ბავშვი წერის დროს

ნევროლოგი: კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა

1004
(განახლებულია 21:21 03.08.2020)
მინდა თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერი და განსაკუთრებულია. სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში ნებისმიერ ბავშვს შეუძლია საკუთარი პოტენციალის ამაღლება...

მშობლები ხშირად ბავშვის დაბადებამდეც ბევრს ფიქრობენ და დარდობენ შვილის გონებრივ შესაძლებლობებზე, ნიჭზე. როგორ უნდა განვსაზღვროთ – არის თუ არა ბავშვი ნიჭიერი, რამდენად საშიშია ბავშვისთვის ფრაზა „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“ და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზაფხულში, არდადეგების დროს, ამ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ისაუბრა გადაცემაში „პირადი ექიმი".

- ნებისმიერი მშობლისთვის მისი პირმშო არის განუმეორებელი. ამაში არაფერი არ არის დასაძრახი. ბიოლოგიურად მართლა ასეა, ყველა ბავშვი არის განუმეორებელი, ინდივიდი. რადგან ჩვენი ორგანიზმი მუდმივად მართვადია ჩვენი ტვინის მიერ, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ხდება ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილის ჩათვლით, ეს ყველაფერი ტვინის ფუნქციონირების სხვადასხვა ეტაპებია. შესაბამისად, ყველას აინტერესებს, მისი პირმშო ტვინის როგორი შესაძლებლობებით იქნება. რაც ადამიანის მოდგმა არსებობს, ეს კითხვა ყოველთვის იყო, იმიტომ რომ უამრავი მოსაზრებებით, უამრავი ცრუ თეორიებით გადარჩეულიყო საზოგადოების რასა, რომელიც იქნებოდა მაღალი შემოქმედებითი ან ქმედითი ტვინით. შემდგომ ეს მასა შექმნიდა განსაკუთრებულ რაღაც სისტემებს, რომლებიც განსხვავებული იქნებოდა როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ტექნოლოგიებით და ა.შ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი რამ ვერ მოახერხეს. ინტელექტის წინასწარი პროგნოზი და ამ ნიშნით გადარჩევა არარეალისტურია ამ ეტაპზე და რეალურად არც ეთიკურია.

- ბრძანეთ, რომ ადამიანის ტვინის შესაძლებლობა არის უნიკალური. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ტვინიც სხვებისგან გასხვავებულად მუშაობს. მაგრამ არის საერთო მახასიათებელი, რასაც ჰქვია ინტელექტი. არის თუ არა ეს ობიექტური განმსაზღვრელი ტვინის შესაძლებლობის და როდიდან შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი?

- რადგან ტვინი გახლავთ ორგანო, მას აქვს თავისი ანატომიურ–ფუნქციური სტრუქტურები, ბიოლოგიური დეპარტამენტები და თითოეული ასრულებს უნიკალურ ფუნქციებს. შესაბამისად, ტვინი არასდროს არ უნდა განვიხილოთ, როგორც რაღაც ერთი კერძო ფუნქციის მატარებელი. ის უნდა განვიხილოთ როგორც „დირიჟორი“. ანუ ტვინსაც თავისი „დირიჟორი“ ჰყავს, კერძოდ, შუბლის წილი, ანუ შუბლის წინა ნაწილი. თვითონ ეს შუბლის წილი კიდევ ტვინის „დირიჟორია“. შესაბამისად, რადგან ინტელექტზეა საუბარი, ეს არ არის რაღაც კერძო, ერთი ფუნქცია და შესაძლებლობა. ეს არის ნაკრები, რომელიც მხოლოდ ერთ უბანს არ უკავშირდება. არსებობს ე.წ. ემოციური ინტელექტი. არიან ადამიანები, რომლებსაც იოლად შეუძლიათ ემოციის გამოხატვა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ემოციის გამოხატვა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისევ მივდივართ ტვინის ფუნქციონირებასთან. თუმცა ეს არ ნიშნავს სერიოზულ ნაკლს. ცალკე აღებული რაიმე სტრუქტურა, ან ტვინის ცალკე აღებული რაიმე ნაწილი არასწორია და არც უნდა განიხილებოდეს არასოდეს. ეს არის სისტემა, უზარმაზარი ქსელი ნეირონებისა. მოგეხსენებათ, ნეირონები არის თავის ტვინის სტუქტურული ერთეული, ამიტომ ეს ქსელი ჯერ კიდევ თანდაყოლილად, გენეტიკურად დაბადებულია. ინტელექტის დამემკვიდრება დაახლოებით 0.2-0.5 კოეფიციენტით ხასიათდება. ადამიანის განვითარების მთელ ისტორიაში საბოლოო ჯამში ნეირომეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ახლა უკვე მდედრი დაწყვილებისას ეძებს არა ფიზიკურად მძლავრს, არამედ ინტელექტუალურად მძლავრ პარტნიორს, რამეთუ ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება ფიზიკურს.

