ბავშვი იყურება ტყვიით გახვრეტილ კედელში

პანიკური შეტევა, ანუ როცა სიკვდილის და გაგიჟების პირისპირ აღმოჩნდები

591
(განახლებულია 15:14 04.09.2020)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქიატრი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი სიხარულიძე პანიკურ შეტევაზე საუბრობს და მკითხველს მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს.

პანიკური აშლილობა წარმოადგენს შფოთვითი დარღვევების ერთ-ერთ ფორმას. ეს არის ძლიერი ან უკიდურესად ძლიერი შფოთვის შეტევა, რომელზეც ადამიანი რეაგირებს პანიკით. ამ დროს ადამიანს ეუფლება სრული უუნარობის, უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის განცდა, რის გამოც მისი მოქმედებები ხშირად არის არაადეკვატურიც კი, მიმართული იმისკენ, რომ მიიღოს დახმარება და დააღწიოს თავი აღნიშნულ მდგომარეობას. პანიკური შეტევა ძირითადად ვითარდება, როდესაც ადამიანს უცაბედად თავს დაატყდება ძლიერი შფოთვის შეტევა, რომელიც მისთვის უცხოა, და რომელიც პანიკური რეაქციის მექანიზმია.

პანიკურ შეტევას, ისევე, როგორც ზოგადად შფოთვას, თან ახლავს არასასიამოვნო სხეულებრივი (სომატური) შეგრძნებები, როგორიცაა აჩქარებული გულისცემა - „გულის ფრიალი“, ჰაერის უკმარისობა, ოფლიანობა, მოხრჩობის შეგრძნება, „ბურთი ყელში“, ტრემორი, თავბრუსხვევა, გულისრევა, მუცელში არასასიამოვნო შეგრძნებები, შემცივნების ან შეხურების შეგრძნება, დერეალიზაცია (გარემოს არარეალურობის განცდა), დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავის განსხვავებულად, უცნაურად აღქმა) და სხვა უკიდურესად არასასიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც მეორადად იწვევს სიკვდილის, კონტროლის დაკარვის, გონების დაკარგვის შიშს და პანიკას.

პანიკური შეტევა, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წუთს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც.

პანიკური შეტევა შეიძლება განვითარდეს როგორც გარკვეულ ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაში, ისე მის გარეშეც. პანიკური შეტევების სიხშირეც შეიძლება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე იყოს განსხვავებული.

პანიკური შეტევის გამომწვევი მიზეზები

რადგან პანიკური აშლილობა არის შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, ის შეიძლება განვითარდეს პირველადად პანიკური შეტევის სახით. ასევე შეიძლება განვითარდეს სხვა შფოთვითი აშლილობის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე. გამომწვევი მიზეზები, როგორც წესი, კომპლექსურია, დაწყებული ჩვენი გენეტიკური პრედისპოზიციით (მიდრეკილება ამა თუ იმ დაავადებისადმი), გაგრძელებული ბავშვობის და ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი სტრესული გამოცდილებით, და დამთავრებული უშუალო წინმსწრები ფაქტორით (ფიზიკური და ემოციური გადაღლა და სხვ.), რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს პანიკური შეტევის განვითარებას და წარმოადგენდეს ე.წ. მაპროვოცირებელ ფაქტორს.

პანიკური აშლილობა უფრო ხშირად ვითარდება 17-30 წლის ასაკში, უფრო იშვიათია მისი განვითარება სხვა ასაკობრივ დიაპაზონში.

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანს პანიკური შეტევა აქვს

პანიკური შეტევის ამოცნობა, როგორც წესი, არ არის რთული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი მიუთითებს პანიკური შეტევის არსებობას. ჩვეულებრივ, პანიკური შეტევა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და ის რამდენიმე წუთში თავისთავად ამოიწურება. თუმცა, თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული მძიმე ქრონიკული დაავადებები, ძირითადად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ამ დროს შესაძლებელია პანიკური შეტევით გამოწვეულმა ბიოქიმიურმა და ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა, როგორიც არის, მაგალითად, არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება, ადამიანის ჯანმრთელობას გარკვეული საფრთხე შეუქმნას.

როგორ მოვიქცეთ, თუ ადამიანს პანიკური შეტევა დაეწყო

პანიკური შეტევა უმეტეს შემთხვევაში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ხშირად დახმარების გაწევა საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და იმ დაუცველობის და უსუსურობის შეგრძნების „შევსება“, რომელიც, როგორც წესი, თან ახლავს პანიკურ შეტევას. თუ პანიკური შეტევა გრძელდება შედარებით დიდხანს, ან იღებს სერიული შეტევების სახეს, რეკომენდებულია მივმართოთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

როდის მივმართოთ სპეციალისტს

პანიკური შეტევა, ისევე, როგორც შფოთვითი აშლილობების უმრავლესობა, როგორც წესი, არის ქრონიკული მიმდინარეობის, თუმცა ქრონიკულობა არ ნიშნავს, რომ დაავადება ყოველთვის თავისი გამოხატულების მწვერვალზეა. უმეტესად შფოთვითი აშლილობები ხასიათდებიან გარკვეული პერიოდულობით და ტალღისებური მიმდინარეობით.

ამ კითხვაზე პასუხი ერთი შეხედვით არ არის მარტივი, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები: ზოგადად, შფოთვა არის ადამიანის ცხოვრების თანმხლები მდგომარეობა და ხშირად ადეკვატური რეაქცია გარე ფაქტორზე, საფრთხეზე. თუმცა როდესაც მიზეზი ამოიწურება, ადამიანის ფსიქიკამ უნდა შეძლოს, ბუნებრივად აღადგინოს ემოციური წონასწორობა. როდესაც აღნიშნული მექანიზმი დარღვეულია, შფოთვა ხშირად აღმოცენდება მიზეზის გარეშე, ან ჩვენი რეაგირება არის გაცილებით უფრო ძლიერი, ან დროში გახანგრძლივებული.

შფოთვით აშლილობას ხშირ შემთხვევაში აქვს მკვეთრი გავლენა ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ზოგად კეთილდღეობაზე. ასე რომ, თუ ჩვენი „ზედმეტი“ შფოთვა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე, მაშინ სასურველია მივმართოთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

ექიმის რჩევა ყოველთვის გულისხმობს, რომ ადამიანებს მისცეს ობიექტური ინფორმაცია დაავადების, ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტის გზების, მკურნალობის, მათი ეფექტიანობის, კომფორტულობის და უსაფრთხოების შესახებ. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში შფოთვითი აშლილობების, მათ შორის, პანიკური აშლილობის გამკლავება შესაძლებელია. პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული შესწავლა და სწორი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. უნდა შეფასდეს, არის თუ არა საჭირო მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა ან ფსიქოთერაპია, თუ ორივე ერთად, კომპლექსში უფრო მეტი ეფექტურობის მისაღწევად.

მთავარია, ჩვენ ვაღიაროთ პრობლემა, დავძლიოთ სტიგმა და მივმართოთ შესაბამის სპეციალისტს.

591
ნანუკა ჟორჟოლიანი

დაიკელით უსაფრთხოდ და სწრაფად: დიეტა, რომლითაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასურველი წონა დაიბრუნა

111
(განახლებულია 18:20 22.09.2020)
ბევრი ადამიანი საჭიროებს წონის კონტროლს, ამისთვის კი სხვადასხვა დიეტას მიმართავენ. დღეს მეტად აქტუალურია და ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების დროს ორგანიზმი დაცულია შლაკების, ქოლესტერინის თუ სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ე.წ. 18-საათიანი დიეტა, რომელსაც ქართველი ცნობილი სახეებიც აქტიურად მიმართავენ. სწორედ ამ დიეტით დაიკლეს ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ.

წლების მერე ნანუკამ სასურველი ფორმა სწორედ აღნიშნული დიეტით დაიბრუნდა და სოციალურ ქსელში თავის ხელმომწერებს გამოცდილება გაუზიარა.

ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ამდენწლიანმა წვალებამ და რინგმა საკუთარ წონასთან დამარწმუნა, რომ ჩემ შემთხვევაში (ყველაფერი ინდივიდუალურია) გაამართლა ცომის და ტკბილის ამოღებამ. შიმშილი იწვევს განგაშს და სტრესს და შემდეგ უფრო მატებას. ბევრი წყალი, ბოსტნეული. ცოტა ბურღული. 16 საათიანს ვაკეთებ ბოლო სამი თვეა და ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა. ბოლო კვება 18:00, პირველი 10:00“, – წერს ფეისბუქ-გვერდზე ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით ნანუკამ 16-საათიანი შუალედი გაზარდა და 18-საათიანზე გადავიდა.

„ჭამის დროს სრულად ამოვიღე პური, მხოლოდ კეტო პურს ვჭამ, ამოვიღე ბურღულეული სრულად, ტკბილიც და გაზიანიც. ვარ 18 საათიანზე“, – წერს ნანუკა.

რას ნიშნავს 18-საათიანი დიეტა

18-საათიანი დიეტის დროს 24 საათიდან 18 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ საკვები. მაგალითად, 12 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის საკვები, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში – მხოლოდ წყალი. ამ პერიოდის განმავლობაში არ მიირთმევთ არც ჩაის და არც ყავას.

თუ დღის რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ აღნიშნული რეჟიმის ზუსტად დაცვას, შეგიძლიათ შუალედი შეცვალოთ. მაგალითად, არ ჭამოთ 8 საათის მერე, შუადღის 2 საათამდე. ან, უკეთეს შემთხვევაში, 7-ის მერე შუადღის პირველ საათამდე.

დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ, მაგრამ თუ მოკლე დროში გსურთ სასურველი შედეგის მიღწევა, რაციონში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების და ცომეულის რაოდენობა, სრულად ამოიღეთ გაზიანი სასმელები.

თუ 18-საათიანი შუალედის დაცვა გაგიჭირდებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ 16-საათიანი დიეტით და შემდეგ გაზარდოთ შუალედი.

აღნიშნული დიეტის დროს მოერიდეთ უმოძრაობას, ყოველდღიურად ირბინეთ, იძუნძულეთ, ან დაკავდით სპორტის რომელიმე სახეობით. დაკლებული კილოგრამების რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. რაც უფრო მძიმეწონიანია ადამიანი, მით უფრო მეტის დაკლებას შეძლებს.

18-საათიანი დიეტის მთავარი ღირებულება ის არის, რომ დაკლებულ კილოგრამებს არ აღიდგენთ ისე სწრაფად, როგორც ეს სხვა დიეტების შემდეგ ხდება.

როგორც ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა განმარტავს, შესაძლოა 18-საათიანი შიმშილი ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა მოუწოდებს ადამიანებს, დიეტის დაწყებამდე მიმართონ ექიმს.

„18-საათიანი შიმშილი შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი კვების ერთ-ერთ სახეობად, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ გადავწყვეტთ კვების ცვლილებებს, აუცილებელია წინასწარი დიაგნოსტიკა ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ნებისმიერი კვების სტილის რეკომენდაციის გაცემა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდგომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი სამკურნალო კვების დაცვა“, – ამბობს უჩავა.

გაითვალისწინეთ, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ე.წ. 18-საათიანი დიეტის ხანგრძლივად დაცვა სასურველი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას და არა მკაცრ დიეტებს, მით უმეტეს, შიმშილს.

 

111
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ფსტა

ვისთვისაა რეკომენდებული: მეცნიერებმა ფსტის უცნობი სიკეთეები დაადგინეს

90
(განახლებულია 17:00 22.09.2020)
კალიფორნიელმა მეცნიერებმა რამდენიმე ათეულ მოხალისეზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და დარწმუნდნენ, რომ ფსტას არაერთი მანამდე უცნობი სასარგებლო თვისება აქვს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ფსტის რეგულარული მიღება ხელს უწყობს წონაში დაკლებასა და სისხლის მაღალი წნევის დარეგულირებას, იუწყება გამოცემა La Vanguardia კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ამგვარ დასკვნამდე მკვლევარები მას შემდეგ მივიდნენ, რაც რამდენიმე ათეული მოხალისის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ირკვევა, რომ საცდელი პირების ნახევარი ოთხი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდა დაახლოებით 40 გრამ ფსტას — სუფთა სახით, დანამატების გარეშე. ამასთან, მათ მიეცათ რეკომენდაცია ფიზიკური დატვირთვების გაზრდისა და კალორიული საკვების შემცირების თაობაზე.  

შედეგად – ყველა მათგანი, პირველად წონასთან შედარებით, 5%-ით გახდა და ამასთან შეუმცირდათ ცხიმის პროცენტულობა წელის ირგვლივ.

გარდა ამისა, იმ საცდელ პირებს, რომლებიც ფსტას მიირთმევდნენ, დამატებითი „სიკეთეებიც“ გამოუვლინდათ. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ მათ შეუმცირდათ სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევა, ხოლო ანტიოქსიდანტ ლუთეინის, ალფა–კაროტინისა და ბეტა–კაროტინის კონცენტრაცია სისხლში გაიზარდა. ამასთან მათვე აღენიშნებოდათ უჯერი და გაჯერებული ცხიმმჟავების ბევრად ჯანსაღი შეფარდება.

90
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა