუბუქია და მხოლოდ სწორი კვების ფონზე შეიძლება მოხდეს კლება. ამიტომ სასურველი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ისეთი პრინციპების დაცვა, როგორიცაა კალორიების შეზღუდვა, ცხიმისა და მარტივი ნახშირწყლების რაოდენობის შემცირება.

სამწუხაროდ, ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი არარეგისტრირებული ბად-ია, ამიტომ მათი შერჩევისას დიდი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ.

ბად-ები სპორტში   

ბად-ები ფართოდ არის გავრცელებული სპორტში. მას შეუძლია უზრუნველყოს სპორტსმენი დამატებითი ენერგიითა და აუცილებელი ნუტრიენტებით. მაგრამ ხშირად იმავე დანამატებმა შეიძლება ზიანი მიაყენონ მას. ყოველ ჯერზე, როდესაც სპორტსმენი ბად-ის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა შეაფასოს არა მხოლოდ შემადგენლობის ინგრედიენტების შესაძლო გავლენა ვარჯიშის სხვადასხვა ასპექტებზე, არამედ მათი ანტიდოპინგური უსაფრთხოება.

ბად-ების ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მათ შემადგენლობაზე, არამედ თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალურ გენეტიკურ მახასიათებლებზე, მის მიკრობიომაზე და დიეტურ ჩვევებზე.

ბად-ების არასწორად შერჩევამ და გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის დაავადება. დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა. ამიტომ ბად-ის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სპორტსმენმა უნდა შეაფასოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და გაიაროს კონსულტაცია სპეციალისტთან.

მოერიდეთ დანამატებს, რომელიც:

· „ზრდის კუნთის მასას“, „ამცირებს წონას“, „ზრდის პოტენციალს“. ამერიკის მარეგულირებელი ორგანოების ინფორმაციით, ამ ჯგუფების დანამატები ყველაზე ხშირად შეიცავს აკრძალულ ინგრედიენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ყველაზე ხშირად ისინი შეიცავს ანაბოლურ საშუალებებს, ჰორმონალურ პრეპარატებს,  მასტიმულირებლებს და სხვ.

· არ შეიძინოთ საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს ინგრედიენტებს, რომელთა დასახელებები მთავრდება ol, diol ან stene-ზე, ასეთი დაბოლოებები შეიძლება მიუთითებდეს სტეროიდების, სტიმულატორების, პეპტიდების და სპორტში აკრძალული სხვა ნივთიერებების არსებობაზე, აგრეთვე იმ ნივთიერებებზე, რომლებსაც კლინიკური კვლევები არ აქვთ გავლილი.

როგორ უნდა მივიღოთ ბად-ი

დანამატები ინიშნება სამთვიან კურსებად, მაგრამ ყველა მათგანს მიღების თავისი წესი აქვს, ამიტომ მკურნალობის წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზა. თუ დანამატის მიღებამ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, ბად-ის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.

შეგახსენებთ, საკვები დანამატები, მათ შორის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების კომპლექსები სასურველია გამოყენებულ იქნას ექიმის მითითებით!

 

855
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
ნანუკა ჟორჟოლიანი

დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

104
(განახლებულია 18:20 22.09.2020)
ბევრი ადამიანი საჭიროებს წონის კონტროლს, ამისთვის კი სხვადასხვა დიეტას მიმართავენ. დღეს მეტად აქტუალურია და ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების დროს ორგანიზმი დაცულია შლაკების, ქოლესტერინის თუ სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

წლების მერე ნანუკამ სასურველი ფორმა სწორედ აღნიშნული დიეტით დაიბრუნდა და სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს გამოცდილება გაუზიარა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ამდენწლიანმა წვალებამ და რინგმა საკუთარ წონასთან დამარწმუნა, რომ ჩემ შემთხვევაში (ყველაფერი ინდივიდუალურია) გაამართლა ცომის და ტკბილის ამოღებამ. შიმშილი იწვევს განგაშს და სტრესს და შემდეგ უფრო მატებას. ბევრი წყალი, ბოსტნეული. ცოტა ბურღული. 16 საათიანს ვაკეთებ ბოლო სამი თვეა და ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ბოლო კვება 18:00, პირველი 10:00“, – წერს ფეისბუქ-გვერდზე ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ნანუკამ 16-საათიანი შუალედი გაზარდა და 18-საათიანზე გადავიდა.

„ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც. ვარ 18 საათიანზე“, – წერს ნანუკა.

რას ნიშნავს 18-საათიანი დიეტა

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე, შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი.

აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება.

როგორც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, შესაძლოა 18-საათიანი შიმშილი ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მოუწოდებს ადამიანებს, დიეტის დაწყებამდე მიმართონ ექიმს.

„18-საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა“, – ამბობს უჩავა.

გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

 

104
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (50)
ფსტა

ვისთვისაა რეკომენდებული: მეცნიერებმა ფსტის უცნობი სიკეთეები დაადგინეს

86
(განახლებულია 17:00 22.09.2020)
კალიფორნიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ათეულ მოხალისეზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ ფსტას არაერთი მანამდე უცნობი სასარგებლო თვისება აქვს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ფსტის რეგულარული მიღება ხელს უწყობს წონაში დაკლებასა და სისხლის მაღალი წნევის დარეგულირებას, იუწყება გამოცემა La Vanguardia კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც რამდენიმე ათეული მოხალისის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ირკვევა, რომ საცდელი პირების ნახევარი ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდა დაახლოებით 40 გრამ ფსტას — სუფთა სახით, დანამატების გარეშე. ამასთან, მათ მიეცათ რეკომენდაცია ფიზიკური დატვირთვების გაზრდისა და კალორიული საკვების შემცირების თაობაზე.  

შედეგად – ყველა მათგანი, პირველად წონასთან შედარებით, 5%-ით გახდა და ამასთან შეუმცირდათ ცხიმის პროცენტულობა წელის ირგვლივ.

გარდა ამისა, იმ საცდელ პირებს, რომლებიც ფსტას მიირთმევდნენ, დამატებითი „სიკეთეებიც“ გამოუვლინდათ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მათ შეუმცირდათ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, ხოლო ანტიოქსიდანტ ლუთეინის, ალფა–კაროტინისა და ბეტა–კაროტინის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა. ამასთან მათვე აღენიშნებოდათ უჯერი და გაჯერებული ცხიმმჟავების ბევრად ჯანსაღი შეფარდება.

86
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ნანა ხაჩიძე და ვინსენტ დელანოე

ვარსკვლავი N 282 საფრანგეთში - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისთვის

0
(განახლებულია 21:05 22.09.2020)
„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

0