- ხშირად გვსმენია ფრაზა „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთია მოცემულობა - მას აქვს ნიჭი, ამით დაიბადა, მაგრამ მეორეა მისი ცხოვრების წესი, არჩევანი, თუ როგორ ეფექტურად გამოიყენებს ამ მოცემულობას. რა არის ამაში რეალობა და რამდენად საშიშია ეს ფრაზა ჩვენი საზოგადოებისთვის?

- რა თქმა უნდა, ეს ფრაზა არსებობს და ჩვენი თაობის მოგონილი არ არის. მასში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ საკმაოდ დიდი სირუეცაა. კერძოდ: ბავშის ქცევა, მისი ყოველდღიური ქმედება არის ე.წ. სტიმულდამოკიდებული მდგომარეობა. მას თუ სტიმული არ აქვს, ქცევას ძალიან ამცირებს. მის განვითარებაში რამდენიმე ასპექტი მუშაობს. ეს არის მოპოვების, შემეცნების და გაცნობის. შემდეგ მოპოვებული და გაცნობილი სამყაროს სწორად გამოყენება უნდა შეძლოს. აქ უნდა ჩაერთოს პედაგოგიკის ელემენტები, მაგრამ მშობლებს თავიდანვე აკრძალვა შემოაქვთ. ბავშვი თუ არ აძვრა, მან თუ არ დაშალა, ააწყო – ვერ გაიგებს, რა რისგან შედგება. წყალი რომ ასხია ჭიქაში, თუ არ გადმოასხა, როგორ უნდა მიხვდეს, რომ თხევადია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ვუკრძალავთ. ეს კი მის ტვინში ფიქსირდება, როგორც ნეგატიური აქტივობა. სამომავლოდ, ეს აბსოლუტურად გააფუჭებს მის თვითშეფასებას, იმიტომ რომ ყველაფერი ეკრძალებოდა. მშობლებს კი ყველაფერი დაშვებული გვაქვს, რადგან ვფიქრობთ, რომ რადგან მშობლები გავხდით, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრები და ქმედებები აბსოლუტურად ჭეშმარიტია. სინამდვილეში, დავფიქრდეთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული? მაგრამ ბავშვი ვალდებულია აკეთოს ის, რასაც მე ვეტყვი, იმიტომ რომ მე უკვე „მცოდნე" ვარ. ოტია იოსელიანმა თქვა: „რავა, შტერი მოხუცი არ გინახავთ? გევიდეთ კარში და გაჩვენებთ, რამდენიც გინდათ". მოზრდილობა და ხანშიშესულობა არ ნიშნავს სიჭკვიანესა და სიბრძნეს. თუ ბავში ნიჭიერია, აუცილებლად მოხდება მისი ნიჭის რეალიზაცია. მაგრამ თუ მასზე ზეწოლაა და იფიქრებთ, რომ რაკი ნიჭიერია, ყველაფერი უნდა იცოდეს – არასწორი მიდგომა იქნება. ჯობს, რომ თავისი ინტერესების გათვალისწინებით იცოდეს კონკრეტული რამ, ვიდრე ყველაფერი ზედაპირულად. ჩვენ ასე გავიზარდეთ, ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ სინამდვილეში ბევრი არაფერი. საბაზისო შეიძლება იყოს ზოგადი განათლება, მაგრამ შემდეგ კონკრეტული რამ უნდა ისწავლოთ საფუძვლიანად. გახსოვთ, ალბათ, „ელიავას ფენომენი“, როცა ეკითხებოდნენ რისი მუშა ხარო და პასუხი იყო - ყველაფრის. ასეთი რამ არ შეიძლება. ჯობს, რომ ერთ რაღაცას აკეთებდეს ხარისხიანად, ვიდრე ყველაფერს უხარისხოდ.

- როგორ უნდა განვსაზღვროთ წინასწარ – არის თუ არა ბავშვი ნიჭიერი?

- არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი, რომელსაც აქვს თავისი ასაკობრივი ზღვარი. თუმცა IQ ფარდობითი მცნებაა და ღრმა სტრუქტურული შეფასება ამით ვერ მოხდება. „100“ ნორმად მივიღეთ და ტესტით ვსაზღვრავთ, ამასთან მიმართებით რამდენი აქვს. ნიჭიერებაც ფარდობითია.

- შეიძლება თუ არა ნიჭიერების წვრთნა და რას ურჩევთ მშობლებს ზაფხულისთვის?

- ზაფხული – ეს არის თავისუფლება. ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას „ჰაერზე წაყვანას" ვეძახით. სინამდვილეში ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ 10-ოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, მინდორი, სივრცე – ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთი-ორი საათი დასვამენ და ამეცადინებენ ბავშვებს. არაფერი არ უნდა გააკეთონ, უნდა ირბინონ – ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.

 

1004
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (51)
ბაზარი

ყველაზე სასარგებლო და ყველაზე იაფი: შვედი ექიმი ასახელებს ბოსტნეულს

49
(განახლებულია 11:11 24.09.2020)
შვედმა ექიმმა დაასახელა ყველაზე იაფი და ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს დღის რაციონში

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. შვედმა ექიმმა-დიეტოლოგმა ქრისტინა ანდერსონმა დაასახელა ყველაზე ჯანსაღი და ამავე დროს იაფი პროდუქტები, რომლებიც მოსახლეობის ყველა ფენას შეუძლია შეიძინოს, იუწყება Svenska Dagbladet-ი.

ანდერსონმა სიაში პირველ ნომრად შეიტანა ხახვი, რადგან ის ორგანიზმისთვის საჭირო   ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. მეორე ადგილზე კომბოსტო აღმოჩნდა. ის ხელს უშლის კიბოს განვითარებას. თუმცა, კუჭის პრობლემების დროს, ნედლი სახით მისი მიღება რეკომენდებული არ არის.

დიეტოლოგი ასევე გვირჩევს, რომ რეგულარულად მივირთვათ სტაფილო, ჭარხალი და ოხრახუში.

გარდა ძირხვენა ბოსტნეულისა, ანდერსონი რეკომენდაციას უწევს მთელმარცვლიანი საკვების რაციონში დამატებას, რადგან ის სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას იწვევს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ქრისტინა ანდერსონი ასევე შეგვახსენებს კარტოფილის სარგებელს, რომელიც ანაყრებს ორგანიზმს და თითქმის ნებისმიერი ტიპის კვებისთვისაა შესაფერისი.

49
თემები:
სასარგებლო რჩევები
პატარა ბავშვის კვების პროცესი

შეიძლება თუ არა ჩვილის საკვების შენახვა, როცა დედა ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებს

101
(განახლებულია 21:09 23.09.2020)
ასეც ხდება ხოლმე – დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებ. ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს შენ დაბრუნდებამდე.

დატვირთული დღის განრიგი გაქვს, ამიტომ ფიქრობ, რამდენ ხანს და როგორ შეინახო საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთო. ამ საკითხზე პედიატრი და ბლოგერი თამარ ობგაიძე დედებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

გაინტერესებს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უპირატესობა უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან, მაქსიმუმ, შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყენო. აშშ-ის წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტერიები სწრაფად იზრდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა პლუს 4–4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახო. ის აუცილებლად უნდა გადააგდო, რათა გამორიცხო ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის გულდასმით უნდა შეარჩიო ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხო. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობი, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად ჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენო.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხე საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტე, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსე წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემს საკვები კუბებად გაყინო და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდება.

ჭურჭელს გადააფარე პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიე და საყინულეში მოათავსე.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღე პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახე საყინულეში -17-18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთე გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი.

ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლია შეინახო.

და, ბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენე მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტმასის ჭურჭლის ძირზე.

ჯანმრთელობას გისურვებ!

101
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (51)
ევროკავშირის შტაბბინა

გაუმართლებელია და შეუსაბამო: ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის სანქციებს

0
(განახლებულია 12:06 24.09.2020)
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ გამოცხადებულ საპასუხი სანქციებს და გაუმართლებლად მიიჩნევს მათ, განუცხადა სააგენტო РИА Новости–ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ოთხშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელის კონფრონტაციული ხაზის პასუხად, რუსეთი აფართოებს შავ სიას ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ უარვყოფთ რუსეთის მიერ გამოცხადებულ ამ საპასუხი სანქციებს ისევე, როგორც მის სხვა სანქციებს, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში, ვინაიდან ისინი გაუმართლებელია“, — განაცხადა სტანომ.

მისი განმარტებით, ევროკავშირის სანქციები რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, „არის მისამართიანი და შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“.

„[ევროკავშირის] სიაში შეყვანა ხდება მკაფიო კრიტერიუმებისა და იურიდიულად არგუმენტირებული მტკიცებულებების საფუძველზე“, — ხაზი გაუსვა პიტერ სტანომ.

ევროგაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის სანქციები მიმართულია „გარკვეული ქცევების შეცვლისკენ“.

გარდა ამისა, სტანომ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს, დააზუსტოს ამ სანქციების დაწესების მიზეზი და მათი იურიდიული საფუძველი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს